რატომ ახსენდება ტკბილად სოფიო გორდელაძეს "ბნელი 90-იანები" და რაში გამოიყენა მომღერალმა პანდემიის პერიოდი - გზაპრესი

რატომ ახსენდება ტკბილად სოფიო გორდელაძეს "ბნელი 90-იანები" და რაში გამოიყენა მომღერალმა პანდემიის პერიოდი

სოფიო გორდელაძე ფრილანსერია, ანუ დამოუკიდებელი არტისტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. უყვარს ისეთი ადგილები, რომლებიც სიცოცხლით სავსეა, სადაც მძიმე აურა არ იგრძნობა, ხოლო იტალია იყო მისთვის პირველი ქვეყანა, სადაც ადაპტაცია არ გასჭირვებია და საქართველოს შემდეგ, თავი შინ იგრძნო. ამავეს განიცდის, როცა მექსიკას სტუმრობს, იქაც ყველა და ყველაფერი ახლობლად მიაჩნია. უყვარს მოულოდნელი სიურპრიზები, როცა მას უკეთებენ ან როცა თავად უწყობს სხვებს - თუნდაც საახალწლოდ.

"ბავშვობაში ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებს ლამაზ ქაღალდებში თავად ვფუთავდი და ნაძვის ხის ქვეშ ვალაგებდი, ახლა კი მეტწილად წინასწარ ვუთანხმებთ, ვის რა სურს. თუმცა, რასაკვირვველია, მოულოდნელი სიურპრიზებიც არის", - მითხრა მომღერალმა და 2023 წლის მისალოც ტექსტში საკუთარ თავს და ყველას უსურვა: მშვიდობა, ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე, სიყვარული, თანადგომა, თანაგრძნობა და მადლიერების განცდა.

- საკმაოდ პატარა ასაკიდან მახსოვს თავი. ძალიან ლაღი და მხიარული ბავშვი ვიყავი. გარკვეული პერიოდი გურიაში, სოფელ ლიხაურში ვიზრდებოდი, საიდანაც გახლდათ ექვთიმე თაყაიშვილი. ეზოში ძაღლებთან და კატებთან თამაში მიყვარდა. ამავდროულად სწავლის განსაკუთრებული სურვილი მქონდა და ჩემივე ინიციატივით, 3-4 წლის ასაკში უკვე ვიცოდი ქართული და რუსული ანბანი, რაც ალბათ, იმ ასაკის ბავშვისთვის სულ არ იყო საჭირო. ასევე ადრეული ასაკიდან ვმღეროდი, რადგან დედა მუსიკოსია, პიანისტი და ძალიან ბევრი საბავშვი სიმღერა მასწავლა. გარდა ჩემი სიმღერისა, მახსოვს, როგორ მეცადინეობდა დედა. განსაკუთრებულად მახსოვს საღამოები, როცა ჩვენ, მე და ჩემი და დასაძინებლად ვწვებოდით და ის გვერდით ოთახში ფორტეპიანოze მეცადინეობდა. ხშირად უკრავდა შუბერტის ექსპრომტს და ბეთჰოვენის სონატებს. გარდა ამისა, მოსწავლეებიც ჰყავდა, რომლებიც ასევე საფორტეპიანო რეპერტუარს ასრულებდნენ. მამა ექიმი გახლდათ, მელომანი, რომელიც ყველა მიმართულების მუსიკას უსმენდა. ვინილის ფირფიტების საკრავი გვქონდა, რომელიც დღემდე არსებობს და როცა მას ჩემი უცხოელი მეგობრები ნახულობენ, უკვირთ, რა კარგ ხმას გამოსცემსო. ჩვენი სახლიდან ყოველთვის სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ისმოდა... ასევე კარგად მახსოვს ბებიასთან, მამაჩემის დედასთან არაჩვეულებრივი და ახლო ურთიერთობა, მისი ნებიერა ვიყავი.

- როდის დატოვეთ გურია?

- მეოთხე-მეხუთე კლასიდან უკვე თბილისში, აქაურ ბებია-ბაბუასთან გავაგრძელე ცხოვრება, შემდეგ ნიჭიერთა ათწლედში ჩავაბარე საფოტეპიანოზე, ამას კონსერვატორიაში ამავე მიმართულებით სწავლა მოჰყვა და პარალელურად, უკვე ვოკალური ფაკულტეტი, ქალბატონი გულიკო კარიაულის კლასი. თავდაპირველად დედის კვალს რომ გავყევი და საფორტეპიანო განყოფილებაზე ჩავაბარე, ის წინააღმდეგი იყო, რადგან იცოდა, ეს პროფესია რამდენად დიდ შრომას მოითხოვს. სკოლაში ყველა საგანს უმოკლეს დროში, თანაბრად კარგად ვსწავლობდი და შემეძლო, ნებისმიერი გზით წავსულიყავი, მაგრამ მუსიკა ძალიან შემიყვარდა და შეიძლება ითქვას, ამას "ბნელმა 90-იანმა წლებმა" შეუწყო ხელი. ბავშვი ვიყავი და მძიმე ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემები იმდენად კარგად არ მესმოდა, მაგრამ ის დრო ტკბილად მახსენდება. ყველანი ერთ ოთახში ვისხედით, რადგან სხვებს ვერ ვათბობდით და ლამპის შუქზე ვთამაშობდით ქალაქობანას, ნარდს; დედა ფორტეპიანოზე უკრავდა ან მე საათობით ვმეცადინეობდი. ვკითხულობდი დიდი რაოდენობით სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას. შეიძლება პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს პოპულარული არ არის, მაგრამ მიყვარს რუსული ლიტერატურა. ტოლსტოი და დოსტოევსკი ჩემთვის დღემდე უსაყვარლესი მწერლები არიან...

ახლა ადამიანები ერთ ოთახში ვსხედვართ ხოლმე, მაგრამ ყველა თავის გაჯეტში, აიპადშია თავჩაგრული. იმ დროს კი ვსაუბრობდით და უდიდესი სიახლოვე იყო ჩვენ შორის. სიბნელეში, ლამპის შუქზე გატარებულ საღამოებს რომ ვიხსენებ, გულში ახლაც სითბო მეღვრება...

- მომღერლობამ პიანისტობა როგორ გადაწონა?

- საერთოდ, "იდეის ადამიანი" ვარ, რამეს ხელს რომ მოვკიდებ, ბოლომდე უნდა მივიყვანო. ვთქვათ, წიგნს ვკითხულობ; ის რომც არ მომწონდეს, აუცილებლად ბოლომდე წავიკითხავ. შეიძლება ცხოვრებაში სულ 1 წიგნის კითხვა მქონდეს შუა გზაზე მიტოვებული. ასე მოხდა მუსიკის შემთხვევაშიც - იმდენად ჩავუჯექი ფორტეპიანოს, რომ შემდეგ თავი ვეღარ დავანებე, მაგრამ მოგვიანებით, პიანისტობასა და მომღერლობას შორის არჩევანი რომ უნდა გამეკეთებინა, ორივეს ვერ შევძლებდი, სიმღერის მიმართულებით საკუთარ თავში მეტი პოტენციალი ვიგრძენი და ამ მიმართულებით განვითარება ვარჩიე.

- თქვით, რომ თავიდანვე ბევრს კითხულობდით. თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი ავტორებისა და ნაწარმოებების სია როგორია?

- უპირატესობას კლასიკას ვანიჭებ, მაგრამ ბოლო პერიოდში ბევრს ვკითხულობ თანამედროვე მწერლებსაც. ბოლო დროს წაკითხული წიგნებიდან შემძრა დოსტოევსკის "ძმებმა კარამაზოვებმა", შოკში ჩამაგდო ზაირა არსენიშვილის "რეკვიემმა" და ჩემთვის აღმოჩენა იყო ჯემალ ქარჩხაძე. ძალიან მიყვარს ოთარ ჭილაძე. ასევე ვკითხულობ: ტურაშვილს, ბუღაძეს. მიყვარს რემარკი, თომას მანი და თანამედროვე ავღანელი მწერლების შემოქმედებასაც აქტიურად ვეცნობი. საერთოდ, ბევრს ვკითხულობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საათობით ფრენა ან მატარებლით გადაადგილება მიწევს. რეპეტიციების შემდეგ სასტუმროში რომ ვბრუნდები, საღამოობითაც მიყვარს კითხვა ან ასეთ დროს რამეს ვუსმენ და ვუყურებ. კითხვა მეხალისება, რადგან 5 ენა ვიცი და შესაბამისად, ბევრ რამეს ორიგინალში ვკითხულობ - გერმანულად, იტალიურად, რუსულად, ინგლისურად, ქართულად და ბოლო ხანს ფრანგულსაც გავუსინჯე გემო.

1-copy-1673856201.jpeg

- შთაბეჭდილებებს იწერთ, ინიშნავთ, ფოტოების სახით აგროვებთ თუ რაღაც სხვა ფორმით "აღნუსხავთ" მეხსიერებაში?

- ბევრი შთაბეჭდილება მახსოვს ემოციისა და შეგრძნების დონეზე. ასევე, ხმებმა შეიძლება კონკრეტული მოვლენები გამახსენოს ან სურნელმა თუ ხმის ტემბრმა - ვიღაც ადამიანი. მახსოვს, ბებოს ყოველთვის ნაშუადღევს ძილი უყვარდა. სოფელში გვერდიგვერდ ორი სახლი გვედგა. როცა იღვიძებდა და თავისი სახლის კარს გამოიხურავდა, გასაღების ხმაზე უკვე ვიცოდი, რომ ჩვენთან მოდიოდა. ის ხმა თითქოს დღესაც ყურში ჩამესმის... ბავშვობაში ყოველთვის მქონდა დღიური, ახლა კი პერიოდულად ვწერ. ეს ჩანაწერები კარგი საშუალებაა ემოციებისგან დასაცლელად თუ გასაზიარებლად. შეიძლება ვიღაცისთვის რამე მოვლენა უინტერესო იყოს ან იმ დღეს ვერ ნახო და ვერ მოუყვე, მაგრამ იმ მომენტის შთაბეჭდილება ფურცელზე რომ გადამაქვს, ეს ჩემთვის სასიამოვნოა.

- სიმღერა სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე გიწევთ. მესმის, რთულია, მაგრამ იქნებ ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სპექტაკლი ან კონცერტი გამოარჩიოთ.

- ფრილანსერი ვარ და სხვადასხვა თეატრში მიწვევები მაქვს. ძირითადად ვტრიალებ: ავსტრიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. იტალიაშიც ხშირად ვიყავი, მაგრამ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და კავშირის ძაფები გაწყვიტა. ახლა მე და ჩემი სააგენტო ვცდილობთ, კონტაქტები აღვადგინოთ, რადგან ჩემთვის იტალიაში სიმღერა მნიშვნელოვანია. ჩემი თბილი მოგონებები უკავშირდება გენუის კარლო ფელიჩეს სახელობის თეატრს. ჩემთვის ასევე ძვირფასია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ყოველი გამოსვლა. ვინაიდან ყველა ვერ ახერხებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩამოსვლას, თბილისში სიმღერა ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან კონტაქტის გზაა. მნიშვნელოვანი იყო მექსიკაში, ლეონის დელ ბისენტემარიოს თეატრში ნამღერი სპექტაკლები; ასევე, ჩიკაგოს, ლისაბონის საოპერო თეატრებში გამოსვლა. საერთოდ, მომღერლებისთვის ასეა - როცა სპექტაკლმა კარგად ჩაიარა, შესანიშნავი კოლეგები გყავს და პუბლიკა კარგად გიღებს, ის სცენები შენთვის ყოველთვის დაუვიწყარი ხდება.

- სამწუხაროდ, ცხოვრებაში მძიმე შთაბეჭდილებებიც გხვდება. ამ თვალსაზრისით რა არის თქვენთვის ყველაზე რთული?

- ჩემთვის ყველაზე მძიმე და საშიში ფაქტებია ახლობელი ადამიანების დაკარგვა ან მათი ავადმყოფობა. ეს ისეთი მოვლენებია, როცა სრულიად "პატარა" და უსუსური ვხდები. მამაჩემის გარდაცვალებამ დიდი დაღი დამატყო. როცა ოჯახში ვინმე ავად ხდება, ესეც მძიმედ გადამაქვს. რაც შეეხება კარიერას, აქაც ბევრი იმედგაცრუება ხდება ხოლმე. არავის ეგონოს, რომ ჩვენს პროფესიას წარუმატებლობა არ ახლავს. უბრალოდ, მხოლოდ წარმატება ჩანს და ამაზე საუბრობ, ტელევიზიაშიც ხომ არავინ მიგიწვევს წარუმატებელი მოსმენების მოსაყოლად. რა თქმა უნდა, მძიმეა, როცა რაღაც არ გამოგდის, მაგრამ ადამიანები ამას მეტ-ნაკლებად მიჩვეული ვართ. აპრიორი, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიმღეროთ, მაგრამ ეს საქმე სხვის გემოვნებაზეა დამოკიდებული: შეიძლება სადღაც ჩახვიდე, კარგად იმღერო, მაგრამ არჩევანი სხვაზე შეაჩერონ, რადგან ამა თუ იმ როლში ის "დაინახონ".

- პანდემიის პერიოდი საქარველოში გაატარეთ?

- დიახ. ჩემთვის რთული აღმოჩნდა ეს პერიოდი, რადგან უამრავი პროექტი გაუქმდა. მარტში გერმანიაში უნდა გავფრენილიყავი და ლოკდაუნი რომ დაიწყო, თბილისში დავრჩი, მაგრამ დრო ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენე. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტურაში ჩავაბარე და სწავლას წელს, ზაფხულში დავასრულებ. პირველი წელი დიდი დატვირთვით ვიმუშავე სადისერტაციო ნაშრომზე და მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინა ქავთარაძეს, ასევე ჩემს პედაგოგს გულიკო კარიაულს. პანდემიის დადებით მხარეზე თუკი რამე შეიძლება ითქვას, ის იყო, რომ საქართველოში ბევრი ვიმოგზაურე და ამით ვისიამოვნე. ვნახე: რაჭა, სვანეთი, იმერეთი და ბევრი სხვა. ისეთი ადგილები მოვიარე, რომლებიც ჩემდა სამარცხვინოდ, აქამდე ნანახი არ მქონდა. 2007 წელს იტალიაში სასწავლებლად რომ წავედი, ასეთი გამართული ინფრასტრუქტურაც არ იყო და ფინანსურად არც სტუდენტს მქონდა ბევრი მოგზაურობის შესაძლებლობა. მას შემდეგ კი ისე ხდებოდა, რომ საქართველოში 1 თვით ჩამოვდიოდი და მთელ დროს ჩემებთან ერთად, გურიაში ან ზღვაზე ვატარებდი. 2021 წლის გაზაფხულიდან ნელ-ნელა კონცერტები განახლდა, შემოდგომიდან კი აღდგა პროექტები საზღვარგარეთაც და უკვე სამუშაოდ გამგზავრებაც შევძელი.

6-copy-1673856188.jpeg

- რა არის გაწერილი უახლოესი თვეებისთვის?

- ზაფხულში გერმანიაში ჩემი დებიუტი შედგება ვერდის ოპერა "ჟანა დ’არკში", რომელშიც მთავარი პარტია უნდა ვიმღერო. მანამდე დანიშნულია კონცერტები და მათ შორის იქნება კონსერვატორიის დიდ დარბაზში დოქტორანტურის დამამთავრებელი ღონისძიებაც. "საქართველოს კარიტასის" კეთილი ნების ელჩი გავხდი და თებერვლის ბოლოს რამდენიმე ქართველი ხელოვანი ერთობლივად ვგეგმავთ დიდ საქველმოქმედო კონცერტს. გეგმაში მაქვს იტალიაში სიმფონიურ ორკესტრთან ჩემი პირველი დისკის ჩაწერაც და იმედი მაქვს, ეს უკვე გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი.

- დაბოლოს, ყოველდღიურად შთაბეჭდილებებს რომ ვიწერდეთ, ვის ჩანაწერებს გაეცნობოდით დიდი ინტერესით?

- უნდა დავფიქრდე (იღიმის)... თამარ მეფის, რომელმაც ახალგაზრდობიდან დიდი ტვირთი ზიდა. ადრეული ასაკიდან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული და ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა მისი აზრების, დღიურების წაკითხვა.

ანა კალანდაძე