ახალგაზრდა მოქანდაკის ხედვა საქართველოში თანამედროვე ქანდაკების სფეროს განვითარებაზე - გზაპრესი

ახალგაზრდა მოქანდაკის ხედვა საქართველოში თანამედროვე ქანდაკების სფეროს განვითარებაზე

ალექსანდრე ფოფხაძე მოქანდაკეა, რომლის ნამუშევრები უმთავრესად საზღვარგარეთ იდგმება. პერიოდულად მას სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო სიმპოზიუმებზე გამგზავრება უწევს და ამჯერადაც ჩვენი საუბარი მორიგი ასეთი ვიზიტის წინ შედგა. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში ახალ ქანდაკებებს ნაკლებად ვხვდებით, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. არადა, ხელოვნების ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშები, ქალაქებსა და ცალკეულ ობიექტებს არა მხოლოდ ამშვენებს და ვიზუალურად ამდიდრებს, არამედ ზოგჯერ ამა თუ იმ ადგილის სიმბოლო ხდება, მეტიც - ქვეყანასთანაც ასოცირდება.

- როგორც ვიცი, თქვენი პროფესია ერთგვარი ოჯახური ტრადიციაა, მამა მოქანდაკეა და მისი გავლენით ქანდაკება ბავშვობიდანაა თქვენს ცხოვრებაში...

- თქვენ სიტყვა "პროფესია" ახსენეთ, მაგრამ მე ქანდაკებას ჩემს პროფესიად არ ვთვლი, ჩემი ცხოვრებაა. ბავშვობიდან ვძერწავ, ვხატავ და სხვა ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. დღემდე ასე მოვდივარ და სიკვდილამდე ასე ვიქნები.

- წლების წინ ქანდაკებები აქტიურად იდგმებოდა საქართველოში. დღესდღეობით ასე აღარ ხდება. თქვენი აზრით, რამ შეცვალა ეს დამოკიდებულება და რატომ აღარ არის პრიორიტეტული?

- რატომ შეიცვალა ეს დამოკიდებულება, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ შემიძლია გიპასუხოთ კითხვაზე, თუ რა როლი აქვს ქანდაკებას ქვეყნისა და ქალაქის იერზე ზრუნვაში? მაგალითად ავიღოთ პრაღა, სადაც ყველგან ქანდაკება დგას, ასევე ათენში, ფლორენციაში. ქალაქში ჩასული, სანამ სადმე ინტერიერში ან მუზეუმში შევალთ და იქ დაცულ ნამუშევრებს დავათვალიერებთ, პირველ რიგში, ვხედავთ არქიტექტურასა და ქანდაკებებს. ეს პირველადი ეფექტია, რაც ქმნის ქვეყნის სურათს, თუ როგორი კულტურაა იქ, როგორი განვითარების დონე და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან თანამედროვე ქანდაკება ნაკლებად შეინიშნება, თუნდაც თბილისში ამდენი სკვერი და პარკი კეთდება, სადაც ჩემი აზრით, წამყვანი ქანდაკება უნდა იყოს, რომელიც მარადიული და კულტურული მემკვიდრეობაა, მაგრამ ასე არ არის. ქვის თანამედროვე ქანდაკება არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთელ საქართველოს აკლია.

- პროექტები გაქვთ განხორციელებული რუსთავსა და მცხეთაში, მაგრამ თქვენი ნამუშევრები უმთავრესად საზღვარგარეთ იდგმება. რამდენად ხშირად ცხადდება საქართველოში ქანდაკებასთან დაკავშირებული კონკურსი და მათ თვალს თუ ადევნებთ?

- ნაკლებად. ზოგად ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ მხოლოდ ორ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. მე უფრო მეტად საზღვარგარეთ, საერთაშორისო სიმპოზიუმებზე ვარ გადართული. ჩემი პირველი მონუმენტური ქანდაკება "ქვიშის საათი" 2010 წელს ჩეხეთში დაიდგა, სადაც საერთაშორისო სიმპოზიუმზე ვიმყოფებოდი. მომდევნო იყო ისრაელი, სადაც ქვის სიმპოზიუმზე ზედიზედ ხუთჯერ ჩავედი. მას მოჰყვა ლიეტუვა, მომდევნო წლებში კი სხვა ქვეყნებიც დაემატა.

- საზღვარგარეთ როგორ მუშაობთ და რა სიხშირით ხართ ამა თუ იმ ქვეყანაში?

- საზღვარგარეთ მუშაობა ლატარიასავითაა, რადგან კონკურსებში მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან იღებენ და მათ შორის შენც უნდა მოხვდე. გზავნი პორტფოლიოს, ნამუშევრებს, ესკიზებს და მოქანდაკეებს ის მუნიციპალიტეტი თუ კერძო პირი არჩევს, რომელიც კონკურსს ატარებს. შერჩეული მოქანდაკეები ორგანიზატორს ადგილზე ჩაჰყავს და მერე იწყება უკვე კონკრეტულ მასალებში ნამუშევრების დამზადება. მსოფლიოში ბევრი ასეთი სიმპოზიუმი ტარდება, ადრე შეიძლება წელიწადში ერთი-ორჯერ მომცემოდა მონაწილეობის საშუალება, მაგრამ ბოლო პერიოდში ისე აეწყო, რომ ერთი ქვეყნიდან ჩამოვდივარ, 2 კვირა საქართველოში ვჩერდები და მერე ისევ სხვა ქვეყანაში მივემგზავრები.

- მსოფლიოში ყველაზე მეტი დაინტერესება როგორი ნამუშევრებისადმია და რომელი პროექტი ხდება ხოლმე გამარჯვებული?

- ყველაზე დიდი სირთულე სიმარტივეშია და ამ იდეაზეა დაფუძნებული არჩევანიც. ჩემი აზრით, გამარჯვებული პროექტების ბედი სწორედ ასე წყდება. რთულ იდეას და ღრმა კონცეფციას რაც უფრო მარტივად გააკეთებ და ხორცს შეასხამ, აი, ეს "მუშაობს" და ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, მეც ასეთ მიდგომას ვეთანხმები.

- ალბათ რაიმე ესკიზი ან ჩანაფიქრი გექნებათ, რომელიც გინდათ, საქართველოში განხორციელდეს...

- დიახ, მაქვს ასეთი ჩანაფიქრები და ბევრი ქანდაკების იდეა, რომელიც მინდა საქართველოში დაიდგას და რომლის ესკიზიც დღემდე არსად გამიგზავნია. მაგალითად, ძალიან მინდა ვიმუშაო "ვეფხისტყაოსნის" თემაზე. ჩემი აზრით, ეს უდიდესი ნაწარმოები ჩვენი სავიზიტო ბარათია და ქართველებს ყველგან თამამად შეგვიძლია თქმა, რომ SoTa რუსთაველის ქვეყნიდან ვართ. "ვეფხისტყაოსნის" თემაზე მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლოა და ერთი ხელის მოსმით ამას ვერ ვბედავ. თეორიულად სერიოზული მასალაა დასამუშავებელი და ორმაგი შრომაა ფორმაში მისი პრაქტიკული განხორციელებაც. ეს არ არის კონკრეტული პერსონაჟი ან სცენა, არამედ მინდა მთელი ნაწარმოების კონცეფცია ერთ ნამუშევარში იყოს გამოხატული.

- ლადო გუდიაშვილი, სერგო ქობულაძე, ლევან ცუცქირიძე და სხვა არაერთი ქართველი "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების ავტორი მხატვარი ვიცით, მაგრამ ქანდაკებაში ამას არავინ შეხებია... საშუალება რომ მოგეცეთ, ამ ძეგლს თბილისში დადგამდით?

- მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნება, მთავარია, საქართველოში მოხდეს.

- ბოლო პერიოდში სად და რა პროექტებზე იმუშავეთ?

- 2022 წლის შემოდგომაზე ეგვიპტეში ვიყავი, შემდეგ ისრაელში. ამჯერად ერთი თვით მივემგზავრები საუდის არაბეთში, სადაც საერთაშორისო სიმპოზიუმი იმართება და მასზე ვარ მიწვეული. მთელი მსოფლიოდან 30 მოქანდაკე მონაწილეობს და მათ შორის ერთი ქართველი მე ვიქნები. მუშაობა მომიწევს ქანდაკებაზე, რომლის თემა დაახლოებით შემდეგი შინაარსისaა: ორი დაპირისპირებული ენერგიის თანაცხოვრება ჩვენს სამყაროში.

- დღეს არ გვყავს ბევრი ახალგაზრდა მოქანდაკე. თქვენი აზრით, ამ მიმართულებით რატომ მიდიან სულ უფრო ნაკლებად?

- დღესდღეობით ჩვენში თანამედროვე ქართული ქანდაკება პოპულარული არ არის. წლებია ასეა და ამის მიზეზია მთავრობისა და კულტურის სამინისტროს პასიურობა. ყოველთვის ასე იყო და ეს კონკრეტულად დღევანდელი მთავრობის ბრალი არ არის.

- თუმცა, "ყოველთვის" მაინც ვერ ვიტყვით, რადგან საბჭოთა ეპოქაში ჩვენში არაერთი მონუმენტური ძეგლია დადგმული - მეფეებისა თუ სხვა ისტორიული ფიგურების სახით...

- კი, ბატონო. ისე გამოვიდა, რომ იმ ავადსახსენებელ დროს იყო ქართული ქანდაკება პოპულარული და არა ახლა. აქ კიდევ ერთი ფაქტორია: ქანდაკება ძვირად ღირებული ხელოვნებაა და კომუნისტებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჰქონდათ ფული და ამაში დებდნენ, დღეს კი ის მილიონერები, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ამ მიმართულებით არ აქტიურობენ. ვფიქრობ, უნდა დაფიქრდნენ სულიერ საზრდოზე და რომ ყველაფერი მარტო "იყიდე-გაყიდე" არ არის. მათ შეუძლიათ მიჰბაძონ სხვა ქვეყნის მილიონერებს და ნახონ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ საზღვარგარეთ ხელოვნების მიმართ. უბრალო მოქალაქე რომ ხედავს, კულტურა როგორ ვითარდება, მას გემოვნება ეხვეწება. დიახ, შედევრები გვაქვს მეფეების ქანდაკებების სახით, მაგრამ წარსულში და ერთ ადგილზე არ უნდა გავჩერდეთ. მინდა ხაზი გავუსვა სიმპოზიუმების აუცილებლობას. ქანდაკებისთვის საერთაშორისო სიმპოზიუმი არის განვითარების კარგი ფორმა და საქართველოში რომ ტარდებოდეს, ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა ბევრად ცნობილი იქნებოდა. უამრავი პრობლემის მიუხედავად, დღესაც გვყავს მაგარი ქართველი მოქანდაკეები, რომლebსაც მსოფლიო იცნობს და მათი ნამუშევრები აქ რომ იდგმებოდეს, ჩვენი ქვეყანა ყველა თვალსაზრისით გაცილებით მოთხოვნადი იქნებოდა. საქართველოში თუ საერთაშორისო სიმპოზიუმები ჩატარდება, უცხოელი მოქანდაკეები ჩამოვლენ და იმუშავებენ, თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებულები კი საქართველოზე ილაპარაკებენ, ამავდროულად მოხდება კულტურათა გაცვლა. რაც უფრო მეტი ასეთი ურთიერთობა იქნება, კულტურულად მეტად მდიდრები ვიქნებით.

- მესმის, ეს საქმე თქვენთვის სულიერი საზრდოა, მაგრამ უწინ ან ახლა, ხომ არ ფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა, მატერიალურად შემოსავლიან პროფესიებზე გაგეკეთებინათ ორიენტირი?

- არასოდეს! მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და პრობლემისა, ჩემი ნაბიჯი არასოდეს მინანია. "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!"

aleksandre-popxaze2-1673856655.jpg

- თუ არ ვცდები, უკრაინაშიც გაქვთ პროექტი განხორციელებული...

- დიახ, 2021 წელს, ომამდე კიევთან ახლოს, სოფელ ბობრიცაში, რამდენიმე საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა. იქაც რამდენიმე კვირით ვიყავი მიწვეული და გავაკეთე ქანდაკება ქვაში - "პოზიტიური ენერგია". სხვათა შორის, ამ სოფელში მილიონერი ტიპები ცდილობენ, ღია ცის ქვეშ ააშენონ მუზეუმი, სადაც სულ ქანდაკებები იქნება. სამწუხაროდ, ახლა არ ვიცი, რა მდგომარეობაშია ეს ადგილი და ჩემი ქანდაკება.

- დაბოლოს, გაქვთ თუ არა ერთი კონკრეტული მთავარი ხაზი, რითაც თქვენი ნამუშევრები ერთიანდება?

- თავისუფლებისკენ სწრაფვა. დღევანდელ სამყაროში ცოტა რთულია, ადამიანი თავისუფალი იყო, მაგრამ ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა ეცადო, ნამუშევრებშიც და ცხოვრებაშიც ასე იყოს.

- ხელოვანი ადამიანები ამას მეტ-ნაკლებად ახერხებთ...

- ვცდილობთ (იღიმის).

ანა კალანდაძე