ნუკა კაციტაძე - პირველი "მის საქართველო" - გზაპრესი

ნუკა კაციტაძე - პირველი "მის საქართველო"

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა უიტნი ჰიუსტონის ბიოგრაფიული ფილმის ახალი და სრული თრეილერი, ახლახან კი ამ ფილმის პრემიერა გაიმართა, მათ შორის - თბილისშიც.

ქართველებიდან უიტნი ჰიუსტონს ძალიან ცოტა ვინმე თუ შეხვედრია. მათ შორისაა მშვენიერი ნუკა კაციტაძე. მის ცხოვრებაში სამჯერ ისეთი მწვერვალი იყო, რომელზეც ყველა ქალი იოცნებებდა... არადა, თავად ამბობს, ყველაფერი შემთხვევით მოხდაო...

- ქალბატონო ნუკა, თქვენს საინტერესო შეხვედრაზე გვიამბეთ, მით უმეტეს, რომ ყველა ამ ვარსკვლავს გამსგავსებდათ...

- მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ, უიტნი ჰიუსტონს ჰგავხარო და რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებდა. განსაკუთრებულად მომწონდა ეს უნიჭიერესი მომღერალი თავისი ულამაზესი ხმით... უიტნი მოსკოვში ვნახე, სადაც რამდენიმე ქართველი იმყოფებოდა, მათ შორის - ცნობილი მომღერალი თეონა კონტრიძე... გარკვეულi პერიოდი მოსკოვში ცხოვრება მომიხდა, იქ მეგობრები მყავს. როდესაც მათ გაიგეს, რომ 2004 წელს უიტნი მოსკოვში კონცერტს გამართავდა, ბილეთი მიყიდეს და დამპატიჟეს... უიტნის ორი კონცერტი ჰქონდა, ჩვენი შეხვედრა მეორე კონცერტის დასასრულს შედგა.

- ამბობენ, მოსკოვში უიტნის კონცერტმა მისი თაყვანისმცემლების მოლოდინი ვერ გაამართლაო...

- დიახ. მისი პირველი კონცერტი ძალიან ცუდად წავიდა. გარდა იმისა, რომ გაცივებული იყო, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და საშინლად განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამ ასი მილიონის მოთხოვნით, სასამართლოში უჩივლა... უიტნიმ სცენიდან მამაზე საუბარი რომ დაიწყო, ტირილი აუვარდა. ერთი ამბავი ატყდა, ისტერიკაში ჩავარდა და სცენიდან ცოტა ხნით გაიყვანეს... მეორე კონცერტზე უკვე კარგ ფორმაში იყო და ძალიან კარგად ჩაატარა... როგორც კი კონცერტი დამთავრდა, ქურთუკები ავიღეთ და მასთან შესახვედრად გავედით, სიები უკვე გადაცემული იყო.

- სად იყო შეხვედრა?

- ფოიეში ცენტრში იდგა, ირგვლივ საოცარი წესრიგი სუფევდა. წინა რიგში ვისხედით და აცხადებდნენ, თუ ვინ უნდა გასულიყო მასთან სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად. თავიანთი ფოტოკამერა ჰქონდათ. დავდგებოდით გადასაღებად, შემდეგ სხვას გამოიძახებდნენ და ასე შემდეგ; ერთი სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ იყო... იქ ითხოვეს, ჩვენი ფოტოკამერით გადავიღებთო, მაგრამ უარი მიიღეს, ან - ხუთი ათასი დოლარი გადაიხადეთო... აუხსნეს, რომ სცენის გრიმი სხვანაირი იყო და მათ განათება, ყველაფერი გაზომილი ჰქონდათ...

- მასთან ფოტოს გადაღებისას თქვენი ემოციები გაიხსენეთ...

- გამოგიტყდებით, ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი. ჯერ მაკიაჟს მივაქციე ყურადღება, რადგან ფოტოს გადაღების დროს მთავარ პრობლემად ეგ დაგვისახელეს. უიტნის კანი უფრო მუქი იყო და შედარებით ღია ტონის მაკიაჟი ჰქონდა. შემდეგ მისმა სიმაღლემ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან მე მეტრი და სამოცდათხუთმეტი ვარ, ხოლო უიტნი ჩემზე მაღალი იყო, დაახლოებით მეტრი და სამოცდათვრამეტი.

- გარშემო მყოფებმა თქვენ შორის მსგავსება ვერ შენიშნეს?

- სხვათა შორის, დაცვის წარმომადგენელმა რომ დამინახა, რაღაც რეაქცია ჰქონდა: თვალები მოჭუტა და გაიღიმა; ისე შემომხედა, როგორც ნაცნობს. ანალოგიური მზერა ჰქონდა თავად უიტნის. ასე ღიად მსგავსებაზე არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ მათ მზერაში ყველაფერი იგრძნობოდა... მოსკოვში წასვლამდე სოლარიუმში დავდიოდი, კანი უფრო მუქი რომ მქონოდა და კარგ ფორმაშიც ვყოფილიყავი.

319160531-3273033892946320-6010841718976875340-n-1673856942.jpg

- უიტნი ჰიუსტონთან შეხვედრა თქვენი ცხოვრების ნატვრის ახდენა იყო?

- რასაკვირველია! მოსკოვიდან რომ დამირეკეს და მითხრეს, კონცერტზე დასასწრები ბილეთები აღებულია, ყველა ერთად მივდივართო, სიხარულისგან შოკში ჩავვარდი... მართლა დაუჯერებლად ჟღერდა, რომ მის კონცერტზე მივდიოდი... ჯერ ხომ ძალიან გამიხარდა და მერე ნერვიულობა დავიწყე - რა უნდა ჩამეცვა, განსაკუთრებულად რომ ვყოფილიყავი. ჩემმა მეგობრებმა ამაზეც იზრუნეს... მაინცდამაინც პირველი კონცერტის დღეს მოსკოვში უზარმაზარი თოვლი მოვიდა. საგანგებო ვარცხნილობით, ძალიან გამოპრანჭული წავედი და იმ დღეს ვერც უიტნის შევხვდი, ვერც კონცერტმა ჩაიარა წარმატებულად... მეორე დღესაც გამოვიპრანჭე, მაგრამ იმდენად ვერა, როგორც წინადღეს. მახსოვს, თმაზე სველი ეფექტი მქონდა და შენობაში რომ შევედი, უცნაურად შემომხედეს: აშკარა იყო, ჩვენ შორის დიდი მსგავსება დაინახეს. ნაცნობი ქართველები მეხუმრებოდნენ, დღეს სცენაზე შენ ხომ არ გამოდიხარო?..

- ახლა თქვენს ცხოვრებას დავუბრუნდეთ. პირველი "მის საქართველო" ხართ...

- "მის საქართველო" 1985 წელს გავხდი. ურთულესი პირობები იყო, მაგრამ ჩემთვის კარგი პერიოდი. 20 წლის ვიყავი, თეატრალური ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი, უკვე სასწავლებელს ვამთავრებდი. სადიპლომო სპექტაკლზე ვმუშაობდი, თან გამოცდები მქონდა. ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე, რადგან მოსამზადებლად სულ სამი დღე მოგვცეს... მაშინ არანაირი მზა კოსტიუმი არ იყიდებოდა, ჯერ ქსოვილი უნდა გეყიდა, მერე მკერავი მოგეძებნა... სასწავლებელში მითხრეს, ჩადი და გარდერობიდან რამე აარჩიეო, მაგრამ ვიცოდი, იქ რა ძველი კოსტიუმები იყო, უკვე ნაფთალინის სუნი ასდიოდა.

- არც პოდიუმზე გავლის გამოცდილება გქონდათ?

- არანაირი. წინადღეს სცენაზე გვიჩვენეს მონახაზი, ვის სად და როგორ უნდა გაგვევლო. ორჯერაც კი არ გაგვივლია რეპეტიცია. ქსოვილიც თავად ვიყიდეთ, "ნინო" ერქვა, შიფონივით თხელი და ჰაეროვანი, თეთრი ფერის. ექვსი მეტრი შევიძინე - სურვილის მიხედვით, სხვადასხვანაირად შემოვიხვევდი და ბევრნაირ ვარიანტს ვცდიდი... ჩემმა მეგობარმა "ჩამისტროჩკა", სამკუთხედებად დამიჭრა, ერთად ვაკეთებდით... მახსოვს, კაბის შიგნით საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, - სახელდახელოდ შექმნილი კაბა ან არ ჩამძვრალიყო, ან რამე - თავი დავიზღვიე: კაბა ყველა გვერდზე "ბულავკებით" იყო დამაგრებული... მაკიაჟს ყოველთვის თვითონ ვიკეთებდი. რაც შეეხება სადღესასწაულო ვარცხნილობას, მეგობრებიდან თუ ვინმე გათხოვდებოდა, ხელმოწერის დღეს მათ ვარცხნილობას მე ვაგვარებდი. ასე რომ, გამოცდილება მქონდა...

კონკურსის დღეს, როცა უკვე ჩავიცვი და მაკიაჟი გავიკეთე, გასასვლელად მზად ვიყავი, დამირეკეს: სად ხარ ამდენ ხანს, ყველა აქ არისო!.. ამ სიგიჟე სიჩქარეში მარჯვენა ფეხსაცმლის "ზორტი" გაწყდა. ახლა კი გვაქვს ასი წყვილი ფეხსაცმელი, მაშინ მხოლოდ ორი მქონდა... ბედად, ჩემს კარის მეზობელს ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი ჰქონდა... ასე, ნახევრად შიშველი გავვარდი - კაბა ძალიან ღია იყო და ჩემს დანახვაზე მეზობელი, ბუნებრივია, ძალიან დაიბნა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა... მეზობლის ფეხსაცმელზეც "ზორტი" ამწყდარი აღმოჩნდა, მაგრამ გამიმართლა - მარცხენა იყო. ასე ჩავიცვი ერთი და იმავე გამოშვების ფეხსაცმელი, ოღონდ - ცალ-ცალი...

ჭავჭავაძეზე რომ ჩავედი ტაქსის გასაჩერებლად, ყველა მე მიყურებდა ამხელა ქუსლებზე შემდგარს და გვერდზე ჩახსნილი კაბით. ეს ჩემთვის დისკომფორტი იყო, რადგან არ მიყვარს გამომწვევი ჩაცმულობა... ტაქსის მძღოლს თავიდანვე ვუთხარი, სად მივდიოდი, სხვანაირად რომ არ შემოეხედა...

მახსოვს, სცენაზე როგორი აღფრთოვანებით შემხვდნენ, რა ლამაზი ხარო!.. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გასაკვირი არ იყო, კარგად თუ გამოვიყურებოდი... ერთ-ერთი მონაწილე ტიროდა, მაკიაჟის გაკეთება ვერ მოვასწარიო. მივედი, დავამშვიდე, მაკიაჟი გავუკეთე და მერე მეხუმრებოდნენ, ისე გაალამაზე, კონკურსზე თუ გაჯობა, მერე ნახეო...

კონკურსი ლამაზად ჩატარდა. მე ინგლისის დედოფალს ვასახიერებდი. სცენას თეატრალური ინსტიტუტის ბიჭები აფორმებდნენ... გამარჯვებულის გამოცხადების დრო რომ მოახლოვდა, ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ გამოცხადების მომენტში გვერდით მდგომ ბიჭს ვეუბნებოდი, - ნეტავ როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, ბიჭებმა რომ მწვადებზე დაგვპატიჟეთ, იქ მეჩქარება-მეთქი... "ნუკა კაციტაძე" - რა დროს გამოაცხადეს, არც გამიგონია. უცებ ერთი ამბავი ატყდა, ჩემები მოცვივდნენ და მიყვიროდნენ, შენ გაიმარჯვეო!.. მსახიობი ბიჭი მოვარდა, ხელი მომკიდა და სცენის ცენტრისკენ გამაქცია, სადაც რაღაც კვარცხლბეკზე დამაყენეს. შუქი რომ ციმციმებდა, დაბნეული ლამის გადმოვვარდი, შოკში ვიყავი უცაბედი სიხარულისგან გათიშული...

- რა საჩუქრები მიიღეთ?

- დაფნის გვირგვინი, "ვეფხისტყაოსნის" ფირფიტები, ქართული ლარნაკი... მერე მალე გავთხოვდი და საჭმელებს რომ ვაკეთებდი, იმ დაფნის გვირგვინს ვაწყვეტდი ფოთლებს და ბოლოს მხოლოდ ტოტები დარჩა.

- როგორ გაგრძელდა მერე თქვენი ცხოვრება სცენაზე?

- სადიპლომო სპექტაკლში ვითამაშე. მერე გიზო ჟორდანიამ თავის თეატრში წამიყვანა. ჩემს პარალელურ ჯგუფში იყვნენ: მერაბ ნინიძე, ქეთი ჩხეიძე, ნანა შონია... კონკურსში გამარჯვებიდან მალევე გავთხოვდი და როგორც ხდება, სცენას ჩამოვშორდი. დღეს მყავს ქალ-ვაჟი, ერთი შვილიშვილი - შოთიკო ქრისტესაშვილი, რომელიც მალე 7 წლის გახდება. მეორე მხრიდან მისი ბაბუა მსახიობია, ის მოქმედი მსახიობია, მე - "სახლური"...

img-0114-1673856930.jpg

- ტელეეკრანზე ხშირად ჩანხართ...

- ხშირად მიწვევენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ცოტა წონაში მოვიმატე და გამოსვლას ვერიდები. გაზაფხულზე მივდივარ გადაცემებში, ზამთარში - არა.

- მედეას როლზე გვიამბეთ.

- 1984 წლის 3 მაისს ახალი დროის "არგონავტებმა" კაპიტან ტიმ სევერინთან ერთად, ძველი არგონავტების მარშრუტის გასავლელად აიღო სტარტი. ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: ცამეტი ახალგაზრდა ინგლისელი და ირლანდიელი, მათ შორის ორი ექიმი, თავგადასავალთა მაძიებელი სტუდენტები, მენიჩბეები საბერძნეთიდან და თურქეთიდან. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსვლისას მათ უნდა დამატებოდნენ ქართველი მენიჩბეები, ამიტომ შეარჩიეს სპორტის ოსტატები ნიჩბოსნობაში. იახტა "კოლხიდა" პირველი შეეგება "არგოს" და შეუძღვა ფოთის ნავსადგურში, სადაც სტუმრებს ზღვა ხალხი ელოდა. მე იმ დროს ფოთში ვიყავი, რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს "ბატონი ავანტიურისტები". ძალიან პატარა როლი მქონდა... იმ დროს ფოთში იმყოფებოდა ჩემი მეგობარი, რომელმაც ტელესარეჟისორო დაამთავრა და ფოთში სამუშაოდ გაანაწილეს... ტიმ სევერინის გამო ძალიან დიდი ბუმი იყო. მთელი ტელევიზია, მთავრობა ფეხზე იდგა. ეს მოვლენა Nატიონალ Gეოგრაპჰიც-შიც გაშუქდა. მახსოვს, ჩემი ახლობელი მაშინ იაპონიაში იმყოფებოდა და მიამბო, სასტუმროში ჟურნალი შემთხვევით გადავშალე და ტიმ სევერინის გვერდით რომ დაგინახე, გავოგნდიო... ფოთში გადაღებაზე რომ ვიყავი, მეგობარმა მითხრა, - წამოდი, მედეას ეძებენ, რაღაც კაბა ჩაიცვი და ბარემ შენ იქნებიო... ასე, სრულიად სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი და მედეას როლში მსოფლიომ მნახა...

2014 წლის ივლისში საქართველოს ცნობილი მოგზაური ტიმ სევერინი ეწვია, რომელმაც 30 წლით ადრე გაიმეორა არგონავტების მარშრუტი და 1984 წლის ზაფხულში ხომალდ "არგოთი" საქართველოს ნაპირებს მოადგა. ტიმ სევერინის საქართველოში დაბრუნებას არაერთი ღონისძიება მიეძღვნა, მათ შორის გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში - "30 წელი ტიმ სევერინის ექსპერიმენტის "იასონის მოგზაურობის" შემდეგ". იყო შეხვედრა უნივერსიტეტში, სადაც მეც მიმიწვიეს და ერთად სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ.