რა საჩუქარი ხვდებოდა კირა ანდრონიკაშვილს ახალი წლის ღამეს - გზაპრესი

რა საჩუქარი ხვდებოდა კირა ანდრონიკაშვილს ახალი წლის ღამეს

"ოჯახში ახალ წელს ვხვდებოდით მშვიდად, მოკრძალებულად, პომპეზური და განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მერე ჩემს ჯორჯაძეებთან - დედაჩემის ძმასთან მივდიოდით. ერთ-ერთი შობის დღესასწაულზე იერუსალიმში მოვხვდი და ამით უბედნიერესი ვარ. ამისთვის ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი", - ამბობს კირა ანდრონიკაშვილი და სხვა ამბებთან ერთად, იმაზეც საუბრობს, რა უყვარს და რა არ მოსწონს ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

- ბავშვობაში საწოლის ქვეშ პატარა საჩუქარი მელოდა ხოლმე. ეს იყო ან სახატავი რვეული, ან გასაფერადებელი ალბომი, წიგნი თუ ფანქრები. ასევე, ყოველთვის მხვდებოდა მანდარინი და კანფეტები ერთად შეკრული. ახლა ბავშვები თოვლის პაპას სთხოვენ სათამაშო მანქანას, კომპიუტერს, ტელეფონს და რას აღარ. ეს კარგია, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბავშვი ყოველ წუთას არ უნდა გაანებივრო, თორემ საჩუქრის მიღების დღე მისთვის იდუმალი და საყვარელი აღარ იქნება. ვფიქრობ, ეს უნდა მოხდეს დაბადების დღეს, ახალ წელს და შობის დღესასწაულზე. ჩემს ბავშვობაში ახალი წლის მეორე დღეს, მშობლებს ბავშვები ყოველთვის მივყავდით ნათესავებთან. დღეს ახალგაზრდები ცალკე დადიან, მშობლები - ცალკე ან სახლში რჩებიან.

- ძველი ნაძვის ხე ან სათამაშოები შემოგრჩათ?

- დღემდე ვინახავ ჩემი შვილების პატარაობის დროინდელ მინიატიურულ ნაძვის ხეს თავისი სათამაშოებით. ის წელსაც დავდგი ჩემს სახლში, თუმცა სხვა ნაძვის ხეც მაქვს.

- რას აქცევდით მაშინ უფრო მეტ ყურადღებას, სუფრას თუ საჩუქრების შერჩევას?

- მთავარი ის იყო, რომ იმ დროს ყველა მოკრძალებულად ცხოვრობდა. ახლა გაჩნდნენ მდიდრები და ღარიბები. ქართველს არ უხდება არაფერი გადაჭარბებული, არც მიბაძვა, არც ვარსკვლავობა! რა თქმა უნდა, საახალწლოდ ვემზადებოდით და ვაკეთებდით გოზინაყს, საცივს, ნამცხვრებს... შვილებისთვის გამზადებულ, ადრე ნაყიდ საჩუქრებს კარადაში ვინახავდი და ახალი წლის დადგომისას ვაძლევდი, მშობლებსაც არ ვივიწყებდი. ეს არ იყო ძვირფასი ნივთები, ეს იყო ყურადღების და სიყვარულის გამოხატვა. საახალწლოდ შვილებს ყოველთვის ვუკერავდი ახალ კაბებს, მეც ახალ კაბას ვიცვამდი და ამას დიდი ფინანსები არ სჭირდებოდა.

shvilishviltan-da-shviltashviltan-ertad-copy-1673946138.jpg

- თქვენს ოჯახს რაიმე ტრადიცია ჰქონდა?

- მამაჩემი და მისი ახლო მეგობრები 31 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე სუფრასთან იკრიბებოდნენ, ეს კარგად მახსოვს. ჯერ აცილებდნენ განვლილ წელს, მადლობას ეუბნებოდნენ და მერე ხვდებოდნენ ახალს. ერთმანეთთან რიგრიგობით მიდიოდნენ და მეგობრის ოჯახში აღნიშნავდნენ ახალ წელს. ჩვენ ოჯახში ტრადიცია იყო საჩუქრების გადაცემა, რომელსაც აგრძელებენ ჩემი შვილები და მათი ოჯახები. ახალ წელს ჩემს შვილთან, ქეთისთან შევხვდი. შვილიშვილებმა - ბიჭებმა წინასწარ იზრუნეს და როცა სუფრასთან დავსხედით, ყუთებში შეფუთული საჩუქრები გადმოგვცეს ყველას: დედას, მამას, მეორე ბებიას. პირადად მე, არაჩვეულებრივი შალის შარფი მომიტანეს, ქეთიმ კოსმეტიკური საცხები მაჩუქა.

ტრადიციულად, პირველ იანვარს აუცილებლად მივდიოდი იმ ახლობელ ადამიანთან, ყველაზე ასაკოვანი რომ მეგონა მაშინ და რომელსაც სითბო, ყურადღება სჭირდებოდა. ახლა, არსად მივდივარ, შევხვდები ახალ წელს და ცოტა ხანში ვიძინებ. სხვათა შორის, დიდი ხნიდან მოყოლებული, ალბათ, 30 წელზე მეტი იქნება (მაშინ სხვა წყობა იდგა), ლამაზ სანთელს კი არა, ამ დღეს ხატებთან ყოველთვის ვანთებდი საეკლესიო სანთელს, რათა ოჯახში ბედნიერი ახალი წელი შემოსულიყო. ერთხელ, 31 დეკემბერს სანთელი არ მქონდა, ქეთი გავგზავნე და პატარა სამების ეკლესიიდან მომიტანა.

- განსხვავებული, გამორჩეული ახალი წლები გაიხსენეთ.

- დასამახსოვრებელი ძველით ახალი წელი გავატარე ლიკანში, სადაც შვილებთან ერთად ვიყავი. იქ თოვლი რაღაცნაირად ვერცხლისფრად ბზინავდა, ცაზე ვარსკვლავები ჩანდა - ულამაზესი საღამო იყო. ერთხელ პარიზში შევხვდი ახალ წელს, ძალიან სასიამოვნო გახლდათ, მაგრამ გული მაინც აქეთ მომიწევდა. არ მქონდა ის განცდა, რომელიც საქართველოში მაქვს ხოლმე.

shviltan-da-shvilishviltan-ertad-copy-1673946124.jpg

- ძველი სტილით ახალ წელსაც აღნიშნავთ?

- კი, ორივე ახალ წელს ახლავს სიხარული და იმედი, ხალხი ერთმანეთს ლოცავს. ყოველთვის ასე იყო საქართველოში, განსაკუთრებით - სოფლებში. ახალი წელი ახალი სტილით თითქოს უფრო მიყვარს. საერთოდ, ადამიანმა ყურადღება არ უნდა გაამახვილოს მარტო საჭმელზე ან მარტო ჩაცმაზე. არ მიყვარს, როცა 12 საათზე იწყება სროლები. ჩვენი ქვეყანა ისედაც გულშია დაჭრილი და ახალ წელს სროლა რა საჭიროა? ამ დროს ეშინიათ ცხოველებს, ბავშვებს, მოხუცებს... არ მომწონს უზომოდ გადატვირთული სუფრები, ერთ ჯერზე ამდენ რამეს ხომ ვერ მიირთმევ? ეს ჯანმრთელობისთვისაც ცუდია.

- ახალი წელი თქვენთვის ჯადოსნური დღეა?

- ახალი წელი ჩემთვის სასწაულის მოლოდინთან ასოცირდება. რა რთული პერიოდიც უნდა გქონდეს, ახალ წელს დადებითი ემოციებით უნდა შეხვდე და დაიტოვო იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვილოცოთ სიკეთისთვის და ვთხოვოთ ღმერთს, რომ თავისი კალთა გადმოგვაფაროს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ნანული ზოტიკიშვილი