ნანა ღონღაძე: „პრეზიდენტ ბუშის მოსაწვევ ბარათს დღემდე ვინახავ“ - გზაპრესი

ნანა ღონღაძე: „პრეზიდენტ ბუშის მოსაწვევ ბარათს დღემდე ვინახავ“

„...თეთრ სახლში ჰილარი კლინტონის მიღებაზე მომიწია მუშაობამ, იგი ახალგაზრდა ლიდერებს ხვდებოდა და მათ შორის ყაზახი სტუდენტიც იყო. ვაშუქებდი პრეზიდენტის, მინისტრების ვიზიტებს, ყაზახ მაყურებელს ამერიკას ვაცნობდი...“ - ჟურნალისტი ნანა ღონღაძე ამერიკაში გატარებულ, მეტად საინტერესო და შთამბეჭდავ წლებზე გვესაუბრება...

- ათეული წლებია ამერიკაში იმყოფებით... ამერიკაში პირველად რომ ჩახვედით, რამ გაგაკვირვათ ყველაზე მეტად?

- მხედველობაში იქონიეთ, რომ ეს შთაბეჭილებები 90-იან წლებს მიეკუთვნება. ვფიქრობ, მერე ბევრი რამე შეიცვალა როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში... რამ გამაკვირვა? იქ მუზეუმები უფასოა; აეროპორტში შიდა რეისებზე პასპორტი არ იყო საჭირო; საფოსტო გზავნილი ადრესატთან მიდიოდა, მაშინ კი თბილისში ყუთებს ტეხდნენ; ქუჩაში სკამები არ არის მიბმული და მათ არ იპარავენ. შემოდგომის ხმელ ფოთლებს არ წვავენ - აგროვებენ, ფქვავენ და როგორც ხეებისათვის საკვებს, ისე იყენებენ; სამსახურს ნაცნობის გარეშე, რეზიუმეებით შოულობენ; იქ ენდობიან იმას, რაც რეზიუმეში წერია. ავტოავარიის შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთს სადაზღვევო კომპანიების მისამართებს უცვლიან, არ ჩხუბობენ და არ აგინებენ; კაცი ხშირად ეკითხება ქალს, არის თუ არა ის მასთან ბედნიერი, მეუღლეeბი ერთმანეთს "ტკბილს" უწოდებენ; მამაკაცები ფეხსაცმელებს წინდების გარეშე ატარებდნენ; უნივერსალ მაღაზიებში ნებადართულია საცვლების მოზომვა...

ასევე მიკვირდა, 14 წლის სკოლის მოწაფეები მუშაობას რომ იწყებენ. სახელისა და გვარის თქმის დროს სპელლინგ-ს, ასოების ცალ-ცალკე წარმოთქმას გთხოვენ. მეჯლისებზე ან სხვა წვეულებებზე ერთჯერად პლასტმასის ჭურჭელს, დანა-ჩანგლებს იყენებენ... ამერიკელი ახალგაზრდები ხელის მოწერის გარეშე წლების მანძილზე სამოქალაქო ქორწინებაში არიან; საპირფარეშო უფასოა და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს მაღაზიაში, კაფეში ან სასტუმროში შესვლა შეუძლია; ზოგიერთი საპირფარეშო ბავშვის საფენების გამოსაცვლელი მაგიდით არის აღჭურვილი.

321300652-587113899904494-2653664659647111535-n-copy-1674401250.jpg

- ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში როგორ მოხვდით?

- ასე თუ ისე, ჩემი ჭია გავახარე, რესპონდენტები უკვე ინგლისურად მესაუბრებოდნენ... მაგრამ ზოგჯერ უკან, საქართველოში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. მოსკოვი ოთხი წელი საქართველოში კორესპონდენტის ადგილს მინახავდა, კარგი ანაზღაურებით, რეგიონული განყოფილების უფროსის ადგილს მპირდებოდა, მაგრამ თანხმობა რომ მიმეცა, ჩემს თავს არ ვაპატიებდი. ეს ხომ უკან დახევა იქნებოდა?.. მერე ჩემს ცხოვრებაში ლალი შიუკაშვილი შემოვიდა. აფხაზეთის ომზე დოკუმენტური ფილმი უნახავს და ჩემი გაცნობა მოინდომა, თავისთან, ვაშინგტონში დამპატიჟა და ბილეთიც კი ამიღო. სწორედ იქ ყოფნის დროს USID-ში სამსახური შემომთავაზეს და სამ კვირაში მოლდავეთში, ექვსი თვით გავემგაზავრე. ამერიკულ კომპანიას პრივატიზაციაზე სატელევიზიო პროგრამების მომზადება ევალებოდა, მე კი კოორდინატორობა დამავალეს. იქ ყოფნის ერთი კვირის თავზე, ონკოლოგმა ხელზე სიმსივნე აღმომიჩინა და სასწრაფოდ ოპერაცია ჩამიტარეს. 9 დღეში სამსახურში გავედი... მოლდავეთში აღვნიშნე ჩემი 50 წლის იუბილე, რომელიც მოლდავეთის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა. ამიტომ ყველა ჩემი სტუმარი მოლდავეთის დროშის ფერებში იყო გამოწყობილი.

- როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება მოლდავეთიდან ამერიკაში დაბრუნების შემდეგ?

- შესანიშნავად, ამავე კომპანიაში, უკვე ამერიკაში დავიწყე მუშაობა, ოღონდ ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში. მოლდავეთში ნაშოვნი თანხით ბინა ვიყიდე და ფასვები გავიდგი. 3 თვე საცდელი დრო მომცეს. ვაშინგტონში კავკასიის ნავთობის ქვეყნების კონფერენციაზე ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს შევხვდი. შენი ამერიკაში ყოფნა, ჩემს შვილს გამოადგებაო, - მითხრა. ეგებ აქედან მის არხზე, "ხაბარზე" წაიმუშაოო? იქვე განკარგულება გასცა და "ხაბარის" ტელევიზიაში თითქმის ორი წელი ვიმუშავე. კომპანიის ტექნიკა "დავასაქმე" და ამით შემოსავალი მოვუტანე. ჩემი ერთ-ერთი გადაცემის მთავარი გმირი სახელგანთქმული ბიოლოგი კენ ალიბეკი იყო. იგი საკავშირო ქარხანა ბიოპრეპარატში 32 000 კაცს ხელმძღვანელობდა, ბიოლოგიურ იარაღს ქმნიდა. ემიგრაციის შემდეგ მან ამ იარაღის საწინააღდეგო პრეპარატები მოიგონა და კონგრესის ჯილდო დაიმსახურა. ასევე თეთრ სახლში ჰილარი კლინტონის მიღებაზე მუშაობამ მომიწია. იგი ახალგაზრდა ლიდერებს ხვდებოდა, მათ შორის იყო ყაზახი სტუდენტიც. ვაშუქებდი პრეზიდენტის, მინისტრების ვიზიტებს, ყაზახ მაყურებელს ამერიკას ვაცნობდი.

შემდეგი საფეხური უკვე ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტი გახლდათ და ჩემი განაცხადის შედეგი; ხუთჯერ მიღებული გრანტი, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არხებისათვის ამერიკაზე პროგრამების მომზადება. ჯამში მათ 70 მილიონი ადამიანი უყურებდა.

"ამერიკის ხმა“ ჩემი ფინალური ადგილი გამოდგა, ჩემი ყურე. იქ წელიწადი დავყავი, ვიდეოჟურნალისტად ვიმუშავე, ასევე ოპერატორის და მემონტაჟის საქმე მევალებოდა. არ იყო ადვილი, მაგრამ მე დიდი სიხარული მომიტანა, უფრო დავიხვეწე და გავიზარდე.

324545047-1402162116854418-4046499260017487660-n-copy-1674401267.jpg

- საქართველოსთან კავშირს ინარჩუნებდით?

- რასაკვირველია! გინდა-არ გინდა, ახლა ყველას მისწვდები, ნახვა და საუბარი პრობლემა აღარ არის. ბოლოს 2019 წელს ვიყავი საქართველოში, როცა ჩემი წიგნის პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება მქონდა ბალერინა თამარა თუმანიშვილზე... მერე პანდემია დაიწყო და გზები გადაიკეტა, მაგრამ ვიმედოვნებ, მალე ისევ შევძლებ ჩამოსვლას და მეგობრებთან ურთიერთობას.

- თავისუფალ დროს რას უთმობთ?

- თავისუფალი დრო არასოდეს მაქვს, სულ რაღაცას ვაკეთებ! გატაცებაზე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ ბავშვობიდან დღემდე ციგურები მიზიდავდა: ჯერ ასფალტზე როლიკებზე დავიწყე სრიალი, მერე სპორტის სასახლში ყინულის მოედანზე ან ბაკურიანში დავდიოდი... თხილამურები არ მიზიდავდა. ამერიკამ გამახსენა ჩემი გატაცება, რადგან საახალწლოდ თითქმის ყველა ქალაქში მორთული ნაძვის ხე და იქვე საციგურაო მოედანი აქვთ ხელოვნური ყინულით. დიდი და პატარა ყველა იქ არის! მე ჩემს შვილიშვილ თიკასთან ერთად ვსრიალებდი. მას ძალიან მოსწონდა, ბებია მის გვერდით რომ იყო. მეორე ჩემი გატაცება კედლების შეღებვაა. აქ აღმოვაჩინე საღამოს კურსები, სადაც ყველა სახის სარემონტო სამუშაოებს ასწავლიდნენ. მაგალითად, ლამინატის დაგებას, ფარდის დაკიდებას, კარის სახელურის დაყენებას! ღებვის საიდუმლოებანი იქ ავითვისე. ასე რომ, ახლა პროფესიონალურად ვერკვევი ამ საქმეში და ჩემს ცოდნას ზოგჯერ ოჯახში ვიყენებ.

ამერიკამ თბილად მიმღო, გულში ჩამიკრა, შესანიშნავი სამსახური მომცა. აბა, სხვაგან სად შევხვდებოდი ამერიკის ჟურნალისტიკის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან: ვოლტერ კრონკაიტი, ლარი კინგი? რომ არა ამერიკა, ალბათ არ მეცოდინებოდა იულ ბრინერის ოჯახის ისტორია, ვერ გავიცნობდი მის დას და შვილს, არც ნიუ-მექსიკაში, ამერიკელი ინდოელების პუაბლოში მოვხვდებოდი და არც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს გავაშუქებდი იუტის შტატიდან, არც სანდანსის კინოფესტივალს დავესწრებოდი და ვერც რობერტ რედფორდს გავიცნობდი. მე ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი, როცა ამერიკელი მზვერავის, ფრენსისი პაუერსის თვითმფრინავი საბჭოთა კავშირის თავზე ჩამოაგდეს. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ მის შვილს ქალაქ რიჩმონდში ვიპოვიდი და მასზე რეპორტაჟს მოვამზადებდი? არც თეთრ სახლში ვიქნებოდი საახალწლო ნადიმზე. სხვათა შორის, პრეზიდენტ ბუშის მოსაწვევ ბარათს დღემდე ვინახავ.

323144327-559472902759806-6999047412206246798-n-copy-1674401285.jpg

- გვიამბეთ თქვენს ოჯახზე...

- შესანიშნავი შვილი მყავს - ელისაბედი, ჩვენ ლიკას ვეძახით. მზრუნველი და მოსიყვარულე, ჩემსავით ენერგიული, კარგი დედა და ახლა უკვე ბებიაა. მან მე ორი შვილიშვილი მაჩუქა, თიკა და ლუკა. ორივემ უმაღლესი განათლება მიიღო. თიკას მეოთხე თაობის წამომადგენელი, პატარა სანდრო გაუჩნდა, ჩემი ბაბუის, სანდრო ზაალიშვილის სახელი დავარქვით... ლუკამაც უკვე სთხოვა ხელი თავის შეყვარებულს, ქორწილიც გვქონდა... აქ ჩემს მეორე მეუღლეს, ფრენკს შევხვდი. ის წარმოშობით გერმანელია, პროფესიით ტელეპროდიუსერი, ბევრი საერთო გვაქვს. 18 წლის მაძილზე მას ჩემთვის ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს... დიდი სიყვარული და პატივისცემა მაგრძნობინა. ყველაფერი თითქოს კარგად არის, მაგრამ ჩემს სამშობლოზე, საქართველოზე ვდარდობ, მის მომავალზე. არ მინდა ისევ სხვებზე დამოკიდებული იყოს. მინდა სახელმწიფოს სტატუსი, ერთიანობა შეინარჩუნოს, აყვავდეს და აღორძინდეს!

- ყოველთვის ეხმარებოდით უმცროსს კოლეგებს...

- ჩვენი საკორესპონდენტო ოთახიდან რეალური ხაზებით მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლებოდა ვიდეოს გადაგზავნა, ამიტომ უცხოელი ჟურნალისტები ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ. ზოგჯერ მათთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე მივდიოდით და ვაკვალიანებდით, ვისგან აეღოთ ინტერვიუ... ერთხელ იაპონიის ორმა ტელევიზიამ დახმარებისათვის ერთდროულად მომმართა. ვიცოდი, ერთმანეთს ერიდებოდნენ, არ მეგობრობდნენ. ორივე ჯგუფი შინ ვახშამზე დავპატიჟე. ქართული კერძები და ღვინო რომ დააგემოვნეს, ერთმანეთს ხელი გადახვიეს და "საკურაააა, საკურას" იმღერეს... NTV TV-ის ჟურნალიsტმა ჩემზე ნახევარსაათიანი გადაცემა მოამზადა. მათ საქართველო ისე შეიყვარეს, რომ ხშირად იმ მაისურებით დადიოდნენ, რომელზეც „საქართველოს გაუმარჯოს" ეწერა.

მანანა გაბრიჭიძე