ლექსებში „გადაცხოვრებული“ ადამიანი, ანუ ჰაიკუ ინტერვიუ თემურ ჩხეტიანთან - გზაპრესი

ლექსებში „გადაცხოვრებული“ ადამიანი, ანუ ჰაიკუ ინტერვიუ თემურ ჩხეტიანთან

"დისტანციური და ვირტუალური საუბარი არ მიყვარს. თან გააჩნია რესპონდენტის პროფესიას, სალაპარაკო თემას, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს ხოლმე და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში კომუნიკაციის ეს ფორმა გახდა კომფორტული. ამავდროულად იძულებული გავხდით მიგვეღო (პანდემიის პირველ ეტაპს ვგულისხმობ)... მას მერე თითქოს შევეჩვიეთ და ზოგი ახლაც გაურბის ხალხმრავლობას, ხმაურს, „ძველ“ ცხოვრებას. ინტროვერტებისთვის ეს ჩვეულებრივი და მისაღები მდგომარეობაა. შეიძლება ვცდები და პოეტები მეტ-ნაკლებად ასეთები მგონიხართ. მეთანხმებით? და თუ არა, როგორი ხართ?“ - თავდაპირველად ეს ვკითხე თემურ ჩხეტიანს, ბევრისთვის ერთ-ერთ საყვარელ პოეტს და მათ შორის ჩემთვისაც გამორჩეულ შემოქმედს...

- პოეტები მრავალნაირნი არიან. ზოგს ნამდვილად უყვარს ხმაური და ხალხმრავლობა. მეტსაც გეტყვით: ბევრნი უამისოდ ვერ პოეტობენ (იღიმის). ზოგნი კი სიჩუმეს და განმარტოებას არჩევენ (ან არც აქვთ სხვაგვარი არჩევანი). მე მეორე კატეგორიას ვეკუთვნი - სხვანაირად უბრალოდ, არ შემიძლია.

- დედაქალაქიდან კახეთს რამდენიმე კილომეტრი აშორებს და უკეთ რომ წარმოვიდგინო თქვენი ყოველდღიურობა, იქნებ ასე დაგვეწყო: ვაჩნაძიანში ცხოვრობთ. ერთ ძველ ლექსში წერთ: „ნოემბრის მერე ზამთრისთვის იღება კარი, მოვა და სტუმრის კვალობაზე დიდხანს დარჩება“. მართლაც ასეა, ზამთარი ჩვენში 3 თვეზე მეტი გრძელდება. როგორია ეს დრო თქვენთვის?

- ზამთარი სოფლად ადვილი არაა, რადგან საზრუნავი უფრო მეტია, მაგრამ ამ დროსაც თავისი ხიბლი ახლავს. როცა გარე საქმეებს მოილევ და გახურებულ ღუმელთან ჩამოჯდები, უკვე კარგად ხარ. იკითხე, წერე, სმასაც არავინ გიშლის და ხარ შენთვის და შენთან (იღიმის). 90-იან წლებში, როცა ძალიან ჭირდა ცხოვრება და შუქიც არ იყო, სხვა გასართობიც გამოვნახე: საჭადრაკო კომპოზიციების შედგენა დავიწყე. ჰოდა, ღიმილისმომგვრელი იყო, როცა ამ ჩაბნელებულ სოფელში საიდან აღარ მომდიოდა საჭადრაკო ჟურნალები - კალიფორნიიდან იაპონიის ჩათვლით, - პუბლიკაციის გამო საავტორო ეგზემპლარებს მიგზავნიდნენ.

- თქვენი პირველი ლექსები ჟურნალში „ცისკარი“ დაიბეჭდა, ხოლო პირველი კრებული „საღამოს ფოსტა“ 1987 წელს გამოიცა. დღემდე რამდენი კრებული დაგროვდა და რა ნიშნით ირჩევთ გამოსამზეურებელ ლექსებს?

- 2016 წელს გამოცემული „ბალახის სიმაღლე“ მე-8 იყო და მოიცავდა თითქმის ყველაფერს, რაც მანამდე ღირებული დამიწერია. შარშან გამოცემული კრებული „ორადი სახე“ თავისებურად ორი წიგნია: ჩემი ბოლოდროინდელი ლექსები და თარგმანები. ასე რომ, 9, მაგრამ 10 (იღიმის)! პირველ კრებულზე ბევრს არც მეკითხებოდნენ, მაგრამ მერე მე თვითონ ვარჩევდი და ვალაგებდი საწიგნე ლექსებს. ამ საქმეში ფასეული იყო რედაქტორების რჩევები და შენიშვნები. რედაქტორები კი იცოცხლეთ, კარგები მყავდა!

- წერა ადრეულ ასაკში არ დაგიწყიათ. რა თემაზე დაიწერა თქვენი პირველი სტრიქონები, როდის და რატომ გადაწყვიტეთ ისინი საჯარო გაგეხადათ?

- მარტოობასა და იმედგაცრუებაზე... მერე იმასაც მივხვდი, რომ სჯობდა ლექსებში "გადავცხოვრებულიყავი" და ასეც მოვიქეცი.

- და თუ არ ვცდები, ეკონომისტი ხართ. სტუდენტობისას ლექსის წერის სურვილი „წამოგეწიათ“. თქვენი კიდევ ერთი დიდი გატაცება ჭადრაკი ყოფილა. დღის განმავლობაში კიდევ რას უთმობთ საათებს, წუთებს?

- კი, ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი ეკონომისტობა უფრო ფორმალურია: პროფესიით ცოტა ხანს ვიმუშავე და მეტი არაფერი. სტუდენტობისას ერთი-ორჯერ კი წამიცდა ხელი ლექსის საწერად, თუმცა ამას მცდელობასაც ვერ დავარქმევ. მალევე შევჩერდი და მხოლოდ წლების შემდეგ იყო ცდაც და შედეგიც. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძალიან უბრალოდ ვატარებ დროს: კითხვა, ფილმები, ფეხბურთის ყურება და ჭადრაკი ონლაინ.

- ტექნოლოგიურმა განვითარებამ შეცვალა რამე, თუ კვლავ საკანცელარიო წიგნის ცალხაზიან ფურცლებზე წერთ?

- (იღიმის) ესეც იცით?.. ახალმა ტექნოლოგიებმა ლამის თავდაყირა დააყენა ჩვენი ცხოვრება და ჩვენც გვარიანად შეგვცვალა, მაგრამ არის რაღაც-რაღაცები, რაც უცვლელია, ვერ შეიცვლება და არც ჩვენ გვინდა შეიცვალოს. იმ ცალხაზიან ფურცლებზე კი გეტყვით: ისევ!.. ეგაა, რომ ახლა იშვიათად ვწერ. ნეტავ მეწერებოდეს!..

- პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს თქვენი ჰაიკუები... მინიმალიზმით გადმოცემული სათქმელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, თუ „გრძელი ლექსებით“?

- სხვებსაც უთქვამთ ასე. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მცირე და წუთიერი უფრო ადვილად ხვდება გულს და ადვილად ახდენს შთაბეჭდილებას, მაგრამ ამ მცირეებამდე ყოველთვის ბევრი ფიქრია და საკმაო დროცაა საჭირო, რომ დაკრისტალდეს და ფურცელზე გადავიდეს. ფიქრი და დრო უფრო „გრძელ“ ლექსებშია შესამჩნევი. თუ ლექსი კარგია, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, სამსტრიქონიანია თუ სამგვერდიანი.

- შეიძლება ცოტა უხეში და უადგილო კითხვაა, მაგრამ მაინც გკითხავთ: რისთვის და რატომ წერთ? იქნებ ცხოვრებისეული ემოციებისგან ლექსებით იცლებით და ამას მხოლოდ წმინდა ეგოისტური დანიშნულება აქვს?

- რა გითხრათ?.. მეც ხომ უნდა მეკეთებინა რამე ამ ქვეყანაზე? პოეზიამ ასე თუ ისე, მიმიღო, მენდო, მითმინა და მისმინა. ალბათ ასე იყო საჭირო და ეგაა!..

- დასასრულს, ბევრი ვიფიქრე, რა კითხვა დამესვა და ასე გადავწყვიტე: თქვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ლექსის დასასრულს, ანუ „საფინალო ფრაზებს“; მეტიც, ზოგჯერ წერა ბოლოდანაც კი დაგიწყიათ. ვთქვათ, სადმე საკუთარი თავის წარდგენა გიწევთ, რას იტყოდით თქვენს თავზე პირველს და რას იტყოდით ახლა, ანუ რა იქნება ჩვენი საუბრის ბოლო წინადადება?

- დასაწყისისთვის მოვიშველიებდი ერთი ლიტველი პოეტის ნათქვამს მისი ლექსიდან: „დღე მშვიდობისა! სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. რით შემიძლია ვიყო თქვენთვის არაფრის მაქნისი?“ (იღიმის). რაც შეეხება დასასრულს... დიახ, მეც ვფიქრობ, რომ ლექსისთვის დასასრული მნიშვნელოვანია, თუმცა ამ დასასრულს კარგი შემზადება სჭირდება: სწორი ნაბიჯები (სიტყვები) და ზუსტი „მოქნევა“ მიზანში მოსახვედრად. ჩვენი საუბარი კი, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ლექსით დავასრულოთ. ეს ლექსი ჯერ არსად დაბეჭდილა, „ფეისბუკზე“ კი დავდე...

- კი ბატონო... იყოს საუბრის ფინალი ლექსად...

"ერთხელ, დედამიწაზე / როცა აქედან წავალ, / მე არ წავალ ძალიან შორს - / მილიონობით და მილიარდობით სინათლის წლის იქით, / უბრალოდ, დინჯად გავუყვები შარას უსასრულოს - / ისევ მარტო და ხელჯოხით მავალი. / იმ გზაზეც ბევრი ჩამიქროლებს / და იქაც ალბათ ვერავინ შემამჩნევს - / სად ეცლებათ გალაქტიკებს მიღმა მიმფრინავებს? - / იქაც ხომ ყველას უნდა გადაასწრონ, / იქაც ხომ თავისი უნდა გაისწორონ... / იმ გზაზეც ბევრი ჩამიქროლებს, / მაგრამ იქნება ვინმე, / ვინც მგზავრს მგზავრად წამომეწევა; / შეჩერდება და მომაჩერდება: / - შენ ხარო? - მკითხავს. / მე თავს დავუქნევ... / მერე ერთმანეთს გადავეხვევით. / მერე ცოტას წავისაუბრებთ / და სევდიანი ღიმილით გავიხსენებთ: / ერთხელ, დედამიწაზე..."

ანა კალანდაძე