"ჩეკისტს ვუთხარი, ასეთი მწერალი რომ მიგყავთ, ვიღა გრჩებათ მწერლებიდან..." - გზაპრესი

"ჩეკისტს ვუთხარი, ასეთი მწერალი რომ მიგყავთ, ვიღა გრჩებათ მწერლებიდან..."

მიხეილ ჯავახიშვილი მოთმინებითა და გამძლეობით იტანდა კრიტიკოსი მწერლების შემოტევას და ამბობდა: "ესენი ადვილად ვერ მომერევიან, მე მსხვილი ძვალი მაქვს, ვერ გადამყლაპავენ, ყელზე დავადგები". იყვნენ ისეთებიც, ვისაც მწერლის პოპულარობა არ სიამოვნებდა და ყოველმხრივ ცდილობდნენ, მისთვის ხელი შეეშალათ - მის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ზემდგომ ინსტანციებს დ ამით გაუგებრობას თესავდნენ... მიხეილ ჯავახიშვილის დაპატიმრების დღეს იხსენებდა მწერლის ქალიშვილი - ქეთევანი, რომლის მოგონებაც მისმა შვილიშვილმა, მარინა შიშნიაშვილმა მოგვაწოდა (სტილი დაცულია).

ქეთევან ჯავახიშვილი:

"1937 წლის 14 აგვისტო, ხმაურმა გამაღვიძა, დილის ექვსი საათი იქნებოდა. ყური მივუგდე და გავიგონე, რომ ბებიაჩემი ვიღაც კაცს ელაპარაკებოდა. კაცი რაღაცას ეკითხებოდა. ჩვენი ოთახის კარი, აივანზე გასასვლელი, ღია გვქონდა და კაცის შეკითხვა გავიგონე: ჯავახიშვილი სად არისო? ამ დროს მამას ოთახიდან ხმა მკაფიოდ მომესმა, ის კაცი მამას ეკითხებოდა: თქვენი გვარი? თქვენი სახელი? თქვენ დაპატიმრებული ხართ. ამის გაგონებაზე რაღაც ძალამ საწოლიდან წამომაგდო და შეშინებული, გაოგნებული და ნამძინარევი, პერანგის ამარა, ფეხშიშველი, მამას ოთახში გიჟივით შევიჭერი. ჩემ თვალწინ ასეთი სურათი წარმოსდგა: მამა ლოგინში იწვა, მის თავთან კი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მაღალი კაცი იდგა და ზემოდან დასცქეროდა. ახლა ძალზე ძნელია იმ გრძნობების გადმოცემა, მე რომ იმ დროს დამეუფლა. ასეთ დროს ათასი რამ შეიძლება დაგემართოს, შეიძლება გონი დაკარგო, გული გაგისკდეს... ეს ამბავი ადვილად ასატანი არ არის. იმ დროს არაფერი ამდაგვარი არ დამმართნია.

პირველმა წუთებმა რომ გაიარა და გონს მოვედი, საწოლთან მივიჭერი და მამას შევეკითხე, რაშია-მეთქი საქმე? ვგრძნობდი, რომ უბედურება დაგვატყდა თავს და მეც ასეთ ვითარებაში სირცხვილსაც კი აღარ ვგრძნობდი, რომ პერანგის ამარა, უცხო კაცის წინაშე ვიდექი. სამაგიეროდ, მამამ იგრძნო უხერხულობა და მითხრა: არაფერია, ქეთო, შენ წადი, ჩაიცვი, არ გაცივდე. ახლაც, როცა ამ ამბავს ვიგონებ, გაოცებული ვარ - ჰქონდა კი მამას იმის თავი, რომ ასეთ საბედისწერო წუთებში ჩემს გაცივებაზე ეფიქრა. საოცარი იყო მისი თავშეკავება, გარეგნულად მშვიდად იყო, სამაგიეროდ, შინაგანად, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უმალ გაიაზრა და მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოებული იყო და უკვე არაფერი ეშველებოდა. ჩემს შეკითხვაზე, - რა მოხდა? კაცმა პასუხი არ გამცა. ის უხმოდ იდგა მამას წინაშე. ჩეკისტი ქართველი იყო და ვფიქრობ, როგორც ადამიანს, მასაც გულში ერთი წუთით მაინც გაუელვებდა სიბრალულის გრძნობა უდანაშაულო ადამიანის მიმართ; მწერლისადმი, რომელიც ხალხს ასე უყვარდა. სანამ ის ჩვენს სახლში იმყოფებოდა, ხმა არ ამოუღია და მოთმინებით ელოდა მამას, როდის ადგებოდა და ჩაიცვამდა. არც აჩქარებდა, იდგა მის წინ და ელოდა.

ისინი ორნი მოვიდნენ მამას წასაყვანად, ერთი ბორჯომის შინაგან საქმეთა კომისარიატიდან და მეორე - სომეხი იყო, იქაური შინსახკომის უფროსი. სომეხი ოთახში არ შემოსულა. აივანთან იდგა და იქიდან იძლეოდა განკარგულებებს. მე უთუოდ ჩემს ჭკუაზე არ ვიყავი. ასეთი უეცარი ელდის ატანა ადვილი არ იყო. მამას ავაზაკურად მართმევდნენ და მე კი უძლური ვიყავი, რაიმე მეღონა მის გადასარჩენად. ამ დროს დედამაც ჩაიცვა და შეშინებული ჩვენთან შემოიჭრა. ის მაშინვე მიხვდა, რომ ბერიამ მასზე შური იძია და უთხრა მამას: ხომ გეუბნებოდი, არაფერს გაპატიებს-მეთქი. მამამ არა უპასუხა რა, მაგრამ გულში უთუოდ ენიშნა დედას სიტყვები.

მამა ნელ-ნელა ლოგინიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. ყველაფერს უხმოდ აკეთებდა, დინჯად და აუჩქარებლად იცვამდა. მე კი ნერვიულობისაგან ავლაპარაკდი და რას ვამბობდი, მე თვითონაც არ ვიცოდი. ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე და მამის წინაშე უმწეო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მე ვერ წარმომედგინა, მამა წაეყვანათ და მე ამქვეყნად ცოცხალი დავრჩენილიყავი.

უეცრად, გარედან ხმა შემომესმა, სომეხი ჩეკისტი ოთახში მყოფ ქართველ ჩეკისტს უძახდა: "ატბერიძე უ ეტავო ნეგაძიაია ორდენ!" ("ჩამოართვით ამ არამზადას ორდენი"). ეს რომ გავიგონე, ჩემდა უნებურად კარისკენ გავეშურე, გაგიჟებულმა აივანი გავირბინე და იმ კაცისკენ გავემართე. ჩეკისტმა შორიდან რომ დამინახა ასეთი გააფთრებული, თავი ამარიდა, ნაბიჯს მოუმატა და მანქანისკენ წავიდა.

მამას დაპატიმრების ამბავს მწერალთა დასასვენებელი სახლის დირექტორიც დაასწრეს მოწმედ. ოთახში მყოფი ჩეკისტი თავის მოვალეობას უხმოდ ასრულებდა. გაბოროტებულმა, მასზე ვიყარე მე ჯავრი. რაღაც უაზროდ ვლაპარაკობდი და მინდოდა იმ ჩეკისტისათვის გამეგებინებინა, თუ რა კაცი მიჰყავს მას სასიკვდილოდ. ეს ამბავი მან გულში კარგად იცოდა, მაგრამ რა ექნა, ის თავის მოვალეობას ასრულებდა. მე ვუთხარი მას, ასეთი მწერალი რომ მიგყავთ, ვიღა გრჩებათ მწერლებიდან და რატომღაც რამდენიმე მწერლის გვარი ვახსენე, რომლებიც ამ დროს აზრად მომივიდა. მე მინდოდა მეთქვა, რომ სამაგიეროდ ისეთი ხალხი გრჩებათ-მეთქი, საკმაოდ უნიჭონი, რომლებიც თქვენი ერთგულნი არიან. იმ კაცმა ყური მიგდო და შემდეგ მითხრა: რას ამბობთ, გესმითო? ეს ისეთი კილოთი თქვა, რომ უფრო გაფრთხილებას ჰგავდა. მამას მაშინ კი შეეშინდა. იფიქრა, ქეთოც არ წაიყვანოს ამ კაცმაო, ჩეკისტს მიუბრუნდა და თხოვნით მიმართა: გთხოვთ, ყურს ნუ უგდებთ მის ლაპარაკს, ხომ იცით, როგორ არის აღელვებული.

ketevani1-1674403380.jpg

მამამ ჩაიცვა და წასასვლელად გაემზადა. ბებიაჩემმა ჰკითხა ჩეკისტს: ლოგინს მაინც გავატანო. იმ კაცმა უპასუხა, - არ დასჭირდებაო. მან კარგად იცოდა, რომ დიდხანს არ გასტანდა მამას ტანჯვა-წამება და მის არსებობას მალე მოეღებოდა ბოლო. დედა ჩემზე მაგარი და თავშეკავებული იყო, ამიტომ თავს ერეოდა, ერთ ადგილზე უხმოდ იდგა და მამას შესცქეროდა.

მამამ წასვლის წინ გაიხსენა, რომ ჯიბეში სოჭის საგზური ედო, ამოიღო, გადმომცა და მოკლედ მითხრა: ხვალვე წადი და ეს საგზური მწერალთა კავშირს უკანვე დაუბრუნე. საოცარია, ასეთი უბედურების დროს გაახსენდა ასეთი წვრილმანი. მას უნდოდა, ბოლომდე წესიერი და პატიოსანი დარჩენილიყო. მე გადავეხვიე მამას და ავტირდი. ჩვენი ოჯახის ტრაგედია ზერელედ აღვწერე. ამის გადმოცემა ძალზე ძნელია. მკითხველმა ეს სურათი უნდა წარმოიდგინოს და ის უბედურება იგრძნოს, რაც ამ დროს ჩვენს ოჯახში დატრიალდა.

მწერალთა სახლის დირექტორის სითბო და გულისხმიერება დღესაც მახსოვს და არასდროს დამავიწყდება. როდესაც ჩეკისტები წავიდნენ, ის კვლავ დაბრუნდა ჩვენთან. შინ არ შემოსულა, ეზოში გამიხმო და იქ მარიგებდა, მთხოვდა, თავი შემეკავებინა, ზედმეტი არაფერი მეთქვა. იმ დროს ხომ ცოლ-შვილის წაყვანასაც არ ერიდებოდნენ. მისი მხრიდან ეს ვაჟკაცური საქციელი იყო, რომ ჩვენთან, უკვე ქართველი ხალხის მტრის ოჯახში მოვიდა, დაგველაპარაკა და გვანუგეშა.

ჩემმა ამხანაგმა მედეა აბაშელმა, ჩვენი ამბავი რომ გაიგო, საჩქაროდ ჩვენთან გამოიქცა, შინ შემოსვლა ვერ გაბედა, ღობეს მოადგა და იქ მანუგეშა. მედეას გარდა ახლოს არავინ გაგვკარებია. ყველას ეშინოდა ჩვენთან დალაპარაკება, რაც ხალხის მტრის ოჯახის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას ნიშნავდა.

მე გულუბრყვილოს კი მეგონა, მამას რომ რაიმე დამართნოდა, მთელი საქართველო ფეხზე დადგებოდა. ხალხს ისე უყვარდა და აფასებდა საყვარელ მწერალს, რომ როგორ წარმოვიდგენდი, მას გასწირავდა და ხმასაც არ ამოიღებდა. მაგრამ ისეთი მძიმე და სულისშემხუთველი დრო იყო, რომ ყველას საკუთარი თავის გადარჩენის სურვილი ამოძრავებდა. მოღალატური დამოკიდებულება და ვერაგობა მაშინ ადამიანის ნორმად იქცა და ამას თავისი გამართლება ჰქონდა. არავის უნდოდა თავის გაყოფა ყულფში. ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც დაცემული ადამიანის ჩაწიხვლით საკუთარ თავს ირჩენდნენ.

ketevani-1674403362.jpg

სამწუხაროდ, მწერლებს შორისაც მრავლად იყვნენ ასეთი ადამიანები. ბევრი მაშინ უღირსად მოიქცა. ჩვენი ცხოვრება დამყარებული იყო სიყალბეზე, დაბეზღებასა და შურისძიებაზე. ერიდებოდნენ მეზობელს, რომელიც შურისძიებით შეპყრობილი, დასაბეზღებლად გარბოდა სადაც ჯერ არს, რომ მისი ბინა ან ავეჯი დარჩენოდა. ხშირად დამბეზღებელიც თავს იქ ამოყოფდა ხოლმე, სადაც მის მიერ ჩავარდნილი მსხვერპლი იმყოფებოდა. და მაინც ინტელიგენციას უფრო არჩევდა დამოკლეს მახვილი. საუკეთესოთა შორის საუკეთესონი უკვალოდ იკარგებოდნენ და იღუპებოდნენ. მათი შრომით შექმნილი ოჯახები კი, მთელი თავისი ავლადიდებით, ვიღაცების ხელში გადადიოდა. იმ სანდო ადამიანების ხელში, რომელთაც თავიანთი ავკაცობით დაიმსახურეს ეს წყალობა, მთავრობა სხვის მონაგარით აჯილდოებდა მათ და სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას აშენებდა.

არც წუხილი... პირიქით, გამარჯვებულის იერით ეპატრონებოდნენ ყველაფერს და თავს შესანიშნავად გრძნობდნენ, მშვიდი და წყნარი ძილით ეძინათ. ყველაფერი ეს იმიტომ აღვწერე ასე დაწვრილებით, რომ შემდგომ თაობებს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეთ იმ წელზე, რომელსაც 37 წელი ჰქვია".

ნანული ზოტიკიშვილი