"ეს საეკლესიო ორდენი მხოლოდ სამ ადამიანს - მე, დედა ტერეზას და უკრაინის მიტროპოლიტს მოგვცეს" - გზაპრესი

"ეს საეკლესიო ორდენი მხოლოდ სამ ადამიანს - მე, დედა ტერეზას და უკრაინის მიტროპოლიტს მოგვცეს"

15 იანვარს ქართული ესტრადისა და კინოს ვარსკვლავი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან უდავოდ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, რომლებიც ჟურნალ "გზის" არქივში ინახება. გულახდილობით გამორჩეული რესპონდენტი საინტერესო მოსაუბრე გახლდათ:

"მეგონა, სანამ მე ვიქნები, დედაც სულ მეყოლებოდა... ადრე არასდროს ვნახულობდი სიზმარში, რაც წავიდა, მას შემდეგ კი სულ მესიზმრება. ჩვენი თაობის დედებმა ძალიან ბევრი გაჭირვება გადაიტანეს. ფაქტობრივად, ჩვენთვის მამებიც ისინი იყვნენ და დედებიც. დედა ძალიან კარგი მომღერალი იყო. მღეროდა ბიძაჩემის, ჯანო ბაგრატიონის ჯაზორკესტრში, მერე საქართველოს სახელმწიფო კაპელაში, მას შემდეგ კი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიონის ტაძარში გალობდა. მორწმუნე ქალი იყო. მე ცუდად ვსწავლობდი. იმ დროს, როდესაც დედა ამთავრებდა გალობას, გავუვლიდი და ერთად მივუყვებოდით ხოლმე სახლისკენ გზას. ერთხელ, დაახლოებით 9-10 წლის რომ ვიყავი, ვკითხე, - დედა, სულ ღმერთს რომ ახსენებ, იცნობ-მეთქი? - როგორ არა, ყოველდღე ვხედავო, - მიპასუხა... როგორია-მეთქი? - შენ ხარ... ყველა ადამიანში არის ღმერთი. როგორი ადამიანიც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, - მომიგო. სწორია!

230056851-0-0-3000-1966-600x0-80-0-0-895799fd5bd22ba499f30cd2f9a02fdf-1674549255.jpg

ჩემი ონავრობის გამო, დედას ხშირად იბარებდნენ სკოლაში. ერთხელ მესამე კლასში დამტოვეს, მეორედ - მეექვსეში, მესამედ - მერვეში. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა ანუგეშა, - ნუ ნერვიულობ, მანანა, შენი ბიჭი არტისტი გამოვაო... სკოლის დამთავრების შემდეგ ხან მშენებლობებზე ვმუშაობდი, მერე კინოსტუდიაში, მულტიპლიკაციის "ცეხშიც" ვხატავდი... შემდეგ ავმღერდი. დედა სულ მეუბნებოდა: არა გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით სცენაზე რომ მღერიო?! ეტყობა, ჩემი სიმღერიდან და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩემზე თავისებური წარმოდგენა ჰქონდა შექმნილი. ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისში, ვიდრე საზოგადოება გამიცნობდა. ერთხელ მეგობარი შეხვედრია. მოუკითხავთ ერთმანეთი. მას უთქვამს: ჩემი შვილებიდან ერთი ფიზიკოსია, მოსკოვში მუშაობს, მეორე - იქ მიიწვიეს, მესამეც - იქო. მერე მე მოვუკითხავვარ, - ბუბა რას საქმიანობსო? დედას ღაწვები წამოსწითლებია, თავი დაუხრია და დარცხვენილს უპასუხია: ბარაბანზე უკრავსო. ეს ამბავი მოგვიანებით, თავად ამ ქალბატონმა მიამბო. დრო რომ გავიდა, გაუთავებელი კონცერტები და გასტროლები დაიწყო, უკვე ბევრმა გამიცნო, მითხრა: შვილო, რადგან შენს კონცერტებზე ბილეთებს ყიდულობენ და ამდენი ხალხი ტაშს გიკრავს, ეტყობა, მე რაღაც ამ მესმისო. თავად არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა. შემომთავაზა, მოდი, ერთი სიმღერა ერთად ჩავწეროთო. გამიხარდა, მაგრამ ხომ იცით, - დღეს, ხვალ, ზეგ და, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერ შევუსრულე ეს სურვილი... ამის გამო უზომოდ ვწუხვარ..."

"გარეგნულად მამას ვგავარ, დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო. მეგობრებივით ვიყავით, ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. პირველი 14 წელიწადი ბესიკის ქუჩაზე, სამზარეულოში ვცხოვრობდით. იატაკი ცემენტის იყო და იმის საშუალება არ გვქონდა, რომ ფიცარი დაგვეგო. ამის გამო, დედასაც სულ ფეხის ტკივილი აწუხებდა და მეც დღევანდლამდე გამომყვა ეს პრობლემა. შემდეგში მეზობელმა მიიერთა ჩვენი სამზარეულო, ჩვენ კი პირობები გავიუმჯობესეთ: მართალია, 8 კვადრატულ ოთახში გადავბარგდით, სამაგიეროდ, ხის იატაკი ჰქონდა ამ ოთახს. ოთახს ვეძახდით, თორემ სინამდვილეში, ყოფილი დერეფანი იყო, აქეთ-იქით ამოჭედილი კარით, უკან ამოშენებული კედლით. შესასვლელი სულ ღია გვქონდა იმ უფანჯრო სივრცეში, ჰაერს რომ ეტრიალა. მოგვიანებით კი შევიძინე ბინა დედასთვის, მაგრამ არ წავიდა, მეზობლებს არ დავტოვებო.

ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი დედაა! მამაც თუ ჰყავს, ბიჭისთვის მით უმეტეს, კარგია, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს კლასში 35 ბიჭი ვსწავლობდით და მათგან მხოლოდ ერთს, სოსო მამფორიას ჰყავდა მამა თბილისში - ის სამხედრო ექიმი იყო. დანაჩენების მამები ომში იყვნენ და მათი 80% არც დაბრუნებულა. მამფორიას მამა რომ მოაკითხავდა სკოლაში, მთელი კლასი დავერეოდით სოსოს და ვცემდით. ჩვენს აგრესიას მამის გვერდით ცხოვრების უსაზღვრო სურვილი იწვევდა...

ოფიციალური ვერსიით, მამა ქერჩთან დაიღუპა. დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან. ბევრი ქართველი დაიღუპა ქერჩთან. როგორც ამბობენ, დაახლოებით 20 მეტრის სიგრძეზე წყალი სულ წითლად ყოფილა სისხლისგან შეღებილი. მეგობრის მამა დაბრუნდა ქერჩის ბრძოლიდან და გვიყვებოდა, როგორ გამოცურა ზღვაში გადაბრუნებული მაგიდით. დედა ქმარს სულ ელოდა, უკანასკნელ დღემდე. მამა ჟურნალისტი იყო, ენები იცოდა. მხედველობის პრობლემის გამო (მინუს 8 ჰქონია) არ გაუწვევიათ ჯარში, მაგრამ 1942 წელს დედაჩემისთვის უთქვამს, - მანანა, მრცხვენია ქუჩაში სიარული, მაშინ, როდესაც თითქმის ყველა მამაკაცი იბრძვისო. ამიტომ დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა...

ბევრი მამაკაცი ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას, მაგრამ დედა სულ მამას ელოდებოდა - კოტიკო დაბრუნდებაო. ერთხელ, დედას კლასელი მოსულა და წერილი დაუტოვებია ჩვენთან: ამა და ამ დროს, ამა და ამ ადგილას მოდი, უნდა გნახოო. დედა წავიდა და შინ მობრუნებულს შევამჩნიე, რომ ერთი წარბი მთლიანად გასთეთრებოდა. თურმე, უგზო-უკვლოდ დაკარგული, ვიღაც მამაკაცი ჩამოსულა თბილისში. დედას კლასელი მასთან ერთად, სუფრაზე მოხვედრილა და მისი ფოტოების დათვალიერების საშუალებაც მისცემია. ერთ ფოტოში, რომში, რომელიღაც აუზთან, სადაც სამი ქართველი მამაკაცი დგას, ერთ-ერთში მამა ამოუცნია. დედას კლასელს ფოტოს პატრონისთვის მისი ვინაობაც უკითხავს, რაზეც პასუხად მიუღია: მისი სახელი არ ვიცი, ჩემს მეგობარს მოჰყვაო. გაჩნდა აზრი, რომ მამა ცოცხალი იყო და რკინის ფარდის მეორე მხარეს იმყოფებოდა. დედა სულ ბორგავდა, ელოდა... ერთხელ მითხრა: ამდენ ხალხს იცნობ და გასტროლებზე რომ იქნები, რუსეთში "პაგონებიანებს" დაელაპარაკე, იქნება მამაშენზე რამე შეიტყოო. მოსკოვის რაიონია იასინა, სადაც რუსეთის დაზვერვის ცენტრია განთავსებული. ფაქტობრივად, ქალაქი ქალაქშია და იქ მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. მე მიწვევა მივიღე, იასინიელებს კარგი კონცერტი ჩავუტარეთ, რის შემდეგაც 5-6 მაღალჩინოსნის გარემოცვაში, სუფრასთან აღმოვჩნდი. ჩამივარდა თუ არა მომენტი, მათ მამაზე ვუამბე. ივარაუდეს, რადგან ენები იცოდა, შესაძლოა, რომელიმე სტრუქტურაში დასაქმებულიყო. ჩვენს ხელში რომელი სტრუქტურის მონაცემებიც არის, ყველას "ამოვწევთო", - დამპირდნენ. ქერჩში მისი გვარი არის მემორიალზე ამოტვიფრული, მაგრამ მიწერილი აქვს - "უგზო-უკვლოდ დაკარგული". ერთი თვის შემდეგ დამიკავშირდნენ იასინიდან: 10 კიკაბიძე მოვიძიეთ, თუმცა, არც ერთის მონაცემები არ მიესადაგება მამათქვენისასო. დედამ განიცადა... შემდეგში, პირველად რომ გავემგზავრე ამერიკაში, ვიქტორ ხომერიკი იყო ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, აქედან გაქცეული ძველი მენშევიკი. იმასთანაც მოვიკითხე. რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა: არის ერთი, რომლის აღწერილობა და მონაცემები მამაშენისას ემთხვევა, ოღონდ, სხვა გვარს ატარებს და ქართველებთან საქმე არა აქვსო. 1967 წელს უკვე კანადაში წავედი პირველად. მოსკოვიდან "კაგებეს" თანამშრომელი გვახლდა, ნიკალაი ვასილიჩი. ნომერში დარეკა, ქვემოთ ვიღაც ქართველი გკითხულობსო. ჩავედი, ვიღაც კაცი გადი-გამოდის, მამაჩემის ასაკისა ჩანს და აშკარად, ქართველია. პირდაპირ არ მივედი, ჩავუარე და წავიღიღინე: "საყვარლის საფლავს ვეძებდი..." მოტრიალდა, ქართველი ხარო? - კი-მეთქი. - ბუბა კიკაბიძეს ვეძებო. - მე ვარ-მეთქი. - დედას მანანა ჰქვიაო? დავუდასტურე. - ბებიას, მამის მხრიდან აგრაფინა ერქვაო? ესეც დავუდასტურე. უცებ პერანგი გაიხსნა და მკერდზე მამაჩემის სახელი ჰქონდა მიწერილი. დღემდე გული მიჩუყდება ამ ამბავს რომ ვიხსენებ. ეს მამაკაცი ძია გიორგი აღმოჩნდა. მითხრა: მე და მამაშენი 1922 წელს ბათუმის ნაკრებში, ერთად ვთამაშობდით ფეხბურთსო და 3 დღის განმავლობაში, ვიდრე იქ ვიყავით, გადაგვყვა, პატივი გვცა.

89 წლის გარდაიცვალა დედა. ერთი არ დაუკვნესია, ისე წავიდა. მე მელაპარაკა და მთხოვა, კოკა (ჩემი ვაჟი) შემოვიდეს ჩემთანო. ისაუბრეს. თურმე უთხოვია, - თუ გოგო გეყოლება, მანანა დაარქვიო.

buba-1674549267.jpg

- გყავთ მანანა?

- არა, სულ ბიჭები გვყავს... მშობელს დიდ პატივს უნდა სცემდეს შვილი. არ მესმის მოხუცებულთა სახლში რომ მიჰყავთ და აბარებენ. ერთ ხალხურ სიმღერას მღეროდა დედა, საიდანაც შემდეგში, ერთი სტროფი ჩემს სიმღერაში ჩავსვი: "დაჭკნა ვარდი გაფურჩქვნილი/ და ბულბულმა იწყო გლოვა,/ ვა, ბულბულო, რადა სტირი?/ გაზაფხული ისევ მოვა". როდესაც ამ სიტყვებს ვმღერი, ვიცი, რომ მისთვის ვმღერი, დედაჩემისთვის..."

როცა მომღერალს ვარსკვლავი გაუხსნეს, მაშინაც გულახდილად გაგვიზიარა საკუთარი ემოციები:

"1999 წელს, ჩემი ვარსკვლავი მოსკოვში გაიხსნა და მაშინ ისე ვინერვიულე, რომ კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა უფრო მეტად ვნერვიულობ, რადგან საქართველო სიმღერის ქვეყანაა და თითოეული ქართველი, თუნდაც ის გაუნათლებელი იყოს, ხელოვნების ამ დარგში კარგად ერკვევა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მე პროფესიონალი ვარ და ამ საქმის გარდა, სხვა არაფერი მიკეთებია. არც კი ვიცოდი, თუ საქართველოში ჩემი ვარსკვლავის გახსნას აპირებდნენ. ჩემთვის მოულოდნელი იყო, როცა მთავრობის წარმომადგენლებმა დამირეკეს და ეს ამბავი შემატყობინეს... ღირსების ორდენი მაქვს, გორგასლის სახელობის ორდენი, ვარ ორგზის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი - ორივე მათგანი ფილმებში მონაწილეობისთვის მივიღე. კიდევ ერთი უცნაური ჯილდო მაქვს, ეს არის მესამე სახელმწიფო პრემია, რომელიც "კაგებემ", საბჭოთა კავშირის მტრის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მომანიჭა. ასევე, მაქვს ოქროს ვარსკვლავი, რომლითაც რუსეთმა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის დამაჯილდოვა. იმამ შამილის ოქროს საერთაშორისო მედალი კი დაღესტანში გადმომცეს. სხვათა შორის, ეს მედალი ჯერ არც ერთ პოლიტიკოსს არ მიუღია. მე კი ის კავკასიური ხალხების კულტურაში შეტანილი ღვაწლისათვის გადმომცეს. ორი საერთაშორისო, ძალიან უჩვეულო მედალიც მაქვს - ერთი ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ორდენია, რომელიც კიევში მივიღე. ეს საეკლესიო ორდენია და მხოლოდ სამ ადამიანს - მე, დედა ტერეზას და უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმირს გვაქვს მიღებული, ხოლო მეორე - უძველესი ორდენია, რომელიც 322 წელს ჩამოყალიბდა მსოფლიოში და რომელსაც წმინდა კონსტანტინე დიდის რაინდული ჯვარი ჰქვია. ეს ორდენი პირველად პეტრე პირველს მიანიჭეს. კიდევ ბევრი რაღაც მაქვს, მაგრამ სცენაზე აღარ დაეტია (იცინის). მიუხედავად ამდენი ჯილდოსი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი თბილისში გახსნილი ვარსკვლავი იქნება, რადგან, როცა ამ ქვეყნიდან წავალ და აღარ ვიქნები, შეიძლება იქ ჩემი ან თქვენი შვილთაშვილის შვილი მივიდეს, ჩემი სახელი და გვარი წაიკითხოს და გაიგოს, რომ ვიღაც ვახტანგს რაღაც უმღერია და ამის გამო, მას ვარსკვლავი გაუხსნეს. ეს რამდენს ნიშნავს, იცი?.."

"10 წლის ვიყავი, როცა ჩემი ხელით ამოვისვირინგე ფეხზე ქალის სახელი - ზოია. უბანში ბიჭები დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ - ზოია ძალიან მაგარი გოგოაო. მე ნანახიც არ მყავდა და ერთ დღეს ვთქვი, - ზოია ჩემი ნაშაა-მეთქი. ბიჭებმა მითხრეს, - დაგვიმტკიცეო. ღამით სახლის სახურავზე ავედი და ეს სახელი ამოვისვირინგე. მაშინ ეს დიდი ამბავი იყო. ბიჭებს რომ ვუჩვენე, რა თქმა უნდა, ყველამ დამიჯერა. არც მერე მინახავს ის ქალი, მისი სახელი კი - დღესაც მაწერია... რამდენიმე წლის წინ მითხრეს - უპრობლემოდ შეიძლება მისი მოცილებაო და ვიფიქრე, ამოვიშლი-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ გამახსენდა, თავი დავანებე: რომ მომეცილებინა, თითქოს ბავშვობის ნაწილს მოვიგლეჯდი..."

ბუბას ცხოვრების სიყვარული

ირინა თბილისის აკადემიური საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, რვა წლის გოგონას ზრდიდა პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ შედიოდა ლეგენდარული ბუბას თაყვანისმცემელთა რაზმში... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისინი ერთად აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში, გასტროლზე და იქ, უნგრეთის დედაქალაქში ერთ საღამოს მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა: ავტომანქანებმა სიგნალი ჩართეს, ხალხი ყვიროდა, სადღაც გარბოდა... შემდეგ მათ გაიგეს, რომ იმ დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს... ირინა და ვახტანგი ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ. მან გამხდარ ბალერინას ხელი მოხვია და მიხვდა, რომ გაშვება აღარ უნდოდა. და როცა მათ უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, ვახტანგმა იგრძნო, რომ მთელი ცხოვრება ირინას ელოდა. 1965 წელს იქორწინეს და მთელი ცხოვრება, ფაქტობრივად, ერთად გაატარეს...

პირველ ხანებში ახალგაზრდა წყვილი ირინას მშობლებთან, პატარა ბინაში ცხოვრობდა, თითქმის, ნახევარსარდაფში. ჯერ ერთმანეთს ეჩვეოდნენ: ვახტანგი უცოლო კაცის ჩვევებს ემშვიდობებოდა, მეგობრებთან ქეიფებს, თავის მხრივ, ირინას ქმრისაგან უსაზღვრო ეჭვიანობის გადატანაც კი მოუხდა... შემდეგ დაიბადა ვაჟი კონსტანტინე და ოჯახი ბედნიერი გახდა ორ შვილთან ერთად... ბუბა თურმე ხშირად ამბობდა, ბევრს ვფიქრობდი, რატომ ვიყავი ცოლთან ერთად ასე ბედნიერი და ერთხელაც პასუხი ვიპოვეო: "საქმე ურთიერთპატივისცემაშია. მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ შენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს, თავისი აზრები, რწმენა, ჩვევები... არ უნდა ეცადო მის "გადაკეთებას" - აი, ბედნიერი ცოლქმრობის მთელი საიდუმლო".

ირინა 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა, ბუბასაც აღარ უცოცხლია დიდხანს...

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს მსახიობის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, ბუბა კიკაბიძის შემოქმედების თითოეულ თაყვანისმცემელს.