ბაბი კირკიტაძე: "დედა პატარა ბავშვივით გულამომჯდარი ტიროდა" - გზაპრესი

ბაბი კირკიტაძე: "დედა პატარა ბავშვივით გულამომჯდარი ტიროდა"

14 იანვარს "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-11 სეზონის გამარჯვებული ბაბი კირკიტაძისა და ერეკლე გირგვლიანის წყვილი გახდა. როგორი იყო იმ წუთის ემოცია, რა აძლევდა ძალას გამკლავებოდა რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რა ვიდეოებს უგზავნიდნენ გულშემატკივრები? - ამ ყველაფერზე ბაბი გვესაუბრა.

- ამ წარმატებას გილოცავ! როცა თასები გადმოგცეს, შეგიძლია იმ წუთის ემოცია გაიხსენო?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. სიტყვებით იმ წუთის ემოციის გადმოცემა ძალიან რთულია, ნოე რომ შემოტრიალდა და თასები გადმოგვცა, ვერ გავიგე, რა უნდა მექნა, რა გამეკეთებინა, ის მოზღვავებული ენერგია სად წამეღო, ინსტინქტურად უკან გავიქეცი, მერე წინ გამოვიქეცი, მერე ერეკლე დავინახე და ჩავეხუტე. ხალხი დაგვესია, გვილოცავდნენ; ახლაც არ ვიცი, გუშინ რა მოხდა.

- გარკვეული საათების შემდეგ, მარტო რომ დარჩი, მაშინაც ვერ გააცნობიერე?

- საქმე იმაშია, რომ აქამდე მარტო ვერ დავრჩი, 2 საათიც არ მძინებია. მიხარია, რომ ძალიან კარგი ფინალი გამოგვივიდა.

- როდესაც პროექტში შეხვედი, რა მოლოდინი გქონდა?

- მოლოდინზე არასდროს ვფიქრობდი; ჩემი მთავარი მიზანი ტურიდან ტურამდე ის იყო, რომ მაყურებლის და ჟიურის წინაშე ღირსეულად წარვმდგარიყავი. შეუძლებელი გახლდათ პირველივე ტურზე შემქმნოდა იმის მოლოდინი, რომ ფინალში ვიცეკვებდი. ძალიან ცვალებადი პროექტია, ფიზიკური მომზადების გარდა, ფსიქოლოგიური მზაობაც საჭიროა. ძალიან ბევრი უნარი გჭირდება, კონკურსში ბოლომდე რომ გახვიდე.

- შენთვის ამ პროექტში ყველაზე დიდი სირთულე რა იყო?

- მე ხომ პროფესიონალი მოცეკვავე არ ვარ, კვირიდან კვირამდე ახალი ცეკვის შესწავლა მარტივი არ იყო. მეწყვილის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. არ მინდოდა, მისი შრომა წყალში ჩამეყარა. ჩემი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, არ მოვდუნებულიყავი. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ჩემი გულშემატკივრების მიმართ და არ მინდოდა, მათთვის იმედი გამეცრუებინა.

- ფსიქოლოგიური მდგომარეობა ახსენე, ცალკე თემაა ფიზიკური მომზადება. შენთვის რომელი უფრო რთული აღმოჩნდა?

- ორივე თანაბრად რთული იყო. მარტივი არ არის ფსიქოლოგიურად ამხელა დატვირთვას გაუძლო, ამას ფიზიკური დატვირთვაც ხომ ემატება?! მოკლედ, რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

- გადაღლილობის დროს, ერთხელ მაინც თუ ინანე, ამ შოუში მონაწილეობას რომ დათანხმდი?

- არასდროს, არც ერთი წუთით არ მინანია. ყველამ იცის, ამ პროექტში მონაწილეობა მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ წარმომედგინა ის სირთულე, რომელიც აქ დამხვდა, შემოთავაზებას თავიდან რომ ვიღებდე, ახლაც დავთანხმდებოდი.

- გამორჩეულად რომელი ცეკვა დაგამახსოვრდა?

- ჩემთვის ცეკვა ემოციაა, რადგან მოცეკვავე არ ვარ. ყველაზე ემოციური და ამავე დროს რთულად შესასრულებული იყო კონტემპორარი, რომელიც ფილმის - "შინდლერის სია" მუსიკაზე დაიდგა. ცეკვის შესრულების დროს, ემოციების შეკავება გამიჭირდა, მე და ერეკლემ ბეწვის ხიდზე გავიარეთ, რომ ნომერი სრულყოფილად წარმოგვედგინა.

268788668-5290562894307152-8546569741597807284-n-copy-1674549742.jpg

- როდესაც თათა გიორგობიანმა პროექტი დატოვა, მაშინ რა განცდა გქონდა?

- მე და თათა ვსაუბრობდით, შესაძლებელი იყო, რომელიმეს პროექტი ერთ-ერთზე ადრე დაგვეტოვებინა, თითქოს ამისთვის შემზადებულებიც ვიყავით, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით, ამ აზრთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. თათას შემდეგ, ორმაგი პასუხისმგებლობა მქონდა, როგორც ჩემთვის, ასევე მისთვის, სცენაზე ძალიან მყარად უნდა ვყოფილიყავი.

- ერეკლე გირგვლიანზე, პროფესიონალიზმის მიღმა, მის პიროვნულ თვისებებზე რისი თქმა შეგიძლია?

- ერეკლესნაირი პატიოსანი, მოწესრიგებული, გულისხმიერი ადამიანი იშვიათად შემხვედრია. ეს ყველგან იგრძნობა, სადაც ერეკლეა. საოცარი პიროვნებაა, არაჩვეულებრივ ოჯახში გაზრდილი. ის თავისი ქცევებით და თვისებებით, გარშემო მყოფთა პატივისცემას იმსახურებს. მიხარია, რომ ერეკლე გავიცანი და მისი სახით კარგი მეგობარი შევიძინე.

- ჟიურის შეფასებებიდან იყო რაღაც, რაც გამორჩეულად გულზე მოგხვდა, გეწყინა?

- არა, რასაც ჟიური მეუბნებოდა, რჩევა იყო. როცა პროფესიონალი გეუბნება, რა როგორ უნდა გააკეთო, ყური უნდა დაუგდო და თუ შეძლებ, შემდეგში გამოასწორო. პირდაპირ ეთერში ცეკვისას, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ რაღაც შეგეშალოს.

- 13 იანვრის ღამეს, ბენდთან ერთად გოდერძის უღელტეხილზე იმღერე. ცეკვის რეპეტიციების პარალელურად, საახალწლო კონცერტები გქონდა, ასეთ რეჟიმში მყოფს ძალას რა გაძლევდა?

- მაყურებლის გულშემატკივრობა. ამ ორი საქმის შეთავსება რთული იყო. ძალიან დიდი მადლობა ჩემს ბენდს და "ღამის შოუს" გუნდს, თათას, გიორგი გაბუნიას, ჯიმი აბესაძეს, ზვიად ბლიაძეს. ფსიქოლოგიურად მყარად რომ ვიდექი, ეს ამ ადამიანების დამსახურება იყო, დიდი შრომა ჩადეს, ძალიან მგულშემატკივრობდნენ. არ დამავიწყდება, როცა ჩემსა და ნიკოს შორის გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო, გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე კამერების უკან იდგნენ. მითხრეს, გიორგიმ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო.

- ოჯახის წევრების რეაქცია შენს გამარჯვებაზე როგორი იყო?

- ოჯახის წევრები ნორმალურად არ მინახავს, დარბაზში დედაჩემის ნახვა გამიჭირდა. რომ დავინახე, პატარა ბავშვივით გულამომჯდარი ტიროდა. მშობელს შვილის წარმატება ყველაზე მეტად უხარია.

- უახლოეს დღეებში დასვენებას ახერხებ, თუ ისევ აქტიურ რეჟიმში მუშაობ?

- ახლა ბაკურიანში მივდივარ, მერე - ბათუმში, საახალწლო კონცერტები გრძელდება. პროექტის მონატრების გამკლავებაში ეს კონცერტები დამეხმარება.

- მოგებულ ბინასთან დაკავშირებით რა გეგმა გაქვს?

- ჯერ არანაირი გეგმა არ მაქვს, ამ თემაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ეს არის ხალხისგან ნაჩუქარი. მინდა ჩემს ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო და ღმერთმა შემაძლებინოს, მათ ეს სითბო და სიხარული უკან დავუბრუნო.

283121117-5790153877681382-4852960670186763759-n-copy-1674549726.jpg

- უსიამოვნო თემაა, მაგრამ მაინც გკითხავ, სოციალურ ქსელში დაიწერა კომენტარები, რომ შენი ამ პროექტში გამარჯვება ჩაწყობით მოხდა. ამ ადამიანებს რას ეტყვი?

- იმ სამი წყვილიდან, რომელიც ფინალში ვიყავით, გამარჯვებას სამივე იმსახურებდა. ბოლოს რომელიც უნდა დასახელებულიყო, გულდაწყვეტილი მაყურებელი მაინც იარსებებდა, ყველას თავისი გულშემატკივარი ჰყავს და მისი გამარჯვება უნდა. როდესაც არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც ჩემი წარმატება უხარია, მე დროს მათ ვუთმობ. მათიც მესმის, ვისაც არ გაუხარდა და მათაც ჩემს წილ სითბოს ვუგზავნი. ღმერთმა ქნას, ყველა ბედნიერი იყოს!

- გულშემატკივრებზე რას გვეტყვი, გამორჩეულად რა დაგამახსოვრდა?

- გულშემატკივრების ნაკლებობა არასდროს მქონია, მაგრამ ამ პროექტმა მათი რაოდენობა ძალიან გაზარდა. აუტსაიდერად რომ ვიდექი, მაშინ ძალიან ბევრი ვიდეო გამომიგზავნეს. ოჯახის წევრები იღებდნენ ვიდეოს, როგორ ტიროდნენ მათი ბავშვები, როგორ ნერვიულობდნენ უფროსები და მერე მე მიგზავნიდნენ. ძალიან ემოციური სანახავი იყო. მადლობა მათ, რომ ბოლომდე მიერთგულეს, გულშემატკივრობას თურმე რამხელა სიყვარული სცოდნია.

თამუნა კვინიკაძე