„საცივი ისე მოეწონათ იტალიელებს, წელს ორჯერ მოვამზადე“ - გზაპრესი

„საცივი ისე მოეწონათ იტალიელებს, წელს ორჯერ მოვამზადე“

თინათინ კიკნაძე პირველად რომში ტურისტად, მეგობრებთან ერთად მოხვდა 1999 წელს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა. ამ ქალაქით მოხიბლულმა, რაც მაშინ თქვა, წლების მერე მეგობარმა გაახსენა, თავად აღარც კი ახსოვდა... ქალბატონი თინათინი, რომელიც სპეციალობით რუსული ენის ფილოლოგია, 17 წელია რომში ცხოვრობს, ჰყავს იტალიელი მეუღლე აგოსტინო ჯირელი და ორი ვაჟი - ნიკოლო და დავიდე.

- იტალიაში პირველი მოგზაურობისას რომის გარდა, ბევრი სხვა ქალაქი დავათვალიერეთ - მილანი, ვენეცია, ფლორენცია... მაგრამ რატომღაც ამ ქალაქმა გამოიწვია ჩემში ისეთი საოცარი ემოცია, რომ მითქვამს: თბილისის მერე ერთადერთი ქალაქი, სადაც ვიცხოვრებდი, რომია-მეთქი. ეს ვთქვი და გადამავიწყდა. გავიდა წლები. თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში იტალიელებთან ვმუშაობდი, თარჯიმანი ვიყავი. ბევრი იტალიელი მეგობარი და თანამშრომელი შევიძინე, რომლებიც თავის ქვეყანაში მეპატიჟებოდნენ და იტალიის სხვადასხვა რეგიონში არაერთხელ ვიმოგზაურე. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი მომავალი მეუღლე საქართველოში გავიცანი, რომელიც რომიდან აღმოჩნდა... 2005 წელს გავთხოვდი, ჩემმა მეგობარმა გაიხსენა, - რა მიზანიც გქონდა, ზუსტად აგიხდაო. ეს ბედი იყო თუ დამთხვევა, არ ვიცი...

- ოჯახში ქართულ-იტალიურად საუბრობთ?

- კი, უფროსმა ვაჟმა (16 წლის) უკეთესად იცის ქართული, უმცროსი 12 წლისაა და მასთან ცოტა რთული სიტუაციაა, ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს...

- მეუღლემ ქართული ისწავლა?

- გადასარევად იცის, ვერაფერს გამოაპარებ. ალბათ, ძველქართული სიტყვები უნდა მოიშველიო, რომ რამე ვერ გაიგოს.

- საქართველოს ხშირად იხსენებთ?

- საკმაოდ ხშირად. თბილისში ფალიაშვილის ქუჩაზე ვცხოვრობთ. ჩვენი სახლი და უბანი ძალიან მიყვარს. მენატრება მეგობრები და ნათესავები, ამიტომ წელიწადში ორჯერაც კი ჩამოვდივართ, კონტაქტებს არ ვკარგავთ.

- ალბათ ცდილობთ, შვილებს საქართველო უყვარდეთ...

- რა თქმა უნდა, ორივე მართლმადიდებლებად არიან მონათლული. უფროსი ვაჟი თბილისში მოვნათლე, პატარა რომის ქართულ ეკლესიაში მამა იოანემ მონათლა.

- ახალმა წელმა როგორ ჩაიარა და ორივე ქვეყნის ტრადიციებს მისდევთ, არა?

- ინტერნაციონალური ოჯახი გვაქვს და ამიტომ, ორ-ორჯერ აღვნიშნავთ ახალ წელს და შობას. 25 დეკემბერი - კათოლიკური შობის დღე, დიდი დღესასწაულია იტალიელებისთვის და მთელი ევროპისთვის. 24 დეკემბრის საღამოს აუცილებლად ოჯახურ გარემოში ვხვდებით, ნათესავები ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქიდან. 24 დეკემბერს სანტა კლაუსი ყველა ბავშვს საჩუქრებს ურიგებს. ყველაფერი იტალიურად აღინიშნება, სუფრაზე არის თევზეული და ზღვის პროდუქტები, ხორცი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. აი, 25 დეკემბერს კი უკვე ხორციანი კერძები მზადდება. მერე ჩვენი დღესასწაულები მოდის, ქართული და იტალიური კერძები გვაქვს შერეულად. სხვათა შორის, წელს საცივი ორჯერ მოვამზადე. ისე მოეწონათ იტალიელებს, რომ აღფრთოვანებულები იყვნენ. კულინარია ჩემი ჰობია, ძალიან მიყვარს.

აქ ასეთი ტრადიციაა: სურვილს ფურცელზე წერენ, მერე წვავენ, შამპანურის ჭიქაში აგდებენ და სვამენ. წელს ოჯახში საინტერესო ახალი წელი არ გამოგვივიდა, რადგან ჩემმა მეუღლემ 31 დეკემბერს ოპერაცია გაიკეთა. ბავშვს ფეხბურთს ეთამაშებოდა, წაიქცა და მაჯა მოიტეხა. სხვა დროს უფრო მხიარული ახალი წლები გვქონია.

ori-vazhi-mqavs-nikolo-da-davide-copy-1675060486.jpg

- ბავშვები სანტა კლაუსს წერილებს სწერენ?

- ეს ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, სანტა კლაუსის სოფელში, რომელსაც „ვილაჯო“ ჰქვია, სადაც ბავშვებს ლამაზი სანახაობა ხვდებათ. მათ იქ ურიგებენ პატარა ფურცლებს, რაზეც წერენ წერილებს, კონვერტში დებენ და იქვე ყუთში ყრიან. და რა თქმა უნდა, სურვილები უსრულდებათ. ჩემი შვილები პატარები როცა იყვნენ, მიმყავდა ხოლმე. საერთოდ, იტალიაში ბავშვები საჩუქრებს ორჯერ იღებენ, რადგან 6 იანვარს აღინიშნება ეროვნული დღესასწაული ეპიფანია. ამ დროს ჯადოქარი ბეფანა მოდის და ბავშვებისთვის ტკბილეული მოაქვს, რომელიც სპეციალურ „გეტრის“ ფორმაში დევს. თუ იმ წელს ბავშვი კარგად არ იქცეოდა ან ცუდად სწავლობდა, მაშინ კანფეტებთან ერთად პატარა ნახშირსაც იპოვის. თუ ნახშირი არ დევს, ეს ნიშნავს, რომ მისი ყოფაქცევა სამაგალითო იყო. ამ დღესასწაულს ყველა ბავშვი განსაკუთრებულად ელოდება.

- როგორც ვიცი, დედაც თქვენთან ერთად ცხოვრობს. რამდენი წელია, რაც იტალიაშია?

- დედაჩემი ნანა ჩხეიძე სპარსული ენის სპეციალისტია, თავის დროზე დისერტაციაც დაიცვა და წლების მანძილზე მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში... 12 წელია, აქ არის. 86 წლისაა და ყველაზე მეტად იმას დარდობს, რომ თავისი ასაკის მეგობრებიდან და ნაცნობებიდან აღარავინ დარჩა. მოწყენილია, როცა საქართველოს იხსენებს. თბილისში ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა; დედას დაბადების დღეზე, სულ მცირე, 50 კაცი მაინც მოდიოდა და მათ შორის იყვნენ გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნეები: მაგალი თოდუა, ალექსანდრე (შურა) გვახარია, ჯემშიდ გიუნაშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი. დედას უახლოესი მეგობარი იყო მსახიობი თათია ხაინდრავა, რომელიც ჩემი დის ნათლია გახლდათ. გვსტუმრობდნენ ცნობილი თურქოლოგი ირინე გოცირიძე, რობერტ ბარძიმაშვილი... მაშინ სხვა ურთიერთობები, სხვა ცხოვრება იყო და ეს ყველაფერი ძალიან ენატრება.

ნანული ზოტიკიშვილი