ფერწერული რეტროსპექტივა - გზაპრესი

ფერწერული რეტროსპექტივა

ნახატებს ყოველთვის ასათაურებს, გამოფენებს - არასდროს. მის ნახატებზე დიდ გავლენას ახდენს მუსიკა, როგორც კლასიკური ჟანრის, ისე ჯაზი ან ქართული ფოლკლორის ცალკეული ნიმუშები. პერსონალური გამოფენები ჰქონდა როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში. 16-17 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზშიც სწორედ ასე, სახელწოდების გარეშე გამოფინა სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომელთა შორის იყო როგორც ბოლო წლების ფერწერული ტილოები, ისე ძველი და მათ შორის, სტუდენტობის დროინდელი. კახა ბახტაძის 50-ზე მეტი, თემატურად ერთმანეთისგან განსხვავებული, სხვადასხვა სტილში შესრულებული ნახატები მხატვრის შემოქმედების ერთგვარ რეტროსპექტივას წარმოადგენდა და ხელოვანის მიზანიც თავის რიგით მე-9 გამოფენაზე ამ მრავალფეროვნების ხაზგასმა იყო...

პროფესიად ქცეული ბავშვობის დროინდელი გატაცება

რაც თავი ახსოვს, ხატავს. შეიძლება მეორენაირადაც თქმა, ბავშვობიდან დღემდე ფანქრისა და ფუნჯის გარეშე ერთ დღესაც არ გაუვლია. ოჯახში მხატვარი არავინ ჰყავდა, (მხოლოდ მისი დიდი ბაბუა იმერეთში ჩუქურთმის ჭრის ცნობილი ოსტატი ყოფილა და თავის მხარეში ამ ხელობით განთქმული). ძმებ ბახტაძეებს ბავშვობაში მხატვრობა ძალიან იტაცებდათ. მშობლები შვილების: ლევანისა და კახას ინტერესს ხელს უწყობდნენ, სამუშაო მასალითაც ამარაგებდნენ და მხატვართა ალბომებითაც, რაც მოზარდების განვითარებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავდა. თუმცა, ორი დედმამიშვილიდან მხოლოდ უმცროსი, ანუ კახა დაადგა სამხატვრო აკადემიისკენ მიმავალ გზას. ჰოლანდიური მხატვრობითა და შემდეგ უკვე იმპრესიონისტების შემოქმედებით შთაგონებული, ახალგახსნილ სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უწინ სამხატვრო აკადემიაში აბიტურიენტებს საბუთები იმ ფაკულტეტზე შეჰქონდათ, სადაც ნაკლები კონკურენცია იყო და მეორე კურსიდან უკვე სასურველ ფაკულტეტზე გადადიოდნენ. პედაგოგები მასაც ასე ურჩევდნენ, - მთავარია, აკადემიაში მოხვდე და ფერწერაზე მერე გადაინაცვლეო, მაგრამ პირველივე კურსიდან სამრეწველო გრაფიკამ ისე დააინტერესა, მიმართულება აღარ შეუცვლია...

"ნაკადული"

წლების განმავლობაში საბავშვო-ახალგაზრდული გამომცემლობა "ნაკადული", როგორც ქართულ კლასიკურ და თანამედროვე, ისე უცხოელი ავტორების ნაწარმოებებს გამოსცემდა. წიგნებს ცნობილი ქართველი მხატვრები ასურათებდნენ, რომლებიც საბავშვო ლიტერატურის ილუსტრაციებზე ინტერესით მუშაობდნენ. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, აღნიშნულ გამომცემლობაში ყოველწლიურად 150 დასახელების წიგნი იბეჭდებოდა და რამდენიმე მილიონობით ტირაჟიდან არაერთი, თითოეული ჩვენგანის ოჯახში ხვდებოდა. საოჯახო ბიბლიოთეკებში დღესაც ნახავთ ამგვარ "საგანძურს".

კახა ბახტაძე 22 წლის იყო, როცა გამომცემლობა "ნაკადულში" მხატვრულ რედაქტორად დანიშნეს. იქ 15 წელზე მეტი გამომცემლობის კოლექტივთან და დიდ მხატვრებთან მუშაობა გამორჩეულად დაამახსოვრდა. ოთახში 3 კაცი მუშაობდა, მთავარი მხატვარი გურამ ღლონტი და მხატვრები: ჯიბო ყავლაშვილი და შოთა დოლიძე. მათ მეოთხე, "ოთახის ახალი წევრი", ახალგაზრდა კოლეგა შვილივით მიიღეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ილუსტრაციებზე არა მხოლოდ გამომცემლობის მხატვრები, არამედ მოწვეულებიც მუშაობდნენ. ნახატებს სამხატვრო საბჭო განიხილავდა და ხმათა უმრავლესობით დამტკიცების შემდეგ, წიგნის გამოსაცემად მომზადება იწყებოდა. მაშინ შეხვდა და გაიცნო ჯემალ ლოლუა, თენგიზ სამსონაძე, ალექსანდრე ბანძელაძე და სხვა დიდი მხატვრები, რომლებთანაც ინტენსიურად თანამშრომლობის შედეგად გამოდიოდა ზღაპრები თუ სხვა საბავშვო ლიტერატურა. გამორჩეულად მიიჩნევს იმ საათებს, როცა ნაწარმოების ავტორი, მხატვარი, რედაქტორი, ტექნიკური რედაქტორი ერთად იკრიბებოდნენ და ასე ერთობლივად წყდებოდა არაერთი ილუსტრაციის ბედი. "დაწუნებულებს" კი ისევ მათ ავტორებს უბრუნებდნენ. უწინ ილუსტრაციების გამოფენები იმართებოდა და მხატვრებს იმ უნიკალური ნამუშევრების ექსპოზიციაზე წარმოდგენა შეეძლოთ.

6navi-napirtan-1675061937.jpg

გუშინ და დღეს...

პროფესიული კუთხით წყვეტა არ ჰქონია. ბევრგან უმუშავია, არაერთი ჯაზფესტივალის მხატვარი თუ მთავარი მხატვარია. პლაკატების, აფიშების, მოსაწვევების დიზაინი, ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად მიაჩნია და ესთეტიკურად და ვიზუალურად სრულყოფილ შედეგების მისაღებად, ამ კუთხით ყოველთვის სიამოვნებით მუშაობს.

დღეს უკვე საკუთარი გამომცემლობა აქვს, სადაც ილუსტრაციებზე ან წიგნის მთლიან დიზაინზე მუშაობს. საგამომცემლო საქმიანობის პარალელურად, მხატვარი დროს ფერწერასაც უთმობს და ეს ორი "მიმართულება" ერთმანეთს ავსებს. გამომცემლობას თავად ხელმძღვანელობს, ოჯახურ ბიზნესში არიან ჩართული მისი მეუღლეც და შვილების. მეუღლე მუსიკოსია, ოპერის ერთ-ერთი კონცერტმაისტერი. გოგონა აკადემიაში სწავლობს, მომავალი დიზაინერია, ხოლო ბიჭმა დედის მსგავსად, კონსერვატორია დაამთავრაო, - ამბობს და მერე იქვე ღიმილით დასძენს, 2 შვილი, 1 შვილიშვილი მყავსო და 4 წლის ქეთოზე საუბრისას, აშკარად სხვანაირად უნათდება თვალები: "ქეთო სულ ხატავს. მოდის და მეუბნება: ბაბუ, დამახატვინეო. მეც ვყიდულობ საღებავებს და ვართ "ერთ ამბავში".

- თქვენი აზრით, ბავშვებს, დაახლოებით ქეთოს ასაკისას და სკოლამდელ პატარებს ვგულისხმობ, როგორ უნდა შევურჩიოთ ანიმაციური ფილმები თუ წიგნები? თქვენი დაკვირვებით, როგორი ილუსტრირებული წიგნები იქცევს მათ ყურადღებას?

- ჩემი აზრით, ვფიქრობ, ბავშვებს თავიდანვე კლასიკა უნდა გავაცნოთ, როგორც ანიმაციური ფილმების სახით, ისე ლიტერატურის თვალსაზრისით. დისნეის მულტფილმები ამის საუკეთესო მაგალითია. გავიხსენოთ "ბემბი" ან სხვა ანიმაციური ფილმები, რომელიც მუსიკალურადაც კლასიკური ნაწარმოებებით არის გაფორმებული. ამის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგებიც ბევრს წერენ, ასეთი ფილმები მათ ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს. თუმცა, რასაკვირველია, ბავშვს არჩევანის თავისუფლება არ უნდა შევუზღუდოთ. ჩემი ქეთო ჯაზსაც უსმენს და ცეკვავს კიდეც, აბსტრაქციასაც ათვალიერებს, მაგრამ როგორც აღვნიშნე, კლასიკური ნახატებიც უნდა ვაჩვენოთ... მე მაინც ამგვარი სინთეზის მომხრე ვარ.

მუსიკის გავლენა მხატვრის შემოქმედებაზე

ხატვის დროს მუსიკას არ უსმენს, თუმცა, როგორც ამბობს, ცალკეული მუსიკალური ნაწარმოებები მასზე დიდ გავლენას ახდენს, რის შემდეგაც შექმნილა და იქმნება მისი არაერთი ფერწერული ტილო.

- ვთქვათ "ჩაკრულო" მოისმინეთ, ამის შემდეგ რისი ხატვის სურვილი შეიძლება გაჩნდეს?

- "ჩაკრულოს", "შენ ხარ ვენახის" ან სხვა არაერთი ქართული ფოლკლორული ნაწარმოების მოსმენის შემდეგ, შეიძლება ყველანაირი იდეა დაგებადოს. "ჩაკრულოს" იმდენად კოსმოსში გაჰყავხარ, რომ მისი მოსმენის შემდეგ, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ქართული თემა დახატო, პირიქით, ასეთმა მასშტაბურმა მუსიკალურმა ნაწარმოებმა შეიძლება აბსტრაქტული ნამუშევრის შექმნის სურვილი გააჩინოს.

7tramvai-evropul-kalakshi-copy-1675061950.jpg

ექსპოზიციიდან ექსპოზიციამდე

- ახლანდელ გამოფენაზე სხვადასხვა წლებში შექმნილი თემატურად მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეთ. წინასწარ თუ გაქვთ განსაზღვრული მორიგი ექსპოზიცია რას მოიცავს? აქცენტი ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე გაკეთდება თუ ისიც კვლავ თქვენი შემოქმედების ერთგვარ რეტროსპექტივად მოიაზრება?

- ბოლო გამოფენებს შორის დიდი პაუზა გამომივიდა. 2014 წელს ჩემი ნამუშევრები ჯერ თბილისში, "მუზაში" გამოვფინე და შემდეგ ნიუ-იორკში ქართველ მხატვართა გამოფენაში ვმონაწილეობდი. მას შემდეგ წლები გავიდა. რასაკვირველია, ამ ხნის განმავლობაში ვხატავდი, მაგრამ ნახატები საზოგადოებისთვის არ წარმიდგენია. უახლოეს მომავალში მორიგ გამოფენას ვაპირებ, სადაც ალბათ მხოლოდ ბოლოდროინდელ ნამუშევრებს მოვუყრი თავს. ღმერთმა ამის ძალა და საშუალება მომცეს და მინდა, ეს აუცილებლად გავაკეთო...

ანა კალანდაძე