ცოლ-ქმრის დეკორატიული ნივთები გორიდან - გზაპრესი

ცოლ-ქმრის დეკორატიული ნივთები გორიდან

მარიამ ზუბაშვილი და თომა სუხიშვილი გორში ცხოვრობენ. მეხუთე წელია, ცოლ-ქმარი სახლის დეკორაციებზე მუშაობს და მათი ხელით შექმნილი ფერადი ნივთებიც იქვე მზადდება. ჰყავთ 2 წლის შვილი, რომელიც ხშირად ჩანს მათი ხელით დამზადებული პროდუქციის ფოტოებზე...

2-1675062185.jpeg

მარიამი:

- პროფესიით იურისტი ვარ და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 5 წელი საჯარო სამსახურში ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, ასეთი სამუშაო დილიდან საღამომდე გაკავებს და სხვას თითქმის ვეღარაფერს უთმობ დროს, მათ შორის იმ საქმესაც, რაც მანამდე მე და ჩემმა მეუღლემ წამოვიწყეთ. ამიტომ 1 წელზე მეტია, სამსახურიდან წამოვედი და ახლა მთლიანად დეკორაციების დამზადებაზე ვარ გადართული. მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა, საერთო საქმე გვქონოდა და იდეაც ერთად ჩამოვაყალიბეთ. თავდაპირველად ჩარჩოებზე ვმუშაობდით, მინაზე ვხატავდით, მერე ნელ-ნელა დაიხვეწა და ახალი მიმართულებებიც დაგვემატა. ამ ეტაპზე ძირითადად ხეზე ვმუშაობთ და ინდივიდუალური დიზაინის მრავალფუნქციურ ნივთებს ვამზადებთ, მათ შორისაა სანათები, რომლებსაც ხელით ვხატავთ და მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით ვაფორმებთ. ასევე ვაკეთებთ სხვადასხვა დანიშნულების კედლის დეკორაციებს: გასაღების, ტანსაცმლის საკიდებს, სარკეებს; საბავშვო ხაზიდან კი სათამაშოების ჩასაყრელ ყუთს ვამზადებთ, რომელიც მათთვის საყვარელი გმირებითაა მოხატული. რაც შეეხება კედლის სარკეებს, ისინი ხელოვნური ყვავილებითაა გაფორმებული ან ხელით მოხატული. აქამდე ჩვენნაირი დიზაინი არსად მინახავს, მეც კი ორი ერთნაირი გაფორმება არასდროს გამომდის და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. საერთოდ, ბავშვობიდან ვხატავ. მომწონდა ნივთების გადაკეთებაც, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ საკმაოდ გვიან დავაპირე, ჩემი გატაცება ყოველდღიურ საქმიანობად მექცია. დღეს ეს ყველაფერი მართლაც ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ვცდილობთ, მომხმარებლების სურვილებს მაქსიმალურად მოვერგოთ, კმაყოფილები დარჩნენ და ჩვენს გულთბილ დამოკიდებულებას ისინიც აღნიშნავენ.

3-1675062207.jpeg

- როგორ დახვეწეთ იდეები და დღეს როგორ ქმნით ნამუშევრებს?

- მომხმარებელს ინდივიდუალურ დიზაინს რომ ვთავაზობთ, ჩვენი და მათი სურვილია, ნივთებში ემოცია იგრძნობდეს ან გარკვეულ მოგონებას უკავშირდებოდეს. სწორედ ამგვარი დიალოგისას და აზრთა გაცვლა-გამოცვლისას იბადება ბევრი ჩვენი ნივთის ახალი დიზაინი. ჩვენი შემკვეთების ერთ-ერთი საყვარელი დეკორაციებია მოხატული სახლები და გასაღების საკიდები. ვცდილობთ, ისინი კონკრეტული დამკვეთის სახლს მივამსგავსოთ ან ოჯახის წევრების სილუეტების მოხატულობამ გამოკვეთოს, რომ ეს ნივთი სწორედ მათი ოჯახის საკუთრებაა.

4-1675062196.jpeg

- ცოლ-ქმარი საქმეს როგორ ინაწილებთ?

- როგორც აღვნიშნე, ეს საქმიანობა ერთად წამოვიწყეთ. ის ხეზე მუშაობდა და ნივთი მოხატვამდე მიჰყავდა, რასაც უკვე მე ვასრულებდი. შეკვეთები რომ დაგვემატა და "გავიზარდეთ", 3 წლის წინ 2 თანამშრომელი დავიმატეთ და ახლა უკვე ოთხნი ვართ: ერთი ხეზე მუშაობს, მეორე ხატვაში მეხმარება. სოციალური ქსელის მართვა, ტექსტების შედგენა და ფოტოების გადაღება-დამუშავება მე მაქვს შეთავსებული, ხოლო მეუღლე ფინანსური საკითხებითა და ლოჯისტიკით არის დაკავებული. ნივთებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ საახალწლოდ რიგ შეკვეთებზე, მათ შორის კორპორაციულზე უარის თქმამ მოგვიწია: რადგან დანადგარები არ გვაქვს და შეიძლება ითქვას, კუსტარულად დამზადებულით გვიწევს მუშაობა, ნივთებს დიდი რაოდენობით ვერ ვამზადებთ. პროცესის შესამსუბუქებლად შესაბამისი იარაღიც გვესაჭიროება. ბოლო პერიოდში რამდენიმე საგრანტო პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და იმედია, გაგვიმართლებს, შესაბამის იარაღს შევიძენთ და გავფართოვდებით. დიდი მოთხოვნაა საბავშვო ავეჯზე და გვინდა, სამომავლოდ მოხატული ავეჯის მიმართულება განვავითაროთ.

ანა კალანდაძე