როგორ სძალავენ ადამიანებს ფულს?
თაღლითები რომ სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ადამიანების მოტყუებას, ეს ყველამ კარგად იცის. მართალია, ბევრი სქემა გაშიფრულია, მაგრამ ისინი ახალ-ახალ მეთოდს იყენებენ და არ უჭირთ მსხვერპლების პოვნაც. სიფრთხილისკენ მოწოდების მიუხედავად, ადამიანები თაღლითების მახეში მაინც ეხვევიან და დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამ ყველაფრისთვის ისინი ძირითადად ყალბ პლატფორმებს იყენებენ, მათ შორის, სოციალურ ქსელებს, ყიდვა-გაყიდვის სხვადასხვა საიტს. ჩვენ დღეს კონკრეტულ ამბებს მოგიყვებით.
დათო დიასამიძე:
- რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ "ფეისბუკში" ვიღაცამ ჩემი პროფილის მსგავსი გვერდი გააკეთა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მე ვინაობა ლათინურად მეწერა, მან კი ქართულად დაწერა. ფოტო არ შეუცვლია. ეტყობა მანამდე წინასწარ შეისწავლა ჩემი მეგობრების სიაც. გვერდი ღიაა და ყველა ხედავს ჩემს მეგობრებს. შემდეგ მათ გაყალბებული "ფეისბუკ"-გვერდიდან მეგობრობა გაუგზავნა. ამაშიც თითქოს უცნაური არაფერია. ხანდახან რაღაც სტატუსის გამო "ფეისბუკი" ბლოკავს გვერდებს გარკვეული პერიოდით და ადამიანები ხშირად ხსნიან ახალს, სანამ ის ძველი დაბლოკილია. ბევრი ჩემი მეგობარი მიხვდა, რომ სიყალბეს ჰქონდა ადგილი, ზოგმა კი "დაიმეგობრა". ამის შემდეგ სათითაოდ ყველას გაუგზავნა შეტყობინება და მოიკითხა, როგორ ხარო? იმათაც უპასუხეს, დიალოგიც შედგა. რომ გაუშინაურდა, შემდეგ ყველას ერთნაირი შინაარსის ტექსტი მისწერა: ახლა კოჯორში ვარ, მეგობართან, დაბადების დღეზე. ჩემს მეგობარს საბაჟოზე ფინანსური პრობლემა შეექმნა, ტვირთი შემოაქვს, დააკლდა 800 ლარი და ხომ არ შეგიძლია ეს თანხა მასესხო, ხვალ ჩამოვალ კოჯორიდან, თანხას უკან დაგიბრუნებო. ბევრი ამას არ წამოეგო, რადგან ვინც კარგად მიცნობს, მიხვდა, რომ თუ ფული დამჭირდებოდა, მათ დავურეკავდი და ისე ვთხოვდი, არ მივწერდი, მაგრამ ჩემს მეგობრებში მან მაინც იპოვა რამდენიმე ადამიანი, რომელიც მახეში გააბა. რამდენიმე მეგობარმა დამირეკა და მკითხა, როგორ ხარ, ხომ მშვიდობა გაქვს, რა თანხა გინდაო? როცა ამიხსნეს, რაც მოხდა, მივხვდი, ვიღაც ყალბი გვერდით სარგებლობდა და რადგან მე ასე კარგად ვერ ვერკვევი, სასწრაფოდ ჩემს შვილს ვთხოვე, "ფეისბუკის" ოფიციალური წარმომადგენლობისთვის მიეწერა, რომ ჩემი სახელით ყალბი გვერდი არსებობს და დაებლოკათ... საბოლოოდ, ეს გვერდი კი დაიბლოკა, მაგრამ ამას დრო დასჭირდა, სადღაც 3-4 საათი და ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თაღლითს ადამიანები მოეტყუებინა.
- ბევრია მოტყუებული? თანხა რა ანგარიშზე გადაირიცხა?
- ასეთი სქემა გამოიყენა: ჩემს ერთ-ერთ მეგობარს მისწერა, შენი ანგარიშის ნომერი მომწერე, რამდენიმე ადამიანი დაგირიცხავს თანხას და შემდეგ ეს თანხა ამა და ამ ანგარიშზე გადამირიცხეო. ესეც სპეციალურად გაითამაშა, თითქოს იმ მეგობრის ანგარიშზე ირიცხებოდა თანხა, ვის დასახმარებლადაც ფულს ვთხოვდი. ამ გზით ის და მისი ანგარიშიც არ გამოჩნდებოდა. მართლაც, ასე ჩაირიცხა ჩემი მეგობრის პირად ანგარიშზე სულ 1.100 ლარი, მან კი ეს თანხა გადარიცხა მითითებულ ონლაინკაზინოს ანგარიშზე. ის მეგობარი მეუბნება, რადგან საჯარო სამსახურში მუშაობ, ვიფიქრე, არ გინდოდა შენი ანგარიში გამოჩენილიყო, რომ თანხა ონლაინკაზინოში გადაირიცხა და ვფიქრობდი, რაღაცაში გეხმარებოდიო. როცა ფული გადარიცხა, მერე მომწერა, როგორ ხარ? იქ გადავრიცხე უკვე თანხაო. გამიკვირდა და ცხადია, კითხვა შევუბრუნე, რა თანხა-მეთქი. მერე დამირეკა და მისგან გავიგე სიმართლე და იმ პირების ვინაობა, ვინც თანხები ჩაურიცხა. მათ შორის ერთი ჩემი მეგობრის შვილია, ჩემი მეუღლის ნათლული. მან 300 ლარი გადაურიცხა. მუშაობა ახალი დაწყებული აქვს. მითხრა, სამსახურში ვიყავი და რომ მომწერე, ეგრევე გადავრიცხე, დეტალებისთვის ყურადღება არც მიმიქცევიაო. მერე ამიხსნა, შენი გვერდიდან მომწერეს, რომ 800 ლარი გჭირდებოდა. გიპასუხე, 300 მაქვს-მეთქი და პასუხად მივიღე, - კარგი, ჯანდაბას, 300 იყოსო. სხვამ 800 ლარი გადაურიცხა. იმ თაღლითს ეტყობა, ადამიანების ფსიქოლოგია შესწავლილი აქვს...
როგორც გავარკვიე, არის თურმე ასეთი სქემა, რომ შეიძლება ონლაინკაზინოში პირისპირ ითამაშოს ვინმესთან, რომელთანაც წინასწარ შეთანხმებული იქნება, მას ეს თანხა მოაგებინოს და ამ გზით დაიბრუნოს თაღლითურად მიღებული თანხა. ხშირად თურმე, სხვისი პასპორტით არეგისტრირებენ ანგარიშს, თვითონ რომ არ გამოჩნდნენ, ამიტომ ახლა სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, რეალურად ვისთან წავიდა ეს თანხები და დამნაშავე გამოავლინონ. მივედი პოლიციაში, დავწერე განცხადება და მოვითხოვე ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულიყო. დავიკითხეთ მე და ჩემი მეგობარი, რომელმაც თანხა ონლაინკაზინოს ანგარიშზე გადარიცხა... პოლიციაში მითხრეს, რომ ამ ბოლო დროს ეს ახალი ხრიკია. შეიძლება ერთი და იგივე ჯგუფი მუშაობს ან შესაძლოა, ბევრმა გამოიყენა ეს მეთოდი...
- რას ურჩევთ ადამიანებს?
- ვფიქრობ, როცა ასეთი მესიჯი მოგვდის სოციალურ ქსელში, არ უნდა მოგვერიდოს შეკითხვა, დარეკვა და ინფორმაციის გადამოწმება. ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ეკლესიიდან ვიცნობ, ერთ ტაძარში დავდივართ, გადაამოწმა, ნამდვილად მე ვწერდი თუ არა და თანხის თხოვნის შემდეგ, ასეთი კითხვა მისწერა: ჩვენს ტაძარში ერთ მამაოს ანდრია ჰქვია, მაგრამ მეორეს სახელს ვერ ვიხსენებ და შემახსენე, რა ჰქვიაო? იმან ვერ უპასუხა და ასე გაშიფრა, რომ მე არ ვიყავი. რაღაც ისეთი შეკითხვა მაინც დავსვათ ასეთ დროს, რომ მივხვდეთ, ნამდვილად ჩვენს ახლობელს სჭირდება თუ არა დახმარება? ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მახეში არ გავებათ...
ამ ამბისგან განსხვავებულია ის, რაც ლელა კალანდარიშვილმა გვიამბო:
- წერეთლის გამზირზე 3-ოთახიანი ბინა ქირავდებოდა. ეს განცხადება ბინის მეპატრონესთან შეთანხმებით მედო ჩემს გვერდზე. დამიკავშირდა მამაკაცი და მითხრა, რომ იყო მოლდაველი, ჰყავდა ქართველი მეუღლე, საქართველოში 12 იანვარს მოფრინავდნენ და უნდოდათ, ამ დროისთვის ბინა დაქირავებული ჰქონოდათ. მთხოვა ფოტოების გადაგზავნა. მერე მომწერა, რომ ბინა მოეწონა და ერთი წლით "ავიღებო". თქვა, რომ ლოკაცია ნახა "გუგლით", აწყობდა ეს ადგილი. ამაში უცნაური არაფერი იყო, რადგან ამ ფორმით ხშირად მიკავშირდებიან უცხოელები და სასურველი ბინის მოძებნას მთხოვენ. შემდეგ მომთხოვა ანგარიშის ნომერი და მითხრა, "ბეს" თანხას, ერთი თვის ქირის ნახევარს ჩავრიცხავ, ხოლო როცა ჩამოვალ და კონტრაქტს გავაფორმებთ, დანარჩენ თანხას ადგილზე გადავიხდიო. ბინის მეპატრონეს ვთხოვე თავისი ბანკის ანგარიში მოეწერა. კი მომწერა, მაგრამ ბოლო წუთას მისი ნომრის გადაგზავნა გადავიფიქრე; რამე კითხვა რომ გაუჩნდეს, ჯობია, ჩემს ანგარიშზე ჩავრიცხო თანხა და მე გადავურიცხო მეპატრონეს-მეთქი, ამიტომ გავუგზავნე ჩემი ანგარიში. ცოტა ხანში მომივიდა ლინკი, რომელზეც გადავედი, ამის შემდეგ ინგლისურად მომთხოვა ჩემი მონაცემები, ესეც შევავსე და მერე აღმოვაჩინე, რომ ინსტინქტურად მას ჩემი ბარათის პაროლიც მივწერე. სასწრაფოდ გამოვცვალე ბარათის პაროლი. საბედნიეროდ, იმწუთას ანგარიშზე არანაირი თანხა არ მედო და მან ვერაფერი წაიღო, ასე გადავრჩი. თუმცა, როგორც გავარკვიე, ასეთ დროს თაღლითები ინტერნეტბანკით სესხებსაც იღებენ და უცებ ხსნიან თანხებს ანგარიშებიდან. წლებია, ამ საქმეზე ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არ მქონია. ამის შემდეგ საერთოდ გაქრა ის ადამიანი, მის კვალს ვერსად მივაგენი.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ბევრი ადამიანი გაება თაღლითების მახეში.
P.S. დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რას ითხოვენ ჩვენგან უცხო ადამიანები. უნდა გვახსოვდეს, რომ ბარათის მონაცემების მითითებით და მობილურზე მოსული კოდის შეყვანით, რომელიც თქვენი ტრანზაქციის დადასტურებაა, თანხას კი ვერ მიიღებთ, პირიქით, თაღლითს საშუალებას აძლევთ, ამით თქვენი ბარათიდან თანხა ჩამოჭრას. არის კიდევ ასეთი სქემა, როცა პირი ითხოვს თქვენს ბარათზე დატანილი ინფორმაციის გამჟღავნებას, ბარათის ნომრის, მოქმედების ვადის და უსაფრთხოების კოდს, ასევე მობილურზე მოსულ "სმს" კოდს, რაც რეალურად, თანხის ჩარიცხვისთვის საჭირო არ არის. ასეთ დროს საქმე გაქვთ თაღლითთან, რადგან ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად სრულიად საკმარისია თქვენი, მიმღების ანგარიშის ნომერი და დამატებით არანაირი ინფორმაცია არ უნდა გასცეთ. გახსოვდეთ, გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო. არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ რაიმე ქმედებას. ეს ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე. ყველა შემთხვევა თითქმის ერთმანეთის იდენტურია. ამიტომ მოგიწოდებთ, კარგად გადაამოწმოთ ყველაფერი, რათა არ აღმოჩნდეთ თაღლითების მახეში.
თეა ხურცილავა