ერეკლე საღლიანი: "ერთი ბავშვის ცრემლად არ ღირს არც ერთი პოლიტიკოსი" - გზაპრესი

ერეკლე საღლიანი: "ერთი ბავშვის ცრემლად არ ღირს არც ერთი პოლიტიკოსი"

უკმაყოფილოა იმით, რაც ბოლო წლებში ხდება, მაგრამ მომავლის იმედი არ დაუკარგავს. პოეტი ერეკლე საღლიანი "გზასთან" საუბრისას ახალ თაობაზე ლაპარაკობს, რომელსაც ხშირად დიდ ტვირთს ვკიდებთ - წარსულის შეცდომების გამოსწორებას, აწმყოს დალაგებას, ქვეყნის მომავალს... თან ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდებიან ხოლმე. სინამდვილეში, ძალიან ჯანსაღი ახალგაზრდობა მოდის, მთავარია, უფროსების უხეში მითითებებითა და შეზღუდვებით არ შეიცვალონ, შეცდომებით წინა თაობას არ დაემსგავსონ...

- ეს წელიც და მომდევნოც, ყველა ჩვენგანმა საკუთარი თავის გარდაქმნით უნდა დავიწყოთ. თვითკრიტიკული უნდა ვიყოთ და საკუთარ ხარვეზებს ვებრძოლოთ. წმინდა ალექსი ბერი წერს, არა არს სუფევა ნეტარეული, ხრწნილებასა შინაო... იმიტომ, რომ შემდგომ ცოდვა, რომელსაც სამწუხაროდ, არ ვებრძვით, თავისთავად, ცუდის წინა პირობაა. უბედურება ცოდვის ჩადენა კი არა, მასთან შეგუებაა. ადამიანი ცოდვას რომ ეგუება, საშინელებაა, რადგან ბოროტებაში იმკვიდრებს ადგილს. სინანული უნდა გვქონდეს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი წინააღმდეგობრივი არსებაა. იმ შეცდომებთან ბრძოლა, რომლებიც ზედაპირზე დევს, ანუ აშკარაა, იოლია, მაგრამ რაც ქვეცნობიერში აქვს დალექილი, მასთან ბრძოლა უჭირს. არადა, ყველა ჩვენგანი უნდა ცდილობდეს, რომ იმ სიღრმეებში, შინაგან უფსკრულში ჩაიხედოს და ამის არ გვეშინოდეს. თუ ასე არ მოხდა, არაფერი შეიცვლება. სანამ ხორცსა და სისხლში გვაქვს შეცდომები ჩაჭედილი, ცოდვებისგან არც ერთი ჩვენგანი არ არის დაზღვეული.

წინა წელს რომ გადავხედოთ, წარმატებაც იყო, მარცხიც, მაგრამ ასე მგონია, მარცხის გარეშე არც წარმატება მოვა და არც წინსვლა. ამიტომ, მცირე ჩავარდნების კი არა, მარცხთან შეგუების უნდა გვეშინოდეს. როდესაც ამას შეიგნებს, მაშინ დგამს ადამიანი ნაბიჯს წარმატებისკენ, საკუთარი თავისკენ. ვფიქრობ, ყოველი ადამიანი ისეთად უნდა იქცეს, როგორადაც უფალმა ჩაიფიქრა.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ადამიანში უფალი ბოროტებას კი არა, სიკეთეს "დებს", ასეთად აქვს შექმნილ-ჩაფიქრებული, შემდეგ არის ცოდვები რომ მოგვერევა ხოლმე... ყველაზე რთული პროცესი საკუთარ თავთან, საკუთარ შეცდომებთან ბრძოლაა. ზოგი მიიჩნევს, რომ მორწმუნეები ქრისტეს საღვთო სისხლით ვართ გამოსყიდული და ყველაფერი თავისთავად მოგვეცემა ან უნდა მოგვეცეს. ერთ ახალგაზრდა გერმანელ ქართველოლოგ გოგონასთან მქონდა საუბარი და მან მითხრა, - ჩემს ცოდვებზე არ ვწუხვარ, რადგან ისინი ქრისტემ თავისი სისხლით გამოისყიდაო. ანუ რა გამოდის - რაკი მაცხოვარი ადამიანთა მოდგმის ცოდვების გამოსასყიდად ჯვარს ეცვა, ყველაფერი ნებადართულია?!. არა მგონია, ასე იყოს. ჩვენი მართლმადიდებლური აღმსარებლობა სწორად აწვდის მორწმუნეებს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ცოდვები მოგვეხსნას, არის სინანულში ყოფნა. ჩვენს ცოდვებზე, არასწორ საქციელზე უნდა ვწუხდეთ. სილაღე სხვა არის და გალაღება - სხვა, მათ შორის დიდი განსხვავებაა.

- სილაღე კარგა ხანია, ჩვენს საზოგადოებას არ ეტყობა. ადამიანებიც ერთმანეთის მიმართ გაუცხოვდნენ და აგრესიულები გახდნენ. რამ მოიტანა ამდენი სიძულვილი?

- გარემოებამ და ვითარებამ. ადამიანებმა სულთან, შინაგან სამყაროსთან დიალოგი, საკუთარ თავთან ბრძოლა შეწყვიტეს, რადგან დიდი ტკივილი ახლავს თან და ამის გაძლება ბევრს არ შეუძლია, უმეტესობა გაურბის. არადა, ლათინების გამოთქმაა: ტკივილო, შენ არ ხარ ბოროტება, რადგან მაფხიზლებო!.. მე ვეთანხმები. ტკივილზე მეტი ბოროტებაც არსებობს - შეცდომა. პრაგმატულმა, მატერიალურ კეთილდღეობაზე გადამეტებულმა ზრუნვამ, ამაღლებული განწყობის დათმობამ უამრავ რამესთან შეგუება გვასწავლა. კაცობრიობის უბოროტესი მტერი, ამპარტავნება მოეძალა ადამიანს, რაც ღვთისშვილის უფლისგან განშორებასა და მის დამდაბლებას იწვევს.

ახალგაზრდებზე ამბობენ, კარგი თაობა არ მოდისო, რაშიც ვერავის დავეთანხმები ან როგორ შეიძლება, თაობა ასე ხელაღებით შეაფასო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თვალში არ მოსდის?.. ზოგჯერ გვავიწყდება, რომ აზროვნების "მეთოდები" შეიცვალა. ცხოვრების ახალ ტალღაზე გადავედით, რომელსაც შეუჩვეველი ვიყავით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდია. სიმართლისთვის თვალის გასწორება უნდა ვისწავლოთ - დღევანდელი ახალგაზრდობა დროსთან შესაბამისია. ჩემი ყმაწვილკაცობა რომ გავიხსენო, ვიტყვი, მაშინ ჩვენი ერთადერთი საზრდო წიგნი იყო. მხოლოდ მისით ვუკავშირდებოდით გარე სამყაროს. იმას არ ვამბობ, რომ ცუდი იყო, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდობას მეტი არჩევანი აქვს. შესაძლოა, წიგნს ისე არ არის მიძალებული, როგორც ჩვენ ვიყავით, სამაგიეროდ, მათ ინფორმაციის უამრავი წყარო აქვთ, ძალზე გათვითცნობიერებული არიან; ისეთ რამეებში ერკვევიან, რაზეც ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა... ვფიქრობ, როდესაც იმ ასაკში იქნებიან, რომ ყველაფერს შეაჯერებენ, ცნობიერება დაეწმინდებათ და ისეთ დასკვნებს გამოიტანენ, რომელიც ყველაზე ჯანსაღი იქნება; იმდენად სწორი და მართალი, რომ ქვეყანას ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს. მთავარია, ძალიან არ დაგვიანდეს, ამისთვის კი ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, ბრძოლის უნარი არ დავკარგოთ.

- ვინ, სამოქალაქო საზოგადოებამ?

- დიახ. მაგრამ ბევრჯერ მითქვამს, ჩვენში ჯერ კიდევ არ არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, საზოგადოებრივი აზრი-მეთქი. ეს რომ შეიცვლება, მერე სხვა დანარჩენიც მოჰყვება. სამოქალაქო საზოგადოებას უდიდესი ძალა აქვს. პოლიტიკოსებს არ უნდა ველოდეთ ყველგან და ყველაფერში. ჩვენ, ხალხს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის, ერთმანეთის წინაშე. მათი ერთადერთი საზრუნავია ძალაუფლების შენარჩუნება, ამის პარალელურად, ხალხის დათრგუნვის საოცარი სურვილი, რასაც ჯერჯერობით ახერხებენ კიდეც, ოღონდ ერთი რამ ავიწყდებათ - ამქვეყნად მარადიული არაფერია.

- ღმერთისა და სიყვარულის გარდა, არა?..

- დიახ, ასეა. სიყვარულს, სათნოებას დიდი შინაგანი სიწმინდე სჭირდება, რაც ადამიანებს აშინებთ, რადგან ადამიანის ბუნება ისეთია, რომ ცოდვისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე ჭეშმარიტი სიყვარულისკენ, რაც შემდეგ, ბევრ რამეში, თუნდაც ერთმანეთთან სუფთა, ნამდვილ ურთიერთობებში გვიშლის ხელს. ეს მხოლოდ ქართველ საზოგადოებას როდი ეხება, ზოგადად, კაცობრიობას შეეცვალა ღირებულებები. დღევანდელი მსოფლიო გართობაზეა გადასული. არადა, ისტორიას რომ გადავხედოთ, გართობამ დაღუპა ძველი ეგვიპტე, შუამდინარეთი, ძველი რომი.

- გართობამ თუ არასწორი ცხოვრების წესმა?

- გააჩნია, რას ვეძახით ცხოვრების არასწორ წესს. ზღვარგადასული გართობა ადამიანს სულიერ სიღრმეებს წყვეტს, რაც შემდგომ იმას იწვევს, რომ მისთვის უმთავრესი ის ფასეულობები ხდება, რომლებიც ფუჭი და დროებითია.

ოპერის თეატრში, ვერდის რომელიმე ოპერას რომ მოვუსმენ, გართობას კი არა, იმ მუსიკის საშუალებით მიღებულ დიდ გაკვეთილს ვუწოდებ. ეს სულ სხვა რამეა. იმ გართობებს ვგულისხმობ, რომლებსაც ადამიანში ცხოველურ ინსტინქტებს ვუწოდებ... თავისუფლებაზე მკითხეთ, რაც პირველ რიგში, საკუთარ გულში უფლის გამოღვიძებას ნიშნავს. თავისუფლებასა და აღვირახსნილობას შორის დიდი განსხვავებაა. ძველი რომის მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია: მაშინ არენაზე მისული აღტყინებული მაყურებელი ადამიანების ბედს განკარგავდა. ძველი რომაელები გლადიატორებს აიძულებდნენ, ერთმანეთს შებრძოლებოდნენ. დამარცხებულის ბედს მაყურებელი წყვეტდა: თუ მისი სიკვდილი სურდათ, ცერა თითს დაბლა დაუშვებდნენ... დღევანდელი კაცობრიობისთვის გართობის უმეტესი ნაწილი ძველი რომის ამფითეატრში გამართული გლადიატორების ბრძოლას მაგონებს, იმ განსხვავებით, რომ თუ მაშინ ადამიანს ფიზიკურად კლავდნენ, ჩვენ ახლა ერთმანეთს სულიერად ვანადგურებთ. რომელი ჯობია, მკითხველმა აირჩიოს. მე კი ვიტყვი - ორივე ერთმანეთზე უარესია. ყოველგვარ ფასეულობებს დამახინჯებულად წარმოგვიდგენენ და ჩვენ, უმეტეს შემთხვევაში, მაინც ვიჯერებთ, მივყვებით მათ ამ სახიფათო თამაშში ისე, რომ ზოგჯერ არც ვუფიქრდებით, რას ვაკეთებთ. ადამიანების სიცოცხლით ვთამაშობთ... აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ ამაზე.

ახლა ქართველი საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშეა. გარშემო ისეთი რაღაცები ხდება, ხანდახან ვფიქრობ, როდის გახდა ეს ყველაფერი ასეთი ჩვეულებრივი-მეთქი? ამას წინათ მეგობარი შემხვდა და მიამბო, მე და ჩემი შვილი დაგვიჭირეს, მიზეზი რომ გითხრათ, არც დაიჯერებთო... რა მოხდა-მეთქი? - ბრალი წაგვიყენეს, თითქოს ჩემს შვილს ქრთამი მივეციო. მსგავსი რამ არასდროს მსმენია. ფაქტია, ოჯახშიც აფათურებენ უკვე ხელებს. შვილი ახალგაზრდა ჰყავს, ის თაობა, რომელსაც ქვეყნის მომავალს ვუწოდებთ, მაგრამ ასეთი ამბის მონაწილემ ამ ქვეყანაში ცხოვრება როგორ უნდა გააგრძელოს?!. ახლა ორივე ციხეშია...

ალბათ, ესეც უნდა გადაგვეტანა. დაღმართს ყოველთვის მოჰყვება აღმართი. ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ შინ და გარეთ, ამიტომაც, სასიკეთო ცვლილებების დროც უნდა მოვიდეს. ბევრი რამით ვარ უკმაყოფილო, მაგრამ საქართველოში ბომბები რომ არ ცვივა, მაინც მადლიერი გახლავართ. ქვეყნის დამოუკიდებლობის უახლოეს ისტორიაში იმდენი რამ გადავიტანეთ, რომ ამას ვეღარ გავუძლებდით. საქართველო ვიწროხეობიანი ქვეყანაა და სამი ან ოთხი რაკეტა აქაურობას პირისაგან მიწისა აღგვიდა. ვიღაცები არიან კიდევ ამის მოწადინე, რომ ჩვენი ქვეყანა ამ საშინელ ომში ჩაერთოს, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და რეალური საფრთხე რომ შეიქმნას, არა მგონია, ისინი პირველი გამოვიდნენ: ლაპარაკში ვინც მაგარია, ბრძოლაში პირიქით არის ხოლმე... გარდა ამისა, ომსა და სიძულვილს სიკეთე არსად მოუტანია. ომი უდიდესი ბოროტება და დანაშაულია. ის, რაც უკრაინაში ხდება, არის ტრაგედია და მთელი კაცობრიობის ცოდვები ტრიალებს, რომელსაც ჩვენი, ქართველი გმირი ბიჭები, ადგილობრივები, უდანაშაულო ქალები და ბავშვები ეწირებიან... ერთი ბავშვის ცრემლად არ ღირს არც ერთი პოლიტიკოსი, ხოლო მთელი მატერიალური სამყარო არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლედ.

erekle-2-1675176417.jpg

- ამ ბოროტების ავტორი რუსეთი პირველად არ დასხმია თავს სხვა ქვეყანას. გავიხსენოთ 2008 წლის საქართველო, 2014 წელს კი იმავე უკრაინაზე თავდასხმის მაგალითი, მაგრამ მაშინ მსოფლიო ენის მოჩლექით ელაპარაკებოდა, რასაც დღეს ნანობენ.

- დიახ, თავის დროზე მსოფლიომ დააგვიანა რეაგირებაო... დააგვიანა კი არა, 2008 წელს, პატარა საქართველო ხახაში ჩასთხარეს მონსტრ რუსეთს. ზუსტად ასე, ამ სიტყვებით დაწერეთ... იმ ომის შემდეგ, ამერიკის მართლაც ვაიპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კაცობრიობის მტერი პუტინი, ვითომც აქ არაფერიო და, სათევზაოდ მიიწვია. ასევე მოიქცნენ სხვა ქვეყნების ლიდერები - ერთმანეთს ასწრებდნენ მის დაპატიჟებას, თითქოს ის დაღვრილი სისხლი არაფერი ყოფილა. მე მგონია, ამ შემთხვევაში პუტინის მიერ ჩადენილ დანაშაულს ჯორჯ ბუშისა და სხვა ლიდერების ბრალეულობა სწონის. მაშინ ასეთი ერთსულოვნება რომ ყოფილიყო, პუტინი ასე ვერ შელეწავდა საქართველოზე ბევრად დიდი, 45-მილიონიანი უკრაინის სახელმწიფოს ჭიშკარს... მაინცდამაინც ამდენი ადამიანის სისხლი უნდა დაღვრილიყო და რაკეტები დაეშინა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ხელი რომ გაენძრიათ?!. ძალიან მძიმე წლები გავიარეთ და ამიტომ მგონია, რომ უკვე დროა, მსოფლიოსთვის, საქართველოსთვის რაღაც სასიკეთოდ შეიცვალოს. ჩვენი წარმატება რა იქნება? ტერიტორიული მთლიანობისკენ სწორი ნაბიჯების გადადგმა; ასევე, უკურნებელი სენის - ვერცხლისმოყვარეობისგან გათავისუფლება, შემდგომ კი იმ ფასეულობების დაგროვება, რომელთაც ვერცხლით ვერ იყიდი. ამას როგორც ჩემს ქვეყანას, ასევე მთელ მსოფლიოს ვუსურვებ, რადგან ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ და ცალკე, განყენებულად ვერ ვიცხოვრებთ. ასევე, დედაეკლესიის წიაღისკენ მიბრუნება... ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ამავდროულად მტკივნეულია, რომ ქართველი კაცი ადვილად ელევა თავის სახლ-კარს, მიწას და სხვაგან გარბის. გული მეგლიჯება. წყევლასავით გვაქვს ემიგრაცია... ბევრი მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო კი არა, უპერსპექტივობის გამო გარბის, სიყვარული, თანაგრძნობა და თანადგომა დავკარგეთ და ამის დაბრუნებას ვისურვებდი. ასე მგონია, ყველაფერს მოევლება, როდესაც ჩვენს ურთიერთობებში სათნოება და სიკეთე დამკვიდრდება, ერთმანეთისთვის ხელის შეწმენდასა და თავზე ლაფის დასხმას შევეშვებით. ქართველი საზოგადოება ყოველთვის კულტურული დამოკიდებულებებით გამოირჩეოდა, ახლა კი ერთმანეთის მოსმენაც არ შეგვიძლია. პოლიტიკურ დებატებში ყველა ერთმანეთს ლანძღავს, ერთმანეთს ყურს არ უგდებენ, საშინელება ხდება... ვისურვებდი, მოსმენა და შიშზე გამარჯვება ისევ გვესწავლოს.

ლალი პაპასკირი