მაია ჩიბურდანიძის დრამატული მატჩის უცნობი ეპიზოდები და დედოფლის მესამე გვირგვინი - გზაპრესი

მაია ჩიბურდანიძის დრამატული მატჩის უცნობი ეპიზოდები და დედოფლის მესამე გვირგვინი

...1984 წლის შემოდგომა ერთობ დაძაბული და დრამატული აღმოჩნდა მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროსთვის. სექტემბრის დასაწყისში, მოსკოვსა და ვოლგოგრადში ერთდროულად დაიწყო ორი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის. მოსკოვში ანატოლი კარპოვს გარი კასპაროვი ხვდებოდა, ხოლო ვოლგოგრადში მაია ჩიბურდანიძე ირინა ლევიტინასთან მატჩში იცავდა დედოფლის გვირგვინს.

ორი „კა“-ს მატჩი მოსკოვში პრეტენდენტისთვის კატასტროფულად დაიწყო. პირველი 9 პარტიიდან კარპოვმა 4 მოიგო და საბოლოო გამარჯვებისთვის ორი პარტიის მოგებაღა სჭირდებოდა. ვოლგოგრადში კი მოვლენები პირიქით განვითარდა. მატჩის პირველი ნახევარი ლევიტინას სასარგებლოდ 2:1 დასრულდა...

ჭადრაკის „კაისას“ თაყვანისმცემლებს ალბათ გაუკვირდებათ, თითქმის 40 წლის წინანდელი საჭადრაკო ბატალიები ამ შუა ზამთარში რამ გამახსენა? მაგრამ საქმე ის არის, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ხუთგზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის ჩემპიონმა, ქალთა და ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატმა, საჭადრაკო „ოსკარის“ მრავალგზის მფლობელმა, მაია ჩიბურდანიძემ თავისი მორიგი იუბილე აღნიშნა და ჩვენი ჟურნალის მკითხველებთან ერთად მინდა, მეც მივულოცო მას ეს თარიღი.

ახლანდელმა თაობამ გაცილებით მეტი იცის მესის, რონალდოსა თუ იაპონელების სუმოს შესახებ, ვიდრე ქართულ ჭიდაობაზე და ჩვენი სპორტის ლეგენდებზე... შევეცდები გავიხსენო რამდენიმე ეპიზოდი ჩიბურდანიძის საჩემპიონო კარიერიდან, რისი თვითმხილველიც თავად ვიყავი.

ciburdanidze-levitina-copy-1675177313.jpg

სტაჟიან გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირში ჭადრაკი, ჰოკეისთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში იყო აყვანილი და მას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. ჩიბურდანიძე-ლევიტინას მატჩიც 1984 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. თავის ტიტულს მაია პირველად იცავდა არაქართველ მოჭადრაკესთან და ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის შემდეგ დედოფლის გვირგვინის დაკარგვა მისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომაც, ჩვენი დელეგაცია საგულდაგულოდ მომზადებული გაემგზავრა ვოლგისპირა ქალაქში. ასე განსაჯეთ, ჭადრაკის დედოფალს არც დედის, ქალბატონ ნელის გამომცხვარი იმერული ხაჭაპურები აკლდა.

იმ პერიოდში საქართველოს ტელევიზიის სპორტული რედაქციის ახალგაზრდა კორესპონდენტი ვიყავი. ჭადრაკი ბავშვობიდან მიყვარდა. თამაში 6 წლის ასაკში პირველმა ქართველმა დიდოსტატმა, ჩემმა ნათლიამ, ბუხუტი გურგენიძემ მასწავლა და რედაქციაშიც ყველაზე თავგამოდებულ მოჭადრაკედ ვითვლებოდი. ალბათ ამიტომაც, ჩიბურდანიძე-ლევიტინას მატჩის გასაშუქებლად ვოლგოგრადში მივლინებაში მე გამგზავნეს. გადაღებებისთვის მეც რომ საფუძვლიანად მოვმზადებულიყავი, უფროსი კოლეგების რჩევით, დეფიციტურ კინოფირთან ერთად, „სტრატეგიულად მნიშვნელოვანი“ სითხე, გურული ჭაჭა წავიღე. აღმოჩნდა, რომ სავსებით სწორად მოვიქეცი. ორნახადი, 60 თუ 70-გრადუსიანი ჭაჭა ყველანაირ დოპინგზე უკეთესი სტიმულატორი აღმოჩნდა ადგილობრივი ოპერატორის, გრიგორისთვის. ჩვენ ჩინებულად გავუგეთ ერთმანეთს. ის კარგი ოპერატორი იყო და უსიტყვოდ ხვდებოდა, რა დროს რისი გადაღება მჭირდებოდა. სხვათა შორის, გრიგორი ცარიცინში იყო დაბადებული, ომის დროს სტალინგრადში იბრძოდა, ბოლოს კი ვოლგოგრადში ცხოვრობდა - ასე ერქვა ვოლგოგრადს სხვადასხვა დროს. თუმცა გრიგორის ამ სახელებიდან ყველაზე მეტად "სტალინგრადი" მოსწონდა და ქართველებიც გამორჩეულად უყვარდა, მაგრამ ვფიქრობ, მას გურულების ჭაჭა ყველაფერს ერჩივნა. დღისით, ვიდრე პარტიის გადასაღებად წავიდოდით, პირთამდე სავსე „მალენკოვის“ ერთ ჭიქას გადაკრავდა და საღამოს, გადაღების დასრულების შემდეგ არც მეორე ჭიქაზე ამბობდა უარს. რაც მთავარია, ამის მიუხედავად, ჩემს ოპერატორს ერთი კადრიც არ გაუფუჭებია...

მაიას მეტოქე, ლენინგრადელი დიდოსტატი ირინა ლევიტინა ძალზე ნიჭიერი და იმ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე იყო. ჭადრაკის გარდა ჩინებულად თამაშობდა ბანქოს და ბრიჯში ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონიც იყო (არ გაგიკვირდეთ, საკმაოდ ბევრი მოჭადრაკე და მათ შორის ქართველებიც, დიდოსტატურად თამაშობენ ბანქოსაც). ლევიტინამ საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული ჭადრაკში პირველად 17 წლისამ მოიპოვა, ხოლო 1978-1980 წლებში კიდევ სამჯერ დაეუფლა ოქროს მედლებს. პრეტენდენტთა ბოლო შესარჩევ ციკლში მან დაამარცხა ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ლიდია სემიონოვა და მსოფლიოს ჩემპიონთან თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩიბურდანიძესთან მატჩის სტარტი, როგორც ვთქვი, ლევიტინამ წარმატებით აიღო. პირველ ორ პარტიაში დაზავების შემდეგ, მესამეში იმარჯვა. თუმცა მაიას შეშფოთების არაფერი ეტყობოდა და მომდევნო, მე-4 პარტიაშივე რევანში აიღო. ანგარიში გათანაბრდა 2:2 და ტიტულისთვის ბრძოლაც ხელახლა დაიწყო. შემდგომში ისევ ზედიზედ სამ პარტიაში დაფიქსირდა ყაიმი, მაგრამ მატჩის პირველი ნახევრის ბოლოს კვლავ პრეტენდენტი დაწინაურდა 4,5:3,5 და სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა.

იმ დროისთვის მე უკვე მოვახერხე რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერა, მათ შორის საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან, მფრინავ-კოსმონავტ ვიტალი სევასტიანოვთან. თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, თავად მატჩის მონაწილეების კომენტარი იქნებოდა, მაგრამ მაიას ასეთ სიტუაციაში ჩემთვის არ ეცალა, ირინას კი უპრობლემოდ შევუთანხმდი შეხვედრაზე. მეორე დღეს ინტერვიუს დროს შევამჩნიე, რომ ლევიტინა დიდად არ გამოხატავდა სიხარულს მატჩში დაწინაურების გამო. იგი სერიოზულად აფასებდა ჩემპიონის შანსებს და თვლიდა, რომ ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო. როგორც ჩანს, იგი ყველაზე კარგად გრძნობდა ჩიბურდანიძის რეალურ ძალას და ხვდებოდა, რომ მაიას დამარცხება ასე ადვილი არ იქნებოდა. მატჩის განახლების შემდეგ მალევე გაირკვა, რომ პრეტენდენტი ტყუილად არ შფოთავდა. მომდევნო ხუთი პარტიიდან მაიამ ოთხი მოიგო და ამით საქმეც მოამთავრა. საბოლოოდ 8,5:5,5 ჩვენმა ჩემპიონმა გაიმარჯვა, ტიტული შეინარჩუნა და მესამედ მოირგო დედოფლის გვირგვინი...

maia-1-copy-1675177329.jpeg

მატჩის დასრულების მეორე დღეს მაია თავის დელეგაციასთან ერთად ჩარტერული რეისით მოფრინავდა თბილისში. მე ნანა ალექსანდრიასთან ერთად რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვეულებრივი რეისით უნდა გამოვფრენილიყავი. მაიას წინასწარვე შევუთანხმდი, რომ თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ტელევიზიაში წავიდოდით და ცოცხალ ეთერში გავიდოდით. ყველაფერი თითქოს დავგეგმე, მაგრამ მაია გამოფრინდა, ჩემი და ალექსანდრიას რეისი კი რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს გამოგვიცხადეს, თქვენი ბილეთები გაყიდულია, ადგილი აღარ არისო. ბედად, სწორედ ამ დროს, მფრინავების ოთახიდან ყური მოვკარი რუსულ საუბარს, ოღონდ - მეგრული აქცენტით. მივხვდი, ეკიპაჟი ქართული იყო და ვგონებ, სანეევზე უფრო მარჯვე ნახტომით მფრინავების გვერდით აღმოვჩნდი. რამდენიმე წუთში ეკიპაჟმა ავტოპილოტი რომ ჩართო, კაბინაში თავიანთი ადგილი დაგვითმეს და ქართული კონიაკით კიდევ ერთხელ შევსვით მაიასა და ჩვენი მოჭადრაკეების გამარჯვებების სადღეგრძელო.

P.S. ბედის ირონიით, მოგვიანებით ორი „კა“-ს მატჩის უნებლიე მონაწილეც გავხდი. ოთხი პარტიის წაგების შემდეგ კასპაროვმა მეტოქე ყაიმებზე დაიჭირა და ზედიზედ 17 პარტია აღარ წააგო. შემდეგ კარპოვმა ისევ მოიგო და ანგარიში გახდა 5:0 ჩემპიონის სასარგებლოდ. მას ერთი მოგებაღა სჭირდებოდა მატჩში საბოლოო გამარჯვებისთვის. ახლა უკვე აღარ მახსოვს, რიგით მერამდენე იყო ის პარტია, კასპაროვისთვის უიმედო მდგომარეობაში რომ გადაიდო. სწორედ ამ დროს სამსახურში დამირეკა ბუხუტი გურგენიძემ. მას გადადებული პოზიციების არაჩვეულებრივად გარჩევა შეეძლო და ის ერთადერთი სვლა მიკარნახა, რომლითაც კასპაროვს შეეძლო პარტიის გადარჩენა. სიმართლე გითხრათ, დღესაც არ ვიცი, მე რა შუაში ვიყავი ან ვინ მომცემდა კასპაროვთან დარეკვის საშუალებას, თუმცა მაინც მოვიფიქრე. კასპაროვი ბაქოელი იყო და მეც აზერბაიჯანის სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს მივაწვდინე ხმა. მეორე დღეს პარტია რომ განახლდა, პრეტენდენტმა ზუსტად ის სვლა ითამაშა, რომელიც გურგენიძემ ურჩია და საბოლოოდ პარტიაც ყაიმით დამთავრდა. ოღონდ დანამდვილებით ვერ გეტყვით, კასპაროვმა ქართველი დიდოსტატის რჩევა გაითვალისწინა თუ თავად მიაგნო ოპტიმალურ გაგრძელებას. საბოლოოდ, 1984 წელს დაწყებული მატჩი შეწყდა, მოგვიანებით კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს გარი კასპაროვი დაეუფლა.

გოგი ფრანგიშვილი