როგორ დავიცვათ ბავშვები ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისგან - გზაპრესი

როგორ დავიცვათ ბავშვები ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისგან

- საკვების მიუღებლობა, ტკივილი და რაც ყველაზე საშიშია - ნაღვლის ბუშტში "ჩაბუდებული" კენჭი შეიძლება დაიძრას, სადინარში გაიჭედოს და პაციენტს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდეს. დღეს ნაღველ-კენჭოვანი დაავადება ბავშვებსა და მოზარდებშიც საკმაოდ გახშირებულია. ამ პრობლემაზე მედიცინის აკადემიურ დოქტორს - დავით ელგანდაშვილს ვესაუბრეთ.

- ნაღველ-კენჭოვანი დაავადება მართლა ძალიან გავრცელებულია. ეს დაავადება 6-7 წლის ბავშვებშიც არის აღმოჩენილი. ჩემს ქირურგიულ პრაქტიკაშიც ყოფილა შემთხვევა, როცა ოპერაცია შვიდი წლის გოგონას გავუკეთეთ. ეს იყო ყველაზე მცირეწლოვანი პაციენტი, რომელსაც ოპერაცია დასჭირდა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი - 85 წლის გახლდათ. მას ძალიან მწვავე მდგომარეობა ჰქონდა, რადგან დაზიანებული ნაღვლის ბუშტით წლების განმავლობაში დადიოდა. საქმე ის არის, რომ პაციენტებს ოპერაციის გაკეთება არ სურთ, ეშინიათ და ქვებს დიდი ხნის განმავლობაში აგროვებენ. ოპერაცია ბოლოს მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან ეს დაავადება თანდათან მწვავდება. ამიტომ, თუ ისეთი ცხოვრების წესი გვაქვს, რომელიც კენჭების გაჩენას უწყობს ხელს, მუცლის ღრუს ექოსკოპია 3-6 თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩავიტაროთ და მდგომარეობა ვაკონტროლოთ.

- რა უწყობს ხელს კენჭების წარმოქმნას?

- ბევრი რამ, მაგრამ გენეტიკური წინასწარგანწყობა მაინც მთავარია. გვქონია შემთხვევა, როცა ნაღველ-კენჭოვანი დაავადება დედასაც ჰქონდა, მამასაც და შვილსაც. ნაღვლის ბუშტის დაზიანებას თვითმკურნალობაც იწვევს, ასევე - ზოგიერთი მედიკამენტიც. ნაღველ-კენჭოვანი დაავადება შეიძლება წარმოიქმნას დიაბეტის ფონზეც. საზიანოა თვითნებური დიეტები, გასახდომი წამლები, რომლის წარმოშობა და შემადგენლობა დანამდვილებით არავინ იცის. ამ წამლებს ყველაზე ხშირად მოზარდობის ასაკში სვამენ, როცა ორგანიზმში ისედაც ურთულესი პროცესები მიმდინარეობს. თვითნებურად წამლების სმა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს, ნაღვლის ბუშტში ჯერ ნალექი ჩნდება, ის თანდათან კრისტალებად იქცევა, ბოლოს კი ქვებად ყალიბდება, რომელიც სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. საერთოდ, წვრილი ქვა უფრო საშიშია, მისი დაძვრაც გაცილებით სახიფათო და მტკივნეულია. ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის დროს, ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ კუჭი აწუხებს და შეტევებიც ამიტომ აქვს. მხოლოდ მას შემდეგ, როცა ექიმი გამოიკვლევს და კუჭს გამორიცხავს, ხვდება, რომ "დამნაშავე" მისი ნაღვლის ბუშტია.

elgandahvili-copy-1675624564.jpg

- ე.ი. ნაღველ-კენჭოვან დაავადებას გადამცემი ტკივილი ახასიათებს?

- დიახ. ზოგჯერ პაციენტს ჰგონია, რომ ბეჭები სტკივა და ხერხემალზე მკურნალობს. ნაღვლის ბუშტის დაავადება იწვევს არითმიას, მოჭერით და მჩხვლეტავ ტკივილს გულის არეში და უკიდურეს შემთხვევაში, ინფარქტსაც კი. მოკლედ, ასეთი პაციენტები ხშირად სხვა პროფილის ექიმებთან მიდიან და ბოლოს, უკვე ჩამოყალიბებული კენჭებითა და დაზიანებული ნაღვლის ბუშტით მოდიან ქირურგთან.

- რამდენად სახიფათო მოვლენაა ნაღვლის ბუშტის გახეთქვა?

- ეს ბოლო სტადიაა! პირველი სერიოზული გართულებაა, როდესაც კენჭი ნაღვლის ბუშტსა და სადინარს შორის გაიჭედება. შეგუბებული და ჩაკეტილი ნაღველი ჯერ ტკივილს იწვევს, თანდათან ანთება ვითარდება, ბუშტის კედელი სქელდება და ნაღვლის ინფიცირება იწყება. შემდგომ ეტაპზე ჩირქი გროვდება და მწვავე ანთებითი პროცესი ვითარდება. ამ დროს, მთელი ეს მასა მუცლის ღრუში გადმოიღვრება და თუ დროულად არ ვუშველით, ჯერ ადგილობრივი პერიტონიტი ვითარდება, შემდეგ - გენერალიზებული. ადამიანს ძლიერი, აუტანელი ტკივილი ეწყება და სახის ფერიც ეცვლება. ვითარდება ღებინება, შარდი მუქდება, სადინარში გაჭედილი ქვა იწვევს სახისა და თვალების გაყვითლებას - ეს იმის ბრალია, რომ ნაღველი მუცელში იღვრება და ამ დროს სასწრაფო ოპერაციაა საჭირო. ოპერაცია მაშინაც აუცილებელია, როცა ქვა სადინარში გაიჭედება და გარშემო ქსოვილები შეშუპდება. ამ დროს არც გამაყუჩებელი მოქმედებს. ექიმი ცდილობს, პროცესი ჩააცხროს, კენჭი უკან - ნაღვლის ბუშტში დააბრუნოს და მერე გეგმიური ოპერაცია ჩაატაროს. თანამედროვე მიდგომა ნაღვლის ბუშტის ამოღებას გულისხმობს, რაც ლაპარასკოპიული გზით ტარდება.

- ოპერაციამდე როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომ ნაღვლის ბუშტის შეტევა თავიდან აიცილოს?

- პაციენტებმა უკვე იციან, რომელი საკვები იწვევს ტკივილს. ჩვენც ვურჩევთ, რომ მოერიდონ ზეთში შემწვარს, ასევე - ღორისა და ცხვრის ხორცს, ცხარე სანელებლებს და საერთოდ, ცხარე კერძებს. უმჯობესია მოხარშული ან გრილზე შემწვარი ხორცი მიიღონ. მავნებელია ციტრუსები, გაზიანი სასმელები და ტკბილი საკვები - ეს ყველაფერი ნაღვლის ბუშტს აღიზიანებს, შეტევას და მწვავე ტკივილს იწვევს. სასურველია, საკვები ზომიერად მიიღოს და კუჭ-ნაწლავის სისტემა არ გადატვირთოს, რადგან ერთი ორგანოს დაზიანება ხშირად, მეორესაც გადაეცემა. კენჭებისა და ნალექის გროვის გამო, პაციენტისთვის საკვების მიღება ყოველთვის რისკის შემცველია: ამ დროს კენჭი შეიძლება ძირითად სადინარში გადავარდეს და გაიჭედოს.

- ნაღველ-კენჭოვანი დაავადება უშლის თუ არა ხელს მშობიარობას?

- ცხადია, კენჭებით სავსე ნაღვლის ბუშტი მშობიარობას ხელს უშლის, ამიტომ სასურველია, ქალმა ჯერ დაზიანებული ნაღვლის ბუშტი მოიცილოს და მერე დაორსულდეს. ზოგჯერ ორსულებმა არ იციან, რომ კენჭები აქვთ და მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა ნაყოფი მეექვსე-მეშვიდე თვეშია: ამ დროს ნაღვლის ბუშტი ვიწროვდება, რაც მწვავე შეტევას იწვევს. ჩემს საექიმო პრაქტიკაშიც ყოფილა შემთხვევა, როცა 7 თვის ორსულ პაციენტს მწვავე შეტევა ჰქონდა და ნაღვლის ბუშტი ლაპარასკოპიული მეთოდით ამოვუღეთ.

- როდის შეიძლება ნაოპერაციები ადამიანი ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს?

- ადრე ნაოპერაციები რამდენიმე თვე არაფერს ჭამდა, ახლა მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უწევთ დიეტის დაცვა. მერე რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ყველაფრის მიღება შეუძლიათ, ოღონდ - ზომიერად. განსაკუთრებით, საღამოს 6 საათის შემდეგ არ შეიძლება ორგანიზმის გადატვირთვა. ეს ზედმეტი წონის დაკლებისთვისაც საუკეთესო გზაა. რაც უფრო მეტ კალორიულ და დაბალანსებულ საკვებს მივაწვდით ორგანიზმს, გახდომა მით ადვილია. ხილი და ძნელად მოსანელებელი საკვები საღამოს საათებში ისედაც არ უნდა მივიღოთ და ვახშამი დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა მოვასწროთ, რომ ორგანიზმმა ცარიელი კუჭით დაიძინოს. ცუდია, რომ "ფეისბუკი" და "ინსტაგრამი" ნაირ-ნაირი დიეტითაა აჭრელებული და ყველა უეცარი შედეგის მიღწევას გვპირდება. მკაცრი დიეტა სასურველი არ არის, მხოლოდ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვებაა საჭირო, რომ ზედმეტი წონა მოვიშოროთ და ამავდროულად, ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ. ადამიანს გენეტიკური წინასწარგანწყობაც რომ ჰქონდეს, სწორი კვებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ჭარბი წონის რეგულირებას მაინც მოახერხებს. რაც მთავარია, დიეტა თვითნებური არ უნდა იყოს: ამ დროს, ენდოკრინოლოგის მუდმივი კონტროლი და მეთვალყურეობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ნაღვლის ბუშტს და შინაგან ორგანოებს დიდი რისკის ქვეშ ვაყენებთ.

- ესე იგი, ჯანსაღი კვებით ნაღვლის ბუშტის და სხვა ორგანოების დაზიანებას ხელს შევუშლით?

- ასეა, თუმცა, რამდენიმე რისკ-ფაქტორი მაინც რჩება: ნაღვლის ბუშტის დაზიანება ქალებში უფრო ხშირია, რადგან ორსულობა და მშობიარობა კენჭების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ასევე სერიოზული რისკ-ფაქტორია ასაკი - კენჭები 40 წელს ზემოთ უფრო ჩნდება. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანი ვერ ახერხებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას: არ ვარჯიშობს, მთელი დღე სამსახურშია, არ მოძრაობს და ქაოსური კვების რეჟიმი აქვს, მთელი დღის ნორმას საღამოს ერთბაშად იღებს, ამას ემატება ლუდი, შებოლილი საკვები, ალკოჰოლი და საერთოდ, არაჯანსაღი კვება... ავტომანქანას და შინაურ ცხოველებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ძაღლის და კატის საკვები უფრო კალორიული და სასარგებლოა, ვიდრე ჩვენი. ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდებით და საკუთარ ორგანიზმს ცუდ დღეში ვაგდებთ, რადგან ღამით ჭამა და მოუწესრიგებელი კვების რეჟიმი დამღუპველია ადამიანის ორგანიზმისთვის. ადამიანები ჯანმრთელობას მხოლოდ სიბერეში აქცევენ ყურადღებას - მაშინ, როცა უკვე გვიანია.

- რამდენად ეფექტიანია კენჭების დაშლა ე.წ. ლაზერით?

- "ლაზერს" ხალხში უწოდებენ, ალბათ იმიტომ, რომ ამ დროს კოაგულაცია ელექტრონული მუხტებით ხორციელდება. თირკმლის კენჭების დაშლა ამ მეთოდით შეიძლება, მაგრამ ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭების დაშლა ულტრაბგერული გზით გამორიცხულია. ოპერაცია რომ თავიდან აირიდოს, ზოგიერთი პაციენტი ექიმბაშებს მიმართავს და მცენარეულ წამლებს იღებს. ეს შედარებით იაფი უჯდებათ, მაგრამ ნაღვლის ბუშტში ქვა რომ ჩამოყალიბდება, მისი დაშლა ხალხური მეთოდებით შეუძლებელია. მცენარეული მედიკამენტები, პირიქით, კენჭის ამოძრავებასა და გაჭედვას უწყობს ხელს.

- ალბათ, პაციენტების უმეტესობას არ სურს, რომ ნაღვლის ბუშტი დაკარგოს.

- ეს შეკითხვა ბევრს უჩნდება: როგორ ვიცხოვრებ ამ ორგანოს გარეშეო? მაგრამ მათ არ იციან, რომ ნაღველი არანაირ სერიოზულ ფუნქციას არ ასრულებს, ის უბრალოდ, რეზერვუარია.

- დაბოლოს, როგორია თქვენი რჩევები: როგორ დავიცვათ ბავშვები და მოზარდები ნაღველ-კენჭოვანი დაავადებისგან?

- სწორ კვებაზე უკვე ვისაუბრეთ: როგორც თვეების ბავშვს ვკვებავთ საათების მიხედვით, ასევე უნდა იკვებებოდეს შემდგომში ბავშვიც და მოზრდილი ადამიანიც. დილით აუცილებელია წყალი, რომელიც ან ნადგომი უნდა იყოს, ან გაფილტრული. საუზმეზე ძალიან ბევრი ამბობს უარს, რაც ასევე დაუშვებელია. საუზმიდან სამ საათში ბავშვმაც და მოზრდილმაც აუცილებლად უნდა წაიხემსოს, ხოლო სადილი საღამოს 5-6 საათამდე მოასწროს, საღამოს 6 საათის შემდეგ კი მხოლოდ მსუბუქი საკვები - მაწონი ან კეფირი მიიღოს. ეს ხელს შეუწყობს თქვენს პატარებს, რომ ნაღველ-კენჭოვანი დაავადება არ გაუჩნდეთ და სერიოზული საფრთხე აიცილონ თავიდან: დროთა განმავლობაში, დაზიანებული ნაღველი ღვიძლს და პანკრეასსაც აზიანებს, ხოლო ნაღვლის ბუშტში არსებული ქვები სიმსივნის რისკსაც ზრდის და მთელ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. იმისათვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, პროფილაქტიკა საუკეთესო გზაა.

ხათუნა ჩიგოგიძე