სოფო ვარაზის არაჩვეულებრივი სამყარო - გზაპრესი

სოფო ვარაზის არაჩვეულებრივი სამყარო

ქართველი მხატვრის - სოფო ვარაზის შემოქმედება მუდამ დიდ ინტერესს იწვევს... მხატვარი ცხოვრების წესითაც გამორჩეულია. თბილისში დაბადებული და გაზრდილი კახეთის სოფელ ვერონაში გადასახლდა...

- გომბორზე, ვერონაში, ბუნებასთან სიახლოვე ერთგვარ ფილოსოფიურ განწყობას მიქმნის. შემიძლია დიდხანს ვიჯდე ვერანდაზე და უბრალოდ ვუყურო მთას ან ქორის ფრენას, ან ყვავილებს და "ვუსმენდე" სიჩუმეს, რომელიც სინამდვილეში სულაც არაა სიჩუმე და სავსეა ჩიტების ჭიკჭიკით, მწერების ბზუილით, საქონლის ზანზალაკების ხმით, მწყემსების შეძახილებითა და ფოთლების შრიალით. ზედმეტ პათოსსა და სენტიმენტალობაში ნუ ჩამითვლით, ეს სრული სიმართლეა, ეს არის ჩემთვის დასვენების საუკეთესო ხერხი. ბევრს ვკითხულობ. ხატვისგან თავისუფალ დროს მუსიკას ვუსმენ - ეს ძალიან მაკლდა თბილისში, რადგან ამით მეზობლებს ვერ შევაწუხებდი... დილით ადრე ვდგები; აქ ადრე ადგომაც გიხარია. რადგან არ ვარ სოფელში გაზრდილი, ბევრი რამ უცხოა ჩემთვის და ბევრი რამის გაკეთება უბრალოდ არ ვიცი, რაც დიდი მინუსია. მაგალითად, არ ვიცი ძროხის მოწველა, ბოსტნის მოვლა და ა.შ. ამიტომ მშვიდად ვაკეთებ იმას, რაც ვიცი და ამით ბედნიერი ვარ...

17098490-773207369503278-2076924552827343725-n-1675624842.jpg

- უმნიშვნელოვანესია თქვენი პერსონალური გამოფენები, ვარიაციები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე...

- ექვსი პერსონალური გამოფენა მქონდა და ვფიქრობ, ეს სავსებით საკმარისია. არ ვიცი, კიდევ რა უნდა დავხატო ისეთი განსხვავებული, პატივცემული პუბლიკა რომ გავაკვირვო. მგონია, რომ ახალი გამოფენისთვის ასევე ახალი რამ უნდა შევქმნა და ხანდახან, ვფიქრობ კიდეც ამაზე, ანუ კონცეპტუალურად ახალზე. არ მინდა ხალხი დავღალო საკუთარი პერსონით...

ორიოდე წლის წინ საინტერესო შემოთავაზება მივიღე ერთ-ერთი კერძო კლინიკისგან - "ვეფხისტყაოსანი" დამესურათებინა, რაც საკმაოდ ამბიციური წამოწყება იყო ჩემი მხრიდან, ვინაიდან უკვე არაერთმა გამოჩენილმა და არცთუ ისე გამოჩენილმა მხატვარმა სცადა რუსთაველის პოემის დასურათება. "სცადა" - ასე იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი აზრით, არც ერთს არ გამოუვიდა ეს სრულყოფილად და მათ შორის, არც მე.

ეს პოემა იმდენად დიადია და მრავალწახნაგოვანი, იმდენი შრეა, ისეთი ენერგეტიკა მოდის, რომ მგონი, ვერც ერთი მხატვარი ადეკვატურად ვერ გადმოსცემს ამ ყველაფერს საკუთარი მატერიალისტური ხელსაწყოებით. ეს აღემატება ჩვენს ძალებს. ღრმა ეზოტერიკული შინაარსის პოემაა და არ ექვემდებარება ილუსტრირებას. აი, ასეთი კატეგორიული ვარ!.. და მე მაინც ვცადე, დავარქვი - "ვარიაციები", რადგან არაფერზე მაქვს პრეტენზია, მეშინოდა კიდეც ხატვისას. ვფიქრობდი, ახლა მიხაი ზიჩის შემადარებენ ან თოიძეს, ან ქობულაძეს და დავიღუპე-მეთქი, მაგრამ მერე დავძლიე ეს შიში და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

avto-1675624869.jpg

- თქვენი გვარის გაჟღერებისას ალბათ ყველას თქვენი ოჯახის წევრი, გენიალური მხატვარი - ავთო ვარაზი ახსენდება...

- ავთო იყო ბრძენი, მოაზროვნე და ძალიან ნიჭიერი ფერმწერი თავისი განსაკუთრებული, განუმეორებელი ფერთა პალიტრითა და გადმოცემის მანერით. ასეთები იშვიათად იბადებიან და ალბათ, მე გამიმართლა, რომ ამ ოჯახში დავიბადე - დიდი ბებია, ავთოს დედა კარგად ხატავდა და სავარაუდოდ, მისი გენები გამოჰყვა ავთოს (და არა მარტო მას). ოჯახის თითქმის ყველა წევრი კარგად ხატავდა (სხვათა შორის, დედის მხრიდანაც), მაგრამ არც ერთი ბოლომდე არ გაჰყვა ამ გზას.

ბაბუაჩემმა, როგორც უფროსმა ძმამ, ავთო 7 წლის რომ გახდა, თურმე საჩუქრად ალბომი და საღებავები უყიდა - ეს ავთოს პირველი სახატავი მასალა იყო, ამაზე ბაბუამ თავად მიამბო. ავთოს თითქმის არ ვიცნობდი, ვინაიდან, ის რომ გარდაიცვალა, მხოლოდ 8 წლის ვიყავი. მახსოვს, როგორ სტუმრობდა ის ბებიასა და ბაბუას. მას მატერიალურად უჭირდა და ახლა ვხვდები, რომ სადღაც მაინც ნიკალას გზა გაიარა და არც ისაა შემთხვევითობა, რომ გიორგი შენგელაიას გენიალურ ფილმში მან მთავარი როლი შეასრულა.

ბაბუა და ბებია შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ბაბუასთან რომ მოდიოდა, მეც მესაუბრებოდა ხოლმე, მაგრამ რადგან პატარა გოგო ვიყავი, მხოლოდ იმას მეკითხებოდა, რა დაგიხატოო? და ყოველ ჯერზე კარამელის კანფეტს მჩუქნიდა, რომელსაც ქაღალდიანად ვღეჭავდი, რადგან ქაღალდი მიკრული იყო ზედ და ვერ ვაძრობდი - ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. მის პიროვნებაზე უკვე მოგვიანებით, ბაბუასა და მისი მეგობრებისგან შევიტყვე, ანუ თავიდან გავიცანი, როგორც არაორდინარული, საკმაოდ რთული ხასიათის, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანი. მასთან ნათესაური კავშირი სადღაც მეხმარებოდა კიდეც ცხოვრებისეულ გზაზე, მაგრამ მე არ მინდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ავთოს ძმისშვილიშვილი ვიყავი, დაეწერათ კარგი ნიშანი ან რაიმე დაუმსახურებელი ბონუსი მიმეღო. თანაც, განსხვავებულ მანერაში ვხატავდი, არ ვიყავი (და არც ახლა ვარ) ფერმწერი ან პორტრეტისტი, გრაფიკოსი გახლავართ. მიხარია, რომ არავინ გვადარებს ერთმანეთს, როგორც მხატვრებს. ასე თუ ისე, ყოველთვის ვცდილობდი, ჩემით გამეტანა თავი. აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვა, რომ როგორც მხატვარს, ავთოს ჩემზე გავლენა არ მოუხდენია სტილის ჩამოყალიბებაში, რაც არანაირად არ აკნინებს მას, როგორც დიდ ოსტატს - უბრალოდ, ჩვენ სხვადასხვა ორბიტაზე ვიმყოფებით ხატვის კუთხით.

119566278-1754214211402584-6974622616236504043-n-1675624858.jpg

- ხატვა ძალიან პატარამ დაიწყეთ და მალევე გამოჩნდა თქვენი ხელწერა...

- ბავშვობაში ხატვის სურვილი შიმშილივით ან წყურვილივით საოცარი შეგრძნება იყო, რისი ახსნაც ძალიან რთულია. მაშინ შემეძლო დღეში ათი, თხუთმეტი ან მეტი დამეხატა. ულევი ენერგია მქონდა. მეუფლებოდა რაღაც ამოუცნობი პოზიტიური ძალა, ბედნიერების შეგრძნება. ამას ჩვეულებრივად "მუზას" ან ინსპირაციას, ან შთაგონებას ეძახიან. სკოლას რომ ვაცდენდი ავადმყოფობის გამო, ლოგინში, მუხლებზე მედო დიდი ალბომი და ვხატავდი. საწოლში მეყარა ფლომასტერები და ფანქრები, მერე ეს ყველაფერი ძილში მიშლიდა ხელს. კედლებზეც ვხატავდი, ასფალტზეც... მიყვარდა წაკითხული წიგნის ილუსტრირება - არასოდეს მაწყობდა ის ილუსტრაციები, რაც წიგნში იყო (საერთოდ თუ იყო). რატომღაც, საშინლად მაღიზიანებდა დიკენსის რომანების ილუსტრაციები და თავად დავასურათე რამდენიმე რომანი, ჩემებურად ვხედავდი ამ პერსონაჟებს... მერე ვთხზავდი საკუთარ ნაწარმოებს - აქ კი სრული თავისუფლება მქონდა გმირების ხასიათების შექმნაში. შემდეგ ჩავაბარე ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში და მერე სამხატვრო აკადემიაში... სამწუხაროდ, ეს დრო დაემთხვა საკმაოდ მძიმე პერიოდს ქვეყნის ისტორიაში. არანაირი პირობები ჩვენ არ გვქონდა. მახსოვს, ბებიასთან, ვერაზე ვიჯექი და გამოცდისთვის ვხატავდი ნავთის ლამპის შუქზე, თან ძალიან ციოდა. არანაირი გათბობა არ გვქონდა, გაზი ახალი გათიშული იყო საქართველოში, არც დენი გვქონდა. იდგა 1993 წლის სუსხიანი დეკემბერი. მაშინ ვიყავით აბსოლუტურად მოუმზადებლები ასეთი პირობებისთვის. ეს მერე გაიგო ხალხმა, რით უნდა გათბე უგაზობისას და რა უნდა ჭამო პროდუქტების დეფიციტის პირობებში... ჰოდა, ამ ლამპის შუქზე ვხატავდი გაყინული ხელებით და მერე, დღის განათებაზე მიკვირდა, რა სხვანაირად გამოიყურება ფერები-მეთქი... ასეა თუ ისე, გამოცდებსაც ვაბარებდით და შეძლებისდაგვარად ვსწავლობდით, ამას თუ სწავლა ერქვა. შეუძლებელია კარგ ხასიათზე იყო და ხატვის სურვილი გქონდეს, როდესაც აუდიტორიაში ყინავს და აკადემიის ბუფეტში მხოლოდ გახეხილი ჭარხლის სალათი იყიდება, შენ კი გშია. და არც სახლში მისულს გხვდება რამე გემრიელი სადილი ან სითბო, ან შუქი... მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ასე თუ ისე, გადავიტანე ის პერიოდი. ახლა, ამ ასაკში, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა...

- რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით კოსტიუმების მხატვარი?

- ყოველთვის მიტაცებდა ძველი დროის კოსტიუმი. ის იმდენად მდიდრული იყო, ისეთი საინტერესო და იმდენი დეტალისგან შედგებოდა, რომ ცალკე ხელოვნების ნიმუშად აღიქმებოდა. ნაქარგებითა და ძვირფასი ქვებით მოკაზმული კაბები ღირდა ძალიან ძვირი და მემკვიდრეობით გადაეცემოდა დედიდან ქალიშვილს. მოდა ისეთი სისწრაფით არ იცვლებოდა, როგორც ახლა და დაახლოებით 100 წლის მანძილზე, ანუ მთელი საუკუნე, თითქმის ერთი და იგივე სილუეტი იყო აქტუალური... ბავშვობაში (და მერეც) საათობით ვათვალიერებდი ესპანელი გრანდებისა და ინფანტების, ფრანგი მეფე-დედოფლების, ინგლისელი არისტოკრატიის და ჰოლანდიელი თუ ბელგიელი ბურჟუაზიის სკრუპულოზურად დახატულ კოსტიუმებს. ამ პორტრეტებში თითქოს ადამიანი მეორე პლანზე გადადიოდა და მხატვარი ხაზს უსვამდა ამ პიროვნების პომპეზურ, მდიდრულად მორთულ ჩაცმულობას, ვიდრე მისი სახის ნაკვთებს. ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი პორტრეტი ჩემზე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. გაოცებული ვუყურებდი მარგალიტების გამოსახულებას, რომლებიც ისე ვირტუოზულად იყო დახატული, რომ ხელის შევლება გინდებოდა... ძალიან მაინტერესებდა, როგორ და რას ჩავაცვამდი ამა თუ იმ პიესის, ბალეტისა თუ ოპერის პერსონაჟს. ამან გადამაწყვეტინა, ჩამებარებინა კოსტიუმის მხატვრობაზე. მართალია, ეს ტანსაცმლის მოდელირების განყოფილება იყო და საკმაოდ განსხვავდებოდა იმისგან, რაც მაინტერესებდა - ზოგადად თანამედროვე მოდა ნაკლებად მიტაცებდა - მაგრამ ასე თუ ისე, მაინც ახლოს იყო ჩემს ოცნებასთან. სამოქალაქო ომებმა, ნგრევამ და სოციალურმა პრობლემებმა თავისი გაიტანა, მხოლოდ 3 წელი ვისწავლე სრულფასოვნად და დიდი სირთულეებით მომიხდა აკადემიის დამთავრება და დიპლომის აღება.

მანანა გაბრიჭიძე