ორი მეგობრის შექმნილი "მხიარული სარკეები" - გზაპრესი

ორი მეგობრის შექმნილი "მხიარული სარკეები"

ბავშვობის მეგობრები: ლიზა ირემაშვილი და მარიამ ანდღულაძე არასტანდარტულ კედლის სარკეებს ქმნიან, რომელიც მაშინვე მოგხვდებათ თვალში. მათი ხელით შექმნილ თითოეულ ფერად ნივთს, მხიარული ხასიათი აქვს და სწორედ ეს არის ახალგაზრდა ავტორების ძირითადი ხელწერაც, მთავარი პლუსიც და ამ სარკეებით მათი თანატოლების დაინტერესების მიზეზიც. სარკეების ხაზის გარდა, საკიდებს, ჩანთებსა და სამკაულსაც ქმნიან.

2-1675758294.jpeg

ლიზა ირემაშვილი:

- მე და მარიამი ბავშვობის მეგობრები ვართ. ერთმანეთს 7-8 წლიდან ვიცნობთ. ორივემ სამხატვრო აკადემია დავამთავრეთ: მე სამკაულისა და ლითონის დეკორატიული პლასტიკის ფაკულტეტი, ხოლო მარიამმა ფერწერის. დაახლოებით ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი სარკეებით გამოვჩნდით. მანამდე ცალ-ცალკე ვხატავდით, ნახატებს ვყიდდით და გადავწყვიტეთ, ხელოვნებასთან დაკავშირებული რამე ერთობლივი საქმე გაგვეკეთებინა. თავდაპირველად მხოლოდ ერთნაირ, ფოტოებით გაფორმებულ სარკეებს ვაკეთებდით, შემდეგ ეტაპობრივად განვვითარდით და ახლა უკვე ვამზადებთ როგორც ხის პატარა, ისე დიდი ზომის სარკეებს.

3-1675758324.jpeg

- ხელით ხატავთ, მხოლოდ თქვენი დიზაინით თუ დამკვეთების სურვილებს ითვალისწინებთ? და აქვე გკითხავთ, სარკეების მფლობელები ინტერიერში სად ათავსებენ თქვენს ნივთებს?

- ჩვენი ყველა ნივთი ხელით მოხატულია, ხის სარკეები აკრილის საღებავით იხატება. თავდაპირველად რამდენიმე შაბლონი გვქონდა - ორნამენტებით გაფორმებული ოთხკუთხა სარკეები. ცოტა ხანში სხვადასხვა ფორმა დავამატეთ, მათ შორის, გულის ფორმის ნივთებიც. მოგვიანებით, უკვე დამკვეთების სურვილების გათვალისწინებაც დავიწყეთ. ვინაიდან ამ ნივთებს უმეტესად სასაჩუქრედ არჩევენ, ზოგს სურს, რომ სარკე მისი ამა თუ იმ მეგობრის საყვარელ ფერში შევქმნათ ან რამე კონკრეტული ფიგურებით თუ წარწერით გავაფორმოთ. შესაბამისად, დამკვეთებიც ჩვენთან ერთად ხდებიან დიზაინერები. ბოლო დროს სახლის ინტერიერისთვის ფერადი ნივთები და აქსესუარები აქტუალური გახდა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენს ფერად, პატარა ზომის, კედელზე დასაკიდებელ სარკეებს ძირითადად, ახალგაზრდები მეგობრებს ან საყვარელ ადამიანებს ჩუქნიან. გვაქვს ბავშვის ხაზიც, პატარებისთვის შექმნილი სარკეებიც აქტუალურია. რაც შეეხება ნივთების ინტერიერში განთავსებას, ჩემი დაკვირვებით, ძირითადად საძინებლებსა და მისაღებში კიდებენ, ხოლო დიდი ზომის სარკეებს ჰოლში.

მინდა დავამატო ისიც, რომ ცოტა ხნის წინ სასაჩუქრე ბოქსები გავაკეთეთ, სადაც მხოლოდ ხელნაკეთი ნივთებია განთავსებული. ჩვენს მეგობართან ვთანამშრომლობთ, რომელიც პოსტერებს ამზადებს. ბოქსებში სარკე, საკიდი და პოსტერი ჩავდეთ, საახალწლოდ შეძენის მსურველთა ბუმი გვქონდა.

4-1675758307.jpeg

- თქვენს პროდუქციას სამომავლოდ რამე ხომ არ დაემატება?

- მე და მარიამს ინტერიერის კურსი გვაქვს გავლილი და გვინდა სამომავლოდ ჩვენი საქმიანობა განვავითაროთ, სახლის აქსესუარებისა და ავეჯის მიმართულებით ვიმუშაოთ და ჩვენი პატარა ხელნაკეთი ნივთების სივრცე შევქმნათ.

ანა კალანდაძე