თამრიკო ჭოხონელიძე ბავშვობის დროინდელ მეგობარს ეძებს - გზაპრესი

თამრიკო ჭოხონელიძე ბავშვობის დროინდელ მეგობარს ეძებს

ქალბატონ თამრიკო ჭოხონელიძეს ვთხოვეთ, ჩვენთვის იმ ადამიანის შესახებ ეამბა, რომელიც არასოდეს დაავიწყდება. ასეთი აღმოჩნდა ბიჭი, რომელთანაც ქალბატონ თამრიკოს მხოლოდ 2-წლიანი მეგობრობა აკავშირებდა და რომელსაც დღემდე ეძებს...

- ეს ამბავი შორეული ბავშვობიდან იწყება: როდესაც სკოლაში შევედი, პირველ კლასში, გვერდით მომისვეს ერთი გამორჩეულად დიდი აღნაგობის ბიჭი, რომლის სახელი და გვარი ძალიან კარგად მახსოვს - ისააკ იოსებაშვილი. ებრაელი გახლდათ. ძალიან დავმეგობრდით. საოცრად კეთილი, დიდი, დევივით ბავშვი იყო. მისი სახით, ჩვენს საკლასო ოთახში კეთილი არსება დადიოდა, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. განსაკუთრებულად კი მე დამიმეგობრდა. დედამისი ყოველდღე მირეკავდა, ჩემთან გადაამოწმებდა, ისააკმა გაკვეთილები სწორად ჩაინიშნა თუ არა. ალბათ, მაშინ როგორი სასაცილოები ვიყავით, მით უმეტეს - როცა დედა შვილს ჩემთან ამოწმებდა ხოლმე (იღიმის)... ბავშვურ ურთიერთობებში, თამაშში ამ ბიჭმა გამორჩეული სიკეთით დამამახსოვრა თავი... უკვე მეორე კლასის მოსწავლეები ვიყავით, როცა დასვენებაზე, საკლასო ოთახიდან დერეფანში გამოვედით. სრულიად შემთხვევით, 1 ბიჭს, რომელიც დერეფანში დარბოდა, ფეხი წამოვკარი და დავვარდი. ჩემ გარდა, ეს არავის ბრალი არ ყოფილა. დაცემის მერე არაფერი მახსოვს, გარდა იმისა, რომ საშინელი ჩოჩქოლი ატყდა. თურმე, ისააკი ჩემს დასაცავად გამოენთო და იმ ბიჭს გაებრძოლა... ამის გამო მშობლები სკოლაში დაიბარეს... მოკლედ, ისააკი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მეგობარი დაიცვა. ეს ამბავი ისე მახსოვს, როგორც ლამაზი მოგონება, რადგან მისი მხარდაჭერა ვიგრძენი... ერთ დღეს ჩვენი კლასის დამრიგებელი საკლასო ოთახში შემოვიდა და თქვა: - ბავშვებო, თქვენი მეგობარი ისააკი თავის სამშობლოში მიემგზავრებაო. ბავშვებმა მართლა ვერ გავიგეთ, რას ნიშნავდა ეს, რადგან ვიცოდით, რომ ყველას სამშობლო საქართველო იყო, სადაც ვცხოვრობდით. მასწავლებელმა ლაპარაკი განაგრძო, - ხვალ ისააკი სკოლაში ბოლოჯერ მოვა, მერე კი გაემგზავრება. ამიტომ თქვენი სურვილები დაუწერეთ და წერილები გაატანეთო... სახლში დაბრუნებულმა ვიკითხე, "სამშობლოში მიემგზავრება" რას ნიშნავდა. რომ ამიხსნეს, დიდი ტკივილი ვიგრძენი: მითხრეს, რომ ისააკის სამშობლოში ომი იყო და ყველა ებრაელი თავის სახელმწიფოებრივ მოვალეობად მიიჩნევდა, იქ წასულიყო და თავისი მიწა-წყალი დაეცვა. ჩემს მეხსიერებაში ძალიან მტკივნეულად ჩარჩა ის ფაქტი, რომ ჩემი მეგობარი იქ მიდიოდა, სადაც ომი იყო. 70-იანი წლების პერიოდზე ვსაუბრობ, როცა საბჭოთა კავშირის საშინელი, ჩაკეტილი სივრციდან თუ გახვიდოდი ადამიანი, უკან ვეღარ შემოხვიდოდი. ქართველი ებრაელებისთვის, ვინც მიიჩნევდნენ, რომ თავიანთ მიწა-წყალზე უნდა წასულიყვნენ, საქართველოს დატოვება დიდი ტრაგედია იყო. ისინი აქ დაიბადნენ, მათი წინაპრების საფლავები კი აქ იყო... ქართველებისა და ებრაელების მეგობრობას საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ქვეყნიდან ყველა იმ განწყობით მიდიოდა, რომ თავიანთ საყვარელ საქართველოს ვეღარ ნახავდა. მცირე ასაკში ამის გააზრება ჩემთვის ძალზე მტკივნეული იყო...

მართლაც, მეორე დღეს ისააკი სკოლაში მოვიდა. ბავშვებმა წერილები დავურიგეთ, გავატანეთ... იმ დღეს კიდევ უფრო გულჩათხრობილი იყო. თითქოს ეტირებოდა, ცრემლებს ვერ იკავებდა, მაგრამ წავიდა. ყველანი დავემშვიდობეთ... შემდეგ უფროსები იმ დღის ამბებს ჰყვებოდნენ: ისააკის ოჯახი მატარებლით გაემგზავრა. იქ იმყოფებოდა ისააკის უფროსი ძმა - დათოც, რომელიც მეექვსე კლასის მოსწავლე იყო. ის თანაკლასელებმა და მასწავლებლებმაც გააცილეს. თურმე, როცა ოჯახი მატარებელში ავიდა, ბოლო წუთს დათო ოჯახს გამოექცა. წარმოიდგინეთ, ბაქანზე ჩამოხტა... წივილ-კივილი ატყდა. მატარებელი ძალით გააჩერეს და ატირებული ბავშვი დიდი გულისტკივილით აიყვანეს. ასე გაემგზავრნენ... სახლში დედას ვეკითხებოდი, - ისააკის ოჯახი თავის სამშობლოში როგორ უნდა გაემგზავროს-მეთქი? მითხრა, - მატარებელში ჩასხდებიან, იმ ქალაქში ჩავლენ, სადაც გემი ჩამოდგება, მერე კი იმ გემით თავიანთ ქვეყანაში წავლენო. ეს ამბები რომ ხდებოდა და მძიმე განცდებში ვიყავი, რადიოში "ივერიის" მიერ შესრულებული გიორგი ცაბაძის სიმღერა გაისმა, რომლის ტექსტიც ასე ჟღერს: "ნაპირს გასცდა გემი თეთრი/ შორს სივრცეში მიფარფატებს აფრა/ საით მიდის ასე მარტო, კენტი/ სულ არ მოჩანს, აუ, როგორ გაქრა/ მობრუნდება იგი მალე/ და მოიტანს შორი ქვეყნის ამბავს/ მე ლოდინით ვეღარ დავღლი თვალებს/ სხვა დაგხვდება ამ ნაპირზე, ალბათ". თუ დამიჯერებთ, დღესაც, როცა ამ სიმღერას ვისმენ, იმ გემში, რომელიც ტექსტშია ნახსენები, ჩემს წარმოსახვაში, ჩემი მეგობარი ისააკი ზის... ის ბიჭი წავიდა და ვიცოდით, რომ მას ვერასდროს ვნახავდით... ახლა, როცა გზები უკვე გაიხსნა და ქართველ ებრაელებს ქართველებთან ურთიერთობის, მიმოსვლის საშუალება აქვთ, იმ ბიჭს სულ ვეძებ.ის არის ადამიანი, რომელიც მართლა არასდროს დამავიწყდება. დღემდე გულისტკივილით და ცრემლით მახსენდება. მისი პოვნა ძალიან მინდა, მაგრამ ვერ ვპოულობ. მითხრეს, რომ შეიძლება გვარი გადაიკეთეს და ევროპაში ან ამერიკაში გაემგზავრნენო. ჯერჯერობით, ისააკ იოსებაშვილი სადაც კი ვიკითხე, ვერსად ვიპოვე. ის ჩემი ტკივილიანი მოგონებაა. ჩემი პირველი მეგობრის მიმართ დღემდე მადლიერების გრძნობით ვარ განმსჭვალული, რომელიც მიცავდა და ჩემდამი გულთბილ დამოკიდებულებას ავლენდა. იმ ბიჭთან დაკავშირებული ბევრი ლამაზი მოგონება მაქვს. ხან რა მოჰქონდა ჩემთვის საჩუქრად, ხან - რა. ერთხელ დედამისის მძივი მომიტანა. ამის გამო, ჩემმა მშობლებმა ძალიან ბევრი იცინეს და მძივი უკან დააბრუნეს - როგორც ჩანს, ისააკს დედისგან მალულად აუღია. უნდოდა, თავისი საჩუქრებით ჩემთვის სიამოვნება მოენიჭებინა. მახსოვს, რაღაც დამიხატა კიდეც. გული ძალიან მწყდება, რომ მისგან ნაჩუქარი ნივთები არ შემომრჩა, მაგრამ მისი ნათელი სახე არ მავიწყდება. რა თქმა უნდა, ახლა უკვე ჩემხელა კაცია. ღმერთმა ქნას, ოჯახში ყველანი ცოცხლები იყვნენ. ქართველ ებრაელებს დიდ პატივს ვცემ. რამდენიმე ოჯახთან ვმეგობრობ. ისააკის შესახებ ყველას ვეკითხები...

ქართველმა ებრაელებმა საქართველოს მიმართ მართლა დიდი მადლიერება გამოავლინეს - ალბათ, მათთვის დედა სამშობლო საქართველო უფრო იყო, სადაც მათი წინაპრების საფლავებია. როცა მიემგზავრებოდნენ, ვიცი, ქართველ მეგობრებს, მეზობლებს როგორ უბარებდნენ (მაგალითად, იმერეთში) - ჩვენი მშობლების, წინაპრების საფლავები ხანდახან მოინახულეთო. ნამდვილად ვიცი, რომ ქართველები ამ დანაბარებს ასრულებენ. ქართველებს და ებრაელებს ასეთი მეგობრობა გვაკავშირებს. გული მწყდება რომ ჩემი მეგობრობა მეორე კლასში დამთავრდა, თუმცა ჩემს გულში ნამდვილად არ დასრულებულა...

ეთო ყორღანაშვილი