"ყველაზე მეტად ულამაზესი მსახიობი ლიანა ასათიანი მიყვარდა" - გზაპრესი

"ყველაზე მეტად ულამაზესი მსახიობი ლიანა ასათიანი მიყვარდა"

"მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში - ქართულ სამოთხეში და ჩემს ცხოვრებაში ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში", - წერდა თავის დროზე ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა. ჩვენი დედაქალაქი არაერთი უცხოელის შთაგონების წყარო გამხდარა, მაგრამ სულ სხვაგვარად უყვართ ეს უძველესი ქალაქი მის შვილებს, მის ქუჩებში გაზრდილ ადამიანებს, ვისთვისაც თბილისი დედასავით თბილი, ერთადერთი და განუმეორებელია.

მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს ბავშვობის დროინდელ თბილისს:

- იცით, ყველაზე მეტად რა მენატრება? - ჩემი ბავშვობის თბილისი. მართალია, ომის შემდგომი პერიოდი იყო და ნაომარი ქვეყანა ჭრილობებს იშუშებდა, მაგრამ ირგვლივ საოცარი სითბო და სიყვარული ტრიალებდა. დალხენილი ცხოვრება არავის ჰქონდა, ყველას უჭირდა, მაგრამ თავისი ახლობლის, მეზობლის ან ნაცნობის გასაჭირს შორიდან არავინ უყურებდა - აი, ასეთი იყო ჩემი თბილისი, რომელიც დღეს ასე ძალიან მენატრება. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ეს იყო სიყვარულის ეპოქა, როდესაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავდნენ და ერთმანეთის იმედი ჰქონდათ.

- იქნებ იმის გამო, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს დიდი განსაცდელი ჰქონდა გამოვლილი?

- ალბათ, ასეა, მაგრამ მე ჩემებური ახსნაც მაქვს: ყველამ ვიცით, დედამიწაზე ბოროტ ძალებს რა დიდი გავლენა აქვთ, მაგრამ ისინი ზოგიერთ ეპოქაში უფრო მეტად მძლავრობენ. იმ საშინელი ომის, რეპრესიების და გაჭირვების შემდეგ, ბოროტება თითქოს დაუძლურდა და გვერდზე გადგა, დედამიწაზე ანგელოზები ჩამოვიდნენ და ადამიანებს სიყვარული ასწავლეს. ომმა, რომელმაც 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ცოცხლად დარჩენილთა გონებაში დიდი გარდატეხა მოახდინა და ადამიანებმა ერთმანეთს სულ სხვა თვალით შეხედეს, სიცოცხლეც უფრო მეტად დააფასეს. ალბათ ამიტომ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთმანეთზე ისე ზრუნავდნენ, როგორც ოჯახის წევრზე, ნიჭიერებას და სილამაზეს განსაკუთრებით აფასებდნენ და როდესაც ობოლს ხედავდნენ, მას ყველა დიდი ყურადღებით ეკიდებოდა. მეც ობოლი ვიყავი, რადგან მამა პოლიტიკური ბრალდებით გადაასახლეს, ამიტომ დედა მზრდიდა. კიდევ კარგი, ის მაინც არ გადამისახლეს. ხუთოთახიანი ბინიდან გამოგვაგდეს და ჩვენი ოჯახი გაანადგურეს. დედაჩემთან ერთად სარდაფში ვცხოვრობდი და ძალიან დიდ გაჭირვებაში ვიზრდებოდი. მეზობლებმა ეს ყველაფერი იცოდნენ, თვითონაც გაჭირვებულები იყვნენ, მაგრამ ხშირად, თავის წილ ლუკმას მიყოფდნენ, მათ ნაჩუქარ ჩირს თუ კანფეტებს სულ სხვა გემო ჰქონდა. ყველას ვუყვარდი, მეც თითოეული მათგანი მიყვარდა და მათი სიკეთე დღემდე არ მავიწყდება!

- სუხიშვილების ანსამბლში როგორ მოხვდით?

- 9 წლის ვიყავი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის სტუდიაში მიმიღეს. ამის პარალელურად კრივსაც ვსწავლობდი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. დედას არ უნდოდა, მოკრივე გავმხდარიყავი და როგორც ჩანს, ბედისწერაც სულ სხვა რამეს მიმზადებდა: 16 წლის ასაკში ნინო რამიშვილმა მიმიღო სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, რადგან ჩემი სტილის მოცეკვავეები მოსწონდა. მოცეკვავე რომ გავხდი, სწორედ მისი და ილიკო სუხიშვილის დამსახურება იყო. ამ ანსამბლშიც დიდი ცხოვრებისეული სკოლა გავიარე და ცოტა ხანში სოლისტიც გავხდი. როცა ნინო რამიშვილი გარდაიცვალა, ამ საოცარ ქალბატონს ასეთი ლექსი დავუწერე: "მანამ იცოცხლებ ქალღმერთო ერის,/ სანამ ქართველი ცეკვავს და მღერის..."

- ვინ იყო მათ შორის ლიდერი და როგორ ჰქონდათ ფუნქციები გადანაწილებული?

- ეს იყო გენიალური ანსამბლი, რომელსაც ორი დიდი ადამიანი ხელმძღვანელობდა და ყველას თავისი ადგილი ჰქონდა განსაზღვრული: ნინო რამიშვილი შეუდარებელი მოცეკვავე და რეპეტიტორი იყო, ხოლო ილიკო - არა მხოლოდ გენიალური მოცეკვავე, არამედ გენიალური პროდიუსერიც გახლდათ. შესაბამისად, ნინო რამიშვილი ილიკოს გარეშე ვერაფერს გააკეთებდა და პირიქით, ილიკო სუხიშვილიც ვერაფერს შეძლებდა თავისი არაჩვეულებრივი მეუღლის გარეშე. ეს იყო დაუვიწყარი დუეტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება. ნინო იმდენად ნიჭიერი და კარგი პედაგოგი გახლდათ, როცა რეპეტიციას გვიტარებდა, ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება იყო. სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს უნიკალური ანსამბლი, რომელსაც ასეთივე უნიკალური სოლისტები ჰყავდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ფრიდონ სულაბერიძე. მართალია, ჩვენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მე სულ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: ის იყო საუკუნის მოცეკვავე. გავა წლები, საუკუნეები და ასეთი მოცეკვავე შეიძლება აღარც დაიბადოს...

givia-1-copy-1675760157.jpg

- ცნობილია, რომ ყველაზე ნიჭიერ და გამორჩეულ მსახიობებთან მეგობრობდით, მათთან ერთად ფილმებშიც ხართ გადაღებული.

- ყველაზე მეტად ულამაზესი მსახიობი - ლიანა ასათიანი მიყვარდა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. ლიანა იყო მშვენიერების ნიმუში, რომელსაც ვერც სოფი ლორენი, ვერც ოდრი ჰეპბერნი და ვერც ერთი სხვა ვარსკვლავი ვერ შეედრებოდა. ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ ლალი ბადურაშვილი, ლეილა აბაშიძე და სოფიკო ჭიაურელი, მათი სილამაზე და ნიჭიერება ყველას აოცებდა. ამდენი ღირსება და სიკეთე, ერთად შერწყმული, ჩემს ცხოვრებაში მერე აღარსად მინახავს. არ ვიცი, სად და როგორ დაიკარგა ის სათნოება და სიყვარული, რომელიც ჩვენს ხალხს ასე ჭარბად ჰქონდა!

- ბატონო გივი, იმ აგრესიას როგორ ახსნით, რომელიც დღეს საქართველოში იგრძნობა? ყველაზე ახლობელი ადამიანებიც კი არ ინდობენ ერთმანეთს - შვილი მამას კლავს, ქმარი - ცოლს, მეგობარი - მეგობარს. თქვენი აზრით, რატომ?

- ჩემი დაკვირვებით, ეს აგრესია იმის ბრალია, რომ ადამიანმა ღმერთს ზურგი შეაქცია და ხელი პირდაპირ ეშმაკს ჩამოართვა. ამ მდგომარეობაში მყოფი ხალხი და ქვეყანა კარგად როგორ იქნება? ადამიანმა ვერ ისწავლა, რომ ღმერთი სიყვარულია და რატომ გვიკვირს, რომ ქვეყანაში, სადაც სიყვარული დაიკარგა, მკვლელობები და ცუდი ამბები ლამის ყოველდღე ხდება? თუ ადამიანი გონს არ მოეგება და თავის ნამდვილ დანიშნულებას არ იპოვის, მომავალში კიდევ უფრო ცუდი ამბები მოხდება.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენს მოთხრობებსა და ნოველებზეც: წერა როგორ დაიწყეთ?

- ყველაფერი უცნაურად დაიწყო: შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თითქოს რაღაც ძალა სიზმარში მკარნახობდა ჩემს მოთხრობებს; დილით რომ გავიღვიძებდი, აღარაფერი მახსოვდა. ერთ დილას ავდექი, სამი პატარა ნოველა დავწერე და "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორს - თამაზ წივწივაძეს მივუტანე. ვუთხარი: მწერლობაზე პრეტენზია არა მაქვს, თუ მოგეწონებათ, დამიბეჭდეთ, თუ არა და, დახიეთ და გადაყარეთ-მეთქი. შენი ტელეფონის ნომერი მდივანს დაუტოვეო, მითხრა ბატონმა თამაზმა. ჩემთვის მოულოდნელად, ღამის 11 საათზე დამირეკა: შენ ქართულ ლიტერატურაში ახალი ჟანრი შექმენი - ქალაქური ნოველები, რომელიც ჯერ სრულიად უცხოაო. ასე დაიწყო ჩემი მეგობრობა ქართულ სიტყვასთან და ამ დაუვიწყარ ადამიანთან. ცოტა ხანში მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე გავხდი და სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ მე ვიყავი საქართველოს და ქართველი მწერლობის წარმომადგენელი მთელ მსოფლიოში. ამ ყველაფრის გამო, თამაზ წივწივაძეს დიდ პატივს ვცემ: მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს ამ სამყაროში გზა გამიკვლია. თამაზ წივწივაძეს ჩემი პირველი მოთხრობები რომ არ დაებეჭდა, ჩემს ცხოვრებაში კალამს ხელში აღარ ავიღებდი. დღეს უკვე 32 წიგნის ავტორი ვარ და ჩემი მოთხრობები ცხრა ენაზეა თარგმნილი. თუ ვინმეს მწერლობით რაიმე შემოსავალი ჰქონია, საქართველოში ერთ-ერთი მეც ვარ.

givi-sixarulidze-0222-copy-1675760144.jpg

- თუმცა, ფართო მასებში ეპატაჟური გამოსვლებით უფრო გიცნობენ, ეს ხომ არ გწყინთ?

- ვერ დაგეთანხმებით. მე ჩემი ხალხის მადლობელი ვარ, განსაკუთრებით იმ ხალხისა, ვისაც წიგნი და ლიტერატურა უყვარს. ეპატაჟს რაც შეეხება, მე იმდენად სერიოზულ საკითხებზე ვფიქრობ და იმდენად სიღრმისეულ თემებზე ვწერ, რომ განტვირთვა, იუმორი და ერთგვარი სიმსუბუქე ჩემთვის აუცილებელია. სწორედ ამას გამოვყავარ სტრესიდან და დაძაბულობიდან.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ქართველ ემიგრანტებზე, რადგან თქვენი შვილიც ემიგრანტია. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი დაგვიბრუნდნენ?

- ჩემი შვილი - ბექა სიხარულიძე ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორია. მისმა ფილმმა ამერიკაში რვა საერთაშორისო ფესტივალის პრიზი მოიგო. ახლა კიდევ ერთი ფილმი გადაიღო და ველოდებით, რომ ეს ფილმიც დიდ წარმატებას მოუტანს. მას ქართველი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, საკმაოდ წარმატებული მსახიობი და რეჟისორია. ამერიკაში მეც ხშირად ჩავდივარ და თბილისში ისიც ჩამოდის. როდის დაბრუნდებიან ჩვენი ემიგრანტები? - აბა, რა უნდა ვთქვა?! - ჩემი ქვეყანა თავის ხალხს რომ უფრთხილდებოდეს, მაშინ ემიგრაციაში ყოფნას არავის ვუსურვებდი, მაგრამ არ უფრთხილდება! შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, დღემდე არავის აინტერესებს, ქართველი ხალხი რა მდგომარეობაშია. ამიტომაც მიდიან საუკეთესო ქართველები ემიგრაციაში და უცხო ქვეყნებს აძლიერებენ! ამის გამო გული ისე მტკივა, როგორც ჩვენს ბიჭებზე, რომლებიც უკრაინაში ბრძოლის ველზე იღუპებიან. ჩვენ იმდენი არა ვართ, რომ ვინმე ასე დავთმოთ და გავწიროთ, ცოტანი ვართ და დასაკარგი შვილები არ გვყავს! დღეს ქართველებმა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ როგორმე გადავრჩეთ, მაგრამ აქ ყველა თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. ამასობაში, ჩვენი სამშობლო განზე გვრჩება - ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც მეც ისევე მაწუხებს, როგორც ყველას, ვინც ამ სამოთხის მსგავს ქვეყანაში დაბადებულა და გაზრდილა!

ხათუნა ჩიგოგიძე