ლამზირა ჩხეიძის განცდითა და გარდასახვით სავსე ცხოვრება - გზაპრესი

ლამზირა ჩხეიძის განცდითა და გარდასახვით სავსე ცხოვრება

60 წელზე მეტხანს იდგა რუსთაველის თეატრის სცენაზე: მონაწილეობდა მასობრივ სცენებსა თუ ეპიზოდებში, ჰქონდა მეორეხარისხოვანი და მთავარი როლებიც. საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქართული ხელოვნების ამაგდარი, მსახიობი ლამზირა ჩხეიძე წელს, იანვარში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი საუბრობს, რომელიც მსახიობის დიდი მეგობარი გახლდათ.

- ის იყო უკომპრომისო, შეუვალი, სიკეთისა და პრინციპებისთვის თავდადებული... ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე, მაგრამ ყველაფერი მაინც თეატრით მთავრდებოდა. ქალბატონ ლამზირას მამა - დავით ჩხეიძე-თურდოსპირელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. პატარა გოგონას მამამ დაუწერა ლექსი "ლამზირას ნატვრა", რომელიც ასე იწყება: "ჯერ ცხრა წლისა არც კი არის,/ ეს ლამზირა ცუგრუმელა,/ თვალებში კი, მის თვალებში/ იბარურის ცეცხლი ელავს./ ესპანეთზე ოცნებობს და/ მათ რიგებში ბრძოლას ნატრობს,/ რომ საზიზღარ ფაშისტ ფრანკოს/ ტყვიით გული გაუფატროს..." ესპანეთის პოლიტიკური მოღვაწე ქალის, დოლორეს იბარურის ცეცხლი ბოლომდე ელავდა ლამზირა ჩხეიძის თვალებში. აწუხებდა მარტოობის განცდა, რადგან მეგობრები, კოლეგები, ახლობლები აღარ იყვნენ მის გვერდით... არადა, რამდენ რამეს იტევდა მისი მეხსიერება.

გამზრდელი ბებია, რომელთან ერთადაც გაატარა მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა, უმშვენიერესი სოფიო ზახაშვილი გახლდათ. პაპის - ალექსანდრე კრემენსკის და სოფიოს სიყვარულის ისტორია უცნაურად დაიწყო და ტრაგიკულად დასრულდა. დახვეწილ პოლონელ არისტოკრატს, უმშვენიერეს და ვაჟკაც ოფიცერ ალექსანდრეს, თეთრი ცხენი ჰყოლია. ბებია ყვარელში ცხოვრობდა, თელავში კი პოლონეთის ჯარი იდგა. ბედისწერამ ერთმანეთს შეახვედრა ისინი. ოფიცერს ისე მოსწონებია სოფიო, უთქვამს: ამ ცხენით ალაზანში დავიხრჩობ თავს, თუ ცოლად არ გამომაყოლებთო... მაღალი იყო მისი გულწრფელობის ხარისხი, არც ვაჟკაცი დაიწუნებოდა და რაღას იზამდნენ, შერთეს სოფიო... მაგრამ მალე, თელავის ბანკს ყაჩაღები დაეცნენ, მათ დაედევნა თეთრ ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა ოფიცერი და მოხდა ტრაგედია.

ლამზირა ჩხეიძის მშობლებს თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი. ზოგჯერ დღეში ორჯერ სწერდნენ წერილებს და რა ამაღლებული სიყვარული იღვრება ამ სტრიქონებიდან. დავით ჩხეიძის არქივი ლიტერატურის მუზეუმს გადასცეს, მაგრამ დიდი განძი მაინც დაიტოვა მსახიობმა - ალექსანდრა (სანიკო) კრემენსკაიას და დავითის ეპისტოლური მემკვიდრეობა, რომელიც ორიოდე წლის წინ წიგნად გამოსცა. ეს წიგნი მისი ცხოვრების გვირგვინად იქცა. დედა სამთო ინჟინერი ჰყავდა, ისიც ბევრს მოგზაურობდა მივლინებებში ხან ურალში, ხან - დონბასში... თავის დროზე მენშევიკი დავითი საბჭოთა მწერლობის რიგებში ჩადგა, თუმცა არ ჰქონდა დედაქალაქში მუშაობის უფლება და რაიონებში მასწავლებლობდა. ლამზირას ხან დედა ენატრებოდა, ხან - მამა. ბავშვობა ტირილში გავატარეო - იხსენებდა მსახიობი.

ხელოვნება ადრეულ ბავშვობაში შემოიჭრა მის სულში და ისეთი ძალით დამკვიდრდა მის ცნობიერში, რომ იმის განდევნა უკვე შეუძლებელი გახდა. იმხანად მამა ველისციხის სკოლის დირექტორი იყო და სწორედ აქ, საგანგებოდ მოწყობილ ადგილას, სპექტაკლი გაიმართა. უკრაინულმა დასმა წარმოადგინა ტარას შევჩენკოს "ნაზარ სტოდოლია". პატარა ლამზირას სკამი ჩაუდგეს წინა რიგში და მარტო დატოვეს სცენის პირისპირ. გაიხსნა ფარდა. სასწაულისთვის ამ იდუმალების განცდაც კმაროდა. მის თვალწინ ზღაპრული ცხოვრება გადაიშალა: უკრაინული კოსტიუმები, მსახიობები გრიმში; ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მაგრამ სრულიად უჩვეულო გარემო... ლამზირამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სამსახიობო განათლების გზა აირჩია. პირველ სემესტრში მსახიობის ოსტატობას შოთა მესხი ასწავლიდა, მერე კი დოდო ალექსიძე.

radioshi-copy-1675760413.jpg

სადიპლომო სპექტაკლი - ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება" ითამაშეს, მთავარ როლებში იყვნენ მეოთხეკურსელები: რამაზ ჩხიკვაძე და ლამზირა ჩხეიძე (სიუზონი). შემდეგ განხილვაში საუბრობდნენ სპექტაკლის ღირსებებზე და თითქმის ყველა გამომსვლელი რამაზ ჩხიკვაძის ბრწყინვალე ოსტატობას უსვამდა ხაზს. ლამზირა ჩხეიძე, ცოტა არ იყოს, დაიჩაგრა. ერთ-ერთმა, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა თეატრმცოდნემ მიწასთან გაასწორა მისი ნამუშევარი. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი იქნებოდა ეს დამწყები მსახიობისთვის. თუმცა, სცენაზე ავიდა სრულიად უცნობი ახალგაზრდა (უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი აკაკი ბაქრაძე) და თქვა: "ლამზირა ჩხეიძე სიუზონის როლში მე წარმომიდგენია, როგორც საფრანგეთის დედა, სატრფო და და!" თითქოს იმ დღეს ხელახლა დაიბადა თავჩაქინდრული და გაფითრებული ლამზირა. ამ სიტყვებმა მსახიობს გზა გაუხსნა ცხოვრებაში და იქნებ, ახალი ჰორიზონტებიც გამოჩნდა.

1952 წლის 12 თებერვლიდან ის რუსთაველის თეატრის დასში მიიღეს. პირველი როლი ყოფილი პედაგოგის, შოთა მესხის მიერ დადგმულ ვაკელის "რვალში" მისცეს. ამ როლში მან ლეგენდარული ალექსანდრა თოიძე შეცვალა. არც ახსოვს, სცენაზე როგორ დადიოდა, რა ითამაშა. კანკალებდა, მღელვარება დიდი იყო. მსახიობი ანდერძად ინახავდა შოთა მესხის წერილს, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდება: "გახსოვდეს, რისთვის შედიხარ სცენაზე!" ლამზირა ჩხეიძეს ამ შეგონებისთვის არასოდეს უღალატია. მან ყოველთვის იცოდა თავისი ზეამოცანა. რა აღარ ითამაშა!.. ერთხელ მიხეილ ჭიაურელმა უთხრა "თქვენ უნდა ითამაშოთ ოფელია, მარგარიტა გოტიე, ნინა არბენინა" - თუმცა ამ დროს ოფელია უკვე ნათამაშები ჰქონდა.

ახლა კინოკარიერის შესახებ: ვის არ ახსოვს ფილმი "მანანა" და ენერგიული პიონერხელმძღვანელი, ამდენს რომ დარბოდა ეკრანზე. მერე იყო ფილმები: "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "მყუდრო სავანე", "მე მოვედი", "მარტივი პასიანსი"... მეტი შეეძლო, კინომ ვერ აითვისა მისი ნიჭი. ბოლოს ოთარ იოსელიანმა თავის ფილმში ეპიზოდურ როლზე მიიწვია.

ლამზირა ჩხეიძის ცხოვრებაში, თეატრთან ერთად, დაიბადა მეორე სიყვარული - რადიო, რომელიც ბავშვობიდანვე იტაცებდა. რაღაც იდუმალსა და მიუსაფარს თხზავდა მის ირგვლივ რადიოს ხმა, მიკროფონი... თუნდაც ერთი რეპლიკის ჩასაწერად ბავშვური აღმაფრენით მიდიოდა! მისი ხმა, მართლაც, რადიოსთვის იყო ზედგამოჭრილი. როდესაც პირველად მიიწვიეს, ისეთი განცდით შევიდა შენობაში, თითქოს საპრემიერო სპექტაკლს თამაშობდა. ეს იყო 1951 წელი. კარგად ახსოვდა პირველი რადიოსპექტაკლი - ალექსანდრე პუშკინის "ოქროს თევზი". მას შემდეგ მთელი შეგნებული ცხოვრება მსახიობმა ქართულ სიტყვას უერთგულა. რადიოს "ოქროს ფონდი" მდიდარია ლამზირა ჩხეიძის ჩანაწერებით!

1-copy-1675760394.jpg

ილო მაცხონაშვილმა, ჯერ კიდევ სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, თავის საკურსო სპექტაკლში (ზღაპარი "წეროს ფრთები") მთავარ როლზე რომ მიიწვია. შემდეგ ზურაბ კანდელაკმა რადიოში დადგა ეს პიესა და აქაც ლამზირა ჩხეიძე ათამაშეს. ჩემთვის ქალბატონი ლამზირა ამ სპექტაკლის ზღაპრული პერსონაჟის მსგავსი ადამიანი იყო - არაამქვეყნიური, ზეციდან ჩამოფრენილი, ჩვენ შორის მყოფი, თუმცა - არა ჩვენთან! ამიტომ ჟღერს მისი გმირის ეს სიტყვები, როგორც თხოვნა და გაფრთხილება, როგორც მისი ხასიათის თეორემა: "მიცქირე, როგორ გავხდი! ყველა ფრთა, რაც გამაჩნდა, ამ ქსოვილზე დამეხარჯა. მხოლოდ იმდენი დავიტოვე, ასაფრენად რომ მყოფნოდა! იოჰიო, თავს მოუფრთხილდი, იყავი ჯანმრთელი და მხიარული!.. მაშ, ნუ დამივიწყებ, კარგი?! ისევ უნდა დავბრუნდე ცაში, მშვიდობით!"

ტექნოკრატიისა და მშრალი პრაგმატიზმის ეპოქაში, უსულგულობისა და სრული დეჰუმანიზაციის ხანაში, ჩვენ გვერდით იყო ქალბატონი - სულით რომანტიკოსი, ცოცხლად დანთებული სიკეთე, მორიდებული, თავმდაბალი, პრინციპულად ერთგული თავისი თეატრალური მრწამსისა და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა.

ნანული ზოტიკიშვილი