უღალატო ჯემალ ღაღანიძე... - გზაპრესი

უღალატო ჯემალ ღაღანიძე...

საიუბილეო თარიღი აპრილში უწევდა, თუმცა, არ დასცალდა. 3 თებერვალს ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა და იმიერში იმ „მოხუცი ჯამბაზებს“ შეემატა, რომელთა გვერდით რამდენიმე ათეული წელი გაატარა. ბოლო წლების განმავლობაში მათ ერთი მეორეს მიყოლებით დატოვეს წუთისოფელი და რუსთაველის ეროვნული თეატრი უფროსi თაობისგან დაცარიელდა...

ჯემალ ღაღანიძემ 66 წელი ერთი თეატრის სივრცეში გაატარა, კინოში კი 25-მდე პერსონაჟის სახე შექმნა. რობერტ სტურუას სპექტაკლში „კავკასიური ცარცის წრე“ ყველა წარმოდგენაში შეუცვლელად მონაწილეობდა და 650 წარმოდგენას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ რეკორდული... მსახიობმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა სხვა თეატრის სპექტაკლში და ეს იყო თავისუფალ თეატრში დადგმული „ჰამლეტი“, დანარჩენი დრო და ენერგია შეალია თეატრს, რომელიც ისეთივე მშობლიური სივრცე იყო მისთვის, როგორიც მისი ბინა, მისაღების კედლებზე აფიშებით, მსახიობის ფოტოებითა და ჯილდოებით სავსე.

სპექტაკლები, რომლებშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდა, ყოველთვის იყო საზოგადოების განხილვის საგანი: „ბახტრიონი“, „პეპო“, „მზიანი ღამე“, „გვადი ბიგვა“, „ხანუმა“, „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“, „მაკბეტი“... 2008 წელს თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ სპექტაკლში „მოხუცი ჯამბაზები“ იმ რამდენიმე მსახიობს მოუყარა თავი, ვინც არა მხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ ქართული კინოსა და თეატრის „მარგალიტებად“ იწოდებოდნენ და მათ შორის იყო ჯემალ ღაღანიძეც.

„მოხუცი ჯამბაზების“ მიმართ თავიდანვე დიდი ინტერესი იყო და საპრემიერო თარიღების გასვლის შემდეგაც, როცა კი აფიშაზე ეს წარმოდგენა ანონსდებოდა, ბილეთები იმავე დღეს დეფიციტში გახლდათ. საზოგადოებისთვის ნაცნობი და მონატრებული სახეები, რომლებსაც წლებმა მხოლოდ სიარულის მანერა შეუცვალა, ახლა მოზომილი, პატარ-პატარა ნაბიჯებით მოძრაობდნენ სცენაზე, მაგრამ ძველებური ენერგიითა და რიხით წარმოადგენდნენ ერთი შეხედვით სახალისო, თუმცა ფრიად სევდიან ამბავს. თითოეული მათგანის სცენაზე გამოჩენას დარბაზი გულწრფელი ემოციითა და ოვაციებით ხვდებოდა. სცენიდან დარბაზში გადმოღვრილი სითბო მსახიობებს ორმაგად უბრუნდებოდათ და ამ სევდიანი კომედიის მსვლელობისას, აქა-იქ თვალზე ცრემლმომდგარ მაყურებელსაც შენიშნავდით...

ჯემალ ღაღანიძემ სკოლის ასაკიდანვე იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა. ერთხელ ქართულის მასწავლებელმა ცელქობისთვის კლასიდან გააგდო. მიბრუნდა და უთხრა, დრო დადგება და ჩემი სპექტაკლების ბილეთებზე რიგში დგომა მოგიწევთო. ასეც მოხდა. გავიდა წლები, რუსთაველის თეატრში „ხანუმას“ წარმოადგენდნენ. ბილეთების ყიდვა ჭირდა, გადამყიდველებმა დრო იხელთეს და სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთებს ორმაგ ფასად ყიდდნენ. „ხანუმაზე“ დასწრების სურვილი ჯემალის ქართულის მასწავლებელსაც გაუჩნდა. პედაგოგისთვის შვილს ურჩევია, ჯემალი ხომ შენი მოსწავლეა, მიდი და ბილეთებს მოგცემსო. ქალს უარი უთქვამს: რას ამბობ, ბავშვობაში ზუსტად მაგით დამემუქრა და მასთან ბილეთების სათხოვნელად როგორ მივალ, დანაქადნი როგორ ავასრულებინოო? უცნობია, ეს ამბავი როგორ დასრულდა, თუმცა, ვინც მსახიობს იცნობდა, ეჭვიც არ შეეპარება იმაში, რომ პედაგოგის სიტყვებს ბოროტად არ ჩაიდებდა გულში...

0moxuci-jambazebi-copy-1676271244.jpg

ჯემალ ღაღანიძე თეატრალურ ინსტიტუტში პირველივე წელს მოხვდა. გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში სწავლობდა. მას თავისი სტუდენტების ქუთაისში წაყვანა სურდა, თუმცა, როცა თეატრალურში სწავლის წლები დასრულდა, ჯემალი გიგას არ გაჰყვა. სწორედ იმ პერიოდში მიშა თუმანიშვილმა ზინა კვერენჩხილაძესა და ჯემალ ღაღანიძეს რუსთაველის თეატრში უხმო. ჰოდა, მივიდა და დარჩა... მას შემდეგ მსახიობს ამ თეატრისთვის არ უღალატია...

ჯემალ ღაღანიძის გატაცებებს შორის იყო ფეხბურთი და საათების შეკეთება. ვერ იტანდა, როცა საათი ჩერდებოდა. ცნობილი ისტორიაა, როგორ „შეაკეთა“ მსახიობმა საათი მოსკოვის მცირე თეატრში. არადა, თეატრში მდგარი ძველი საათი სპეციალურად იყო გაჩერებული იმ დროზე, როცა ამავე თეატრის მსახიობი მარია ერმოლოვა გარდაიცვალა. ამ „შემზარავი“ ფაქტის შესახებ თეატრის ადმინისტრაციამ რომ შეიტყო, საათის ამმუშავებლის ძებნა დაიწყეს. ყველაფერი რომ გაირკვა, თეატრის დირექტორის მოთხოვნით, ჯემალ ღაღანიძემ საათი ისევ „გააჩერა“...

2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ ჯემალ ღაღანიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მას მინიჭებული ჰქონდა ღირსების ორდენი. საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, პრემია „იპოსა“ და სხვა არაერთი ჯილდოების მფლობელი, 2022 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. საზეიმო ღონისძიებას თავად ვერ დაესწრო, სცენაზე მის ნაცვლად შვილიშვილი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე ავიდა და სამადლობელი სიტყვაც წარმოთქვა...

ჯემალ ღაღანიძემ ოჯახი 33 წლის ასაკში შექმნა. მსახიობის მეუღლე ლენა გერმესაშვილი გახლავთ. წყვილს ერთი შვილი შეეძინა - ნათია. სწორედ მისი შვილია სანდრო, რომელიც 2010 წლიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის დასში ირიცხება. მისი დებიუტი აღნიშნული თეატრის სცენაზე სპექტაკლით „ვარსკვლავბიჭუნა“ შედგა. მოგვიანებით ბაბუა-შვილიშვილს სცენაზე პარტნიორობამაც მოუწიათ, როცა საახალწლო წარმოდგენა დაიდგა და ეს დუეტი მაყურებელმა 2013 წლის დეკემბერში, რეჟისორ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის „უფლისწული და მათხოვარში“ იხილა.

„სპექტაკლში სანდრო მაწანწალას თამაშობს, მე მისი მამის როლს, რომელიც უარყოფითი ტიპია, ლოთი, აუტანელი პიროვნება. ამ სპექტაკლს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გამორჩეულია იმ ფაქტის გამო, რომ მე და სანდრო ერთად პირველად ვთამაშობთ. სხვათა შორის, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ალბათ, იშვიათად მომხდარა, რომ ბაბუა და შვილიშვილი ერთად მდგარიყვნენ სცენაზე. ვერ დავამტკიცებ, მაგრამ თეატრის ისტორიას თვალი რომ გადავავლე, ვერ ვიპოვე ანალოგიური შემთხვევა. შეიძლება გამომრჩა... ასეთი რამ შეიძლება, საღარაძეების შემთხვევაში მომხდარიყო. გიორგი საღარაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი გახლდათ, შემდეგ - გურამი და მისი შვილიც. უბრალოდ, ვერ დავაზუსტე, ბაბუა და შვილიშვილს თუ მოუწიათ ერთ სპექტაკლში თამაშმა. ამ მხრივ მე ბედნიერი კაცი ვარ და მიხარია, რომ ასეთი ტანდემი შედგა...“ - ამბობდა პრემიერის წინ ჯემალ ღაღანიძე.

მსახიობის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, რუსთაველის ეროვნული თეატრში სპექტაკლი „ვანო და ნიკო“ იყო ჩანიშნული, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე ასრულებს. მისი გადაწყვეტილებით, სპექტაკლი არ მოიხსნა და იმ დღეს წარმოდგენა ბაბუას ხსოვნას მიუძღვნა.

წლების წინ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ჯემალ ღაღანიძემ, როდესაც სპექტაკლით „კავკასიური ცარცის წრე“ გასტროლზე იმყოფებოდა და მამის მოულოდნელი გარდაცვალება შეატყობინეს... სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება, საერთო საქმისა და აღებული პასუხისმგებლობის პირნათლად შესასრულებლად, ადამიანებს პირადი ტრაგედიის დროებით გვერდით გადადება გვიწევს.

რუსთაველის თეატრის დიდი ტრიუმფის მომსწრესა და მონაწილის გარდაცვალებას, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

3-copy-1676271230.jpg

„ჯ ე მ ა ლ ღ ა ღ ა ნ ი ძ ე!.. როგორც ჰამლეტი სიკვდილთან შეხვედრისას ამბობს: „მარადიული სიჩუმე მხოლოდ!“ შესაძლოა, იქ მართლა სიჩუმე გველის, მაგრამ სანამ აქ ვართ, ვისაც მსახიობი ჯემალ ღაღანიძე სცენაზე უნახავს, ვერ გააჩუმებთ! უნიკალური მსახიობი, შეუდარებელი ნიჭის პატრონი - არავის ჰგავდა! თეატრის უანგარო ქომაგი და როგორც დიდ მსახიობებს ეკადრებათ, თეატრის მსხვერპლიც! რუსთაველის თეატრის ჭეშმარიტი რაინდი. არავითარი ქედმაღლობა - ბატონი ჯემალისთვის მთავარი იყო: სცენა, როლი და საოცარი ქმნილებები! პირველ სპექტაკლშივე დავაკავე - ერთ ციცქნა როლს ბრწყინვალედ თამაშობდა - ფსიქიატრს (დღეს რომ ყველას გვჭირდება!) და მას შემდეგ, ჩემს თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობდა! როცა როლებს ვანაწილებდი, ბრწყინვალე იუმორის პატრონი შეხვედრისას დიდი პატივისცემით - მსახიობებს რომ გაეგოთ - მეტყოდა ხოლმე: რობიკო, მე არ დაგავიწყდე, ხომ იცი, შენი სპექტაკლების ერთადერთი თილისმა ვარო!

ჰოდა, დავრჩი ღმერთის ნაბოძებ ბრწყინვალე ამულეტის გარეშე! მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულma თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა! იქ მშვიდად დაისვენე, ჯემალ, ხმაური მაინც არ გიყვარდა! ხმაური აქ მოგვიღებს ბოლოს, ამ ცოდვილ მიწაზე! და ჩვენც მარადიულ სიმშვიდეს ვეწვევით მალე! აბა, შენ იცი, შენებურად დაგვხვდი!

შენი რობიკო!“

დაბოლოს, თავს უფლებას მივცემ და ყველა იმ ჟურნალისტის სახელით ვიტყვი, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ბატონ ჯემალთან, რომ ის იყო მოწესრიგებული, პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი და იშვიათია მასავით ყურადღებიანი რესპონდენტი, რომელიც როგორც დამწყებ ჟურნალისტს, ისე გამოცდილს, დროს ყველას ერთნაირად უთმობდა. თუ რამე სერიოზული მიზეზი არ იყო, ინტერვიუზე უარს არ ამბობდა; არც მაშინ იყო წინააღმდეგი, როცა მისი კოლეგის გახსენებას ვთხოვდი და არც მაშინ, როცა საუბარი რამე უფრო მეტად „გლობალურ თემას“ ეხებოდა.

P.S. ვიზიარებთ ოჯახის, ახლობლების, კოლეგებისა და თეატრალური საზოგადოების ტკივილს. დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.

ანა კალანდაძე