რა ორიგინალური ტექნიკით ქმნიან ნახატებს ამსტერდამში მცხოვრები ქართველები - გზაპრესი

რა ორიგინალური ტექნიკით ქმნიან ნახატებს ამსტერდამში მცხოვრები ქართველები

ნათია და ბაია ახვლედიანები წლებია ამსტერდამში ცხოვრობენ. მათი დედა თინათინ ახვლედიანი 25 წლის წინ წავიდა ემიგრაციაში და მერე შვილებიც წაიყვანა. ქალბატონმა თინათინმა პანდემიის პერიოდში ოცნება აიხდინა - ამსტერდამში სამოყვარულო თეატრალური დასი „ათინათი“ ჩამოაყალიბა, მაგრამ სამწუხაროდ, მალე გარდაიცვალა... მის დაწყებულ საქმეს დები აგრძელებენ და კიდევ, ხელნაკეთ ნივთებსა და ნახატებს ქმნიან ორიგინალური ხელწერით, რომელსაც ანალოგი არა აქვს. ჰოლანდიაში საქმიანობის შესახებ ნათია ახვლედიანი გვესაუბრა.

- დედაჩემი დიდხანს ფიქრობდა თეატრის შექმნაზე. 2020 წლის ივნისში დასი პირველად შეიკრიბა ფიზიკურად, მანამდე დისტანციურად ურთიერთობდნენ. დასის ყველა წევრი ნიდერლანდების სამეფოში, მაგრამ სხვადასხვა პროვინციაში ცხოვრობს. პანდემიის გამო ონლაინლექციებზე ეცნობოდნენ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას, სასცენო ხელოვნებას, მეტყველების გაკვეთილებს გადიოდნენ. ჩვენი რეჟისორი ბადრი წერედიანი ლიეტუვაში ცხოვრობს. ის სპეციალურად ჩამოდიოდა ამსტერდამში სპექტაკლზე სამუშაოდ. შარშან იანვარში თეატრი ოფიციალურად გაიხსნა ვიდეოსპექტაკლის სახით. ეს იყო ზაზა მაღალაშვილის პოეზიის საღამო. ზაზა ჩვენთან მხატვრული კითხვის პედაგოგია, ძალიან კარგი ლექსები აქვს, რომლებიც სამწუხაროდ, დაბეჭდილი არ არის და გვინდოდა, საზოგადოებისთვის გაგვეცნო. 7 მაისს სპექტაკლი „ჰელადოსი“ უკვე თეატრალურ დარბაზში წარმოვადგინეთ. ნოემბერში გასტროლი გვქონდა ქალაქ კაუნასში, სადაც ფესტივალში ვმონაწილეობდით.

4-copy-1676271496.jpg

- ქალბატონი თინათინი თეატრთან პროფესიულად იყო დაკავშირებული?

- დედა თავიდანვე მსახიობობაზე ფიქრობდა, მაგრამ მშობლების სურვილით, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა. თეატრი ყოველთვის უზომოდ უყვარდა, სპექტაკლს არ გამოტოვებდა, მეგობრობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებთან. ჩვენს სახლში ხშირად იყო შეკრებები, მხიარულება... მერე მოუწია აქეთ წამოსვლამ და მისთვის სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. ბოლო წლებში მან შეძლო ოცნების ასრულება იმ კუთხით მაინც, რომ დასი შეკრიბა. დედასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფიქრი იმაზე, რომ უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ქართული ენა შეინარჩუნონ, მით უმეტეს, ჩვენი შვილები ქართულად ისე კარგად ვერ მეტყველებენ, როგორც ვისურვებდით. დედაჩემს ასეთი ფორმულა ჰქონდა: სცენაზე დავდგეთ, ვითამაშოთ და ბავშვებსაც მოუნდებათ, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითიო. მათი ჩართვა იძულების წესით არ გვინდოდა. შედეგი მივიღეთ - დასის წევრების შვილებს, ყველას სურვილი აქვს მომდევნო სპექტაკლში მიიღოს მონაწილეობა. სხვა დაინტერესებული ბავშვებიც მოვიდნენ ჩვენთან. დედას გარდაცვალების მერე, მე და ჩემი და, ბაია ჩავუდექით თეატრს სათავეში. მომდევნო სპექტაკლის პრემიერას ივნისში ვგეგმავთ.

3-copy-1676271530.jpg

- როდის დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების დამზადება?

- საქართველოში ფილოლოგიურზე ვსწავლობდი, მესამე კურსიდან აქეთ გადმოვედი საცხოვრებლად. უკვე 15 წელია, ჰოლანდიაში ვარ. წლების განმავლობაში სასტუმროს ადმინისტრაციული მენეჯერი ვიყავი. მეუღლე - ვახო ნინუა ქუთაისში ჩემი პარალელურკლასელი იყო. ორი შვილი გვყავს, ბავშვები აქ დაიბადნენ.

მე, ბაიას და ვახოს საოჯახო ბიზნესი გვაქვს. სამივეს გვიყვარს ხატვა და როცა პანდემიის დროს შინ ვიყავით ჩაკეტილები, უამრავი ნახატი დაგვიგროვდა. ამავე დროს, სასაჩუქრე კალათებს ვამზადებდით მეგობრებისთვის. მერე მივხვდით, რომ გამოგვდის და გვსიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება. ვახომ საკუთარი ტექნიკა გამოიგონა - ძაფების ნაწნავებით ნახატების შექმნა, რაც დავარეგისტრირეთ კიდეც. მონაწილეობა მივიღეთ რაიხსმუზეუმის (ნიდერლანდების ეროვნული მუზეუმია) მიერ მოწყობილ დიდ კონკურსში, რომელიც ცნობილ მხატვარს - ვერმიერს ეძღვნებოდა. სამი თვე დასჭირდა საკონკურსო ნახატის შექმნას, ჩაბარებამდე მცირე დრო რჩებოდა და დასრულებას ვეღარ ვასწრებდით. სამი დღე ოჯახის წევრებს არ გვიძინია, ღამეც ვმუშაობდით. თან იმ დროს, კაუნასში მივფრინავდით გასტროლზე და პირდაპირ ოფისიდან წავედით აეროპორტში. ამ კონკურსის ფინალისტები გავხდით. ვახოს შეუკვეთეს საკმაოდ დიდი ზომის ნახატი, რომელსაც მარტში წარადგენს.

- თქვენი ტექნიკის ნიუანსები აგვიხსენით. რა მასალას იყენებთ?

- ჯერ კანვასის ტილოზე იქმნება ნახატი, შემდეგ თითოეული ძაფი იწვნება და ძაფის ფერებს ყოველთვის ერთმანეთში ვურევთ. მაგალითად, თუ გვინდა ლურჯი, რამდენიმე ფერის ლურჯს ვიღებთ და ვწნavთ სამ, ექვს ან ცხრა ნაწნავს, სტრუქტურას გააჩნია. თვალი, ტუჩი თუ სხვა დეტალი რამდენიმე ნაწნავისგან შედგება და სულ მილიმეტრ-მილიმეტრობით ვაწებებთ პინცეტებით. შემდეგ სპეციალური სპრეით უნდა დამუშავება, გამოწვა და ბოლოს გაწმენდა. მასალა ყველაზე დიდი გამოწვევა იყო. ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ ნაწარმს. ბაზისი უნდა იყოს ქაღალდი ან მარტივად გადასამუშავებელი შუშა, შალი, ბამბა, კანაფის ძაფი - შეღებილი ბუნებრივი საღებავებით... მთელ ემოციას და შრომას ვდებთ ნამუშევარში, რადგან გვინდა, განსაკუთრებული იყოს.

dasis-cevrebi-copy-1676271547.jpg

- გამოფენებში მონაწილეობთ?

- ბოლოს ვიყავით გერმანიის ქალაქ ლორეხში, სადაც ყველაზე უცნაური ხერხით შესრულებული ნახატები იყო წარმოდგენილი. ამ გამოფენაზე ჩვენ ნამუშევრებს საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმეს. ვემზადებით ახალი გამოფენისთვის, რომელიც ფრაიბურგში გაიმართება. საინტერესოა დამთვალიერებლის რეაქცია: ხშირად შემიმჩნევია, შეხედავს ადამიანი ჩვენს ნახატს და ხელს იწვდის მისკენ; ყველას უნდა, რომ შეეხოს. როცა ნამუშევარს პირისპირ უყურებ, თითქოს ცოცხალია და გეჩვენება, რომ სახეც მოძრაობს, ხელიც...

- გეგმები გაგვაცანით.

- ერთი წელია, რაც ატელიე გვაქვს და 4 თებერვლიდან ამსტერდამში კერძო მაღაზიაც გავხსენით. მოგვიწია ფუნქციების გადანაწილებამ და მე მაღაზიაში გადამისროლეს, შემოქმედებით მხარეს ბაია და ვახო მიხედავენ. მაღაზიისთვის რაც გვჭირდებოდა, ერთად დავგეგმეთ და დავამზადეთ. ინდივიდუალურად მუშაობის დროს, თითოეულ ჩვენგანს პიროვნული თავისუფლება - საკუთარი სტილი გვაქვს, ნახატს ვაკეთებთ ჩვენი სურვილისა და ინსპირაციის მიხედვით.

1-copy-1676271518.jpg

- საქართველოში გამოფენის მოწყობას არ ფიქრობთ?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ ყოველთვის ვიყენებთ ქართულ თემატიკას. მაგალითად, გვაქვს კალათები საქართველოს დროშით, ლარნაკები - საქართველოს რუკით და ქართული ასოებით. ყველა გამოფენაზე ჩვენს კედელზე აუცილებლად საქართველოს დროშაა გამოფენილი. ყველას ვეუბნებით, რომ საქართველოდან ვართ და ჩვენი ნამუშევრების ტექნიკაც ქართულია, რომ ჩვენთან ძალიან კარგად არის განვითარებული ხელსაქმე, თექა და ა.შ. ჰოლანდიაში ყველა გამოფენაში ვმონაწილეობთ, რაც საქართველოსთანაა დაკავშირებული. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, გვინდა გამოფენა გავაკეთოთ სამშობლოშიც და სურვილი გვაქვს, პარტნიორებიც შევიძინოთ.

ნანული ზოტიკიშვილი