მოზარდის ტრანსფორმირება, შეუპოვარი ხასიათი თუ აღზრდისას დაშვებული შეცდომები - გზაპრესი

მოზარდის ტრანსფორმირება, შეუპოვარი ხასიათი თუ აღზრდისას დაშვებული შეცდომები

აქტიური ლიტერატურულ-მწერლური მოღვაწეობა 1900-იან წლებში დაიწყო, ამ დროს უკვე პრესტიჟულმა, მსხვილმა გამოცემებმა მისი ნოველებისა და მოთხრობების ბეჭდვას მიჰყვეს ხელი.

„პირველ ყოვლისა, საჭიროა სამზარეულოს მაგიდა, ტაბურეტი, ფანქარი, თაბახი და შესაბამისი ზომის ჭიქა. ესენი შრომის იარაღებია. შემდეგ კარადიდან ვიღებთ ვისკის ბოთლსა და ფორთოხლებს - ეს პროდუქტები მწერლური შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლადაა საჭირო. იწყება სიუჟეტის შექმნა (თუ გინდათ, ამას შთაგონება უწოდეთ). ვისკიში ასხამთ ფორთოხლის წვენს, ჟურნალის რედაქტორების სადღეგრძელოს შესვამთ, ფანქარს თლით და საქმეს შეუდგებით. ყველა ფორთოხალი რომ გამოიწურება და ბოთლი დაიცლება, მოთხრობაც მზად გექნებათ“, - ჩვეული იუმორით, ასე აღწერდა ო’ჰენრი მოთხრობის შექმნის შემოქმედებით პროცესს. თუმცა, შედარებით რეალისტურად რომ მივუდგეთ მის წერის მანერას, სწრაფ ტემპსა და უხეშად გამოვთვალოთ, მას კვირაში საშუალოდ ერთი მოთხრობა ჰქონდა „მზად“.

ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი ო,ჰენრი, რომლის ნამდვილი სახელი უილიამ სიდნი პორტერი გახლდათ, ძირითადად ამერიკელებსა და მათ ცხოვრებაზე წერდა. მისი ნაწარმოებებისთვის დამახასიათებელი იყო ჩახლართული და იუმორით სავსე სიუჟეტი, მოულოდნელი დასასრული. სამწუხაროდ, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალკოჰოლიზმით დაავადდა. მიუხედავად ამისა, წერას არ წყვეტდა და ძველებურად „მაღალ ხარისხს“ ინარჩუნებდა. 1910 წელს თავისი ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოები - „წითელკანიანთა ბელადი“ დაწერა, რომელიც ყველა ზემოთ დასახელებული თვისებით იყო გაჯერებული.

1-ლ და 4 თებერვალს მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე „წითელკანიანთა ბელადის“ პრემიერა გაიმართა. ორმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილია, რომელიც სპექტაკლის სცენური ვერსიის ავტორიცაა და მუსიკალური გამფორმებელიც, ხოლო ქორეოგრაფი გია მარღანია გახლავთ. სპექტაკლში მონაწილეობენ: სანდრო ლელუაშვილი, შალვა ანთელავა, გიორგი შავგულიძე, კახა ჭოლაძე, ანა ხუროშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, ლიკა შუკაკიძე, ლაშა გრძელიძე და ზურა არუსია.

სპექტაკლში წარმოჩენილია ისეთი თემები, როგორებიცაა: ბავშვის თვითნებობა, სიჯიუტე, ნეგატივიზმი, არსებული წესებისა და ტრადიციებისადმი პროტესტი და სისასტიკეში გადასული ქცევები; უფროს-უმცროსის ურთიერთდამოკიდებულება, შვილების აღზრდისას დაშვებული შეცდომები და სხვა პრობლემური, გადაუჭრელი საკითხები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია.

1-copy-1676272830.jpg

როგორც ბატონმა დიმამ სპექტაკლის ისტორიაზე საუბრისას აღნიშნა, „წითელკანიანთა ბელადი“ ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია მოზარდ მაყურებელთა თეატრისათვის და სხვადასხვა წელს ამ დადგმის ოთხი სხვადასხვა ვერსიაა განხორციელებული. თუმცა, ახალ სპექტაკლში ბევრი რამაა სახეცვლილი. მაგალითად, უწინ მთავარი გმირის, ჯონი დორსეტის როლს ყოველთვის ტრავესტის ამპლუის ქალი მსახიობები ასრულებდნენ. ამჯერად „ტრადიცია“ დაირღვა და ამ სპექტაკლში წითელკანიანთა ბელადის როლში მამაკაც მსახიობს, სანდრო ლელუაშვილს იხილავს მაყურებელი. ამ კონკრეტულ ინსცენირებაში პირველად ჩნდება დედის პერსონაჟიც, რომლის არსებობაც უფრო მეტ სიმკვეთრეს ანიჭებს დამდგმელი ჯგუფის სათქმელს, ასევე - მაწანწალა ელიზა, რომელსაც ნინო ლორთქიფანიძე თამაშობს. სწორედ ის მოუთხრობს მაყურებელს სცენაზე გათამაშებულ ამბავს და ამავდროულად წარმოდგენის მოქმედ პერსონაჟადაც გვევლინება.

„ამ ნაწარმოებთან შეხება უკვე მეორედ მქონდა. პირველად 2021 წელს მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდგი და მაშინ უფრო კლასიკური ვარიანტისკენ გადავიხარე. იmaვეს გამეორება არ მინდოდა და ამიტომ, ცვლილებები შევიტანე. შეიძლება რაღაც ეპიზოდები ჰგავდეს, მხოლოდ ნაწარმოებიდან გამომდინარე, მაგრამ საერთო ჯამში, პირადად ჩემთვის, სრულიად ახალი სპექტაკლია“... - აღნიშნა დიმიტრი ხვთისიაშვილმა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლები თითქმის ყოველთვის ატარებს ერთგვარ აღმზრდელობით დატვირთვას და ალბათ „წითელკანიანთა ბელადიც“ ის შემთხვევაა, რომელიც როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს ურთიერთობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დააფიქრებს, ცხოვრებაში სწორ ღირებულებებზე აქცენტის მოძიებაში დაგვეხმარება.

P.S. ფოტოების ავტორი ბექა ცირეკიძე.

ანა კალანდაძე