დეა მეტრეველი: "ხალხი უკვე აღარ ენდობა პოლიტიკოსებს" - გზაპრესი

დეა მეტრეველი: "ხალხი უკვე აღარ ენდობა პოლიტიკოსებს"

საქართველოს და ქართველ ხალხს დღეს უამრავი პრობლემა აქვს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პარტია "ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრ დეა მეტრეველს სწორედ ამ პრობლემებზე ვესაუბრეთ.

- ქალბატონო დეა, ალბათ ჩვენი საუბარი მძიმე სოციალური ფონით უნდა დავიწყოთ, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს და ეს NDI-ს ბოლო კვლევამაც დაადასტურა.

- მგონი, არანაირი კვლევა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია. კვლევები ჩვენი ხალხის მდგომარეობას მხოლოდ ციფრებით ასახავს, ჩვენ კი რეალობას საკუთარი თვალით ვხედავთ: ნაბიჯები, რომლებსაც ხელისუფლება საგარეო თუ საშინაო ასპარეზზე დგამს, მცდარია. ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ჩვენს ხალხს აიძულებს, თავისი მომავალი საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებოს. ხელისუფლების ქმედებები საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის და ღალატის ტოლფასია.

- მცდარ ნაბიჯებში იმასაც გულისხმობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული გახდა?

- რა თქმა უნდა, ამასაც ვგულისხმობ, რადგან ეს ანტიდასავლური პოლიტიკის კიდევ ერთი ნაყოფია. წესით, საქართველოს ეკონომიკა დასავლეთის ქვეყნებს უნდა დაუახლოვდეს, მაგრამ ჩვენი ვექტორი თანდათან ჩრდილოეთისკენ იხრება. ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერებამ კიდევ ერთხელ ცხადყო. ეს პორტი გახდებოდა სერიოზული სტიმული, რომ საქართველო დასავლეთთან კიდევ უფრო ახლოს ყოფილიყო. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეაჩერა და მის ნაცვლად, ჩრდილოეთის მიმართულებით მაგისტრალების მშენებლობა დაიწყო. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დასავლურ სამყაროს ჩამოგვაშოროს, საქართველო 100 პროცენტით დამოკიდებული გახდეს ჩრდილოელ მეზობელზე. მისი მიზანია, ახალი, დამატებითი გზები გაჭრას რუსეთისკენ და სწორედ ეს არის ძალიან საშიში, დანაშაულებრივი პოლიტიკა. დღევანდელ სიტუაციაში ხელისუფლებას ურჩევნია, ჩვენი საზოგადოება, ინტელიგენცია, ქართული ბიზნესი - მოკლედ, ყველა და ყველაფერი დაშინებული იყოს. რატომ? - ეს ნოყიერი ნიადაგია საიმისოდ, რომ დაბეჩავებული ადამიანები უფრო იოლად მართონ და ოკუპანტ ქვეყანასთან წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკა წარმატებით განახორციელონ.

- როგორ შეიძლება ეს მდგომარეობა შევცვალოთ?

- ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს კომუნიკაცია უცხოელ პარტნიორებთან - სხვაგვარად, თავისუფალი, ძლიერი, ევროპული საქართველოს იდეა ვერ განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი კულტურით, ისტორიითa და ღირებულებებით ევროპის განუყოფელი ნაწილია. ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. ყველა ხედავს, როგორ მუშაობენ ომში მყოფი უკრაინელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ევროპელებთან და რა მაღალ სტანდარტს უჩვენებს ეს ქვეყანა. ჩვენც უნდა შევძლოთ ევროპული ვექტორის მომხრე პოლიტიკური ძალების გაერთიანება და მათი ინტერესი მხოლოდ ერთი უნდა იყოს - საქართველო და მისი ევროპული არჩევანი. ევროკავშირთან კომუნიკაცია და ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანება სასიკეთო შედეგებს მოგვიტანს.

- აუცილებლად უნდა ვახსენოთ თითქმის გასამმაგებული ფასები და მიზერული შრომის ანაზღაურება, რომელიც ხალხს აიძულებს, უცხოეთში გაიხიზნოს, ემიგრანტების დიდ ნაკადს შეუერთდეს.

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. დადგენილია, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს და ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. ეს არც უნდა გვიკვირდეს, რადგან ჩვენი ეკონომიკა რუსეთზეა მიბმული - ქვეყანაზე, რომელიც თვითონ არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ვისურვებდი, საქართველო მისმა მოქალაქეებმა არ მიატოვონ, რადგან მათი აქტიურობა, მათი ყოფნა ქვეყნის სადარაჯოზე, მათი ხმა უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, ახლა, როცა საქართველო ქართველებისგან იცლება და აქ ოკუპანტი ქვეყნის მოსახლეობა შემოდის. ეს გენოციდის ტოლფასი პროცესია! დიდი იმედი მაქვს, რომ პროცესი დროებითია და ძალიან დიდ მასშტაბს არ მიიღებს.

- ლამის მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და მის სასამართლო პროცესებს. თქვენც ფიქრობთ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საკითხის გადაწყვეტაზე ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული?

- ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული უნდა იყოს. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიღუპოს. თვალყურს ვადევნებთ იმ სამარცხვინო სასამართლო პროცესს, რომელიც დაუსრულებლად მიმდინარეობს იმ ფონზე, როცა ადამიანი ნელ-ნელა იღუპება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება - ამას ავტორიტეტული ექიმები ამბობენ; ნობელის პრემიის ლაურეატებიც კი ადასტურებენ, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია. ნამდვილად არ მაქვს უფლება, რომ მათ არ დავუჯერო. მიმაჩნია, რომ მისი გადარჩენის გზა საზღვარგარეთ მკურნალობაა.

- თქვენც ხომ არ გიჩნდებათ განცდა, რომ სერიოზული თემები სულ სხვა, მეორეხარისხოვანი ამბებით სპეციალურად იფარება?

- სამწუხაროდ, ასეა და ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ქართული ოჯახების მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე, არ უნდა ვილაპარაკოთ ბავშვების შიმშილზე, ფემიციდზე, რომელიც ასე მძვინვარებს; არ უნდა ვილაპარაკოთ განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ან კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ ნადგურდება... ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ შედგენილი დღის წესრიგით იფარება, რომელსაც ტროლ-ბოტები ავრცელებენ. მათი მიზანია, საზოგადოება, რომელიც ისედაც დაბეჩავებულია, მეორეხარისხოვან, უმნიშვნელო საკითხებზე მსჯელობდეს და კამათობდეს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ძალის წარმომადგენლები მაინც ვახერხებთ, საზოგადოებას ყველაზე მძიმე თემებზე ვესაუბროთ და თვალი ავუხილოთ. სხვა გზა არც არის: მათ მიერ შედგენილ ხელოვნურ დღის წესრიგს უფრო მწვავე და რეალური თემები უნდა დავუპირისპიროთ. სერიოზული საკითხია, რომ მოსახლეობა უკვე აღარ ენდობა პოლიტიკოსებს და ამაში გასაკვირი არაფერია, ეს ჩვენი რეალობაა. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმაც და ცალკეულმა პოლიტიკოსებმაც საკუთარ თავს უნდა დაუსვან შეკითხვა, თუ რისი ბრალია ასეთი უნდობლობა? უნდა იზრუნონ, რომ მოსახლეობასთან დიალოგი და კომუნიკაცია უფრო გააქტიურდეს.

იმედს ვიტოვებ, ქართveლი საზოგადოების გონიერება გაიმარჯვებს და ამ ცუდ პერიოდს ღირსეულად გადავლახავთ.

286006293-392370469577529-4815155562130949192-n-copy-1676273027.jpg

- თქვენი ოპტიმიზმის საფუძველი რა არის?

- ის, რაც ყველა გამოკითხვაში აშკარად ჩანს: საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეა. ხელისუფლებას უნებურად მოუწევს ამ რეალობის, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება. ხალხი კი, თავისი სახელმწიფოს მომავალს ევროკავშირთან ერთად ხედავს და არა ოკუპანტ მეზობელთან ერთად. ამ სიტუაციში მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია ერთადერთი გამოსავალია. არ უნდა დავიღალოთ, რომ თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ სწორი ხედვა, სწორი არჩევანი. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს და იცოდეს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ ყველა პარტიას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი. დიდი რესურსი გვაქვს და კიდევ ბევრ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ყველაზე გონიერი, საინტერესო ადამიანები მოვიზიდოთ. ჩვენი საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი უფრო ქმედითი და აქტიური უნდა გახდეს. მხოლოდ ასე დაინახავს ჩვენი მოსახლეობა გადარჩენის ფორმულას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა სწორედ ხალხის ძალისხმევა და აქტიურობაა. დარწმუნებული ვარ, ამ სიტუაციიდან კიდევ უფრო გაძლიერებულნი გამოვალთ და ჩვენი ქვეყანა მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

ხათუნა ჩიგოგიძე