მერაბ ხუტაშვილი: "ჩემს სამშობლოს არაჩვეულებრივი ენერგეტიკა და კოლორიტი აქვს" - გზაპრესი

მერაბ ხუტაშვილი: "ჩემს სამშობლოს არაჩვეულებრივი ენერგეტიკა და კოლორიტი აქვს"

"ხელოვანი ადამიანების ოჯახში დავიბადე, ვიზრდებოდი და მათ გარემოცვაში ვყალიბდებოდი. ბაბუა ფერმწერი გახლდათ, ბიძაც, დედა ტანსაცმლის დიზაინერი, ხოლო მამა ახალგაზრდობაში იუველირობით იყო გატაცებული. ირგვლივ ყოველთვის გახლდათ ბაბუაჩემის, ბიძაჩემის, დედაჩემის შემოქმედება, მათი ძიების შედეგები და საუბრები ხელოვნებაზე, მე კი ამ ყველაფერს ბავშვობიდან ვისრუტავდი. მადლობელი ვარ ოჯახის, რომელიც ყოველთვის ჩემი ინტერესების მხარდამჭერი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი ოჯახის სარკეა, ეს ოჯახური "ამინდი" ჩემი მომავლის განმსაზღვრელი გახდა. მთავარი ხელშემწყობი კი, აწ უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი ბაბუა გახლდათ, რომელმაც პირველად შენიშნა ჩემში ძერწვისადმი ინტერესი"... - ამბობს მოქანდაკე მერაბ ხუტაშვილი. 35 წლის ხელოვანი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ყოველწლიურად აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე მხატვართა გამოფენებში.

- ბატონო მერაბ, სამხატვრო აკადემიაში გატარებულმა წლებმა რა შეგმატათ ცოდნის თვალსაზრისით და გააღრმავა თუ არა თქვენში ქანდაკების მიმართულებით მუშაობის სურვილი?

- რასაკვირველია! სამხატვრო აკადემია არის ხელოვნების დაწყებითი ოაზისი, რომელმაც უამრავი რამ მომცა. სტუდენტობის პერიოდში, ფაქტობრივად იქ ვცხოვრობდი, მივდიოდი დილით და შინ გვიან საღამოს ვბრუნდებოდი. სამწუხაროდ, არაერთი ადამიანისგან მსმენია მოსაზრება, რომ აკადემიაში გატარებულმა წლებმა არაფერი მისცა. გასაგებია, რომ ეს ამა თუ იმ პიროვნების სუბიექტური აზრია, მაგრამ ამ საკითხზე ობიექტურად უნდა ვიმსჯელოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში, უკვე მისასალმებელია, რომ ქვეყანაში არსებობს სამხატვრო აკადემია, თან იმ უამრავი გასაჭირისა და ტრაგედიების შემდეგ, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვიარეთ. გავიხსენოთ ის უსაყვარლესი პედაგოგები, რომლებიც კეთილსინდისიერად მუშაობენ და თავის პირად ინტერესებს, ენერგიას, სიყვარულს დებენ ახალი თაობის სწავლების პროცესში. ჩემი აზრით, შემეცნების სურვილი სტუდენტზეა დამოკიდებული. სწავლა თუ არ გინდა, შეძლებულმა მშობელმა სულ რომ ჰარვარდში ჩაგაბარებინოს, იქიდან ისეთივე სულელი გამოხვალ, როგორიც შესვლამდე იყავი. ჩვენი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია უნიკალური დაწესებულებაა, სადაც უამრავი მნიშვნელოვანი კათედრაა და შესანიშნავი ადამიანები მუშაობენ. თუ მოწესრიგებული სტუდენტი ხარ, ლექციებს დაესწრები, მაგრამ თუ სწავლა არ გინდა, 12 საათზე გაიღვიძებ, აკადემიაში "საბირჟაოდ" მიხვალ, ლუდს დალევ, სიგარეტს მოსწევ და გამოიპრანჭები მხოლოდ იმიტომ, რომ მეგობრებს დაანახვო რას ატარებ, რა თქმა უნდა, ცოდნა და სიკეთე გვერდს აგივლის. გარდა ამისა, არსებობს ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც შეგიძლია მიხვიდე, აიღო მკითხველის ბარათი, მიუჯდე მაგიდას, ტელეფონი გვერდზე გადადო და ყოველდღიურ რეჟიმში, უფასოდ გაეცნო იქ დაცულ უმდიდრეს მასალებსა და ალბომებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თუ ადამიანი მოტივირებული და დაინტერესებული ხარ, ცოდნის მიღების ყველა საშუალებას გამოიყენებ და თუ ასე არ არის, ამაში უპირველესად, თავად ხარ დამნაშავე და არა სახელმწიფო დაწესებულება.

6-1676366324.jpeg

- სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა არ შეგიწყვეტიათ. რეალიზებული ხართ თქვენს პროფესიაში და აქტიურად მონაწილეობთ გამოფენებშიც. მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ, როგორც ინტერიერისთვის, ისე ექსტერიერისთვის. ძირითადად, რა მასალებით მუშაობთ?

- ხე, თაბაშირი, მეტალი, ქვა. რაც შეეხება ზომებს, მოქანდაკე მუშაობისას ცდილობს გაცვეთილი კლიშეებისა და ჩარჩოების მიღმა იაზროვნოს. ვფიქრობ, როცა საქმეში სრულად ხარ ჩართული, კეთილსინდისიერად და საფუძვლიანად მოქმედებ, ნებისმიერი კამერული ზომის კომპოზიცია რომ დავაპატარავოთ ან გავადიდოთ, ის ნაკლებად საინტერესო არ გახდება და არც ეშხს დაკარგავს. თუ გათვლა კეთდება მხოლოდ იმაზე, გადაგიხდიან თუ არა მასში ფულს, უკვე ყველაფერი მკვდარია - დაწყებული იდეიდან, ბოლომდე...

- ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ?

- დიახ, ყოველდღე. ჩემთვის შაბათ-კვირა არ არსებობს. საერთოდ, რამდენიმე დღე რომ არ ვხატო, უკვე მეტყობა, ამიტომ ამას სისტემატური ხასიათი აქვს. ვფიქრობ, ხელოვანი საქმეში სულ აქტიურად უნდა იყოს ჩართული და მხოლოდ ამ გზით წარმოუდგინოს საზოგადოებას საინტერესო და განსხვავებული ნამუშევრები... მუდმივად უნდა ქმნიდე, შენს სამყაროში უნდა ტრიალებდე და ამ ყოველდღიურობას ამდიდრებს ოჯახთან, მეუღლესთან, მეგობრებთან შენი ურთიერთობა. თან, როცა ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი უნიკალურია: ბუნება, დამწერლობა, ტრადიციები... როგორ შეიძლება შემოქმედებითი ადამიანი გულგრილი დარჩეს, როცა ტრადიციულ ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშებს უყურებს ან მაშინ, როცა ჰამლეტ გონაშვილის სიმღერას მოისმენს?! არ არსებობს, მასში რაღაც ემოცია არ დაიბადოს და ქანდაკების შემთხვევაში, მოგვიანებით, ეს აუცილებლად გარდაისახება სხვადასხვა მოცულობით ფორმაში.

3-1676366313.jpeg

- თქვენი სახლიდან გასხვისებული პირველი ნამუშევარი რა იყო და დღეს რა განცდა გაქვთ, როცა თქვენს სახელოსნოს მორიგი ქანდაკება ტოვებს?

- გაგიკვირდებათ და ჩემი პირველი გაყიდული ნამუშევარი იყო გრაფიკა. საერთოდ, როცა რაღაცას ვქმნი, ის ძალიან მიყვარს და რთულია მისი დათმობა, მაქსიმალურად ვცდილობ არ გავყიდო. რა ვქნა?! ასეთი გიჟი და არანორმალური ვარ (იცინის). ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, საზოგადოება მკაცრი და ამავდროულად, ძალიან სენსიტიურია და ვერასდროს გამოაპარებ რა ბუნებით, ენერგეტიკითა და ფილოსოფიური დატვირთვით არის ნამუშევარი შექმნილი. ძიების პროცესი მუდმივია. ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტ მასალაში სცადოს თავი და ნელ-ნელა, ნამცეც-ნამცეც შეაგროვოს პირადი გამოცდილება. ამის გარეშე ზედმეტია განვითარებაზე ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებაზე ბავშვობიდან შეყვარებული ვარ, ვერც ახლა და ვერც მერე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ვიცი. ახლაც ვსწავლობ და ჩემი ყოველი ახალი ნამუშევარი მორიგი გამოცდილება და ძიებაა.

1-1676366285.jpg

- ბევრი ხელოვანი ამბობს, რომ საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში თავის რეალიზების მეტი საშუალებაა. ოდესმე თუ გიფიქრიათ საქართველოს დატოვებასა და სხვაგან მუშაობაზე?

- რასაკვირველია, ბევრგან რეალიზების მეტი საშუალებაა, მაგრამ საქართველოს დატოვებაზე არ მიფიქრია; პირადად ჩემთვის, ჩემს სამშობლოს აქვს არაჩვეულებრივი, განუმეორებელი ენერგეტიკა და კოლორიტი. როცა შენს ფესვებს მოსწყდები, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს ენერგეტიკა იკარგება. იცით, ნებისმიერ პროფესიასა და დარგს თავისი სირთულე ახლავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თუ მზად არ ხარ, დრო, ჯანმრთელობა და ნერვები გაწირო იმისათვის, რომ ქანდაკებაში რამე ღირსეული შექმნა, მაშინ ალბათ, თავიდანვე სჯობს, ამ კათედრაზე არ ჩააბარო...

4-1676366300.jpeg

- პერიოდულად, სხვა თანამედროვე ხელოვანებთან ერთად, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში "მუზა" გამართული ექსპოზიციების მონაწილე ხართ. უახლოეს მომავალში პერსონალურ გამოფენას ხომ არ გეგმავთ?

- ჩემი პრეროგატივაა თბილისში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რამდენიმე პერსონალური გამოფენა მოვაწყო. შემდეგში, თუ საშუალება და ინტერესი მექნება, დროებით საზღვარგარეთ გადავინაცვლო სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. ამ ეტაპზე დაინტერესებული ვარ, სამშობლოში გავაკეთო გამოფენების სერია. ეს ერთ დღესა და ერთ საათში არ ხდება, ამისთვის 2016 წლიდან ვემზადები. საკუთარი თავის ყველაზე დიდი და მკაცრი კრიტიკოსი ვარ. თუ ჩავთვლი, რომ ნამუშევარი დახვეწილია და იმსახურებს საზოგადოებას გავუზიარო, სწორედ მას შევარჩევ ექსპოზიციისთვის. მიზნის მისაღწევად კეთილსინდისიერად ვშრომობ, ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია და რაც არ შემიძლია, აქედან გამომდინარე, პერსონალური გამოფენის გასამართად პროცესი "მიდის"...

ანა კალანდაძე