"რაღაცის დამალვა არ მომწონს, საბოლოოდ ხომ მსგავსი ამბავი ყოველთვის მჟღავნდება"
"ყველაზე მეტად საინტერესო, დიდი გარდასახვაა; ეს ხანგრძლივი ძიების პროცესია, უფრო მეტს ფიქრობ, მეტ მასალას აგროვებ, შენშიც მეტი ცვლილება ხდება. რაც მეტს იქექები, როლი მეტად გეძვირფასება", - ამბობს მსახიობი ნათია მელაძე. როგორი როლები იზიდავს, რას ფიქრობს პერსონაჟზე, რომელსაც სერიალში "სიყვარულს მიღმა" განასახიერებს, რისი გაგება უჭირს და როგორია მისი პირადი ცხოვრება? - ამ ყველაფერზე ის გულახდილად გვესაუბრა.
- ნათია, თქვენი პროფესიისადმი ინტერესი რა ასაკში და როგორ გაგიჩნდათ?
- ბავშვობაში თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი და შეიძლება ითქვას, რომ ამ სტუდიაში გატარებულმა დღეებმა, ჩემს პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა მოახდინა. რატომღაც მორცხვი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ძალიან მონდომებული - მევლო ამ სტუდიაში. ეს იყო ადგილი, რომელმაც არა მხოლოდ მსახიობობა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა. იმ პერიოდში, როცა თეატრალურში ვაბარებდი, მსახიობობა სასურველ პროფესიად არ ითვლებოდა. მამას არ უნდოდა, ეს გზა ამერჩია, მაგრამ რომ ჩავაბარე, შემდეგ მისი სახით მთავარი გულშემატკივარი მყავდა. სამწუხაროდ, მამა დღეს ცოცხალი აღარ არის.
- თეატრალურში რომ ჩააბარეთ, ეს პროფესია ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორiც წარმოგედგინათ?
- დიახ. გოგი მარგველაშვილის ჯგუფში მოვხვდი, ეს ადამიანი განსაკუთრებულად მიყვარს.
- რით არის ის გამორჩეული?
- მისი ხელწერა, მუშაობის სტილი... მგონია, რომ მხოლოდ გოგის ჯგუფში უნდა მოვხვედრილიყავი, ეს პროფესია მისგან უნდა მესწავლა და მესწავლა არა მხოლოდ მსახიობობა. ადამიანურ ურთიერთობებში, რჩევებშიც კი ყოველთვის გამორჩეული იყო. მოგისმენდა, შენი ამბით დაინტერესდებოდა. სტუდენტები მასთან ბოლომდე გულწრფელები და გახსნილები ვიყავით.
- პროფესიულ სცენაზე პირველი როლი რომელი იყო?
- მანამდე ეპიზოდური როლები მქონდა ნათამაშები, მაგრამ ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი როლი სოსო ნემსაძის სპექტაკლში ვითამაშე, ეს იყო კლდიაშვილის "მსხვერპლი", რომელშიც მარინე ვითამაშე.
- როლზე მუშაობა ეტაპებისგან შედგება, ჯერ სამაგიდო რეპეტიციები გაქვთ, შემდეგ გადადიხართ სცენაზე... როლის შექმნის პროცესში, რომელი ეტაპია ყველაზე საინტერესო?
- ყველა ეტაპს თავისებური ინტერესი ახლავს, მაგრამ ჩემთვის მაგიდიდან რომ დგები და სცენაზე გადადიხარ, ეს პროცესი ყველაზე საინტერესოა, სხვაგვარი ფორიაქი იწყება.
- როგორი როლები გიზიდავთ?
- ყველაზე საინტერესო დიდი გარდასახვაა, ეს ხანგრძლივი ძიების პროცესია, უფრო მეტს ფიქრობ, მეტ მასალას აგროვებ, შენშიც მეტი ცვლილება ხდება. რაც მეტს იქექები, როლი მეტად გეძვირფასება. ახლა ასეთი როლები მომწონს, მაგრამ ადრე, შიშის თუ გამოუცდელობის გამო, მერჩივნა, ჩემი მსგავსი ტიპაჟები მეთამაშა; ახლა რადიკალურად განსხვავებული გმირები მიზიდავენ, ასეთების თამაში აზარტულია.
- როლზე მიუღებლობის გამო უარი გითქვამთ?
- მგონი, ეს მომენტი ყველა მსახიობის ცხოვრებაშია, როცა გარემო, მასალა რაღაც სახის დისკომფორტს გიქმნის. გარემოებებისა და უდროობის გამო უარი მითქვამს, მაგრამ მიუღებლობის გამო - არა, ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია.
- სერიალის "სიყვარულს მიღმა" გადასაღებ მოედანზე როგორ აღმოჩნდით?
- ეს სერიალი რიგით მეოთხე პროექტია, რომელზეც ამ შემოქმედებით ჯგუფთან ვმუშაობ. აქამდე იყო "ჩვენ გვერდით", "ერთი ნაბიჯი" და "იდეალური დედა", მანამდე პატარა ეპიზოდი "შუა ქალაქშიც" ვითამაშე.
- თქვენს პერსონაჟზე რას გვეტყვით, რამდენად უგებთ, აკრიტიკებთ, გესმით ამ ქალის?
- არ ველოდი, ამ პერსონაჟის ცხოვრება ასე თუ განვითარდებოდა. მისი გარკვეული ქმედებების გაგება მიჭირს, რაღაცების - არა.
- უფრო კონკრეტულად?
- ურთიერთობაში ტყუილი, რაღაცის დამალვა არ მომწონს, საბოლოოდ ხომ მსგავსი ამბავი ყოველთვის მჟღავნდება, ისევ ჩვენ და ჩვენს ახლობელ ადამიანს გვაყენებს ტკივილს. ამაში ირინას ვერ ვამართლებ. თუმცა, არავინ იცის, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩნდეს, ვინ როგორ მოიქცევა. ყველაფრის მიუხედავად, ჩემი პერსონაჟის ადვოკატი ვარ და მას ყოველთვის დავიცავ.
- გიგი მიგრიაული როგორი პარტნიორია?
- მე და გიგის ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე არ გაგვიცნია, მანამდეც ვიცნობდით, ეს მსახიობისთვის კომფორტია, გადასაღებ მოედანზე შეთამაშება უფრო მარტივია. საერთოდ, ამ სერიალზე ძალიან კარგი სამუშაო გარემოა.
- სცენაზე მუშაობა მეტად გიზიდავთ თუ გადასაღებ მოედანზე?
- საქართველოში, მსახიობების ცხოვრებაში გადასაღები მოედანი უმეტეს შემთხვევაში, მოგვიანებით მოდის. ჩემი გამოცდილებით, ორივე პროცესი ძალიან საინტერესოა, მაგრამ თეატრი მაინც პირველ ადგილზეა. იმის შესაძლებლობას, რომ მუდმივად შემოქმედებით ფორმაში ვიყო, თეატრი მაძლევს.
- რუსთავის თეატრის დასის წევრი ხართ. ახლახან საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის - "თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი" ფარგლებში, "ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებლად" დაგასახელეს (ე. გიზატოვას "მიმძიმს ამაზე საუბარი", რეჟისორი სოსო ნემსაძე). ელოდით ამ აღიარებას?
- იმდენად მოულოდნელი იყო, რომ... არ ვიცი, როგორ ვთქვა... ერთი წუთით არ დამიშვია, პრიზს თუ ავიღებდი. ჩემს პერსონაჟს სახელი არ აქვს, მძიმე სპექტაკლია, 1937 წლის რეპრესიების თემაზეა. მოქმედება საკანში ხდება. პატიმარი ქალი ვარ, რომლის ქმარიც ხალხის მტრად გამოაცხადეს და დააპატიმრეს. ჩემთან ერთად სხვა პატიმრებიც sxedan, ოჯახის წევრების, ქმრების გამო დაპატიმრებული ქალები. ეს მონოლოგებით აწყობილი ძალიან საინტერესო სპექტაკლია. მაყურებელი აქტიურად დადის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმეა, ამ სპექტაკლისადმი ინტერესი მაინც დიდია. ეს სპექტაკლი წარსულ შეცდომებზეა, რომლებსაც ფორმა ეცვალა და ამ შეცდომებს 21-ე საუკუნეში მაინც ვიმეორებთ.
- მაყურებელს მსახიობის პირადი ცხოვრება ყოველთვის აინტერესებს, თქვენზე რას გვეტყვით?
- ერთი გოგონა მყავს, 14 წლის. მეუღლე დავშორდი - ერთმანეთს ვერ გავუგეთ და დავიშალეთ. შევეგუე იმ აზრს, რომ გასათხოვარი ვარ (იცინის). ჩემი საქმით, ელენეს განვითარებით, კარგი განათლების მიღებით ვარ დაკავებული. ვცხოვრობ შვილთან და დედასთან ერთად. გვყავს ძაღლი, ისიც ქალია. ასე რომ, სახლში 4 ქალი ვართ.
- ელენეს მსახიობობის სურვილი ხომ არ აქვს?
- ხან აქვს, ხან - არა. მე მინდა, რომ მსახიობობა არ მოუნდეს, თუმცა ის არჩევანში თავისუფალი იქნება.
- ახალი ურთიერთობის დასაწყებად მზად ხართ?
- რატომაც არა, მთავარია, "ის" გამოჩნდეს.
- პოპულარობამ თაყვანისმცემელთა რაოდენობაზე არ იმოქმედა?
- ცნობადობამ ბევრად მოიმატა, ყველგან მცნობენ, რუსთავში ვცხოვრობ და რუსთავის თეატრი ისეთი აქტიურია, თეატრიდანაც ბევრი მცნობს. მეუბნებიან, თქვენს სპექტაკლებზე დავდივართო. მსახიობისთვის კომპლიმენტი და პოპულარობა ყოველთვის სასიამოვნოა.
თამუნა კვინიკაძე