"მამაომ ცეცხლში გაიარა და მართლა ღვთის წინაშე დადგა"
გელათის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გასულ კვირას მიაბარეს მიწას. ტიროდა ყველა, დიდი თუ პატარა, ათასობით ადამიანი გამოეთხოვა საყვარელ მოძღვარს, რომელმაც მრევლში უდიდესი სიყვარული დათესა. გელათში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, სხვადასხვა რაიონიდანაც უამრავი ადამიანი ჩამოვიდა მისთვის პატივის მისაგებად. მამა იოსების საფლავი მრევლმა ფერადი, ლამაზი გვირილებით აავსო და ასე გააცილა უკანასკნელ გზაზე. მამა იოსები გელათში, სამონასტრო კომპლექსის ეზოში დაკრძალეს - იქ, სადაც 30 წელი იმსახურა.
საზოგადოებამ უკვე იცის 16 იანვრის ღამეს ქუთაისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. ღამის 12 საათი ხდებოდა, როცა არქიმანდრიტმა სტუმრებისთვის განკუთვნილ კელიაში კვამლი შენიშნა. იცოდა, იმ დროს იქ სტუმარი უნდა ყოფილიყო და მაშინვე მის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ კელიაში შევარდა. იქ სტუმარი არ დახვდა. წინამძღვარმა შიშველი ხელებით დაიწყო ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ მალე უფრო ძლიერად მოედო ცეცხლი იქაურობას, მერე თავად მამა იოსების სამოსსაც. მონასტერში მყოფმა სხვა სასულიერო პირებმა ამის შემდეგ შენიშნეს კელიაში გაჩენილი ხანძარი. იქ მისულებს ცეცხლის ალში გახვეული არქიმანდრიტი დახვდათ. მამაოს წყალი გადაასხეს, თუმცა სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მას სხეულის 50 პროცენტი უკვე დამწვარი ჰქონდა. სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში. თითქმის ორი კვირა იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად. ლოცულობდა მისთვის ერი თუ ბერი, ბოლო დღეები თვითონაც ლოცვაში გაატარა. თურმე აქეთ ამშვიდებდა მის სანახავად მისულ ადამიანებს. სამწუხაროდ, 30 იანვარს, მამა იოსები აღესრულა.
მამა იოსებ ბურჯანაძე ბაღდათის სოფელ ობჩიდან იყო, მორწმუნეების ოჯახში დაიბადა. მისი მამა, გიორგი ბურჯანაძე მედავითნე გახლდათ. ოჯახში ოთხი შვილი გაიზარდა: სამი ძმა და ერთი და. ბავშვობიდან მათ მამის გულმხურვალე ლოცვა ესმოდათ და შვილებმაც სასულიერო ცხოვრება აირჩიეს. სამივე ძმა სასულიერო პირია, ორი თეთრ სამღვდელოებაშია, მოძღვარია, ხოლო მამა იოსები 30 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა და მას შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსში მსახურობდა. დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია, იყო ლექტორი და ლექციებსაც კითხულობდა ლიტურგიაში.
იღუმენი დავით უმანკოშვილი თითქმის 21 წელი იყო გელათის მონასტერში მამა იოსების გვერდით. მან ყველაზე კარგად იცის ამ დიდი სასულიერო პირის განვლილი ცხოვრების გზა; სწორედ მან შეასხა წყალი და ცოცხლად დაწვას გადაარჩინა ცეცხლმოკიდებული არქიმანდრიტი.
მამა დავითი:
- მამა იოსები 2001 წელს გავიცანი, მაშინ მასთან მონასტერში მიმიყვანეს, გარკვეული პერიოდი რომ იქ გამეტარებინა. შემოდგომაზე დავრჩი მასთან. პირველივე ნახვაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ დროს სასულიერო ცხოვრებაზე არც ვფიქრობდი. მისი გაცნობის შემდეგ გამიჩნდა ბერობის სურვილი. ამ ადამიანის მიმართ ისეთი შინაგანი განწყობა მქონდა, თითქოს მიწიერი არც იყო. მასთან ერთად 21 წელი გავატარე და სამწუხაროდ, კიდევ ვერ ჩავწვდი ისე ღრმად, ბოლომდე, სინამდვილეში როგორი დიდი ადამიანი ყოფილა. მასთან ურთიერთობით ბევრ რამეს ვსწავლობდი, ბერმონაზვნობის სიღრმეს ვხედავდი. საოცრად დიდი იყო... ერთხელ თვითონ უძლურებაში გახლდათ, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ფეხზე ძლივს იდგა, წამოდგა და თქვა, უნდა წავიდეო. ვუთხარი, ამხელა სიცხით როგორ წახვალ, მამაო, თუ რამე წასაღებია, მე წავალ-მეთქი. არა, ადამიანი მელოდება, მე უნდა მივიდეო. ვერ გადავაფიქრებინე. მარტო იმაში დამთანხმდა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი. გელათს ესაზღვრება გოდოგანი და იქ ერთი ოჯახი ცხოვრობს, რომელიც თურმე მამა იოსების მამასთან ახლობლობდა და მათთვის ნუგეში უნდა ეცა. იქამდე წავედით მანქანით, სადამდეც შესაძლებელი იყო ავტომობილით სარგებლობა, ამის შემდეგ ტყეში, კარგა ხანს მოგვიწია ფეხით სიარულმა. ზამთარი იყო. წვიმდა, ძალიან ციოდა. გზაში სულ დავსველდით. მიიტანა სურსათი, თანხა აჩუქა ამ ოჯახს, ელაპარაკა და ანუგეშა კიდეც. ოჯახს უჭირდა მატერიალურად და განსაცდელიც ჰქონდათ, ანუ მისი ნუგეში სჭირდებოდათ. ამის მერე უკან, ისევ ფეხით დავბრუნდით. მონასტერში რომ მივედით, უფრო აეწია ტემპერატურა, მოსუსტდა და გარკვეული პერიოდი ცუდად იყო. ასეთი ბუნების ადამიანი გახლდათ. იცოდა, მისი ჯანმრთელობა დამძიმდებოდა, მაგრამ არ მოერიდა. კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ნასვამ ბიჭებს ერთმანეთში შელაპარაკება მოუხდათ, რაც ჩხუბში გადაიზარდა და ამას შემთხვევით შევესწარით. არ დაფიქრებულა იმაზე, შეიარაღებული ხომ არ იყვნენ. ორივე ხელი გაშალა, პირდაპირ მოჩხუბრების შუაში ჩადგა და ისინი ასე შეაჩერა. ვინ იცის რამდენი ადამიანი შეურიგებია საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ჩემ თვალწინ. ფაქტობრივად, მისი ცხოვრების გვირგვინი, მისი ასეთი დასასრული იყო.
- როგორც ვიცი, ამ ამბის შემდეგ პირადად ესაუბრეთ მამა იოსებს. რა გიამბოთ?
- სანამ დამძიმდებოდა და სუნთქვა გაუჭირდებოდა, მიამბო, რომ ამ სასტუმრო კელიასთან ჩავლისას შეამჩნია უცნაური ნათება. როცა მივედი, კელია კვამლით იყო სავსე, ცეცხლიც დავინახეო. უკვე მოდებული იყო საწოლებზე და მაინც შიგნით შევიდა. ფიქრობდა, რომ სტუმარი იქ იყო და მას ეძებდა. დიდი დაკვამლიანების გამო ხილვადობა ჭირდა. როცა მიხვდა, სტუმარი ადგილზე არ იყო, მერე გადაწყვიტა ცეცხლის ჩაქრობა და ამასობაში მის სამოსელსაც მოეკიდა. ამის შემდეგ გარეთ გამოვიდა, ცეცხლმოკიდებული საწოლის გადასაფარებელიც გამოიტანა და შეეცადა, თავის სამოსზეც ცეცხლი ჩაექრო. ამ დროს ეს ერთმა მამაომ დაინახა და დამიძახა. უცებ ვერ მივხვდი, ვინ იყო. ვხედავდი, ადამიანი თავის ტანზე მოკიდებული ცეცხლიs ჩაქრობას როგორ ცდილობდა, ბალახზე გაწვა, კოტრიალობდა, მერე წამოჯდა. ღამე იყო, 12-ის ნახევარი იქნებოდა. აივანზე 10-ლიტრიანით წყალი იდგა, იმას მოვკიდე ხელი და გავვარდი. ამასობაში მის ტანისამოსზე მთლიანად აალდა ცეცხლი. მალევე გადავასხი წყალი და ჩავაქრე, ოღონდ ბოლომდე აღარ მეყო, წინდებზე ისევ დარჩა ცეცხლი. ამის ჩაქრობა ხელით ვეცადე და ჩავაქრე. მან ნახა, რომ ძალიან აღელვებული ვიყავი და ამ ვითარებაში მყოფმა კიდევ მე მანუგეშა. მითხრა, ნუ გეშინიაო. შევამჩნიე, დამწვრობა ჰქონდა, მაგრამ ძალიან წითელი არ იყო. ექიმისგან მოგვიანებით გავიგე, რომ თავიდან დამწვრობა არ ჩანს, მერე იწვის კუნთოვანი ქსოვილები. აღმოჩნდა, რომ ღრმა და ძლიერი დამწვრობა ჰქონდა. კვამლიც ნაყლაპი ჰქონდა. ცეცხლი რომ ჩავაქრეთ, წამოვაყენე ფეხზე და ვკითხე: მამაო, როგორ ხარ-მეთქი? - კარგად ვარ, იმ ცეცხლს მიხედეთო. კელიამდე მივიყვანე, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა. გამოიცვალა და გარეთ გამოვიდა. ეზოში დადიოდა. ამბობდა, კარგად ვარო. ამასობაში სახანძროც და "სასწრაფოც" მოვიდა, მერე გავიგეთ, რომ რთულ მდგომარეობაში იყო... საავადმყოფოში ორი დღე მასთან დავრჩი და კიდევ იმ კელიაზე წუხდა, როგორ დაიწვაო. ასე მითხრა: მდგომარეობამ, რაც ახლა მაქვს, უფრო მეტად ჩამაღრმავა საკუთარ თავში და ახლა მე გოლგოთის გზას გავდივარო. ვკითხე, - მამაო, რატომ არ დამიძახე, ცეცხლმოკიდებულ კელიაში რომ შედიოდი-მეთქი? შემომხედა და არაფერი მიპასუხა.
- გონება არ დაუკარგავს?
- გონებაზე იყო და ამ ტკივილებსაც ბოლომდე იტანდა. რომ საუბრობდა, უბრალოდ, სახის გამომეტყველებაზე ვხვდებოდი, ტკივილი რომ ჰქონდა... მამაომ ცეცხლში გაიარა და მართლა ღვთის წინაშე დადგა. ამ სამყაროში მამა იოსები ბერული გაელვება იყო.
- ხომ არ გიამბოთ, რა ასაკში და რატომ გადაწყვიტა ბერად აღკვეცა?
- მამა იოსები ოbჩიდან გახლდათ. მამამისი მედავითნე იყო. ორი ძმა ჰყავს და ორივე მოძღვრები არიან, თეთრი სამღვდელოება აირჩიეს. ჰყავთ უმცროსი და. მათი ეკლესიური ცხოვრება ოჯახიდან მოდის. პატარა ასაკიდან უსმენდა მამის ლოცვას. დიდი სასულიერო პირიs, კოnსტანტინე ქვარაიას სულიერი შვილი იყო, მასთან იზრდებოდა. 30 წლისა ბერად აღეკვეცა. გელათის მონასტერში დაახლოებით 30 წელი იმსახურა. მისი გარდაცვალების წინა დღე მამა იოსების ბერად აღკვეცის დღე გახლდათ.
- ამ დღეებში ჩვენ დავინახეთ მრევლის უდიდესი, უსაზღვრო სიყვარული მისდამი...
- დაინახავდით. ხალხის უწყვეტი ნაკადი იყო. უამრავი ისეთი ადამიანი მოვიდა, ვინც პირადად იცნობდა და ჰქონდა ეს ბედნიერება; ბევრი ისეთიც იყო, ვისაც ფიზიკურად ნანახიც კი არ ჰყავდა და მის შესახებ მოსმენილი ჰქონდა, ბევრიც ისეთი იყო იმ დღეს, რომლისთვისაც დიდი ნუგეში გახლდათ. გაჭირვების დროს დახმარების ხელს აუცილებლად გაუწვდიდა ადამიანს. ყველანაირ მთხოვნელს მხარში ედგა: თუ შიოდა, დააპურებდა; თუ სამოსი არ ჰქონდა, შემოსავდა; თუ ნუგეში სჭირდებოდა, ანუგეშებდა. ეს ბუნებრივად, შესისხლხორცებული ჰქონდა, ბუნებით ასეთი იყო. მე კვირას ვნახე ბოლოს კლინიკაში. მეორე დღესაც მინდოდა მისვლა და მის ძმას, მამა კონსტანტინეს რომ ველაპარაკე, მითხრა: სუნთქვა გაუჭირდა, რეანიმაციისთვის ამზადებენო. უკვე დაძინებული ჰყავდათ, ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. რომ ვნახე, იმის მეორე დღეს უკვე დამძიმდა. არადა, მე მანუგეშებდა. მეუბნებოდა: რომ ჩახვალ, ისე მოეწყვე, რომ გაჩერება შეძლოო. მერე კელიების აღდგენა დავიწყოთ და ამასობაში მეც წამოვდგები, ჩამოვალო. ისე დამაიმედა, რომ ექიმის ნათქვამის არ მჯეროდა, რომელიც ამბობდა, მძიმე დაზიანება აქვს, ყველაფერი უფლის ნებააო. ექიმმა ისიც თქვა: რომ სტკივა, არ ამბობსო. ამიტომ ექთანი აკვირდებოდა სახეზე, რათა მიმიკებით ამოეცნოთ მისი ტკივილი და ამის შემდეგ უკეთებდნენ გამაყუჩებელს. ტკივილებსაც იტანდა სიყვარულით და ახლა რომ ვაანალიზებ, ამიტომ მითხრა ალბათ, გოლგოთის გზას გავდივარო. მის ხელში გაზრდილი ბოლომდე ვეღარ ჩავწვდი ამ დიდი ადამიანის ცხოვრების მომენტებს. განსხვავებული იყო თავისი უბრალოებითაც. თანამდებობის პირი გახლდათ, მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე თუ ჩვეულებრივი ადამიანი, ყველას ერთნაირად ხვდებოდა. ეს უბრალოება მისი შინაგანი მდგომარეობა iyo. მერე კი ცეცხლი გაიარა და ქრისტეს გზას დადგა.
ერთხელ ისრაელში იყო ქრისტეს საფლავზე და ხალხი უკან მისდევდა, ქრისტეს ჰგავსო. მოციქულს აქვს აღწერილი, თუ როგორი იყო ქრისტე: საშუალოზე მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, თხელი სახე ჰქონდა და კეხიანი ცხვირი, ცისფერი თვალები და თმაც ცოტა ღია. დაახლოებით ამის მსგავსი იყო. მასზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი. ერთი წლის წინ საბერძნეთში მოღვაწე 103 წლის მონაზონმა, იღუმენია თეოდოსიამ იწინასწარმეტყველა მამა იოსების ასეთი აღსასრული. როცა მის სანახავად მივიდა, მასთან არ შეუშვეს, რადგან "კოვიდი" ჰქონდა მონაზონს. ქართველი ქალი უვლიდა და ამ ქალის მეშვეობით მოიკითხა მონაზონი და უთხრა, დამლოცოსო. იმას შემოუთვლია: ღმერთს უყვარს მამა იოსები და ცეცხლზე გაივლისო. მართლაც, ასე აღესრულა. პავლე მოციქულის სიტყვებით დავამთავრებ თქვენთან საუბარს: მოიხსენეთ თქვენი წინამძღვარი ცხოვრებისა და მიბაძეთ მის გასვლას ამ ქვეყნიდანო.
გრიგოლი, მამა იოსების მრევლი:
- გასაოცარი მოძღვარი იყო. გულის აზრებს კითხულობდა, უდიდესი მადლით აღვსილი. დიდი ბედნიერება იყო მასთან ურთიერთობა. ბავშვობიდან ვიცნობ. გელათის მონასტერში გავიცანი და აღსარება 1998 წელს ჩავაბარე. ჩემი მოძღვარი გახლდათ, ჩემი ბავშვის ნათლია. მისგან დიდი მადლი მოდიოდა. თუ ვინმე ეტყოდა, დიდი მოძღვარი ხარო, რაღაცებს გაიხუმრებდა და ბოლოს დასძენდა: მე არაფერი ვარ, გეჩვენებაო. 16 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. სულ ნატვრა მქონდა, ნეტავი მამა იოსები მესტუმროს იტალიაში-meთქi. 2010 წელს მართლაც დამირეკა: ხვალ შენთან ვიქნებიო. ვენეციაში შევხვდით ერთმანეთს. საბერძნეთიდან გემით ჩამოვიდა და ეს უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის. წლებია ემიგრაციაში ვარ და მას მერე ყოველ წელს მსტუმრობდა, მისით მართლა ვხარობდი. აქ ბევრი წმინდა ადგილია და მოსალოცად დადიოდა ხოლმე. 10 წლის წინ, თებერვალში ჩემი შვილი ანდრია მოვანათვლინე და ახლაც, როცა ბავშვთან ერთად გადაღებულ მის ფოტოებს ვუყურებ, გულში სითბო მეღვრება. უდიდესი სიყვარულის მატარებელი იყო. მასზე ისეთ ამბებს გაიგებთ, თქვენც გულზე მალამოდ მოგედებათ. ასეთი მოძღვარი დავკარგეთ, მაგრამ სასწაულებს აწი ვნახავთ, მისი მადლი ყველას შეგვეწევა. საოცარი იუმორი ჰქონდა, მასთან ყველა მხიარულობდა, ბედნიერად გაგრძნობინებდა თავს. შარშან იყო სტუმრად ჩამოსული და ერთმანეთს რომ დავემშვიდობეთ, მითხრა, - აწი ვეღარ მიხილავთო. მაშინ ამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ამბობდა: გრიგოლ, ამდენს იმიტომ დავდივარ, სიყვარულით გირჩევთ ერთგულებს, რომ მერე მიწა მომაყაროთო. მთელმა საქართველომ გააცილა და მის მიმართ მადლიერება გამოხატა. წინა ჩამოსვლაზე სკვნილი დამიტოვა, ბალიშზე დამხვდა დადებული. ეს დღეს ჩემთვის მისგან მოძღვნილი უდიდესი საჩუქარია. გასახსენებელი მართლა ბევრია. მთელი ცხოვრება რომ ვისაუბრო, სალაპარაკო თემა არ ამოიწურება. უდიდესი სიყვარული ჰქონდა თავისი სულიერი შვილების მიმართ. ოპერაცია რომ გავიკეთე, ჩამომაკითხა და მანუგეშა. სანამ ოპერაცია არ დამთავრდა, თურმე დერეფანში დადიოდა და ლოცულობდა. ეს პიროვნება მართლა ცხოვრობდა მრევლით.
მამაო ვენეციაში რომ ჩამოვიდა, იმ დღეს ნიკოლოზობა იყო. ძალიან უნდოდა ჩასულიყო ქალაქ ბარiში და იქ დასწრებოდა წირვას. შემდეგ ჩემთან უნდა წამოსულიყო, ვერონაში. ბარი და ვერონა შორსაა ერთმანეთისგან. წუხდა, რომ ვერ ახერხებდა იქ წასვლას. ვათვალიერებდით იქაურობას და კათოლიკურ ეკლესიაში გამოვესაუბრე სასულიერო პირებს. მითხრეს, რომ ვენეციაში, ერთ-ერთ კუნძულზე, რომელსაც ლიდო ჰქვია, იყო ტაძარი, სადაც ნიკოლოზის წმინდა ნაწილების 25 პროცენტი იყო შენახული. ეს როგორც კი გავიგეთ, მაშინვე გემით წავედით ამ ტაძარში. ამოსვენებული იყო წმინდა ნაწილები და ამ უდიდეს მადლს შევეხეთ. ძალიან გაიხარა მამაომ, მერე ვეზიარეთ...
მან უდიდესი სიყვარული დაიმსახურა და ნახეთ კიდეც, რა ხდებოდა მისი დაკრძალვის დღეს. ქალებზე მეტად, კაცები ტიროდნენ. უმძიმესი იქნება უშენობა, ჩვენო დიდო იმედო. სულ ასე ტკბილად ჩახუტებულს მოგიგონებთ. არასოდეს დაგვავიწყდება შენი ამაგი, სითბო და სიყვარული. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ. დარწმუნებული ვარ, უფალს ჩახუტებული ჰყავხარ გულში, როგორც შენ ჩვენ გვიხუტებდი.
წინამძღვრის გარდაცვალებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე: "იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე, ამაზე დიდი არაფერია“. მამა იოსები - რამხელა სითბო, სიყვარული და ღვთის მოშიშობაა ამ ორ პატარა სიტყვაში, რომ იცოდეთ. ეს სუსტი, მილეული და გაცრეცილი კაცი დიდი ლურჯი თვალებით და გამჭოლი მზერით, პაზოლინის „მათეს სახარებიდან“ გადმოსული კადრივით, ისე გასდევდა იმერეთის და კერძოდ, ქუთაისის სულიერ ცხოვრებას, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ზეციდან. რამდენი რამე შეიძლება მასზე გავიხსენო, უამრავი ჭორ-მართალი და ლეგენდა, მაგრამ მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს და ლოცავდა ყველას. "მდიდართა შემოწiრuლoბიდან ყველაზე მეტი, უმწეო მრევლთან მიდიოდა. საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა. ყველაზე მძიმე წუთებში, უსიტყვოდ გვერდში მედგა. მახსოვს, როგორ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ ამქვეყნიური ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით, რომ ღმერთმა ჩემი შვილი (მისი სულიერი შვილი) ამოარჩია". როგორ ჩაიბარა პირველი აღსარება, როგორ მიმიყვანა მონასტრის ჭიშკართან და როგორ ჩამაბარა დედა ნინოს. როგორ მომცა უფლება მორჩილების და უფლება, ღვთისმშობლობას გელათში ლოცვა წამეკითხა. როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა, აღარ გაბედოო. მეტკინა, ძალიან მეტკინა მამაო თქვენი ნაადრევი გასვლა... ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს! უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი სული".
"მოყვასო ჩემო, გევედრები და გთხოვ, ისურვე ის, რაც იქნება შენთვის საბოლოოდ უკეთესი", - ამბობდა ერთ-ერთ ქადაგებაში მამა იოსები. მისი შეგონება, მისი სიტყვები ალბათ კიდევ დიდხანს დააფიქრებს მის მრევლს.
თეა ხურცილავა