"ხალხს ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც, ძლიერ სტრესს განიცდიან და პოზიტივის ნაცვლად, უხეშობას, ცინიზმს ავლენენ" - გზაპრესი

"ხალხს ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც, ძლიერ სტრესს განიცდიან და პოზიტივის ნაცვლად, უხეშობას, ცინიზმს ავლენენ"

თანამედროვე ცხოვრების რიტმის, სამუშაო პირობებისა თუ ხანგრძლივი, დატვირთული გრაფიკის, გადაღლის, არასაკმარისი ფინანსებისა თუ მრავალი სხვა მიზეზის გამო, ადამიანების უმეტესობაში სტრესული მდგომარეობა ამა თუ იმ ფორმით იჩენს ხოლმე თავს, რაც მათი ცხოვრების ხარისხზეც საკმაოდ ნეგატიურად აისახება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს სტრესული მდგომარეობა ხანგრძლივია...

ხშირად, ადამიანებს სპეციალისტთან მისვლა სხვადასხვა მიზეზის გამო უძნელდებათ, გარკვეული სტიგმა ჯერ კიდევ რაღაც დოზით არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ყველა თანხმდება - პრობლემის აღიარება და მისი მოგვარებისთვის შესაძლო ხერხებისა და საშუალებების გამოყენება არამცთუ სირცხვილი არ არის, პირიქით, აუცილებელიცაა, ჩვენი ცხოვრების ხარისხი რომ გავაუმჯობესოთ, მომავალში ყველაფერს უფრო მშვიდად რომ შევხვდეთ და პრობლემების გადაჭრას გონივრულად, ნეგატიური ემოციების გარეშე შევეცადოთ.

სტრესსა და მის გამომწვევ მიზეზებზე, ადამიანის ფსიქიკაზე მის გავლენაზე, მისი მართვის შესაძლო გზებზე ფსიქოლოგი თორნიკე ზავრაშვილი გვესაუბრება.

- თორნიკე, მოდი, განვმარტოთ, რა არის სტრესი და რა იწვევს მას?

- სტრესი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას განვიცდით სხვადასხვა საქმიანობის დროს, მრავალი მიზეზით. ადამიანისთვის რთულია ფეხი აუწყოს ცხოვრების სწრაფ ტემპს და სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოს. სტრესი ადამიანის მოტივაციის დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცვლადია. ის გვიბიძგებს, რომ დაძაბულობის მიზეზები და ამით გამოწვეული პრობლემები მოვაგვაროთ. ეს აუცილებელია წინსვლის, განვითარებისა და მომავალში გადარჩენისთვის.

- როგორ ვმართოთ სტრესი?

- სტრესის მართვაში იგულისხმება ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური სტრესორების მართვა, როგორებიცაა, მაგალითად, თვითშეფასების დაწევა და სიმარტოვე. სტრესორი არის შინაგანი ან გარეგანი სტიმული, რომელიც იწვევს სტრესს. სტრესორები შეიძლება იყოს, მაგალითად: სიცივე, სიცხე; ასევე - ფსიქოლოგიური, როგორიცაა დეპრესია; არსებობს ფილოსოფიური ხასიათისაც, როგორიცაა ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრა; და - სოციალური: ეს შეიძლება იყოს უმუშევრობა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და სხვა.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს ტვინში მუშავდება და ის განაპირობებს, თუ როგორ გავუმკლავდებით სტრესორს.

- სტრესის რა ფორმები არსებობს?

- დოქტორმა სელიემ მოახდინა სტრესის სამი ფორმის დეფინიცია: ევსტრესი, დისტრესი და ჰიპერსტრესი.

ევსტრესი დადებითი ფორმის სტრესად ითვლება და ის მოტივაციის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ევსტრესი გვიბიძგებს სამუშაოს უკეთ შესრულებისკენ, ენერგიით გვავსებს და ყურადღების კონცენტრაციას გვიუმჯობესებს. თუ ადამიანი ახერხებს მის კონტროლს, ის ასევე ხელშემწყობია კრეატიულობისა და პროდუქტიულობის. დისტრესი ნეგატიური და დესტრუქციული სტრესია, რომლის კონტროლი არ შეგვიძლია და რომელიც ხელის შემშლელია. ჰიპერსტრესი უკიდურესი ფორმაა, რომელიც აისახება როგორც მუშაობის ხარისხზე, ისე ჩვენს ჯანმრთელობაზე. ის იწვევს ადამიანის "გადაწვას", შეუძლია მოახდინოს ფსიქოლოგიური აშლილობებისა და გულის შეტევის პროვოცირებაც კი.

- რაში გვეხმარება ევსტრესი და როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა, სტრესის რა ფორმა აქვს იმ ეტაპზე (თუკი სპეციალისტს არ მიმართავს)?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ევსტრესი ნამდვილად საჭიროა და არ უნდა გამოვრიცხოთ ადამიანის ცხოვრებიდან, მისი დახმარებით მას შეუძლია მიაღწიოს უფრო მეტს, ვიდრე ევსტრესის გარეშე მოახერხებდა. მაგალითისთვის გეტყვით: სტუდენტისთვის, რომელმაც უნდა ჩააბაროს გამოცდა, ზომიერი სტრესი დახმარების გამწევია: მის ფონზე უფრო კონცენტრირებულად და საფუძვლიანად შეისწავლის საკითხებს, რათა კარგი შეფასება დაიმსახუროს; გამოცდის დროს უფრო მობილიზებული იქნება.

არსებობს სტრესის ძლიერი ფორმებიც, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციული ხასიათისაა, აზიანებს კიდეც ჯანმრთელობას. სწორედ ასეთი სტრესის მიმართ აუცილებელია სწორი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავძლიოთ ის და პიროვნულადაც განვვითარდეთ. ნებისმიერი შემთხვევიდან შეიძლება დასკვნების გამოტანა და გამოცდილების შეძენა. ნეგატიურ შემთხვევასაც კი ყოველთვის აქვს სწორედ ის დადებითი მხარე, რომ ვიძენთ გამოცდილებას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში უფრო ადვილად გადავლახოთ ბარიერები.

გადაჭარბებული სტრესი ადამიანს უკარგავს მოტივაციას, ხშირად უიმედო მდგომარეობაშიც აგდებს. აქედან გამომდინარე, ადამიანი წყვეტს წინსვლას და აღარ ცდილობს ბარიერების გადალახვას. მისთვის ყველაფერი აზრს კარგავს და ნაცვლად იმისა, რომ გააგრძელოს საკუთარი პიროვნების გაძლიერება და ახალი მიზნები დაისახოს, შესაძლოა დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. უნდა ვეცადოთ გადაჭარბებული სტრესი შევამციროთ, ამის მრავალი გზა არსებობს.

ხშირად ადამიანი სტრესს განიცდის სამსახურში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორად არჩეული პროფესიის გამო. საქართველოში მოზარდი ხშირად პროფესიას იმის მიხედვით ირჩევს, თუ რა დარიგებას აძლევენ მშობლები, ნათესავები, ახლობლები ან მისთვის ავტორიტეტული პიროვნებები. ისინი, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებენ მხოლოდ პროფესიის პრესტიჟულობასა და შემოსავლიანობას, ხოლო იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია აბიტურიენტის გადმოსახედიდან, ვერ აქცევენ ყურადღებას. შესაბამისად, ის ღირებულებები, რომლებიც სტუდენტს აქვს, მომავალში იქნება დაუკმაყოფილებელი, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს სტრესს.

მეორე შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანს სწორად აქვს პროფესია შერჩეული, მაგრამ მისთვის პრობლემა გახდეს სამუშაო გარემო, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგალითად: არაჰიგიენური სამუშაო პირობები, კოლეგებთან უსიამოვნებები, მენეჯერთან ან ადმინისტრაციასთან დაპირისპირება და ა.შ. გარემოს ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენ გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც ჯანსაღი ურთიერთობა გვაკავშირებს.

stress-come-posso-riprendere-il-controllo-5f845bd8c4292-copy-1676876673.jpeg

- რა გამოვლინებები აქვს სტრესს, გარდა იმისა, რომ თვით პიროვნებას უქმნის დისკომფორტს?

- სტრესი, რა თქმა უნდა, ამცირებს ადამიანის ბედნიერების შეგრძნებას და მასში დესტრუქციულ აგრესიულობას იწვევს. მის ფონზე ადამიანები უხეშობენ, ცინიზმს ავლენენ, ამცირებენ და ზიანს აყენებენ ერთმანეთს, პოზიტივის და სითბოს ნაცვლად, მხოლოდ ნეგატივს გასცემენ. საქართველოში სწორედ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. ხალხს ფინანსური პრობლემები აქვს, რის გამოც, ძლიერ სტრესს განიცდიან. მათში იგრძნობა აგრესიულობა და ერთმანეთის მიმართ გულგრილობა. იუნგის თქმით, სტრესის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორედ სხვა ადამიანებზე ზრუნვაა, რადგან ამ დროს ადამიანი ვეღარ ამახვილებს საკუთარ პრობლემებზე ყურადღებას.

- როგორ ებრძვის ადამიანის ფსიქიკა სტრესს და რა ხერხს იყენებს ამისთვის?

- ადამიანის ფსიქიკა სტრესს საკუთარი ძალებით ებრძვის. ფსიქოლოგია, რა თქმა უნდა, შეისწავლის სტრესის დაძლევის ხერხებსაც და ამ მხრივ შესაბამის ცნებას - "სტრესის დაძლევას" გამოიყენებენ.

ადამიანი სტრესის დროს იყენებს ორ ძირითად გზას, ესენია:

1. ადამიანი ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე. ამ დროს ცდილობს, კონცენტრირება მოახდინოს პრობლემის გამომწვევ მიზეზზე. ფიქრობს, როგორ დასახოს გზა, რომლითაც მას მოაგვარებს. მაგალითად, თუ გაუჩნდა ჯანმრთელობის პრობლემა, მის გადაჭრაზე ორიენტირებული ადამიანი დაგეგმავს ნაბიჯებს, რომლებიც დაეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

2. "ემოციური ქოფინგი", რომლის დროსაც ადამიანი ორიენტირებულია ემოციაზე, ცდილობს უარყოფითი განცდის შემცირებას და განსხვავებულ გზებს მიმართავს. შეიძლება ხშირად იწუწუნოს, იტიროს ან იჩხუბოს, შესაძლოა, აგრესია გამოხატოს და ჭურჭელიც კი დაამტვრიოს... ამ დროს მეგობრებთან ან ახლობლებთან საუბარიც ეხმარება ცუდი ემოციებისგან განტვირთვაში.

გარდა ამ ორი მთავარი საშუალებისა, არსებობს კიდევ ერთი, რომელსაც "გაქცევის გზას" უწოდებენ. ამ შემთხვევაში ადამიანები საკუთარი სტრესის ჩახშობას ცდილობენ ალკოჰოლით, წამლებითა და ნარკოტიკებით. უფრო ხშირად, ადამიანები სტრესის დასაძლევად მიმართავენ რამდენიმე გზას ერთად.

ყველაზე ჯანსაღია, როდესაც ეს ნაზავი პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული და "ემოციური ქოფინგის" ნაერთია.

ზოგადად, ადამიანი ხშირად სტრესს განიცდის გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი ხედვის გამო, თუ რა არის მისი კონკრეტული პრობლემა და ბარიერი, რომელიც მასში ღელვისა და ხიფათის შეგრძნებას იწვევს. პიროვნება მოუსვენრად დაძრწის და შფოთავს ისე, რომ ვერ სწვდება თავისი მდგომარეობის არსს. აქედან გამომდინარე, დეილ კარნეგი გვთავაზობს - საკუთარ თავს დავუსვათ ოთხი შეკითხვა სიტუაციაში გასარკვევად და ასე მოვახერხოთ სტრესის დაძლევა. ეს კითხვებია:

1. რაში მდგომარეობს პრობლემა?

2. რითაა გამოწვეული პრობლემა?

3. როგორია შესაძლო გადაწყვეტილებები?

4. რომელია ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება?

როგორც უკვე აღვნიშნე, სტრესი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელსაც დადებითი მხარეებიც აქვს. გარდა ამისა, არსებობს მისი დაბალანსების მრავალი გზა. ადამიანმა ყოველთვის უნდა იმუშაოს საკუთარი თავის განვითარებაზე თვითონ, ან სხვისი დახმარებით. თუკი პიროვნება მოახერხებს და უკეთ შეიცნობს საკუთარ თავს, იმ გარემოსა და პირობებს, სადაც იმყოფება, მით მეტად გაუადვილდება, სწორად მოერგოს სიტუაციებს, გადადგას ჯანსაღი, ადეკვატური, გააზრებული და სასარგებლო ნაბიჯები. შესაბამისად, თავს აარიდებს ან იოლად გადალახავს სტრესულ სიტუაციებს. თუ ამჩნევთ, რომ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებთ სტრესული მოვლენების დაძლევას, ყოველდღიურად გრძნობთ მზარდ დაძაბულობასა და დათრგუნვილობას, კარგი გამოსავალი იქნება, დახმარებისთვის ფსიქოთერაპევტს მიმართოთ.

თამთა დადეშელი