"თითოეულ კაბას აღვიქვამ, როგორც ბრძოლას და გამარჯვებას" - გზაპრესი

"თითოეულ კაბას აღვიქვამ, როგორც ბრძოლას და გამარჯვებას"

დიზაინერი ნათია ქართველიშვილი წლებია, საბერძნეთში მუშაობს, ფსევდონიმით - ათინათი. როგორც გვითხრა, პირველი დიზაინერი გახლავთ, ვინც საბერძნეთში სამოსის პირველი ქართული ინდივიდუალური ჩვენება გამართა... მონაწილეობდა ათენის მოდის კვირეულშიც...

- საბერძნეთში შემთხვევით მოვხვდი: საქართველოში სამოსის ჩვენება ახალი ჩატარებული მქონდა (2007 წელს) და ჩემი ფინანსური სახსრებით, საკუთარი ატელიეს გახსნა მსურდა. შემოთავაზებებიც მქონდა, ატელიე სხვასთან ერთად შემექმნა, მაგრამ მაშინ ამისთვის მზად არ ვიყავი. იმ პერიოდში, საქართველოში მოდის სფერო ნულოვან დონეზე იყო: დიზაინისთვის არავის ეცალა, ხალხი გაჭირვებულად ცხოვრობდა... დედაჩემის (რომელიც ნავთობის კომპანიაში მუშაობდა) უფროსებმა საბუთების საკითხი მომიგვარეს და ათენში ჩამომიყვანეს. თან, დედის მარტო დატოვება არ მინდოდა...

- რა ტიპის სამოსზე მუშაობთ?

- ჩემთვის ლიმიტი არ არსებობს - ყველანაირი სამოსის შექმნა შემიძლია. უპირატესობას ვანიჭებ საქორწინო, საღამოს, გლამურულ კაბებს. ეთნიკური სამოსის შექმნაც მიყვარს.

atinati-natia-1-1676876878.jpg

- დიზაინერის პროფესიას სად, როგორ დაეუფლეთ?

- ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, ტანსაცმლის მოდელიერ- კონსტრუქტორის სპეციალობით. 2007 წელს მოსაწყენი სადიპლომო გამოფენა მქონდა, რომელზეც 22 კაბა წარვადგინე. ხელოვნური ყვავილების დამზადების ოსტატობასაც დავეუფლე, ასევე - ქარგვას (მანქანით)...

- ათენის "ფეშენ ვიკზე" როგორ მოხვდით? თქვენს კოლექციას როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- ათენის "ფეშენ ვიკზე" განგებამ და ბევრწლიანმა შრომამ მომახვედრა. ჩემ შესახებ ამბობენ, - ეს ის ადამიანია, ვინც მოდაში დიდ რევოლუციას მოახდენსო. მეუბნებიან, - ქალის სამოსის თემა შენიაო. ყველა მიცნობს... ბევრს რომ იბრძვი, არ არსებობს, სადღაც არ გაგიმართლოს. ნებისმიერ ქვეყანაში თავის დამკვიდრება იოლია, საბერძნეთში კი - არა, თუ სტაჟი არ გაქვს. ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში, სანთელ-საკმეველმა თავისი გზა არ დაკარგა და იქ მოვხვდი, სადაც საჭირო იყო. მოდა მიყვარს. შემიძლია დღე და ღამე იმ იდეას ვემსახურო, რასაც განსაკუთრებულის შექმნა ჰქვია. ვგრძნობ, საინტერესო საფეხურების გავლა მომიწევს. თითოეულ კაბას ისე აღვიქვამ, როგორც ბრძოლას და გამარჯვებას. წარმოვიდგენ მთას, რომელზეც მანამდე ავდივარ, სანამ მწვერვალს არ მივაღწევ. მინდა გამარჯვების ჟანგბადი მივიღო, რომ ფილტვები სასიცოცხლო ენერგიით ამევსოს. ვიბრძვი და ვიმარჯვებ კიდეც. დიზაინერობა ჩემი ჰობი არ არის - ეს პროფესიაა, რომელიც მიყვარს...

- ცნობილ მოდელებთან თუ გითანამშრომლიათ?

- მიმუშავია სოფია ლეონდიტსისთან, რომელმაც საბერძნეთის რეალითი-შოუში, შესანიშნავი შავი დედოფალი ითამაშა გალაზე - "მაი სთაილ როკში". პირველი ქართველი დიზაინერი გახლდით, ვინც ამ შოუში კაბა გაიტანა. ამის ამსახველი ბევრი ვიდეოც არსებობს... უფრო ხშირად ბიზნესკლასის ხალხთან მიმუშავია, მაღალ ეშელონებში, ვიდრე - მოდელებთან...

atinatis-samosi-2-1676876932.jpg

- თავდაპირველად, ბერძნებმა თქვენ მიერ შექმნილი სამოსი როგორ მიიღეს?

- მშვენივრად... ბერძნების გემოვნებას ვიცნობ, ყოველდღიური სამოსით შემოიფარგლებიან. უყვართ უბრალოება, მაგრამ მაღალი ხარისხი. გადაპრანჭული ტანსაცმელი არ მოსწონთ... საერთოდ, საბერძნეთს ბევრი ძლიერი დიზაინერი ჰყავს. ეს ქვეყანა ქორწილებით გამოირჩევა. დიზაინერები ძველი ეპოქის საბერძნეთისთვის დამახასიათებელი სტილის კაბებს ქმნიან. საქართველოსთვის დამახასიათებელ ფუშფუშა სამოსს არ იცვამენ. მასალად ძვირად ღირებულ შიფონს იყენებენ.

- თქვენს გემოვნებაზე ზეგავლენა ვინ ან რამ მოახდინა?

- ჩემი გემოვნება დედამ ჩამოაყალიბა. ბავშვობაში, როცა გვიჭირდა, საკონცერტო კაბებს ქმნიდა. ვიჯექი და ვუყურებდი, ფორმებს როგორ ჭრიდა... სხვა დიზაინერების მსგავსად, ვინც სანტიმეტრებით ზომავენ, არ ვკერავ: ზომების გარეშე ვხატავ. ციფრები მაბნევს. უბრალოდ, ვჭრი...

- თქვენი სამოსის რეალიზაციას სხვა ქვეყნებში აპირებთ?

- ატელიეს გახსნას საქართველოშიც ვაპირებ, კონკრეტულად - ქალაქ რუსთავში ან თელავში, ჯერ არ გადამიწყვეტია... 2013 წელს, ათენში სამოსის პირველი ჩვენება გავმართე. პირველი დიზაინერი ვიყავი, ვინც საბერძნეთში ქართული ინდივიდუალური ჩვენება გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ კრიტიკოსები, მთელი საბერძნეთის მასშტაბით. ჩემი კოლექციის მეორე ჩვენება 2018 წელს გაიმართა, მესამე და მეოთხე კი - 2022 წლის ნოემბერში. ნელ-ნელა სხვადასხვა ქვეყანაშიც გავალ... ჩვენებების გარდა, მაღაზია, ბიზნესი მაქვს და ვცდილობ, შევინარჩუნო. ჩემი გეგმები ინგლისს უკავშირდება, თუმცა ჯერ აქაური ჩვენებისთვის ვემზადები...

atinati-3aaa-1676876971.jpg

- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

- დედა და 2 ძმა მყავს. მამა - კონსტანტინე დამეღუპა... ჩემს ერთ ძმას რუსთავში ავტოსამრეცხაო აქვს, მეორეს - მაღაზია. დედა - თინათინ ალადაშვილი ამჟამად ცნობილ ბიზნესლედისთან - კირია ფოფი ინფანტისთან მუშაობს, როგორც მკერავი... თავად ოჯახის შექმნის სურვილი მქონდა, მაგრამ ეტყობა, ჯერ ჩემი მეორე ნახევარი არ მიპოვია.

- ფსევდონიმი - ათინათი როგორ შეარჩიეთ?

- დედა სულ მეუბნებოდა, - იმდენი ძალა გაქვს, რამდენიც 10 გოგოს ერთად. ერთადერთი, რასაც გთხოვ, ნუ ჩქარობო... მეტსახელი ათინათი (ანუ "10 ნათი") ასე შეიქმნა, რაც ახლა ჩემი ფსევდონიმია...

ეთო ყორღანაშვილი