ვის უწოდებენ „პირველ მჭედელ ქალს საქართველოში“ - გზაპრესი

ვის უწოდებენ „პირველ მჭედელ ქალს საქართველოში“

სიცოცხლის განმავლობაში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, თუმცა მისი ნამუშევრები სხვადასხვა წლებში იფინებოდა ჯგუფურ გამოფენებსა და საერთაშორისო კონკურსებზე. თითოეულ აქსესუარს თამამად შეიძლება უწოდო ხელოვნების ნიმუში და მეტიც - თითოეული ნამუშევარი სამუზეუმო ექსპონატია. მათი ავტორი ფლობდა ინკრუსტაციის ხელოვნებას, რაც ნაკეთობის დეკორირების ერთ-ერთი სახეობაა და ნამუშევრის ზედაპირზე სხვადასხვა მასალის ნატეხების ჩასმას გულისხმობს. ამ ორიგინალური ტექნიკით, სიმბოლოებით დატვირთული და მრავალფეროვანი მასალით იქმნებოდა სამკაული, რომელშიც გამოყენებულია: ხე, ქვა, ლითონი, ტყავი, ბრინჯაო, თითბერი, მელქიორი, სადაფი და ა.შ. ნამუშევარში ხშირად ფიგურირებს ბორჯღალი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული დატვირთვის მატარებელია, ხოლო ჩვენში უმთავრესად მზის, უკვდავებისა და მარადისობის სიმბოლოდ ითვლება...

მაია მირზიაშვილს ხელოვნებათმცოდნეები ასე მოიხსენიებენ: „პირველი მჭედელი ქალი საქართველოში“. ქალს, რომელიც მძიმე სენის მსხვერპლი გახდა, 6 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. ამ დღისთვის მისი მეგობრის, რეჟისორ ლელა ჭინჭარაულის ინიციატივითა და მაიას ოჯახისა და სხვა მეგობრების თანადგომით, 300-მდე ექსპონატს ერთ სივრცეში მოუყარეს თავი. „აბრეშუმის გალერეაში“ 6 თებერვალს გაიხსნა და 12 თებერვლამდე გაგრძელდა გამოფენა, სახელწოდებით „ამორძალები“, რომელიც პერფორმანსით დაიწყო.

დადგმის რეჟისორი ლელა ჭინჭარაული გახლდათ, ხოლო გამოფენის კურატორი - ლიკა ხაინდრავა. პერფოrმანსში თეთრ ტილო ჩაცმული, „ჯიბის თეატრის“ პერფორმერები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავად მოირგეს გამოფენაზე წარმოდგენილი აქსესუარების ნაწილი დამღით „მაია“, შემდეგ კი დამთვალიერებელს მიეცა საშუალება, უშუალოდ მაია მირზიაშვილის შემოქმედება ახლო მანძილიდანაც გაეცნო.

ლია სადაღაშვილი, მხატვარი-ფერმწერი, მაია მირზიაშვილის მეგობარი:

- ჩვენი ნაცნობობა აკადემიაში დაიწყო და სტუდენტობის წლებიდან დავახლოვდით. ის სამხატვრო აკადემიაში ხისა და ლითონის ფაკულტეტზე სწავლობდა, მე - ფერწერაზე. ჯგუფში სულ ბიჭები ჰყავდა და ერთადერთ გოგოს მარგალიტივით უფრთხილდებოდნენ.

მახსოვს, პირველად ჩემი ყურადღება მის ხელზე გაკეთებულმა სამკაულმა მიიქცია. მერე ნელ-ნელა დავახლოვდით, საერთო მეგობრებიც გაგვიჩნდა. ერთი გამორჩეული თვისება ჰქონდა - მის გარშემო ყოველთვის საინტერესო ადამიანები იკრიბებოდნენ და ჩვენს წრეში ვინც შემოდიოდა, მას ყოველთვის მაიკო გვაცნობდა. არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვას, პირიქით, ყველას ახასიათებდა, როგორც გამორჩეულს, განსაკუთრებული ნიჭის მქონეს. დროთა განმავლობაში მან უამრავი საინტერესო პროფესიის ადამიანი გაგვაცნო. ნუცუბიძეზე, მე-4 პლატოზე სახელოსნო მქონდა. იქ ჩვენი თავშეყრის ადგილი იყო და ახლა გული ძალიან მწყდება, რომ ის საღამოები და შეკრებები აღარ მეორდება, არადა, მაშინ ვფიქრობდი, სულ ასე იქნებოდა.

00-copy-1676877196.jpg

- თავად სად ცხოვრობდა და მუშაობდა? როგორც ვიცი, მამამისი მეტყევე-ინჟინერი იყო, ხეზე მუშაობდა და ამ საქმით სწორედ მისი ყურებისას დაინტერესდა.

- დიახ, მამამისი ხეზე კვეთდა და როგორც ვიცი, მაიკო ბავშვობიდან დაინტერესდა ამ საქმით. ფასანაურში პატარა სახელოსნო ჰქონდათ, სადაც ხის დამამუშავებელი დაზგა იდგა. მაიკო იქ დაიბადა, გაიზარდა და ალბათ, მისი ინტერესიც მაშინ გაღვივდა. სტუდენტი რომ გახდა, თბილისში ჩამოვიდნენ. დებთან ერთად ჭავჭავაძის გამზირზე, ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. ოთხი დედმამიშვილი იყვნენ. მაიკოს ორი და ჰყავს, ხოლო ძმა გარდაცვლილია...

მაიკო სულ ამბობდა, ბავშვობიდან მინდოდა, ისეთი სამკაული მქონოდა, მსოფლიოში არავის რომ არ ექნებოდაო. არა ოქრო, ბრილიანტი და სხვა ძვირფასი მასალით შექმნილი, არამედ რაიმე სხვა და ასეთი ნივთები შექმნა კიდეც. ერთადერთი ბეჭედი ჰქონდა, რომელშიც 2 ფირუზის ქვა იყო გამოყენებული და ამ ნივთს „ორ ცას შუა“ შეარქვა. სხვა შემთხვევაში, სანაპიროზე გამორჩეული ფერისა და ფორმის ქვებსაც აგროვებდა და რამდენიმე ბეჭედში რიყის ქვაც ჰქონდა გამოყენებული.

- მაია მირზიაშვილის ნაკეთობების შესახებ ბევრმა არ იცის და სამწუხაროდ, მათ შორის მეც ვიყავი. არადა, სტუდენტობის წლებიდან იფინებოდა, თუმცა პერსონალური გამოფენა აქამდე არ ჰქონია.

- დიახ, ჯგუფურ გამოფენებში სტუდენტობის წლებიდან მონაწილეობდა. მისი ნამუშევრები შემოსავლის წყაროც გახლდათ. ნაკეთობები სანაპიროზე, მშრალ ხიდზე მიჰქონდა. ნივთებს შორის იყო როგორც სამკაული, ისე ჯვრები. სტუდენტობის წლებში ძირითადად, პატარა ჯვრები იყო. სამაჯურებს, ბეჭდებს და სხვა ნივთებს კი არ ფენდა, შენახული ჰქონდა. გარდა იმისა, რომ მასშტაბური პერსონალური გამოფენა ფინანსებთან არის დაკავშირებული, ის ყოველთვის თვლიდა, რომ საამისოდ მზად არ იყო. ბოლო წლებში, როცა უკვე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, პერსონალურ გამოფენაზე ფიქრობდა, მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდა.

6-copy-1676877310.jpg

- მისი დიაგნოზის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

- 2003-2014 წლებში ამერიკაში ვცხოვრობდი. მისი დიაგნოზის შესახებ იქ გავიგე. შოკირებული ვიყავი, მაგრამ მას უცნაური თვისება ჰქონდა, იქით გამშვიდებდა. თბილისში რომ ჩამოვედი და ვნახულობდი, ისეთი სიყვარულითა და სიმშვიდით საუბრობდა საკუთარ დიაგნოზზე, რომ გააზრება მიჭირდა. ვერაფერს ვეუბნებოდი და მერე შინ დაბრუნებულს არაერთხელ მიტირია. ასეთი ადამიანები ამქვეყნად ალბათ ძალიან ცოტაა...

- მკერდის სიმსივნის დიაგნოზი რომ დაუსვეს, უფრო ინტენსიური მუშაობა დაიწყო თუ პირიქით მოხდა? ამის შესახებ რა იცით?

- მკურნალობა დაგვიანებით დაიწყო, რადგან დიაგნოზის დასმისას დაავადება უკვე მესამე სტადიაზე იყო. ალბათ ყველა ადამიანს აქვს ეს მომენტი, შეიძლება ისიც მანამდე რაღაცას გრძნობდა, მაგრამ ბოლომდე ვერ იჯერებდა, რომ სიმსივნე ჰქონდა, შემდეგ კი მორჩილად მიიღო. ის პერიოდი ინტენსიურად მუშაობდა და მის გვერდით მყოფი ვერც დაუშვებდა, რომ ცუდად იყო. სულ იღიმოდა, სხვანაირი არც მახსოვს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, ოპერაცია რომ გაიკეთა და საავადმყოფოში მივედით, თმა მოკლედ ჰქონდა. ბედნიერი შეგვხვდა: ნახე, რა საინტერესო მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვხვდები, რომ თმა ასე უფრო მიხდებაო. თავის შეკავება ძალიან გამიჭირდა. გავიფიქრე, როგორ შეუძლია ადამიანს ასე ითამაშოს-მეთქი, მაგრამ არა, კი არ თამაშობდა, მას ასეთი ხასიათი ჰქონდა. ყოველთვის რელიგიური იყო, მაგრამ ბოლოს ეს განსაკუთრებით გამოიხატა. მდგომარეობა რომ გართულდა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ამბობდა, ეს ღმერთის საჩუქარია, იცი, ჩემი კიბო როგორ მიყვარს?! ამ დაავადებამ სამყარო სულ სხვანაირად დამანახვაო. ასეთი საოცარი და უზარმაზარი ფანტაზიის ადამიანი იყო...

მაიკო 2018 წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას გარდაიცვალა. აკადემიის პერიოდიდან აღნიშნავდა, რომ წმინდა ნიკოლოზი მისთვის გამორჩეული წმინდანი იყო და სწორედ ამ დღეს აღესრულა. საავადმყოფოში იწვა და ბოლო დღეებში შინ წაყვანა ითხოვა. ამის შემდეგ, დაახლოებით ერთი კვირა იცოცხლა... სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ მხატვრობაში არაჩვეულებრივად ერკვეოდა, მედიცინაშიც კარგი ცოდნა ჰქონდა.

3-copy-1676877279.jpg

- ეს თავის დიაგნოზამდე თუ მას შემდეგ?

- მანამდეც. იცოდა ხალხური მედიცინა და მცენარეების თვისებები. ხეებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ამბობდა, უზარმაზარი ენერგეტიკა აქვთ და ხეს გულით კი არ უნდა ჩაეხუტო, არამედ პირიქით, ზურგით მიეყუდო და ასე დაიმუხტოო. წიწვოვან მცენარეებს არ გაეკარო, კაკალი და მუხა უზარმაზარ ენერგიას გამოჰყოფს და მას მჭიდროდ უნდა მიეყუდოო. სამკაულს ძირითადად კაკლის ხის მასალით ქმნიდა და ამბობდა, იოდის წყაროა. მისი ტარება კარგია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აწუხებსო.

- ესკიზებს წინასწარ ქმნიდა?

- დიახ, ყოველთვის. ბოლოს, მასთან ფასანაურში ზაფხულის 1 კვირა გავატარე. თავად დამპატიჟა: ჩემთან წამოდი, ცივ ნიავს არ მოგაკარებო. დილას ყავას ადუღებდა. ხელი სტკიოდა, გასივებული ჰქონდა და უკვე მუშაობა უჭირდა. ერთ-ერთ ასეთ დღეს მაჩვენა უამრავი, „პასტით“ ჩახატული კომპოზიცია. ესკიზები დანომრილი ჰქონდა და რომ მათვალიერებინებდა, ამბობდა, კიდევ უამრავი იდეა მაქვს და თუ ამ დიდოსტატის მარჯვენამ საშუალება მომცა და დამემორჩილა, აუცილებლად გავაკეთებო. მაშინ ჩაფიქრებული ჰქონდა, მკერდმოკვეთილი ქალებისთვის სპეციალურად შეექმნა სამკაული, მაგრამ ვეღარ მოასწრო... მაიკოს ორი შვილი დარჩა: ლაშა-გიორგი და ლუკა. უფროს შვილზე დარდობდა: მინდა დამეხმაროს, მაგრამ ცაციაა, დაზგას ვერ უდგება და ალბათ ვერ შეძლებსო. რაც შეეხება უმცროსს, ლუკა ხატავს და ვნახოთ, ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, გენეტიკა სადღაც მაინც ამოხეთქავს.

1-copy-1676877251.jpg

- როგორ აღიქვამდა სიტყვათა შეთანხმებას „მჭედელი ქალი"?

- იუმორით და ათასგვარ ინტერპრეტაციას იგონებდა. ერთხელ ფასანაურში ვიღაც კაცი მჭედელს ეძებდა. მაიას სახლი მიუსწავლებიათ. როცა ის გამოსულა და იმ კაცს დაუნახავს, ძალიან გაჰკვირვებია „მჭედელი მაიას“ დანახვა. ასე პირველად ლექტორებმა მოიხსენიეს და ფაქტია, ასეცაა.

- შეხვედრისთანავე შევნიშნე, რომ მისი ხელით შექმნილ გულსაკიდს ატარებთ. მეგობრებს ხშირად ასაჩუქრებდა?

- გულსაკიდის გარდა, რომელიც კაკლის მასალითაა შესრულებული და გამოყენებულია მელqიორი და სადაფი, მისი ხელით შექმნილი სამაჯური და ბეჭდები მაქვს. მხატვარი ვარ და ძალიან მიჭირს ნამუშევრის გაჩუქება, მაგრამ თუ ვიცი, ადამიანი ამ სფეროში ერკვევა და იცის ნახატის ფასი, ამ შემთხვევაში გასხვისება უფრო მიადვილდება. მაიკოსაც თავისი ნამუშევრებისადმი იგივე დამოკიდებულება ჰქონდა. ამბობდა, ეს მხოლოდ სამკაული არ არის, სხვა დატვირთვა აქვს, ის უნდა მოირგო, მოიხდინო და მისი ტარება შეგეძლოსო. გამორჩეულად ძვირფასი სამკაულიც ჰქონდა და რამდენიმე მათგანს ხშირად ატარებდა. ახლა საგამოფენოდ მისი ნამუშევრებით სავსე ყუთები რომ გაიხსნა, უცბად ამომიტივტივდა გონებაში რამდენიმე მათგანი, რომელსაც მაიკო ხშირად ატარებდა. როცა თავის ნამუშევრებს აისხამდა, მაშინვე ყურადღებას იპყრობდა. ჯვალოს ქსოვილის სამოსი მოსწონდა, ტონალობაში კი - ყავისფერი, რომელსაც ისე იხდენდა, რომ სამკაული წინა პლანზე წარმოჩენილიყო.

0-copy-1676877229.jpg

- თუ გახსოვთ, როგორი იყო ხალხის რეაქცია, როცა უცხო გარემოში ხვდებოდით და მისი ხელით შექმნილი სამკაული გეკეთათ?

- ერთხელ ამერიკაში გამოფენით წავედი. მის ნამუშევრებს ყოველთვის ვიკეთებდი, როცა რამე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მივდიოდი. ერთი სამაჯური სპეციალურად გამიკეთა: წვრილი მაჯა გაქვს და ისეთი უნდა გავაკეთოთ, რომ ზუსტად მოგერგoსო. მართლაც, ჩემი ხელისთვის სარგო, სასწაული სამაჯური გამიკეთა. მახსოვს, ამერიკაში გალერეაში რომ მივედი და ნამუშევრები მივიტანე, გალერისტმა მაშინვე შენიშნა ჩემი სამკაული. სხვა დროსაც არ მახსოვს, არ შეემჩნიათ. ყველა შოკირებული რჩებოდა, დეტალებით ინტერესდებოდნენ. სულ ვფიქრობდი, რომ მაიკო არ შეიძლებოდა, ვიწრო წრეში ყოფილიყო ჩაკეტილი და ის ფართო საზოგადოებას აუცილებლად უნდა გაეცნო. საინტერესოა, როგორ ჰქონდა თავისი პერსონალური გამოფენა წარმოდგენილი, მაგრამ რადგან ამაზე არ გვისაუბრია, არ ვიცით, რას ფიქრობდა. იმედია, ჩვენი გადაწყვეტილი ექსპოზიციის ფორმა მაიკოს მოეწონებოდა.

ანა კალანდაძე