ალპინისტი ქალის მოღვაწეობის გვირგვინი - გზაპრესი

ალპინისტი ქალის მოღვაწეობის გვირგვინი

წელს 100 წელი უსრულდება ქართულ ალპინიზმს, რომლის სათავეებთან იდგნენ ღირსეული მამულიშვილები: გიორგი ნიკოლაძე და ალექსანდრე დიდებულიძე, ნიკო კეცხოველი და სოსო ასლანიშვილი, და-ძმა - ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეები, შოთა და დევი მიქელაძეები, ასმათ ნიკოლაიშვილი და მარო ტყავაძე, მარო ბეჟანიშვილი და ლიტუსი ჩხეიძე, ელიკო ლორთქიფანიძე და არჩილ ბენაშვილი, იაგორ კაზალიკაშვილი და გახა წიკლაური... მათი გზის ღირსეული გამგრძელებელი იყო მარინე უთმელიძე, რომლის დაბადებიდან 100 წელი სრულდება წელს, 20 მაისს.

ღვაწლმოსილ ქალბატონს ჟურნალისტი და გეოლოგი ივანე ჯაფარიძე გაიხსენებს, რომელიც პირველი ქართველი მთამსვლელი ქალის, ალექსანდრა ჯაფარიძის შვილობილი გახლავთ.

- თბილისში, ტიმოთე უთმელიძის ტრადიციულ ქართულ ოჯახში მშვენიერი გოგონა დაიბადა, რომელსაც ასევე მშვენიერი სახელი მარიამი-მარინე დაანათლეს. ალპინიზმით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა.

ნაწყვეტი მისი მოგონებიდან: „მერვე კლასში ვსწავლობდი, როცა გამოვიდა ალიოშა ჯაფარიძის წიგნი „პამირის მთებში“ და წავიკითხე. ასევე გამოვიდა დავით წერეთლის „მოგზაურობა პამირზე“, მათ ერთად დალაშქრეს პამირის მთები. მაშინ ეს იყო ათჯერ უძნელესი და ურთულესი დღევანდელ პირობებთან შედარებით იმიტომ, რომ მთები არ იყო სათანადოდ გამოკვლეული, არ იყო შესაბამისი აღჭურვილობა, ჩასაცმელი. მოხევეები მთაში დადიოდნენ ბანდულებით - ზემოდან ტყავი, ქვემოდან თასმები, შიგნით თივას იფენდნენ. ხევის ბიჭები ასე ამბობდნენ: ბანდული ჩვენი საუკეთესო სამოსი არის, წყალი როგორც შედის, ისე გამოდის თავისუფლადო. ყინულებშიც ასე დადიოდნენ... ერთი სიტყვით, მთა არის დიდად გამომწვევი. წავიკითხე ეს ჩანაწერები და ჩემშიც რაღაც სიყვარულმა ჩაიბუდა. ფიზიკას ვანო კუკავაძე მასწავლიდა, ის იყო პირველი ასვლის მონაწილე მყინვარწვერზე. მას რომ ვუყურებდი, სულ მიკვირდა, ნეტა როგორ ავიდა-მეთქი, მომცრო ტანის კაცი იყო.

ვისაც ილია წაუკითხავს, ყველა ეთაყვანებოდა მყინვარწვერს, აქედან იყო ჩაბეჭდილი ჩვენს აზროვნებაში მყინვარწვერის სილამაზე და დედოფლობა, როგორც ეძახდნენ. აკაკი ბელიაშვილის მოთხრობები რომ წავიკითხე თეთნულდზე, გავიგე, თუ რა სატანჯველი მიაყენა თეთნულდმა ჯაფარიძეების ოჯახს... მაგრამ ალიოშა და ალექსანდრა შეუპოვრები იყვნენ. და-ძმა გავიცანი 1943 წელს“.

ივანე ჯაფარიძე:

- სკოლის დამთავრების შემდეგ, ქალბატონი მარინე თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და მთამსვლელობის გზაც აქედან იწყება. ალპინიზმის 20 წლისთავთან დაკავშირებით, 1943 წელს დოცენტ მელენტი სანებლიძის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საიუბილეო ალპინიადას აწყობს მყინვარწვერზე, რომელშიც სხვებთან ერთად, მონაწილეობს მეორე კურსის სტუდენტი მარინე უთმელიძე. ის წარმატებით ლაშქრავს კავკასიონის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს. პერსპექტიული მთამსვლელი შემდგომ წლებში საქართველოს ალპური კლუბის ექსპედიციებში მონაწილეობს, რომელსაც ალიოშა ჯაფარიძე და კოტე ჯავრიშვილი ხელმძღვანელობენ. მარინემ ზედიზედ წარმატებით დალაშქრა მწვერვალები: მაილი, ორწვერი, ბანგურიანი, დონღუზორუნი, თეთნულდი და გალითაუ.

1947 წელს მარინე უთმელიძე უკვე თავად ხელმძღვანელობს ექსპედიციას მწვერვალ მახისთავზე, სადაც სრულად გამოჩნდა მისი, როგორც კარგი წინამძღოლისა და ორგანიზატორის ნიჭი. ახალგაზრდა მთამსვლელსა და ბუნებისმეტყველს, პიონერთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში პედაგოგად იწვევს მზია ერისთავი. ეს არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. მისი აზრით, მთამსვლელობაში ალექსანდრა ჯაფარიძის გმირულ საქმიანობას თუკი ვინმე გააგრძელებდა, მარინე უთმელიძე უნდა ყოფილიყო. მზია ერისთავი არ შემცდარა და სწორედ მარინე აღმოჩნდა მისი და ალექსანდრა ჯაფარიძის მემკვიდრე, მათი საქმის ღირსეული გამგრძელებელი.

marine-2-copy-1676877706.jpg

პიონერთა სასახლეში მუშაობის პარალელურად, მარინე უთმელიძე აქტიურად მოღვაწეობდა მთამსვლელობაში. მისთვის მეტად ნაყოფიერია 1949-51 წლების ალპინისტური სეზონი, როცა იგი ურთულეს ასვლებს ახორციელებდა კავკასიონის მწვერვალებზე. და, აი დადგა 1952 წელი, ქალბატონი მარინეს ალპინისტური მოღვაწეობის გვირგვინი - უშბაზე ასვლის წელი! ოთხმა ახალგაზრდა ქართველმა მთამსვლელმა - თორნიკე ტატიშვილმა, ჯუმბერ მეძმარიაშვილმა, სარგის ცაიშვილმა და მარინე უთმელიძემ, ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი განახორციელეს. მარინე უთმელიძე პირველი ქალია მსოფლიოში, ვინც უშბის ორივე მწვერვალი დალაშქრა.

ჩანაწერი მარინეს დღიურიდან: „სამი დღეა ქარიშხალი მძვინვარებს, უნაგირას გავლას დაახლოებით 4 საათი მოვუნდით. შემოგვაღამდა სამხრეთ მწვერვალის კლდეებზე, მეტი გზა არ იყო, კლდეზე მიჯაჭვული ვიყავით მთელი ღამე და გათენებას ველოდით. დილით, მშვენიერი ამინდი დადგა და იმავე დღეს, რთული კლდეების გადალახვის შემდეგ, უკვე სამხრეთ მწვერვალზე ვულოცავდით ერთმანეთს გამარჯვებას".

ივანე ჯაფარიძე:

- მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი 1966 წელს დაიწყო, როცა სამუშაოდ გადავიდა ახალშექმნილ ქართულ ენციკლოპედიაში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის უფროს სამეცნიერო რედაქტორად. ქართული ენციკლოპედიის თითქმის ყველა ტომში შეხვდებით მარინე უთმელიძის მაღალი მეცნიერული დონის სტატიებსა თუ ნარკვევებს. ალპინიზმში მიღწეული წარმატებებისთვის მას მიენიჭა სპორტის ოსტატის საპატიო წოდება. იყო საქართველოს ტურიზმის სამარშრუტო-საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ტურიზმსა და ალპინიზმში. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. მიანიჭეს „სახალხო განათლების წარჩინებულისა“ და „ტურიზმის წარჩინებული მოღვაწის“ წოდებები. არაერთხელ დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, ხოლო 1981 წელს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება მიენიჭა.

იგი მრავალი პოეტის მუზად იქცა. მარინე უთმელიძეს მშვენიერი ლექსი მიუძღვნა იოსებ ნონეშვილმა სათაურით „ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს“. ამ ლექსზე შექმნილია სიმღერაც: „ეგ სახე მყინვართა სარკეშიც მინახავს,/ მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდა მინანქარს./ ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს.../ ქალი ხარ, ალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ?“ და ა.შ. ეს სიმღერა დღესაც ძალზე პოპულარულია. მეტისმეტად თავმდაბალ და მოკრძალებულ ქალბატონს ერიდებოდა და მთელი ცხოვრების მანძილზე არ გაუმხელია, რომ ამ ლექსის ადრესატი თავად იყო.

მარინე უთმელიძეზე, როგორც პედაგოგზე, მოგზაურზე, მთამსვლელზე, მრავალი ლაშქრობის ხელმძღვანელზე, საქართველოში არაერთი ტურისტული მარშრუტის ავტორზე, ენციკლოპედისტსა და მოღვაწეზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ როგორც თვითონ აღნიშნავდა - მისი უპირველესი დანიშნულება ბავშვებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობა იყო, ხოლო ყველაზე დიდი სიმდიდრე - მათთან ერთად გატარებული წლები. მარინე უთმელიძე ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან. მან დატოვა უამრავი სიკეთე და უდიდესი სიყვარული მის მიერ აღზრდილ მოსწავლეებში, ტურისტებში, ალპინისტებში... და ყველა იმ ადამიანში, ვინც კი მას იცნობდა.

ნანული ზოტიკიშვილი