"ასე რომ მოვქცეულიყავი, ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან ვერასდროს გამოაღწევდა" - გზაპრესი

"ასე რომ მოვქცეულიყავი, ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან ვერასდროს გამოაღწევდა"

ცოტა ხნის წინ ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში მწერალ ირმა ბეგლარიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. როგორც თავად გვითხრა, საღამო მისი შემოქმედების 50 და საიუბილეო - მე-60 წლისთავს მიეძღვნა. ამერიკაში ყოფნისას ყოველთვის უკან დაბრუნებაზე ოცნებობდა; იმ იმედით სუნთქავდა, რომ ოდესმე აუცილებლად ექნებოდა სახლი და იცხოვრებდა სოფელში, სადაც თავისი ბავშვობა ეგულებოდა... ერთ ლექსში წერს: "არ ბრუნდებიან ძველ სახლებში ზოგჯერ მერცხლებიც... იმათმა ფრთებმა ვერ გაუძლეს გზაზე ქარიშხალს", მაგრამ შეძლო და 24-წლიანი განშორების შემდეგ, ზაფხულში ერთადერთ შვილთან ერთად "ძველ სახლში", სამშობლოში ბრუნდება.

- 1999 წელს წამოვედი საქართველოდან და უკან ზუსტად 7 წლის, 3 თვისა და 2 დღის შემდეგ დავბრუნდი. ჩემი შვილი, პაპუნა წლისა და 10 თვის დავტოვე და როდესაც ვნახე, უკვე 9 წლის ხდებოდა. დღემდე არ დამვიწყებია ამდენწლიანი განშორების შემდეგ ჩვენი შეხვედრის ემოცია - პაპუნა კარგა ხანს მიყურებდა, მაკვირდებოდა და მახსოვს, წამიერად გავიფიქრე, ვაითუ, ვერ მიმიღოს-მეთქი, მაგრამ 10 წუთის შემდეგ ვერც კი ვგრძნობდით, ოდესმე ასე შორს თუ ვიყავით ერთმანეთისგან. მაშინ მივხვდი, დედაშვილობას რა სასწაულების მოხდენა შეუძლია. ხშირად მეკითხებიან, როგორ მოვახერხე, რომ სიშორის მიუხედავად, პაპუნასთვის უცხო არ გავხდი ან მას შემდეგ, რაც ამერიკაში წამოვიყვანე, როგორ შევძელი და ვასწავლე სამშობლოს სიყვარული; როგორ მოვახერხე, რომ შვილი ქართველად გავზარდე და ახლა უკან ბრუნდება. ავიწყდებათ, რომ შვილის აღზრდა მხოლოდ ტანსაცმლის ყიდვასა და კერძის მომზადებას არ ნიშნავს. როგორც დიდ ადამიანს, პატარასაც ისე უნდა ესაუბრო, უნდა ელაპარაკო საკუთარ შეცდომებზეც კი; უნდა უთხრა, რომ ოდესღაც შენც უშვებდი შეცდომებს, ამით მის ნდობას მოიპოვებ და რაც მთავარია, არ უნდა მოატყუო. თუ რაღაც შეგეშლება მასთან ურთიერთობაში, პატიება სთხოვე, რა დაშავდება ამით?

13 წლის იყო პაპუნა, ამერიკაში რომ ჩამოვიყვანე. არ მეუბნებოდა, მაგრამ აქაურობასთან შეგუება გაუჭირდა. აქ განათლების განსხვავებული სისტემაა, უცხო ბავშვებში, უცხო გარემოში აღმოჩნდა... როდესაც ამერიკაში წამოსასვლელად საბუთებს ვამზადებდით, უხაროდა, მაგრამ არა ის, რომ აქ მოდიოდა, არამედ ის, რომ დედასთან იქნებოდა. მერე მითხრა, სად არ წავიდოდი, ოღონდაც შენ გვერდით ვყოფილიყავიო. მაშინ ბევრმა მითხრა, მორჩა, პაპუნა უკვე დაკარგულია, აღარც საქართველოში დაბრუნდება და აღარც ქართველს მოიყვანს ცოლადო. მე კი ჯიუტად გავიძახოდი: არა! ჩემი შვილი არასდროს გაამერიკელდება და სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება-მეთქი. გავიდა წლები, დაამთავრა მაგისტრატურა, დიპლომი ერთი კვირის წინ აიღო და მანამდე რამდენიმე თვით ადრე ასეთი რამ მითხრა: დედა, აქ ცხოვრება არ მინდა, უნდა დავბრუნდეთო. მე ისედაც ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ პაპუნამაც ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, ძალიან გამიხარდა.

- რამდენად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება?

- ორივე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. რა სიძნელე უნდა იყოს ისეთი, რომ ვერ გადავლახოთ?! პაპუნას ისეთი პროფესია აქვს, მანდაც არ უნდა გაუჭირდეს დასაქმება. წარჩინებით დაამთავრა რატგერსის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, კრიმინალური სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებების განხრით, მაგისტრატურა კი - კიბერუსაფრთხოების სპეციალობით.

ძალიან მინდა ჩემს სოფელში, დოესში ვიცხოვრო, სახლიც მაქვს იქ ბუხრით, ეს ჩემი ოცნება იყო და ავისრულე. მინდა მალე დადგეს დღე, როდესაც ჩემს სახლში გავიღვიძებ, საათს არ შევხედავ და სამსახურში გასაქცევი არ ვიქნები. გარდა ამისა, გეგმაში გვაქვს, რომ ჩამოსვლისთანავე მთელი საქართველო შემოვიაროთ, განსაკუთრებით მესხეთი მაინტერესებს. თევდორე მღვდლის შესახებ ვწერ წიგნს, ძალიან მწირი ინფორმაციაა მის შესახებ და ამიტომაც მინდა გავაცოცხლო ეს ისტორიული პერსონაჟი. როგორც მოვიძიე, ფერად ფაშა, რომელმაც თევდორე მღვდლის თავის მოკვეთის ბრძანება გასცა, გათურქებული ქართველი, გვარად ჯაყელი ყოფილა.

მე ბევრი არაფრის გაკეთება არ შემიძლია ჩემი ქვეყნისთვის, ჩემს მთავარ გამარჯვებად იმას ვთვლი, რომ შვილი ქართველად გავზარდე და უკან ბრუნდება! ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, არასდროს იქცევა ჩვენს სამშობლოდ და აქ ვერასდროს ვიქნები ბედნიერი. როდესაც ჩამოვედი და ბინა ვიქირავე, მაშინ სახლის მეპატრონეს ვუთხარი, აქედან საქართველოში დავბრუნდები-მეთქი. შეგნებულად არ ვიყიდე სახლი, ისე, როგორც ბევრმა გააკეთა - როდესაც ყიდულობ, ესე იგი, აქ ბუდეს იშენებ და უკან დასაბრუნებელ გზას აღარ იტოვებ. ასე რომ მოვქცეულიყავი, ჩემი შვილი ამ ქვეყნიდან ვეღარ გამოაღწევდა.

არც აქ არის ყველაფერი ისე, როგორც ბევრს შორიდან ჰგონია, განსაკუთრებით ბოლო ხანს. ამას წინათ მეგობარმა მკითხა: ვეღარ გავიგე, რა სჯობს, ზოგი მანდედან აქეთ გამორბის და ზოგიც აქედან მანდ გარბისო. ბავშვი რომ წაიქცევა და მუხლებს გადაიყვლეფს, საით გარბის-მეთქი? - ვკითხე. რა თქმა უნდა, დედისკენ, ჰოდა, სამშობლოსკენ სჯობს-მეთქი გაქცევა. სხვათა შორის, აქ ბევრს გაუკვირდა ჩვენი გადაწყვეტილება. მკითხეს კიდეც, არ მოგენატრება აქაურობაო? რა უნდა მომენატროს? ჩემს ხალხთან მინდა ცხოვრება; ჩემი მშობლების საფლავზე მინდა წასვლა; იქ მინდა ყოფნა, სადაც ჩემი ბავშვობაა!

- თუმცა ზოგჯერ პესიმიზმიც გიპყრობდათ. ერთხელ წერდით: "იმედიც სამშობლოსთან ერთად გარდაიცვალაო"; რატომ?

- იმდენი რამ მოხდა, რომ რა თქმა უნდა, იყო იმედგაცრუების მომენტებიც. ეს პოლიტიკურ პროცესებსაც უკავშირდება: უკვე წლებია, ერთი და იმავე ბატონის მსახურები ვართ და ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, რაც ბევრში უიმედობას აჩენს.

330850836-1236738647269562-8785996204238636834-n-1677437327.jpg

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ამერიკაში გამართულ თქვენს შემოქმედებით საღამოზე: როგორ ჩაიარა?

- ვთვლი, შემოქმედებითი საღამო სხვებმა უნდა მოგიწყონ, მაგრამ მეგობრებმა მირჩიეს, რომ კარგი იქნებოდა 2 თარიღის ერთად აღნიშვნა - 50 წელია, რაც ლექსებს ვწერ და თან 60 წლის გავხდი. საღამო რეჟისორმა მაია თედიაშვილმა წაიყვანა, მას ძალიან უყვარს ჩემი ლექსები. ბევრი იყო ისეთი, ვისაც პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ისინი იცნობდნენ ჩემს შემოქმედებას და მოვიდნენ. მართლაც, ემოციებით სავსე, საოცარი საღამო გამოვიდა, ყველა სიყვარულსა და სითბოს გამოხატავდა ერთმანეთის მიმართ. მადლობას მიხდიდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ლექსებში თავიანთი სათქმელი და ტკივილიც იპოვეს.

- თქვენს ბოლო წიგნში "სენტენციები" წერთ: "ზნეობა ჭკუასავითაა, ან გაქვს, ან არა..." დღეს ხშირად ვამბობთ, რომ დავივიწყეთ ღმერთი, უკვდავი იდეალები, ერთმანეთის სიყვარული, მტრობამ და სიძულვილმა იმძლავრა ერში. ალბათ ხელოვანისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია ამ რეალობის აღქმა.

- ცხოვრებაში რასაც უნდა მიაღწიო, ადამიანობის ფასი არაფერია. ზოგჯერ სწორად ვერ განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. გვგონია, სიმდიდრის დაგროვებაა მთავარი, ამასობაში კი რეალობას ვწყდებით და ყველაზე მთავარს, სიცოცხლეს ვკარგავთ...

ნინო ჯავახიშვილი