გიორგი მასხულია: „მისტერ ვალენტინი" ოპერის მომღერალი ზურა კობიაშვილი გახდა“ - გზაპრესი

გიორგი მასხულია: „მისტერ ვალენტინი" ოპერის მომღერალი ზურა კობიაშვილი გახდა“

იყო სტუმრების მიღების ცერემონიალი, წითელი ხალიჩა, ფოტოსესია ბანერთან, ფურშეტი, წიგნის და ჟურნალის პრეზენტაცია. კონკურსის გამარჯვებული საოპერო მომღერალი ზურა კობიაშვილი გახდა...

გიორგი მასხულია, კონკურსის ორგანიზატორი:

- 16 წელია, რაც "მისტერ ვალენტინი საქართველო" ტარდება და ოთხი წელია, რაც ამ კონკურსს ოფიციალურად ჩავუდექი სათავეში. ტრადიციულად ყოველ წელს ვირჩევთ "მისტერ ვალენტინს"... წელს ფინალი გრანდიოზულად ჩატარდა, გამარჯვებული ოპერის მომღერალი ზურა კობიაშვილი გახდა, ხოლო "ვიცე მისტერ ვალენტინი" ბექა ხარხელაური.

- კონკურსის ორგანიზებას ბევრი სირთულე ახლავს?

- საყვარელ საქმეს როცა ვაორგანიზებ, ეს ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს. მიყვარს ჩემი საქმე და მთელი გულით ვაკეთებ! ვფიქრობ, მოსული სტუმრები უცხოელი პარტნიორები, მხარდამჭერები, ჟიურის წევრები კმაყოფილები დარჩნენ. ასევე გაიმართა ჩემი მესამე წიგნის პრეზენტაცია, რომლის ყდა დაამშვენა პრეზიდენტისთვის მიძღვნილმა ლექსმა... შესრულდა მუსიკალური ნომრები: ნუკა კვალიაშვილის, ქეთი წიკლაურის, სოფო ბედიას მიერ. მევიოლინე ია ყანჩაველმა სტუმრების მიღების ცერემონიალი გააფორმა... წითელი ხალიჩა, ფოტოსესია, საპრეზენტაციო ტორტი, შუშხუნა ღვინო... ამ ყველაფერმა მოსულ სტუმრებზე დადებითად იმოქმედა... კონკურსის დირექტორი ლანდა მასხულია გახლავთ.

ექსკლუზიურად მამაკაცების ხაზით დავხურე ჩვენება, სადაც ჩემი ახალი კოლექცია იყო წარმოდგენილი, რომელსაც ძალიან მალე ყაზახეთის მოდის კვირეულზე წარვადგენ...

- კონკურსის მონაწილეებზე რას გვეტყვი?

- ახლა ცოტა კრიტიკული ვიქნები: წლევანდელმა ნაკადმა დიდად ვერ მომხიბლა. როგორც ამ სფეროს პროფესიონალი, ყველაფერს კრიტიკულად მივუდექი, მაგრამ იმედი მაქვს, შემდეგ წელს ესეც გამოსწორდება... რაც შეეხება გამარჯვებულ ზურა კობიაშვილს, ის გამოირჩევა ევროპული გარეგნობით და ჟიურის მოწონება დაიმსახურა. "ვიცე ვალენტინი" ბექა ხარხელაური კი ნამდვილი ქართველის ტიპაჟი, სიმპათიური მამაკაცია. და ბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვა, მომწონს ხალხი საყვარელ საქმეს სწორად და მიზანდასახულად რომ აკეთებს!

მანანა გაბრიჭიძე