ცხოვრება ნანგრევებში - მარიუპოლელი ქალის ნაამბობი - გზაპრესი

ცხოვრება ნანგრევებში - მარიუპოლელი ქალის ნაამბობი

"მარიუპოლი არის ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ნანგრევებში ცხოვრობს..." - ამბობს "გზასთან" საუბარში ადგილობრივი ანია ბრაგინეცი, რომელმაც ოკუპირებული ქალაქი მკურნალობის მიზეზით, რამდენიმე დღის წინ დატოვა...

მისივე თქმით, იქ დარჩენილ მოსახლეობას, რუსებმა და კოლაბორაციონისტულმა ძალებმა, მარიუპოლელებს "დნრ"-ის პასპორტები დაურიგეს.

უკრაინის ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი რამდენიმეთვიანი ალყის დროს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიწასთან გაასწორა. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც "აზოველების" განადგურებისკენ იყო მიმართული, სამხედროებთან ერთად, ათასობით სამოქალაქო პირი, მათ შორის, ქალები და ბავშვები შეეწირა. ადგილობრივების თქმით, მასობრივი საფლავების გარდა, თითქმის ყველა რაიონსა და უბანში შეხვდებით 10-15 ხის ჯვარს, მუყაოს ან რკინისფირფიტებიანი წარწერებით. ბევრ მათგანს პატრონი ამდენი თვის შემდეგაც არ გამოუჩნდა, რადგან უმეტეს შემთხვევაში, მთელი ოჯახი დახოცეს, ან ე.წ. ფილტრაციის ბანაკის გავლით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გადაასახლეს.

- ადგილობრივ ადმინისტრაციას ვუთხარი, რომ სამკურნალოდ საქართველოში უნდა წავსულიყავი, სადაც ნათესავები მყავს. მარიუპოლის საავადმყოფოს აღდგენას შეეცადნენ, მაგრამ მხოლოდ კედლებისა და სახურავის შერემონტება მოახერხეს. სამედიცინო ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული ტექნიკა, კვლევის აპარატები არ არსებობს... თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია მჭირდება. თავად ექიმი ვარ და ვერ შემომედავებოდნენ, აქაც საკმარისი სამკურნალო საშუალებები გვაქვსო. დაღესტნელი და ბელორუსი სამედიცინო სპეციალისტები შემოიყვანეს, რომელთაც საბჭოთა კავშირის მეთოდიკა აქვთ გავლილი.

ერთი სიტყვით, მიმართვა მომცეს, რომ გზაში პრობლემა არ შემქმნოდა, როსტოვამდე მიკროავტობუსით წავედი, იქიდან კი საქართველოსკენ მომავალ ავტობუსში გადავჯექი და დიდი წვალებით ჩამოვაღწიე.

მკურნალობა მხოლოდ მიზეზი იყო. ეს დაავადება წლებია მაწუხებს, ომის დროს გამიმწვავდა და სპეციალისტთან ვიზიტი მჭირდება, მაგრამ ახლა ჩემი ქვეყანა და ქალაქი მხოლოდ ამ მიზეზით არ დამიტოვებია - მარიუპოლში ღამე ტემპერატურა მინუს 10-ზე დაბლა ეცემა. გასათბობად მხოლოდ შეშის ღუმელი გვაქვს და ის რომ დავანთოთ, დაბომბილი სახლებიდან, კორპუსებიდან, დაწესებულებებიდან მოგვაქვს რაღაცები ორთვალა ურიკებით. ჩვენი სახლი დანგრევას გადაურჩა, მაგრამ ახლომახლო სარაკეტო დარტყმები აქაურობას რამდენიმე თვე აზანზარებდა და კედლები გაიხსნა, სახურავი დაზიანდა, ოთახში სიცივე შემოდის და სითბო არ ნარჩუნდება. წყალი მხოლოდ ეზოში მოდის. ხანდახან მილები იყინება და მთელი ქალაქი უწყლოდ რჩება. იქ ყველაფერს კატასტროფულად მაღალი ფასი აქვს, ჩვენ კი მხოლოდ პენსია გვეძლევა, რომელსაც რუსეთი გვიხდის და ფაქტობრივად, არაფერში გვყოფნის. მთელი მარტი და აპრილი წინ არის, მე კი იმ საშინელ პირობებში სიცივეს ვერ გავუძლებ...

მაისის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ქალაქზე კონტროლი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს, დაბომბვები შეწყდა, მაგრამ არსებობა სიბნელეში, შიმშილსა და განუკითხაობაში, სახურავებახდილ სახლებში განვაგრძეთ. ჩამონგრეული შენობების სარდაფებში დღემდე რჩება ადამიანების ცხედრები. მათი გამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან ნანგრევებისგან ქალაქი ჯერაც არ გაუწმენდიათ... რამდენიმე ადგილი ვიცით, სადაც ჩაცხრილული ხალხია დარჩენილი. იქაურობა შემოსაზღვრული ანუ მონიშნულია, როგორც "დაუმუშავებელი ტერიტორია". ჩვენ კი ჯვარი დავუსვით, იქნებ ოდესმე მაინც შევძლოთ მათი სასაფლაოზე გადაყვანა. ცენტრალურ ქუჩებზე დააგეს გზები - იქ, სადაც "ახალი ადმინისტრაცია" გადაადგილდება, ოღონდ დაცვით. იქ ავტობუსის და მიკროავტობუსის მძღოლებიც კი შეიარაღებული არიან. არ ვიცი, პარტიზანული მოძრაობის ეშინიათ თუ იმ მაროდიორების, რომლებიც ქალაქში რუსულ "ხელმძღვანელობასა" და კოლაბორაციონისტებს შემოჰყვათ.

ჩვენ კერძო დასახლებაში ვცხოვრობთ. გარშემო კორპუსები არასდროს ყოფილა, ახლა კი მიკრორაიონის მშენებლობა დაიწყეს და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების შესახლებას აპირებენ. თითქოს ცდილობენ, ხალხის გული მოიგონ. ხანდახან გვახსენებენ, - ზელენსკი, დასავლეთის წაქეზებით, გაზაფხულზე ისევ აპირებს შეტევაზე გადმოსვლას. ისევ ომი და სისხლის ღვრა გინდათო?.. სიმართლე გითხრათ, ხალხმა მართლა ბევრი გადაიტანა და ზოგს მართლაც აღარ შესწევს ძალა, კიდევ ერთი მასშტაბური სამხედრო შეტაკება გადაიტანოს. მყავს თანამშრომლები, რომლებმაც ოჯახები დაკარგეს, რამდენიმე შვილი დაეღუპათ ან ნათესავები სახალინში, ნიჟნი- ნოვგოროდში გადაუსახლეს. ზოგმა ახლახან შეძლო ერთმანეთს ინტერნეტით დაჰკავშირებოდნენ, გადასახლებულებს სხვა გვარ-სახელი ჰქონდათ. დედები და შვილები სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილეს, ზოგი ოჯახებში გააშვილეს, ზოგიც ინტერნატებში... დედები რუსეთის მიკარგულ ქალაქებში დადიოდნენ და შვილებს ეძებდნენ: ზოგმა იპოვა, ზოგი დღემდე ეძებს...

mariupoli2-1677437930.webp

სამი თვის განმავლობაში ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ და ახლა ადამიანებს რომ შიში აქვთ, იგივე არ განმეორდეს, მათი მესმის... ამიტომ, მათ მოღალატეებად არავინ მიიჩნევს. ახლა ჩვენ გარშემო იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო აღარ არის. აქ ყველა მეორის ოჯახის წევრი ომშია, უკრაინის ფრონტზე...

რუსული ხელმძღვანელობა ბლოკავს სოციალურ ქსელებს, ფილტრავს ინფორმაციებს, "რბილი ძალის" პოლიტიკა აამუშავეს. ჩვენი ხალხი ადგილობრივ მშენებლობაზე დაასაქმეს, თუმცა ძირითადად ჩამოსულები: კაზაკები, ბურიატები, ბელორუსები, ჩრდილოკავკასიელები მუშაობენ. ხალხს ჰპირდებიან, ახალ ბინებს რომ დავასრულებთ და გასაღებებს გადმოგცემთ, ყველაფრით აღჭურვილი იქნება, მაცივრებსა და ტელევიზორებსაც კი დაგახვედრებთ ისე, როგორც ძველ, კარგ საბჭოთა დროშიო... საბჭოთა წლებიც მახსოვს, იმ დროშიც მიცხოვრია და კარგი არაფერი მახსოვს. კარგი რომ ყოფილიყო, არ დაინგრეოდა... იმ შეპირებულ "კომფორტსა" და "კეთილდღეობაზე" უკრაინელი ხალხი გაეხუმრა: ჩვენი ბინებიდან გატანილ ალაფს გვიბრუნებთ და მადლობები უნდა გიხადოთო? რაზეც თავხედურად უპასუხეს, - ცუდები რომ ვყოფილიყავით, რუსეთში წავიღებდით. ომის დროს უკრაინული რაკეტებისგან გადავარჩინეთ და მშვიდობიან დროს გიბრუნებთო...

მარიუპოლში თითქმის არ არსებობს პოლიცია. იქ წესრიგს, შეიარაღებული პირები იცავენ, რომლებიც ხშირად ნასვამები არიან და თავად ძალადობენ მოსახლეობაზე.

სურსათის მაღაზიები მათი სუსტი წერტილია, რადგან ყველაფერი ძვირი ღირს, ამათ კი ამუნიციაზე ეტყობათ, რომ ცოტას უხდიან. მარიუპოლში კი პურიც კი ოთხჯერ-ხუთჯერ მეტი ღირს, ვიდრე ომამდე ღირდა.

ამიტომ თავად ცდილობენ, საკვები მოიპოვონ, მათი ადმინისტრაცია კი სამოთხეში ცხოვრებას გვპირდება... ეს მაშინ, როდესაც მარიუპოლსა და მთელ დონეცკში უსახლკაროებს, ალკო და ნარკოდამოკიდებულებს აგროვებენ ფრონტის ხაზზე წასაყვანად. "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობის სანაცვლოდ, სოციალურ უზრუნველყოფას, უკეთეს მომავალს, ნასამართლობის მოხსნას, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფას ჰპირდებიან. სიტყვა "ომის" ხსენება არ შეიძლება, მაშინვე დაგადგება "პოლიცია" და დაინტერესდება - საიდან იღებ ინფორმაციას, რას უსმენ და სად გყავს ოჯახის წევრები? რუსებს არ აწყობთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ ცნობების გავრცელება და ცდილობენ ყველა დაღუპული "ნაცისტად" გაასაღონ.

ახალი მობილიზაციისთვის ემზადებიან და ამიტომაც, ხალხი ცდილობს იქაურობა დატოვოს. ომში წასვლა არავის უნდა.

- ომის დაწყების შემდეგ, პირველად დატოვეთ ქალაქი, არა?

- დიახ, იმ უმძიმეს თვეებშიც არ დამიტოვებია, თუმცა, გასვლის შესაძლებლობა მქონდა... ახლა ჩემი ნახევრად დანგრეული სახლი ძველ მეზობლებს დავუტოვე, თუმცა მაინც მედარდება დაკეტილი სახლი...

რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტიდან წიგნები გამოიტანეს და გადაყარეს. ვითომ "ახალი პროგრამით" ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტში. ჩვენს ყოფას ცხოვრებას ვერ დავარქმევთ, უბრალოდ, ვარსებობთ იმედით, რომ ერთ დღესაც ეს ჯოჯოხეთი დასრულდება; ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, ნათესავებზე ამბის გაგება ჩუმად, ფარულად არ მოგვიწევს, რადგან რუსები "ესესელი" ოფიცრებივით დადიან კარდაკარ და ყველაფერს ასჯერ ამოწმებენ. ერთსა და იმავე კითხვას ბევრჯერ გისვამენ. მათ ჩაწერილი აქვთ ყველა ჩვენგანის მონაცემი, მისამართი, ომამდე სად ვმუშაობდით, ომის პირველ დღეებში, ალყის დროს სად ვიყავით, რითი ვირჩენდით თავს, ოჯახის რამდენი წევრი გვყავს და ა.შ. ხშირად ხდება როტაცია და ყოველი ახალი სამხედრო მეთაურობა მოსახლეობასთან ურთიერთობას ასეთი კითხვებით იწყებს. მათ წინამორბედების პასუხები აქვთ, მაგრამ მაინც გიმეორებენ...

კოლაბორაციონისტები ძალიან კარგად გრძნობენ თავს: მაღაზიები გახსნეს, "საჯარო დაწესებულებებში" მუშაობენ და შექმნილი ვითარებიდან კარგ სარგებელსაც ნახულობენ - "მარიუპოლი-დონეცკის" გზა გახსნეს და იქიდან უამრავ რამეს ეზიდებიან. ადრე ყირიმშიც მიდიოდნენ, პურის ფქვილი და ჰიგიენის ნივთები იქიდან მოჰქონდათ. ბოლო დროს "ვიზიტები" შეამცირეს, სავარაუდოდ, ვერ რისკავენ, რადგან ითქვა, რომ რამდენჯერმე სხვადასხვანაირი საქონლით დატვირთული მათი სატვირთო მანქანები გაურკვეველ ვითარებაში აფეთქდა. შიდა დაპირისპირებაც აქვთ, გავლენებისთვის იბრძვიან. "საჯარო სამსახურებში" კარგი პოზიციების დაკავება სურთ და ერთმანეთს არ ინდობენ. ამასთან, რუსების მიერ შემოტანილ ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას თავიანთ ახალგახსნილ ფარდულებში ეზიდებიან და სამმაგ ფასში ყიდიან.

ჩვენ უკრაინის საბუთები ჩამოგვართვეს და "დნრ"-ის პასპორტები დაგვირიგეს. ეს ახალი ინიციატივაა. ამბობენ, რომ მის გარეშე მაღაზიაშიც ვერაფერს შეიძენ. "ჩვენ თქვენი ახალი ხელისუფლება ვართ, მოგვახსენეთ, რა პრობლემები გაქვთო", - გვეუბნებიან ისინი, ვინც ომამდე გარევაჭრობით იყო დაკავებული. ახლა თანამდებობზე არიან და ეს ძალიან მოსწონთ.

რუსებმა ქუჩებს სახელები გადაარქვეს და თავიანთი გენერლების, ოფიცრების, საბჭოთა წლების კომუნისტების, რაღაც სამხედრო დაჯგუფებების ან მათი მეთაურების სახელი უწოდეს... ოდნავ მოშორებით ეკლესია დგას. საავადმყოფო რუსულ რაკეტებს ვერ გადაურჩა, შენობა სანახევროდ დაინგრა, მაგრამ სასწრაფოდ შეაკეთეს, პერიოდულად მოჰყავთ შედარებით მსუბუქად დაჭრილები, მაგრამ ისინი დაღუპულთა სიაში ხვდებიან, რადგან შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის... რამდენიმე დღის წინ, შიდა დაპირისპირების შედეგად დაზიანებული სამხედროები მოიყვანეს. ნასვამები იყვნენ, რამდენიმეს თავი ჰქონდა გახეთქილი. თვითდაზიანების შემთხვევებიც არის, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში "საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული დაზიანება" იწერება. მარტის ბოლოს მარიუპოლში უნდა დავბრუნდე და ასე მგონია, ჯოჯოხეთში ვბრუნდები, მაგრამ იმედია, გაზაფხულზე ყველაფერი შეიცვლება.

ლალი პაპასკირი