"მინდა ყველა სულს ჰყავდეს თავისი ციცინათელა, რათა უნათოს ბნელი" - გზაპრესი

"მინდა ყველა სულს ჰყავდეს თავისი ციცინათელა, რათა უნათოს ბნელი"

"არასოდეს დავხატავ ომს, სისხლის ღვრას და ბოროტებას. ვთვლი, რომ ეს თემები არ იმსახურებს ტილოზე უკვდავებას..." - ამბობს ფერმწერი თამარ თოიძე, რომლის ნამუშევრებსაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ადარებენ ჯექსონ პოლოკის შემოქმედებას.

- 2 წლის ასაკიდან ვხატავდი ასფალტზე, ფურცელზე, ავეჯზე, კედლებზე. ვხატავდი ფანქრით, ცარცით, ფერადი პასტელებით, ყავით, ქვიშით, ბრინჯით... ხშირად ვიყენებდი ფერად ქვებს, ქსოვილებს, ბუმბულებს და ვაწყობდი კოლაჟებს. მოკლედ, რასაც ლამაზი ფერი ჰქონდა, მინდოდა ყველაფერი "გამომეჩინა" და ნივთისთვის უკვდავება მომეტანა (იღიმის)...

- ცხინვალის სამხატვრო სასწავლებლის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრეთ. გორის ომს შეეწირა მინიატიურა, რომელიც, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, თქვენი საყვარელი ნამუშევარი იყო...

- დიახ, მინიატიურა სახელწოდებით "მელანქოლია" 2008 წლის გორის ომს შეეწირა ბევრ სხვა ნამუშევართან ერთად. "მელანქოლია" მიყვარდა იმიტომ, რომ საუცხოო ფერთა გამა გამომივიდა. ამ ნამუშევარმა სახალხო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და დიპლომიც მომიტანა. სხვათა შორის, ამ ფესტივალში ბევრი სახელოვანი მხატვარი მონაწილეობდა, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, დიპლომი მე მერგო.

- არაერთ გამოფენაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული...

- ხშირად ვმონაწილეობდი გამოფენებში, მაგრამ ალბათ, ესეც ასაკიდან გამომდინარე ხდებოდა; სიხარულს მანიჭებდა ნიჭიერი კოლეგების თავშეყრა და ერთმანეთში ფანტაზიების გაცვლა. იყო "გაყინვის" პერიოდებიც და მერე, გარკვეული ხნის შემდეგ, თითქოს ფენიქსივით თავიდან ვიბადებოდი როგორც შემოქმედი და ახლებური ხედვით ვიწყებდი ხატვას. ასაკი სხვანაირად აბრძენებს შემოქმედს, თავისებურ აღქმასაც გიყალიბებს ზოგადად სამყაროზე, საზოგადოებაზე და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ნათლად, მკაფიოდაა ასახული თითოეულ ტილოზე.

dges-ase-agviqvam-samyaros-1677438128.jpg

- ბევრი აღნიშნავს, რომ თქვენი ნამუშევრები მათ პოლოკის შემოქმედებას ახსენებს. მისი ნამუშევრების თაყვანისმცემელთა რიგში თქვენც ხომ არ ხართ?

- ღმერთმანი, ჩემდა სამწუხაროდ, არც ვიცნობდი მის შემოქმედებას, როცა აბსტრაქციებზე დავიწყე მუშაობა. მას მერე, რაც მეგობრებმა ამ თემაზე დაიწყეს საუბარი, სიმართლე გითხრათ, ნამუშევრებს შორის რაღაც მსგავსება მეც დავიჭირე.

- ფოტოგრაფიაც გიტაცებთ...

- ვთვლი, რასაც ფოტოაპარატი აფიქსირებს, შემოქმედი ამაზე არ უნდა მოცდეს. აბსტრაქციას და ფანტაზიას ეს პლუსი აქვს, რომ ის შენი ვერსიაა, შენებური აღქმაა ნივთის, სამყაროსი... თუმცა, ჰობად მექცა ფოტოხელოვნებაც. ძირითადად ძველ შენობებს, ქალაქის ხედებს, კარებს, ჩუქურთმებს და ა.შ. ვაფიქსირებ, კადრებად ვინახავ.

- რა არის თქვენთვის მუზა?

- მხატვრისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ბევრი საღებავი და ტილოებია, რათა ხატო და ხატო უსასრულოდ; ხატო ყველაფერი, რასაც ხედავ და როგორც ხედავ. წარმოიდგინეთ, ძალიან, ძალიან ბევრი ფირი რომ გქონდეთ, რამდენ ფოტოს გადაიღებდით და რამდენ ემოციას შეინახავდით, ასეა მხატვარიც: თუ მასალა აქვს, მუშაობს დაუსრულებლად...

რაც შეეხება მუზას, ის თავისით მოდის და არასდროს გკითხავს, რა დროს მოგაკითხოს, გცალია თუ არა... არც ის იცის არავინ, რა ფერებით ან როგორ მოგეფერება, ან ხატვის პროცესში რას შეგაცვლევინებს...

- თქვენს ნამუშევრებთან დაშორება გიჭირთ?

- ჩემი ნამუშევრები არასოდეს დამნანებია გასაჩუქებლად. ვინც მიყვარს და ვისაც უყვარს ხელოვნება, მას დაუფიქრებლად ვჩუქნი. ზოგადად მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში, ყოველთვის დაუფასებელია ის მსხვერპლი, რასაც ხელოვანები ვწირავთ ჩვენს საქმეს. ვისაც უყვარს თეატრი, კინო, მხატვრობა, სამწუხაროდ, მათთვის ხშირად ფუფუნებაა ეს სულიერი საზრდო, ამიტომ გულწრფელად, ბევრი ნახატი მაქვს "გაშვილებული" და გაყიდულიც, ჩემდა სამწუხაროდ, ეს მიფორიაქებს სულს, ვიდრე ის, რომ გავაჩუქე. გაჩუქებულს ოდესმე ვნახავ, მაგრამ გაყიდულს ვიცი, ვერასოდეს შევხვდები.

game-1677438116.jpg

- რომელია თქვენი ფერი?

- როგორც მხატვარი და ფერმწერი, ვერც ერთ ფერს ვერ გამოვარჩევ, ყველას თავისი ადგილი აქვს ამ სამყაროში. უბრალოდ, ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ძირითადად ლაჟვარდისფერი ჭარბობს ჩემს შემოქმედებაში. პალიტრაზეც და ცხოვრებაშიც, ნათელი ფერები მიყვარს. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და სულ მგონია, რომ არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაინც, ყველაფერი კარგად იქნება! ღამეც ჩემებურად აღიქმება ჩემს შემოქმედებაში... სულ მინდა, რომ უკუნი იყოს ნათელი და სადღაც როგორც მთვარე ანათებს ბნელს - ყველა სულს მსოფლიოში ჰყავდეს თავისი ციცინათელა და უნათოს ბნელი! მარადჟამს!

- რას ნიშნავს ხატვის პროცესი თქვენთვის?

- მე მაინც ვთვლი, რომ ხელოვნება და კერძოდ სახვითი ხელოვნება ხელის ვნებაა! გონება გათიშულია, როდესაც ახალს ქმნი! მხოლოდ ბოლოს შეგიძლია შეაფასო, რა შექმნა ხელმა!.. ყოფილა პერიოდი, როდესაც ერთ დღეში შექმნილა 6-7 ნახატი და გასულა 10 წელიც ისე, რომ ფუნჯი არ მჭერია ხელში... გამოგიტყდებით და, ფუნჯი არასოდეს მიყვარდა, ყოველთვის ხელით და მასტეხინით ხატვა მომწონდა. საღებავს თუ არ ვგრძნობ, ვერ ვხატავ. ჩემი პედაგოგი, გაბარაევი ამბობდა ხოლმე, ნიჭმა გაყინვა იცის და თავს ძალას ნუ დაატანთ, მოვა დრო და ეს ყინული ისევ გალღვებაო. სიმართლე გითხრათ, მეც ოლიმპიური სიმშვიდით ვხვდები ასეთ პერიოდებს.

ლიკა ქაჯაია