აფრიანი ხომალდები იმერეთიდან... - გზაპრესი

აფრიანი ხომალდები იმერეთიდან...

"მხატვრობა და ზოგადად ხელოვნება ჩემთვის სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. ეს იმისთვის მჭირდება, რომ ჩემში არსებულ სიყვარულის გრძნობას მივიწყების საშუალება არ მივცე. ამას მიმღებიც სჭირდება და როდესაც ამ სიყვარულის მიმღები არავინაა (სხვა სიყვარულია ეს; სხვა რამ, რაც თითქოს ჩემგან ენერგიის სახით გაიცემა), ხატვას ან რამის შექმნას ვიწყებ. ბუნებრივია, პროცესი ენერგიას მაცლის, მაგრამ მანიჭებს კიდეც, როდესაც მიღებული შედეგი მომწონს... ხელოვნება ჩემთვის ერთგვარი თერაპიაც არის, რომელიც მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მას სხვა სამყაროში გადავყავარ, იმაზე უკეთესში, ვიდრე რეალობაა. იმისათვის, რომ რამე შევქმნა, მიზეზიც მჭირდება და თუ მიზეზი არ არის, უბრალოდ ვერ ვხატავ და თუ ხატვა დავიწყე, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო, მოგვიანებით კი ყველაფერი ხელახლა იწყება. ნამუშევრები ახალ-ახალ ძალებს მაძლევენ"... - ასე აღწერს თავის ყოველდღიურობასა და საქმიანობას იმერეთის ერთი სოფლის მკვიდრი გოგა ბასილაძე.

თავდაპირველად მისი ხის ნაკეთობები ვნახე და გადავწყვიტე აფრებიანი ხომალდების ავტორი გამეცნო. მეგონა მხოლოდ გემის მაკეტებს ქმნიდა, თუმცა სხვა გატაცებებიც ჰქონია, რომელზეც ქვევით მოგითხრობთ... ერთხანს უფიქრია, რომ გემის მაკეტების გარკვეული რაოდენობის დამზადების შემდეგ, ამ ნივთების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ისეთი სივრცე გამოეყო, სადაც დამთვალიერებელი ივლიდა და ეს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ტურისტული კუთხით საინტერესო ადგილი იქნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე იდეა ჩანაფიქრის დონეზე რჩება. რა ბედი ეწევა მის ნაკეთობებს, ჯერ არ იცის...

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა წარმოშობით ჭოგნარიდან ვარ და ამჟამად სოფელში ვცხოვრობ, სამუშაო გარემოც აქ მაქვს მოწყობილი. პროფესიით იურისტი გახლავართ. ერთხანს პროფესიით სასაზღვრო პოლიციაში ვმუშაობდი. 2010 წელს სამსახურიდან წამოვედი და ავტომობილის ელექტროშეკეთება შევისწავლე, ასევე კომპიუტერული გრაფიკა. რაც შეეხება ხატვას, ამის სურვილი და მიზეზიც ყოველთვის არსებობდა. თავდაპირველად ხატვა აკრილითა და აკვარელით ფურცლებზე დავიწყე, შემდეგ ტილოზეც გადავინაცვლე. ახლა ძირთადად ზეთის საღებავით ვხატავ. ერთხანს ქვებზეც ვმუშაობდი. რამდენიმე წლის წინ ახალციხეში ჩემი ნამუშევრების გამოფენაც მქონდა, სადაც 60-მდე, ქვებსა და ტილოებზე შესრულებული ნახატი წარმოვადგინე. ხანდახან გამოფენებში მონაწილეობის სურვილი მიჩნდება, მაგრამ ასე არ ვიქცევი. იმის ამბიცია არასდროს მქონია, რომ სახელი გამეთქვა ან საზოგადოებაში ფართოდ გამოვჩენილიყავი. ვცდილობ ყველა ნახატში რაღაც დომინანტური იყოს, მაგალითად ფერი ან კონტურები, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ამის კარგი მაგალითია ბოლო პერიოდის ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი "ქვევრი", რომელიც ღვინით დავხატე. სახლი, სადაც ვცხოვრობ, ბაბუაჩემის აშენებულია. სარემონტო იყო და ყველაფერი თავად გავაკეთე, მათ შორის ბუხარიც, რომლის დაშლისა და ხელახლა აშენებისას ქვის კვეთა და დამუშავებაც მომიხდა.

რაც შეეხება გემების დამზადებას, ამ შემთხვევაში დამატებით ვიყენებ იმ მასალას, რაც საინტერესოდ მომეჩვენება. ზოგჯერ ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა საოჯახო ნივთის "შეკაზმულობას" და ესენია: ღილები, ელექტრონაწილები, საათის დეტალები, ძაფები და ა.შ. ისეთი ნახატებიც მაქვს, რაც უწინ განწყობაზე მაყენებდა, მაგრამ მოვლენები შეიცვალა და დღეს უბრალოდ, არაფრისმთქმელნი გახდნენ... კიდევ ერთს დავძენ: ამქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება და რომ არა ჩემი იქ ყოფნა, სადაც ვარ, რომ არა ცხოვრებისეული სირთულეები თუ სიმარტივეები და ის ყველაფერი, რაც მქონდა ან არ მქონდა, რომ არა სიყვარული, როგორიც უნდა ყოფილიყო, შემოქმედებით საქმიანობას ვერასდროს დავიწყებდი. სანამ ამქვეყნად ვარ, ახლის ძიებას და განვითარებას არასდროს შევწყვეტ, რათა რაღაც უფრო დიდი შედეგი მივიღო, ვიდრე ეს აქამდე იყო.

- თქვენს ნამუშევრებში რა თემა დომინირებს?

- თემას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, პეიზაჟი იქნება ეს თუ რაიმე სხვა, მთავარია სილამაზე საინტერესოდ იყოს გადმოცემული. მეც თავს არ ვიზღუდავ, მხოლოდ პორტრეტებს არ ვხატავ, რადგან ვფიქრობ, ამ ჟანრს აკადემიური ცოდნა სჭირდება. შემიძლია დავჯდე და ვისწავლო, მაგრამ მირჩევნია, ის დრო სხვა რამეს დავუთმო.

- სხვადასხვა მასალით მუშაობა გაინტერესებთ, რაც ერთფეროვნებას გამორიცხავს. ამგვარი ძიება-ექსპერიმენტებით მიხვედით გემების დამზადებამდეც?

- რამდენიმე თვის წინ მეგობარმა დაზიანებული გემი მომიტანა და მკითხა, შეკეთებას თუ შევძლებდი? ნივთს "ცხვირის" წინა მხარე ჰქონდა გატეხილი. შევეცდები-მეთქი და, დავიტოვე. ხის ძველი, საკოლექციო გემი იყო, მისი მსგავსი საბჭოთა კავშირის დროს გამოდიოდა. შეკეთება ვცადე და გამომივიდა. მაშინ გამიჩნდა სურვილი, შემესწავლა, თუ როგორ მზადდებოდა ნამდვილი გემები. მანამდე ხის მასალასთან შეხება დიდად არ მქონია, ახლაც დიდი გამოცდილება არ მაქვს და არც სპეციალური იარაღები სამუშაოდ, მაგრამ ვცდილობ, სხვადასხვა დეტალის დამზადებისას გამოსავალი ვიპოვო. შესაბამისად, იმპროვიზაცია მიწევს. ეს რთულიცაა, თუმცა საინტერესო, რადგან ახალ-ახალი აღმოჩენები ხდება.

3-1677438489.jpg

- ჩანახატებს წინასწარ აკეთებთ, გემის ესკიზს კომპიუტერულად აწყობთ თუ როგორ? და რა მასალით მუშაობთ?

- წინასწარ არავითარი ნახაზი ან პროექტი არ მაქვს. მუშაობის პროცესში ჩნდება ფორმებიც და მისი გადაჭრის გზებიც. ინტუიციაც მეხმარება იმის ამოსაცნობად, თუ სად რა დეტალია საჭირო. დღემდე 4 დიდი და 20-მდე მცირე ზომის გემი მაქვს გაკეთებული. პატარა ზომის გემები მონეტების ჩასადებად დავამზადე. ოცივე ერთი მოდელისაა და თითოეულში 7 მონეტის განთავსებაა შესაძლებელი. ნუმიზმატი ვარ, მონეტებს ვაგროვებ და არაერთხელ მიფიქრია, თუ როგორ შეიძლებოდა ისინი სადმე ყუთში კი არ შემენახა, არამედ დაცულად და ეფექტურად წარმომეჩინა. ამიტომ ეს გზა მოვიფიქრე, რაც დემონსტრირებისთვისაც კარგია და შესანახადაც - მონეტები არ დაიმტვერება. რაც შეეხება მასალას, სულ სხვადასხვაა, უმთავრესად ბამბუკი და კაკლის ხე. ვცდილობ, ნამუშევარი მყარი, ხარისხიანი იყოს და დროს გაუძლოს.

- ზღვაოსნობა გიზიდავთ, გემთმშენებლობის პროფესიამ გაგიტაცათ, თუ თავად მუშაობის პროცესი გამოდგა ჩამთრევი?

- და რატომ არა მაგალითად თვითმფრინავი, ან რამე სხვა, ხომ?! კარგი კითხვაა... დიახ, ზოგადად მიყვარს ზღვა, გემი, თევზაობა. არ ვიცი, ეს საიდან და როგორ მოდის, მაგრამ წყალი ჩემში ერთგვარ მისტიკურ შეგრძნებებს აღვივებს და თავისუფლების განცდასაც.

- სათავგადასავლო ჟანრის ფილმებს ზღვაოსნობასა და ამ თემასთან დაკავშირებულ ამბებზე, ხშირად უყურებთ?

- დიახ, მაგრამ არა მხოლოდ ამ ჟანრის ფილმებს, სხვადასხვას და მათ შორის, ფანტასტიკასაც...

- წყალზე გადაადგილების საშუალების გარდა, ისეთი კოსმოსური ხომალდების შექმნაზეც ხომ არ გიფიქრიათ ან გიცდიათ, რომელიც ფანტასტიკური ჟანრის ფილმებშია?

- გემები არა, მაგრამ ნახატები მაქვს კოსმოსის თემაზე.

- გამოდის, წყალი თქვენი სტიქიაა...

- დიახ... ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ, ჩვენი სტიქია წყალია და შეიძლება ესეც არის "მიზეზი" (იღიმის).

4-1677438474.jpg

- ალბათ უწინ უფრო იყვნენ გემის მაკეტების კოლექციონერები. დღეს რამდენად დიდია ინტერესი?

- ბევრს მოსწონს, დაინტერესებაც არის, თუმცა სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება კოლექციონერმა ახალი ნივთის შესაძენად ფული ვერ გადადოს და პრიორიტეტი საკვების შეძენას მიანიჭოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენში ხელოვნება ნაკლებად ფასობს, მით უმეტეს, ხელნაკეთი ნივთები.

- მონეტების გარდა, კიდევ რამეს ხომ არ აგროვებთ?

- სერიოზულად არაფერს, მაქვს ზღვის კენჭები და ნიჟარები, რაც კი სანაპიროზე მომეწონება.

- მოკლედ, ხატავთ, აგრძელებთ გემების კეთებას და სამომავლოდ რას უპირებთ, ჯერ არ იცით...

- დიახ, გადაწყვეტილი არ მაქვს. დრო, მოვლენების განვითარება და ცხოვრება გვიჩვენებს, რა როგორ იქნება, ასეთ საკითხებს არ ვგეგმავ...

ანა კალანდაძე