აკაკი ჭანტურია - პირველი ქართველი მსოფლიოს გარშემო
"დადიანების სასახლე" ის ადგილია, რომელიც სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში სტუმრად ყოფნისას, აუცილებლად სანახავ ადგილთა რიგში უნდა მოინიშნო. შენობისა და ეზოს ტერიტორიაზე სკამზე ევროპულად გამოწყობილი კაცი ჩამომჯდარა, თავზე ცილინდრითა და ხელში ჯოხით (ქანდაკების ავტორი გიორგი კიკვაძე, 2014 წელი). ეს აკაკი ჭანტურიაა, რომლის ინიციატივითა და ძალისხმევით, 1921 წლის 1-ლ მაისს გაიხსნა სივრცე, რომელსაც თავდაპირველად "სამეგრელოს მუზეუმი" ეწოდა (დღევანდელი ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი). მეცნიერმა აქ თავი მოუყარა სამეგრელოს მთავრების მემკვიდრეობას ანუ - დადიანების ქონებას, ბიბლიოთეკას, ასევე რელიგიურ სიწმინდეებს, მარიამ ღვთისმშობლის კვართსა და სხვა ექსპონატებს. არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომ არა, აკაკი ჭანტურიას სახელს ჯერ მხოლოდ ისიც ეყოფოდა, რომ მან საბჭოთა დიქტატურისგან განადგურებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი გადაარჩინა...
აკაკი ჭანტურიას არაერთხელ გაუვლია ერთი და იგივე გზა, ქვეითად თუ ცხენით. სოფელ-სოფელ ეძებდა დადიანების მემკვიდრეობას და მოპოვებულ ნივთებს ურმებით ეზიდებოდა. ექსპონატების მოძიების პროცესში ბევრჯერ საკუთარი თანხაც დაუხარჯავს, ხოლო მუზეუმის დაარსებიდან პირველ წლებში: მდივანიც იყო, განძის დარაჯიც და აღნიშნული სივრცის დამლაგებელიც... თუმცა, რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ მის გარჯაზე, ამომწურავი მაინც არ იქნება. ერთი რამ ფაქტია - მან ეს ყველაფერი უდიდესი ფიზიკური შრომისა და მუდმივი ზეწოლის შედეგად გააკეთა, ჩანაფიქრი მაინც განახორციელა და მომავალ თაობებს შეუფასებელი საგანძური შემოუნახა.
აკაკი ჭანტურია 1881 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. იოანე ჭანტურიასა და ხანძე შამუგიას მეხუთე ვაჟმა დაწყებითი განათლება ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. წარჩინებული მოსწავლე ყოფილა და ელოდნენ, რომ სწავლას თბილისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელებდა, მაგრამ ბათუმში გაემგზავრა და როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. პარალელურად ინგლისური ენის შესწავლას შეუდგა და ინგლისში გასამგზავრებლად თანხის შეგროვებასაც მიჰყო ხელი. ოცნება მალე აიხდინა. ლონდონში გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ამასთანავე, როგორც თავისუფალი მსმენელი, სხვადასხვა ფაკულტეტზე ესწრებოდა ლექციებს. ცდილობდა ყველაფერში ჩართულიყო, მათ შორის - ექსპედიციებშიც და სწორედ იმ პერიოდს უკავშირებენ მსოფლიოს გარშემო მის მოგზაურობას, რომელიც ლონდონის გეოლოგიური ექსპედიციების წყალობით შეძლო. ერთხანს ამერიკაშიც იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში იღრმავებდა ცოდნას. 1921 წელს აკაკი საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა არქივებში, წიგნთსაცავებში, მუზეუმებში, თბილისის უნივერსიტეტში იწვევდნენ ლექციების წასაკითხად; ნოე ჟორდანიას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც შეუთავაზებია, მაგრამ უარი უთქვამს; მისი მიზანი მუზეუმის დაარსება იყო...
აკაკისა და მის მეუღლეს, ინგლისელ ქალბატონ ქეთრინ ბოულის 5 შვილი ჰყავდათ: მარციანე, ვივიანე, არიანე, ფლავიანე და ლეილა. მათგან მხოლოდ ერთი მემკვიდრე დარჩა - კესო ჭანტურია, რომელიც პაპისეულ სახლში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
კესო ჭანტურია:
- აკაკისა და ქეთრინის შვილებიდან მხოლოდ მამაჩემი ვივიანე დაოჯახდა, მან შურა ნანავა შეირთო და გავჩნდი მე. დედისერთა ვარ. ნათესავები იხსენებდნენ, აკაკი და ქეთრინი საქართველოში რომ ჩამოვიდნენ, თან ბავშვი ახლდათ (ანუ უფროსი შვილი მარციანე) და იმ პერიოდში ქეითი სავარაუდოდ, ორსულად იყო მამაჩემზე. შესაბამისად, მათი უფროსი შვილი ლონდონში იყო დაბადებული, მაგრამ იმ რეჟიმის პერიოდში, ბიძაჩემის საბუთებში დაბადების ადგილად მითითებული გახლდათ "საქართველო, ზუგდიდი". ბაბუაჩემი ჯვარიდან იყო, სოფელ ჩქვალერში დაბადებული და თავდაპირველად მეუღლესთან ერთად იქ დასახლებულა. აკაკიმ მუზეუმის დაარსების იდეაზე მუშაობა და ჩანაფიქრის განხორციელება რომ დაიწყო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯვარში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს იქ ხანძარი გაჩნდა და სახლი განადგურდა. არავინ იცის, შემთხვევით მოხდა ეს, თუ პოლიტიკური მოტივით ვიღაცამ სპეციალურად გააჩინა ხანძარი. ამის შემდეგ საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდნენ. ამ დროს ხუთივე შვილი ჰყავდათ. ქეთრინი რომ გარდაიცვალა, უფროსი შვილი 16-17 წლის იქნებოდა, ხოლო დანარჩენები მცირეწლოვნები იყვნენ. ვინაიდან ბავშვების დედა ინგლისელი იყო, ოჯახში ძირითადად ინგლისურად ლაპარაკობდნენ. მართალია, ქეთრინმა საქართველოში რამდენიმე წელი გაატარა, მაგრამ ახლობლისგან ვიცი, რომ ქართულად არ ლაპარაკობდა, თუმცა ყველაფერი მშვენივრად ესმოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ხუთივე შვილმა უმაღლესი განათლება მიიღო, ხუთივეს ორ-ორი პროფესია ჰქონდა.
- ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ქეთრინი ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა...
- დიახ, ლამაზი იყო. ლორდის შვილი, ფუფუნებასა და კარგ პირობებში გაზრდილი. ძალიან ახალგაზრდა იყო, აკაკი რომ გაიცნო და საქართველოში წამოჰყვა. ის ავადმყოფობის შედეგად, 34 წლისა გარდაიცვალა. მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ინგლისში, თავისი ოჯახის წევრებთან ძალიან მწირი ურთიერთობა ჰქონდა. ვიცი, რომ თავის ქვეყანაზე სიახლეებისა და ინფორმაციის მოსაპოვებლად ჟურნალ-გაზეთებს იწერდა. ოჯახსა და ნათესავებს დროდადრო წერილებსაც სწერდა. დღეს თუ თავისუფლად ვამბობ, "ლონდონში ნათესავები მყავს", ჩემი ბიძები და მამა, 2010-იან წლებშიც კი ვერ გამოდიოდნენ საბჭოთა წყობის სისასტიკისა და რეპრესიების შიშიდან და თუ ლონდონიდან წერილს მივიღებდით, ამბობდნენ: "იქიდან წერილი მოვიდა", "იქიდან ცნობა მივიღე", "იქიდან თანხა ჩამერიცხა" და ა.შ. 2013 წლიდან პირადად აღვადგინე ნათესავებთან ურთიერთობა.
- დაქვრივებულ აკაკის ბავშვების აღმზრდელად ტრაგიკული ბიოგრაფიის მქონე ქალბატონი აუყვანია. თუ შეიძლება, ეს ამბავიც მოგვიყევით.
- აკაკის ხშირად უწევდა საქმის გამო სახლიდან შორს ყოფნა. ქეთრინის გარდაცვალების შემდეგ ბავშვებს მოვლა-პატრონობა სჭირდებოდათ. ბიძაშვილმა მათ ერთი უკრაინელი ქალი, ირა მოუყვანა. ირა ბებოს ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულა: ერთ დღეს მაღაზიაში პურის საყიდლად გასულა, დაბომბვა დაწყებულა, რომელსაც მისი ქმარ-შვილი შეეწირა. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, მერე ჩვენს ოჯახში აღმოჩნდა. სხვათა შორის, ირა ბებო ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა და ბიძებისა და მამიდის შემდეგ, ჩემზეც ზრუნავდა. რუსული ენის საფუძვლები მისგან ვისწავლე, ხშირად მელაპარაკებოდა. ღრმად მოხუცებული იყო, როცა გარდაიცვალა.
- აკაკისა და ქეთრინის შვილებიდან რომელიმე საზღვარგარეთ ხომ არ წასულა?
- არა, ხუთივე საქართველოში ცხოვრობდა. ძმები ფიზიკურად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს და მეზობელ-ახლობლებსაც კი უჭირდათ მათი გარჩევა. ისინი თბილისში ცხოვრობდნენ, მაგრამ ასაკში შესულები ზუგდიდში წავიყვანე და აქედან ოთხმა ჩემთან, შინ დალია სული. მეხუთე უნივერსიტეტში ლექტორი იყო. ინსულტი დაემართა, კლინიკაში მოხვდა. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ საავადმყოფოდან ვეღარ გამოვიდა, იქვე გარდაიცვალა. ხუთივე ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზეა დაკრძალული, ისევე როგორც ქეთრინი და აკაკი.
- 1926 წელს აშენებულ სახლში ცხოვრობთ და რაღაც ნივთებიც შემოგრჩენიათ ბაბუასგან...
- ვინაიდან იქ ჩემს ოჯახთან ვცხოვრობ, ელემენტარული პირობები რომ მქონდეს, მხოლოდ მცირე ჩარევა მოვახდინე, რადგან ადრე თუ გვიან, შეიძლება ის აკაკის სახლ-მუზეუმად გადაიქცეს, ამიტომ ხის ოდა სახლი თითქმის იმ სახით არის შენარჩუნებული, როგორიც აკაკის დროს იყო. ინგლისიდან ჩამოტანილი ჭურჭლის გარდა, აკაკის რამდენიმე პირადი ნივთი მაქვს. მათ შორისაა: სათვალე, დურბინდი, მაგიდის საათი და ხელჯოხი. ქეთრინისგან დამრჩა ბროლის კვერცხი, რომელსაც თურმე აკაკი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს თან დაატარებდა, ალბათ - როგორც ერთგვარ თილისმას. როგორც ვიცი, სახლის ეზოში სხვადასხვა ხეხილი იყო დარგული. მალე 100 წლის გახდება ნაძვის ხეებიც, რომლის გარშემოც ბზა ხარობდა. დღეს აღარ არის ქეთრინის გაკეთებული ბაღი, რომელიც ფერდობზე ჰქონდა გაშენებული და გაზაფხულზე იების, ენძელებისა და ყოჩივარდების ფერები ერთმანეთში გადადიოდა.
- საინტერესოა, აკაკი თუ აწარმოებდა თავისი საქმიანობის ამსახველ ჩანაწერებს?
- ძალიან ბევრი დღიური და ჩანაწერი ჰქონდა, სადაც აღწერდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას, ლონდონში ყოფნის პერიოდს, საქართველოში ჩამოსვლის ამბებს და ა.შ. მაგრამ მისი უნიკალური ბიბლიოთეკა და პირადი ნივთები, რაც კი საზღვარგარეთიდან ჩამოიტანა, იმ ჯვარის სახლთან ერთად დაიწვა და განადგურდა, რომელშიც ზუგდიდში გადმოსვლამდე ცხოვრობდა. ეს ყველაფერი ბიძაჩემისა და მამაჩემის მონათხრობით ვიცი. უფრო სწორად, ძმები ერთმანეთში ინგლისურად საუბრობდნენ, მეც იქვე ვიყავი და კარგად მახსოვს, როგორ გულდაწყვეტით ლაპარაკობდნენ განადგურებულ დღიურებსა და წიგნებზე. საერთოდ, ოჯახში ერთმანეთთან თითქმის ყოველთვის ინგლისურად ვსაუბრობდით.
- აკაკის ლონდონში ჩონგური ჰქონია, მერეც მღეროდა?
- როგორც ვიცი, აკაკი ჩონგურზე უკრავდა, მეგრულად და ქართულად მღეროდა, მაგრამ შემდგომში - აღარ. სიმართლე გითხრათ, ამღერებულ-აცეკვებული ჭანტურიები არ მახსოვს.
- ისე, რომ დაფიქრდე, როგორი მიზანდასახული ყოფილა: უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღების მიზნით, საკმაოდ ახალგაზრდამ გადადგა გაბედული ნაბიჯი და სახლიდან ინგლისში გაიპარა. ისიც საინტერესოა, რა წყაროებით დასტურდება, რომ აკაკიმ მსოფლიო მოიარა?
- დიახ, ის ინგლისში ისე გაემგზავრა, მისმა ოჯახმა არაფერი იცოდა. მხოლოდ წერილი და მცირე ინფორმაცია დაუტოვა, მაგრამ იქ მითითებული არ იყო, სად და რა მიზნით მიდიოდა. წლების განმავლობაში მის შესახებ არაფერი იცოდნენ, ოჯახი და ახლობლები გარდაცვლილად თვლიდნენ. რაც შეეხება მის ხასიათს, საკმაოდ მტკიცე და მიზანდასახული იყო. ბავშვობიდან მიდრეკილება ჰქონდა უცხო ენების შესწავლის და ერთ-ერთ პირად ბარათში მითითებული იყო, რომ დედაენის გარდა, კიდევ 8 ენას ფლობდა. იქვე ჩამოთვლილი იყო ის ქვეყნები, სადაც ყოფილა. თითქმის მთელი მსოფლიო ჰქონდა მოვლილი: ევროპაში თითქმის ყველა; ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, აზია, არქიპელაგი, ინდოეთი, არაბეთი და პალესტინა. გარდა ამისა, ვფიქრობ, გაუმართლა კიდეც, რადგან ლონდონში ცარიელ-ტარიელი ჩასული კარგ ოჯახში მოხვდა. მათ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ და როგორც ვიცი, ძალიან შეუწყვეს ხელი, რომ უმაღლესში ჩასაბარებლად მომზადებულიყო. მართლაც, აკაკი გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იქ შეისწავლა არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ისტორია, სამუზეუმო საქმე, მონაწილეობდა ბრიტანეთის მუზეუმის სამეცნიერო-საძიებო ექსპედიციებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში. სწორედ იქიდან იწყებს სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლას და პირველი ქართველი ხდება, რომელმაც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.
- 1937 წლის რეპრესიების პერიოდმა როგორ ჩაიარა თქვენს ოჯახში? სად და როგორ გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები აკაკი ჭანტურიამ?
- 1937 წლიდან აკაკის დევნა დაიწყო, მაგრამ დაჭერასა და გადასახლებას გადაურჩა. მუზეუმის დაარსების შემდეგ იქ დირექტორად მუშაობდა, მაგრამ ბოლშევიკების პერიოდში ყველას უნდოდა მუზეუმის გაძარცვა. აკაკი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. 1940 წელს სიძველეთსაცავი სამუდამოდ დაატოვებინეს, რასაც საგანძურის ძარცვა-რბევა მოჰყვა. ზოგიერთი ნივთი კერძო პირის მიერაა წაღებული... საბოლოო ჯამში მიზანს მიაღწიეს და პირდაპირ რომ ვთქვა, მუზეუმიდან დაითხოვეს. მუზეუმიდან ჩამოშორების შემდეგ, ზუგდიდის სოფელ ოდიშის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. არ უავადმყოფია. 1949 წელს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
- რა პროფესიის ბრძანდებით თქვენ და როგორ გაგრძელდა აკაკი ჭანტურიას შთამომავლების ხაზი?
- ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ერთხანს სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად ვმუშაობდი, ბავშვებს ვამზადებდი, ვთარგმნიდი. ამჟამად ზუგდიდში იუსტიციის სახლში ვმუშაობ. ოთხი ბიჭი მყავს: ნიკოლოზი, აკაკი, გიორგი და ანდრო. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ბევრი აღნიშნავდა, აკაკის ერთი შვილიშვილი ჰყავს და ისიც გოგოო... "შეთხვევით არაფერი ხდება" - ეს გამოთქმა ხომ იცით და მართლაც, ჩემი უფროსი ბიჭი რომ დაიბადა, ისე მოხდა, რომ ჭანტურიად ჩაიწერა, დღესაც ამ გვარს ატარებს და დიდი ბაბუის გვარის გამგრძელებლად ითვლება, ხოლო მეორე ბიჭი მამის გვარზეა, მაგრამ მას აკაკი ჰქვია (იღიმის).
ანა კალანდაძე