"ხათუნა რომ საფრთხეს გრძნობდა, ეს ჩანს მისი ძმისშვილის სტატუსიდან" - გზაპრესი

"ხათუნა რომ საფრთხეს გრძნობდა, ეს ჩანს მისი ძმისშვილის სტატუსიდან"

გასულ კვირას უმძიმესი დანაშაული ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მოხდა. იმ დღეს 49 წლის ქალის ცხედარი ადგილობრივმა შემთხვევით ქუჩაში იპოვა. იქვე სისხლის გუბე იდგა. ბიჭმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. სამართალდამცავების მისვლის შემდეგ მალევე გაირკვა, რომ მოკლული ადგილობრივი არ იყო. მას ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. თავიდან გაჩნდა ვერსია, რომ ქალი სხვაგან მოკლეს და შემდეგ ცხედარი იქ დააგდეს, თუმცა შემთხვევის ადგილის შესწავლით დადგინდა, რომ დანაშაული იქ იყო ჩადენილი. უმძიმესია ოფიციალური ინფორმაცია: 49 წლის ხათუნა ლაზარიას სასიკვდილო დაზიანებები ქვით აქვს მიყენებული. მისი მკვლელობისთვის ზუგდიდში მცხოვრები 30 წლის ზანდა უბილავაა დაკავებული. გაირკვა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ლაზარიას თავი ქვით გაუჩეჩქვა, იმავე მანქანით, რითაც ხათუნა გადაადგილდებოდა, ზანდამ შემთხვევის ადგილი დატოვა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დამნაშავემ სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და პოლიციას ამის შემდეგ თავად ჩაბარდა. ძალოვანებმა ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

მოკლული ქალი ზუგდიდში, კახათში ცხოვრობდა და შაბათს დაკრძალეს. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ ზანდა უბილავას, მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ისინი სოფელ პირველი გალიდან არიან, თუმცა წლებია ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. დაკავებულს სამართალდამცავებმა ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მეორე ვერსიით, მათ შორის დავა ფულის გამო მოხდა. თავიდან ითქვა, რომ მოკლულს მკვლელობაში ბრალდებულის ვალი ჰქონდა, თუმცა ამ ვერსიას უარყოფს ბრალდებულის ადვოკატი გოჩა კოკაია. მისი თქმით, ბრალდებულს და მოკლულს ერთმანეთის ვალი არ ჰქონიათ. ადვოკატი მკვლელობის რეალურ მიზეზზე ჯერჯერობით არ საუბრობს. უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.

სასამართლომ უკვე იმსჯელა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზანდა უბილავას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდებული განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მისი ადვოკატი ირწმუნება, ბრალდებული მოკლულისგან იცავდა თავს და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების დროს ჩაიდინა მკვლელობა. იმასაც ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები არსებობს. თუმცა რამდენად გაიზიარებს ამ მოსაზრებას სასამართლო, ეს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოჩნდება. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ სახეზეა განზრახ მკვლელობა. ადვოკატმა სასამართლოს ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება შესთავაზა. თქვა, რომ მზად იყვნენ 80.000 ლარი გადაეხადათ, მაგრამ მოსამართლემ ეს პოზიცია არ გაიზიარა და დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომლობას - უბილავას პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ გოჩა კოკაიას თქმით, ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს და მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

- ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ ჩვენთან საუბარში ჰყვება საქმის დეტალებს. ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სანამ მტკიცებულებების შეგროვება არ დასრულდება, გამოძიებას ჩვენებას არ მისცემს. რა იყო კონფლიქტის მიზეზი, ამას სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის დროს იტყვის.

- ითქვა, რომ კონფლიქტის მიზეზი ფულია, ამას არ ადასტურებთ?

- თანხა არაფერ შუაშია, გარდაცვლილსა და ზანდა უბილავას ერთმანეთის არანაირი ვალი არ ჰქონდათ. ისიც ითქვა, თითქოს ზანდამ მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან წაიღო მოკლულის კუთვნილი ფული, მაგრამ ესეც ჭორია. მოკლულის ნივთები ხელუხლებელია და ის გამოძიებამ ამოიღო. საუბარი მესამე პირზეა: ხათუნასთვის ფული ვიღაც სხვას ჰქონდა მისაცემი, რომელსაც ზანდა იცნობდა. გამოძიებით უნდა დადგინდეს ეს დეტალები.

- ანუ შუამავალი ზანდა იყო და ხათუნა ითხოვდა, მას დაებრუნებინა სხვისთვის მიცემული ფული?

- საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ არის დამთავრებული და ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

- თქვენ აცხადებთ, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება. ამტკიცებთ, რომ აქეთ დაესხა მოკლული თავს?

- დიახ, კონფლიქტის ინიციატორი გარდაცვლილი გახლდათ. ის მართავდა ავტომობილს, რომელშიც ორივე იჯდა. ლაზარიას საკუთრებაში არ იყო ეს მანქანა. მან მოატყუა ზანდა. უთხრა, რომ სოფელ ფორსაში წაიყვანდა, მაგრამ მოატარა სხვადასხვა ადგილი, ორულუს საზღვარზეც კი გადავიდნენ, ბოლოს აღმოჩნდნენ ხობის სოფელ ხამისკურში. მანქანაში კამათობდნენ, მერე ცენტრალური გზიდან გადაუხვია ხათუნა ლაზარიამ, ცოტა უკაცრიელ ადგილას გაიყვანა მანქანა, გადავიდნენ და გარეთ გაგრძელდა ჩხუბი. ბრალდებულმა ლაზარია აუცილებელი მოგერიების დროს მოკლა. ის განზრახ მკვლელობას არ აღიარებს, თორემ ამბობს, რომ აუცილებელი მოგერიების დროს თავში ქვა ჩაარტყა. ამის შემდეგ ზანდა უბილავამ იმავე მანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი, გამოიცვალა ტანსაცმელი, სხვა ჩაიცვა და ბრალის აღიარებით პოლიციაში მივიდა. მიმალვა არ უცდია. არ იცის, რატომ მიჰყავდა იმ დღეს სხვადასხვა მიმართულებით მოკლულს. მიმდინარეობს გამოძიება და მალე ყველაფერი გაირკვევა

- ქვა რატომ ჩაარტყა? რა საფრთხე იყო, იქნებ დაგვიკონკრეტოთ...

- ეს ისეთი დეტალია, რომელზეც ჯერ ვერ ვისაუბრებ, ამას თავად ბრალდებული სასამართლო პროცესის დროს იტყვის.

- თქვენ ამტკიცებთ, რომ ისინი სხვა პირის გამო კამათობდნენ?

- დიახ, ზანდას კარგი ნაცნობია ის მესამე პირი, ვისაც ჰქონდა მოკლულის ვალი. მაგრამ ამ ვალთან ზანდა რა კავშირში იყო, არ ვიცი. 25.000 ლარის გამო მოკლაო, - ითქვა. რატომ ფიგურირებს ამ დღეებში გაკეთებულ სიუჟეტებში ეს თანხა, ჩემთვის უცნობია. თვე-ნახევრის გაცნობილი ჰყავდა ჩემს დასაცავს ხათუნა და რაც ამ დღეებში ითქვა, ყველაფერი ჭორია. მესამე პირს და ხათუნას შორის რა შეთანხმება იყო, არ ვიცი. იმას გეტყვით, რომ იმ დღეს მოკლულს ვიღაც ადამიანი გამუდმებით ურეკავდა და ლაზარია იმ ზარებს არ პასუხობდა. ზანდა ამბობს, რომ ხათუნა ძალიან გაღიზიანებული იყო ამ ზარების გამო. ალბათ გამოძიება უკვე დაადგენდა, ვინ ურეკავდა... ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობია, რა უნდოდა იმ დღეს ხათუნას მისგან. რატომ უნდა ყოფილიყო ვიღაცის ვალის დამბრუნებელი ან გარანტორი ზანდა? იმ გარემოში მოხვედრა და იმ მიმართულებით წაყვანა, სადაც აწ უკვე გარდაცვლილს მიჰყავდა, მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. გიდასტურებთ, რომ ჩხუბი მოხდა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ და ქვა ჩაარტყა მოკლულს.

- სისხლიანი ტანსაცმელი რატომ გამოიცვალა?

- გამოიცვალა, მაგრამ არ უცდია ტანსაცმლის განადგურება და ის უკვე ამოღებულია. მივიდა პოლიციაში, მიუთითა, სად იყო ფული, ტანსაცმელი და უამბო, რეალურად რაც მოხდა. ყველაფერი ხელუხლებელი იყო: ჩანთა, პირადი ნივთები...

- ზანდა რას საქმიანობს?

- ეს პერსონალური ინფორმაციაა და ბრალდებულის თანხმობის გარეშე ვერ ვისაუბრებ. სასამართლო განხილვებისას მეტი რამ იქნება ცნობილი. ვცდილობთ დამატებით გამოვკითხოთ მოწმეები, რომლებმაც უფრო მეტი იციან ხათუნას და მესამე პირის ურთიერთობაზე. მთავარია, ისიც გაირკვეს, ვის ზარებს არ პასუხობდა. იქნებ ზანდას აიძულებდნენ, რაღაც ისეთი გააკეთებინა, რაც მას არ სურდა? შეიძლება ვიღაცისთვის ფული იყოს მიზეზი, ვიღაცისთვის ღირსება, ვერ ვიტყვით ჯერ ამ დეტალებს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ამ საქმეში ფიგურირებს როგორც კაცი, ასევე ქალი.

zanda-1677438946.jpg

რაც შეეხება მოკლულის ოჯახის წევრებს, ისინი ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებას ელოდებიან და დამნაშავის დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, ხათუნა ლაზარია ხეტყის ბიზნესით იყო დაკავებული და მათთვის უცნობია, რატომ უნდა მოეკლათ ის. ოჯახი ამბობს, რომ ხათუნას არავის ვალი არ ჰქონდა. არის ვერსია, რომ იმ დღეს ხათუნას მანქანაში ფული ჰქონდა და მკვლელობის მოტივი ეს თანხა გახდა.

ხათუნა დაოჯახებული იყო. ის რომ საფრთხეს გრძნობდა, ეს მისი ძმისშვილის სტატუსიდან ჩანს, რომელიც მან სოციალურ ქსელში მამიდას მკვლელობის შემდეგ დაწერა. როგორც ჩანს, მან ტრაგედიის დღეს ძმას დაურეკა და მხოლოდ ის უთხრა, რომ მთელი ღამე არ ეძინა. რა საფრთხეს გრძნობდა, რატომ არ სთხოვა სხვებს დახმარება, როგორ გადაიკვეთა მისი და ზანდა უბილავას გზები, რა მოხდა რეალურად და რა იყო ამ უმძიმესი დანაშაულის მიზეზი? - ეს და სხვა დეტალები ალბათ გამოძიებით გაირკვევა.

როგორც გავარკვიეთ, ზანდა უბილავა სხვადასხვა წვრილმანით ვაჭრობდა. "სოფელში ჩამოჰქონდა გასაყიდი ნივთები და ყიდდა ლეიბებს, საბნებს, წვრილმანებს. ჰყავს მანქანა, მაგრამ როგორც ვიცით, იმ დღეს ამ ავტომობილით არ ყოფილა... გალიდან არიან დევნილები, 12 წელია ჩვენს სოფელში ცხოვრობენ. სახელმწიფომ უყიდა დევნილებს ეს სახლი. ბებიამ გაზარდა ზანდა და მისი ძმა. დედა საერთოდ არ გამოჩენილა ჩვენს სოფელში, მასზე არაფერი ვიცით. მამამისს მეორე ცოლი ჰყავს, რუსი შეირთო და მასთან სამი შვილი გაუჩნდა. ახლა ბებია და ძმა ცხოვრობს ამ სახლში. ძმა დაოჯახებულია, ზანდა არ იყო გათხოვილი. ტანადაც დიდია. წარმოუდგენელია, ასეთი დანაშაული როგორ ჩაიდინა?! ისე, იყო შემთხვევები, როცა ზანდა "პრაკატის" მანქანებს ქირაობდა და მერე ფულს არ უხდიდა მანქანის პატრონებს, ისინი დასდევდნენ თანხის ამოსაღებად", - ამბობს ზანდას ერთ-ერთი ნაცნობი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება...

თეა ხურცილავა