"სისხლის კვალს გავყევი და შენობის ძირში ვიპოვე..." - გზაპრესი

"სისხლის კვალს გავყევი და შენობის ძირში ვიპოვე..."

მსახიობი გიგი მიგრიაული სერიალში - "სიყვარულს მიღმა" მონაწილეობის გარდა, ნავთობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს, რომლის ეზოშიც სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს დაახლოებით 20 ძაღლი ჰყავთ მიკედლებული...

- "პლეხანოვზე", იტალიურ ეზოში გავიზარდე, სადაც ძაღლი ყოველთვის გვყავდა. ჩემს პირველ ოთხფეხა მეგობარს შარიკა ერქვა. ერთად ვიზრდებოდით. ოჯახის წევრივით გვყავდა. მგონი უბანში ყველაზე ჭკვიანი ძაღლი იყო... ასევე, ძალიან მიყვარს თევზები. ბავშვობიდან მყავდა. ჩვენს სახლთან ახლოს აკვარიუმის თევზების მაღაზია იყო. იქ მივდიოდი და თევზებს ხან ვყიდულობდი, ხან - ვცვლიდი, ვაბარებდი და სხვა თევზები მომყავდა, ვამრავლებდი... მოკლედ, ამ ამბავში ძალიან ჩართული გახლდით. კონსულტანტსაც გულს მაგრად ვუწყალებდი (იცინის)... მერე ოჯახში შავი, მსუქანი კატა დაგვემატა - ჩვენთან თავად მოვიდა და კარგა ხანს ცხოვრობდა. ფაქტობრივად, ჩვენი ოჯახის წევრი იყო... ცხოველები ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ. კონტაქტურ და თბილისის ზოოპარკსაც ხშირად ვსტუმრობთ. უკვე ყველა ცხოველს იცნობენ... ქუჩის ძაღლებსაც ისე არ ტოვებენ, რომ არ მოეფერონ და ეთამაშონ.

- თქვენი და ბავშვობის ოთხფეხა მეგობრების - შარიკას და შავი მსუქანი კატის მეგობრობა რამდენ ხანს გაგრძელდა?

- მანამდე, სანამ თავისი სიკვდილით არ დაიხოცნენ, განუყრელი მეგობრები ვიყავით. ერთადერთი, შარიკა ჩვენს სახლში არ ცხოვრობდა, თორემ მართლა ოჯახის წევრივით იყო... ახლა სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ, ეზოში 3-4 კატა ყოველთვის არის მოკედლებული, რომლებზეც ჩემი ოჯახის წევრები ზრუნავენ...

- ამჟამად შინ რა გყავთ?

- თევზები. დედაჩემი ბიოლოგია. ალბათ ამანაც მოახდინა გავლენა, რომ ბავშვობიდან ბუნებასთან, ცხოველებთან ახლოს ვიყავი, მათი სიყვარული უფრო დედისგან "გადმომედო"... თავდაპირველად, თევზები ხან მეხოცებოდნენ, ხან - ვყიდდი, ვყიდულობდი... ძირითადად, მათი მოვლა დამოუკიდებლად ვისწავლე. თევზების მიმართ სიყვარული "სიბერეშიც" გამომყვა (იღიმის)... ისე მოხდა, რომ თავდაპირველად ჩემმა მეუღლემ ბავშვს 1 თევზი უყიდა, დღეს კი უკვე მოზრდილი აკვარიუმი გვაქვს. თევზები ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ.

- თევზებს როგორ უვლით?

- სხვათა შორის, ეს არც ისე მარტივი საქმეა, რადგან თავად აკვარიუმს სჭირდება მოვლა: წმენდა, წყლის ხშირი ცვლა... სპეციალური ტემპერატურა უნდა იყოს შენარჩუნებული, ჰაერის ფილტრები დაყენებული... თან, თევზები ყველანაირ საკვებს არ ჭამენ... მოკლედ, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ერთადერთი, ე.წ. ოქროს თევზებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა. სხვათა შორის, შეიძლება ადამიანმა არ იცოდე და უნებურად, მტაცებელი და არამტაცებელი თევზი აკვარიუმში ერთად ჩასვა, დილით კი თევზები აღარ დაგხვდეს... რა თქმა უნდა, ყველაფერში გარკვეული ვერ იქნები, მაგრამ ამ თემაზე კონსულტანტებს რჩევებს ვეკითხები ხოლმე. მათ უნდა უთხრა, როგორი თევზი გყავს, აკვარიუმის ახალ ბინადარს შეეთვისება თუ ვერა...

- როგორ მოხდა, რომ შინ ოთხფეხა მეგობარი არ გყავთ?

- პატარები მთხოვენ და მეც ძალიან მინდა, ოთხფეხა მეგობარი გვყავდეს, მაგრამ კორპუსის ბინაში ეს რთულია. თან, მცირე ასაკის შვილები მყავს: 4-ის და 2 წლის...

- როგორც ვიცი, სამსახურში გყავთ ძაღლები შეფარებული...

- კი, ოცამდე ძაღლი. თავად მოვიდნენ... ასე ხდება ხოლმე: მოდიან, მერიის "ცხელ ხაზზე" ვრეკავ, აკითხავენ, მიჰყავთ, აცრას, სტერილიზაციას უტარებენ, მკურნალობენ თუ რამე დაავადება სჭირთ და უკან მოჰყავთ, მაგრამ ერთი ძაღლი რომ მიჰყავთ, უკან ორი მოჰყავთ (იცინის). ასე ნელ-ნელა "ვმრავლდებით". თან, ყველა ძაღლი ძალიან კეთილია, რადგან ძირითადად, ლეკვობიდან ქუჩაში გაზრდილები ან სახლიდან გამოგდებულები არიან... ჩვენს ეზოში ბევრი სხვადასხვა კომპანიის ოფისია. ძაღლებს ყველანი ერთად ვუვლით. მოკედლებული ძაღლები დაცვის თანამშრომლების მეგობრები და კოლეგები არიან, რადგან საღამოს, ეზოში უცხო ადამიანებს არ უშვებენ.

- თითქმის ყოველთვის გამოერევა ხოლმე 1 ადამიანი მაინც, ვინც ძაღლების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ამ მხრივ, თქვენი სამსახურის ეზოში როგორი სიტუაციაა?

- ადამიანები ძაღლების მიმართ არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ჩვენთან არ ავლენენ, რადგან ეს ძაღლები არავის არაფერს უშავებენ. ჩვენთან თბილად არიან, საკვები აქვთ, მათზე ვზრუნავთ და რაც მთავარია, ბედნიერები არიან. აგრესიას არ ავლენენ.

2-1678034066.jpg

- როგორ ფიქრობთ, ზოგს მიუსაფარი ძაღლების მიმართ თანაგრძნობის განცდა რატომ არ აქვს?

- ალბათ ეშინიათ, რადგან შეიძლება, ბავშვობაში რამე შეემთხვათ ან უბრალოდ, ცხოველებს ახლოს არ იცნობენ. ძაღლების ან კატების მიმართ შიშის გრძნობა არასდროს მქონია, მაგრამ გარკვეულ დონეზე, ცხოველის მიმართ შიში უნდა გქონდეს - არ იცი, როგორი ხასიათი აქვს. შეიძლება ძაღლი გიყეფდეს, მაგრამ შენ მიმართ აგრესიულად განწყობილი საერთოდ არ იყოს. ყეფა ძაღლის მოვალეობაა.

სამსახურში მოკედლებული ძაღლებიდან ყველაზე მეტს მურა ყეფს. ის ერთ დღეს დაიკარგა. თურმე, ფეხი შუშაზე გაეჭრა. სისხლის კვალს გავყევი და შენობის ძირში ვიპოვე ჩამძვრალი. ძაღლებს ასეთი ჩვევა აქვთ - პატრონის დასანახად არ იხოცებიან. ასეთ დროს ცდილობენ, პატრონს მოშორდნენ... მაშინვე ექიმთან დავრეკე. მოვიდა, ჭრილობა გადაუხვია... მოკლედ, მურა გადავარჩინეთ... საერთოდ, დაბალ წვერს ვატარებ. ერთ დღესაც გადავწყვიტე, სამსახურში ულვაშით უნდა წარვდგენილიყავი. წვერი გავიპარსე და მარტო ულვაში დავიტოვე. სამსახურში მისული მურამ რომ დამინახა, ჩემკენ გამოექანა და ყეფა დამიწყო. - შე უმადურო-მეთქი (იცინის)... ერთადერთი, ეს შემთხვევა იყო. დანარჩენი ძაღლები ჭკვიანები არიან. ანკა (ჩემი უფროსი გოგონა) ძაღლების შესახებ სულ მეკითხება, როგორ არიანო? ყველა მათგანის ამბავი იცის - ვუყვები ხოლმე. მურას შესახებ რომ მოვუყევი, ფეხი გაჭრილი ჰქონდა-მეთქი, დაინტერესდა, - რატომო? ვუპასუხე, - ფეხშიშველი დადიოდა-მეთქი. მას შემდეგ ანკა ცდილობს, სახლში ფეხშიშველმა აღარ იაროს (იღიმის).

- თქვენს შვილებს ცხოველების მიმართ სიყვარული როგორ ჩამოუყალიბდათ?

- ცხოველები ჩემს ცოლსაც ძალიან უყვარს. გენეტიკის გარდა, იმ ფაქტმაც იმოქმედა, რომ პატარები ზოოპარკში დამყავს. ცხოველები იქიდან შეუყვარდათ, კონტაქტური ზოოპარკების ხშირი სტუმრები ვართ. ალბათ ცხოველებიც გვცნობენ. უმცროსი შვილი - კატო ვერ საზღვრავს, რომ ზოოპარკის ბინადარს ფრთხილად მოეფეროს და რამე არ დაუშავოს. ამ მხრივ, კატო საშიშია... ჩვენს ძიძას - მარიკას, რომელიც ბავშვებისთვის მესამე ბებიასავითაა, პატარებისთვის რამდენიმე დღით ხან წიწილები მოჰყავს, ხან - იხვები (დიდი ხნით კორპუსის ბინაში ვერ გააჩერებ). ბავშვებს ამით ანებივრებს. ჩემი შვილებიც ძალიან ბედნიერები არიან: ერთობიან, ეფერებიან, ეთამაშებიან ფრინველს...

- ნადირობა გიყვართ?

- ცხოველებზე ნადირობა - არა: სპორტული ნადირობა - მიზანში სროლა მიყვარს. საერთოდ, ნადირობასაც თავისი წესები აქვს. ბრაკონიერობა კიდევ ცალკე უბედურებაა: დენით თევზაობა, ცხოველებისთვის მახეების დაგება და მაშინ ნადირობა, როცა ამის სეზონი არაა... არ შეიძლება "მეხორცე" იყო და მდინარეში თევზები შთამომავლობიანად ამოხოცო, ეს მკაცრად აკრძალული უნდა იყოს - ბრაკონიერობა უფრო მეტად უნდა ისჯებოდეს.

- მოგზაურობისას ზოოპარკებს თუ სტუმრობთ?

- აუცილებლად. პრაღაში, ზოოპარკში ჟირაფი რომ ვნახე, ბავშვივით მიხაროდა!.. მე და ჩემი მეუღლე პრაღაში 1 კვირით გახლდით. სრული დღე ზოოპარკში გავატარეთ, რადგან მგონია, რომ უბრალოდ, ამაზე კარგ ღირსშესანიშნაობას ვერაფერს ნახავ, თუ მუზეუმებს არ ჩავთვლით.

gigi-migriauli-3-copy-1678034054.jpg

- პრაღის ზოოპარკში როგორი გარემო დაგხვდათ? შეგიძლიათ, თბილისის ზოოპარკში არსებულ სიტუაციას შეადაროთ?

- თბილისის ზოოპარკში ცხოველები ვოლიერებში რომ არიან, ეს ცოტათი საწყენია, მაგრამ ახლა ახალ ზოოპარკს ხომ აკეთებენ, არა? თუ ცხოველები ვოლიერში არ იქნებიან, მეორე უკიდურესობაა: მაგალითად, ზოოპარკში მისულს ლომის ნახვა გინდა. შეიძლება მთელი დღე ელოდო, მაგრამ ლომი არ დაგენახვოს - სადღაც თავისთვის იყოს... რა თქმა უნდა, ცხოველებს მაქსიმალურად ბუნებრივი გარემო უნდა შევუქმნათ, მაგრამ ეს დამთვალიერებლისთვის დისკომფორტი იქნება - შეიძლება ცხოველი ვერც ნახო, თუმცა მაინც ჯობია, ასე მოხდეს, ვიდრე ვოლიერში იყოს გამომწყვდეული "დანევროზებული", საწყალი ლომი, რომელსაც გამონაბოლქვისგან ახველებს... ჩვენს ზოოპარკში ცხოველებს მაქსიმალურად უვლიან, არც კვება აკლიათ, მაგრამ მათ სხვა მასშტაბები სჭირდებათ...

- ადამიანებს ხშირად აქვთ განცდა, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფი უნახავთ, თუმცა ფაქტია, არ გვყავს...

- ერთ-ერთი სტატია წავიკითხე, რომ ადრე, კომუნისტების დროს, თბილისის ზოოპარკში ჟირაფი გვყოლია. ეს ცხოველი ჩემი თვალით პირველად პრაღაში ვნახე. თან მახსოვდა, რომ ნანახი მყავდა. ახლოს რომ მივედი და ვნახე, რამხელა იყო, მივხვდი - ნანახი არასოდეს მეყოლებოდა... სხვათა შორის, ჟირაფები ძალიან კარგი ტიპები არიან... პრაღიდან ჩემს მეგობარს - გიორგი მარშანიას ("ჟირაფი ჟოზეს" შემქმნელი) ჟირაფების ფოტოებს ვუგზავნიდი - შენი ბიძაშვილები გავიცანი-მეთქი (იცინის)... მთელი ოჯახი ვთანხმდებით, რომ როცა საკუთარი სახლი გვექნება, ეზოში ბევრი სხვადასხვა ცხოველი გვეყოლება: კატა, ძაღლი, ენოტი... სახლში ერთი პატარა ზოოპარკი გვექნება.

ეთო ყორღანაშვილი