ვის აქვს ჩვენი პერსონალური მონაცემის დამუშავების უფლება და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენს უფლებებზე? - გზაპრესი

ვის აქვს ჩვენი პერსონალური მონაცემის დამუშავების უფლება და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენს უფლებებზე?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი 2014 წლიდან ამოქმედდა, სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მაინც ბუნდოვანია, რა არის პერსონალური მონაცემი, ვის აქვს მათი დამუშავების უფლება და რა შემთხვევაში ხორციელდება აღნიშნული უკანონოდ. ამასთან, ხშირად საპირისპირო შემთხვევაც ხდება, როდესაც მოქალაქეებმა იციან პერსონალური მონაცემების ცნება, თუმცა არასწორად აქვთ გააზრებული მისი შინაარსი და ჰგონიათ, მათი უფლებები ირღვევა მაშინ, როდესაც აღნიშნული სახეზე არ არის. კიდევ ერთი საკითხია აქტუალური: ალბათ ბევრი თქვენგანისთვის დაურეკავთ პრობლემური სესხების ამოღებაზე ბანკებიდან და უკითხავთ თქვენი ნაცნობის თუ უცნობის ადგილსამყოფელი; უთქვამთ, რომ მას ბანკში ვალი აქვს გადასახდელი. აქვთ თუ არა ამის უფლება კომპანიებს და რა უნდა ვიცოდეთ პერსონალურ ინფორმაციებზე? - ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება ერთ-ერთი საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი, იურისტი გვანცა გურგენიძე.

- გვანცა, განგვიმარტეთ რა არის პერსონალური მონაცემები და რა შემთხვევაში ირღვევა ის?

- ზოგადად, პერსონალური მონაცემი საკმაოდ ფართო კატეგორიაა და მოიცავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია უნდა იძლეოდეს პირის - მონაცემთა სუბიექტის პირდაპირ ან არაპირდაპირ იდენტიფიცირების საშუალებას საიდენტიფიკაციო ნომრით, ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით, ხოლო მონაცემთა დამუშავება არის მონაცემთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება. ეს შეიძლება გამოიხატოს ისეთ მოქმედებაში, როგორიცაა მონაცემთა შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, შენახვა, გამოთხოვა, გამჟღავნება, წაშლა და ა.შ. შესაბამისად, ნათელია, რომ თუნდაც ერთი დღის განმავლობაში ხორციელდება მონაცემთა სხვადასხვა დამმუშავებლის მიერ ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების ათობით შემთხვევა. მონაცემთა ნაწილს თავად გავცემთ, ნაწილი მუშავდება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის გამო, ხოლო ნაწილი - უკანონოდ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მოქალაქეებს ჰქონდეთ ზოგადი ინფორმაცია დასახელებულ საკითხზე, რათა შეძლონ მათი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტის გამოვლენა და აღნიშნულის აღკვეთის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვა.

- რატომ აგროვებენ ამ ინფორმაციებს, თუნდაც საჯარო და სამოქალაქო სექტორში?

- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის ქონა აუცილებელია არა მხოლოდ მოქალაქეებისათვის, არამედ საჯარო და კერძო სექტორისთვისაც. საქართველოს კანონმდებლობა ადგენს წესებს, პრინციპებს, საფუძვლებსა და უსაფრთხოების ზომებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია მოქალაქეების მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული წესების დარღვევა კი შესაძლოა გახდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. მსგავსი პრობლემა უფრო ნაკლებად აქვთ სახელმწიფო დაწესებულებებსა და დიდ იურიდიულ პირებს, რომლებშიც გამოყოფილია პერსონალურ მონაცემებზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აკონტროლებს ორგანიზაციაში მონაცემთა დამუშავების პროცესს. თუმცა მცირე კომპანიების დიდმა ნაწილმა დღემდე არ იცის, ზუსტად რა შემთხვევაში შეუძლია მონაცემთა დამუშავება, რა საფუძვლით და უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიამ იცის, რომ არ აქვს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი, თუმცა იმედს ამყარებს მოქალაქეთა აღნიშნული საკითხის ირგვლივ ნაკლებ ინფორმირებულობაზე და განზრახ არღვევს კანონს. ამის საკმაოდ გახშირებული მაგალითია სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ისინი გაცემული თანხის უკან დაბრუნების მიზნით ხშირად მევალის ახლობლებს ურეკავენ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ფიზიკურ პირს, არის პერსონალური მონაცემი. შესაბამისად, ინფორმაცია ჩვენი სესხის თუ სხვა ფულადი ვალდებულების შესახებ არის ჩვენი პერსონალური მონაცემი და საფუძვლის გარეშე არავის აქვს უფლება, გაამჟღავნოს იგი. ამ დროს მონაცემთა სუბიექტს სრული უფლება აქვს, მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს და მოითხოვოს როგორც მონაცემთა დამუშავების აკრძალვა, ისე კონკრეტული კომპანიისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.

- როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი უფლებები დაირღვა?

- იმისათვის, რომ უკეთ შევძლოთ ჩვენი უფლების დარღვევის იდენტიფიცირება, აუცილებელია ვიცოდეთ, რა შეიძლება იყოს ჩვენი მონაცემების დამუშავების საფუძველი. აღნიშნული გაწერილია კანონით და ზოგიერთი მათგანის არსებობის დასადგენად დაგვჭირდება იურისტის დახმარება, თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ ის ძირითადი საფუძვლები, რომელთა შეფასებაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მაგალითად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს იმ პირის თანხმობა, რომელსაც ეკუთვნის მონაცემები ან მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით. ასევეა შემთხვევები, როდესაც მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეგიძლიათ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძვლების პოვნაც, თუმცა, როგორც აღინიშნა, მოქალაქეების მიერ მათი შეფასება ნაკლებად შესაძლებელია. მაგალითად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად. რა თქმა უნდა, აქ მოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას, თავად შეაფასოს, სახეზე არის თუ არა კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესი და აუცილებელია მიმართოს შესაბამისი პროფილის ადვოკატს ან სახელმწიფო ორგანოს და მოითხოვოს კონკრეტული ფაქტის შესწავლა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანს ჰქონდეს ინფორმაცია, რა არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი და კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მოეპყრას მას. ეს არის მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან და ა.შ. დასახელებული მონაცემების დამუშავება კიდევ უფრო შეზღუდულია და უფრო მეტიც, გამონაკლისი შემთხვევის არარსებობისას კანონით აკრძალულიც კი გახლავთ. მსგავსი მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში. გამონაკლისი შესაძლოა იყოს მაგალითად, როდესაც მონაცემთა სუბიექტმა ინფორმაცია საჯარო გახადა, ვთქვათ, გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში საჯარო პოსტის სახით. ასევე, თუ ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, როგორც აღინიშნა, სხვა, უფრო დეტალური გამონაკლისების განსამარტაvaდ, სჯობს მივმართოთ იურისტს.

- ბევრი ადამიანი აპროტესტებს ამა თუ იმ კომპანიისგან გამოგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ეს არის ჩვენი უფლების დარღვევა?

- დღეისათვის პირდაპირი მარკეტინგი მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა. იგი გამოიხატება მომხმარებლისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საფოსტო გზავნილით, სატელეფონო ზარით, ელექტრონული ფოსტით ან უშუალო კომუნიკაციით საქონლის, მომსახურების ან დასაქმების შეთავაზებაში. ბევრისათვის უცნობია, რომ დასახელებული საკითხიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კანონის თანახმად, მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, მონაცემთა დამმუშავებელს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა, ხოლო თავის მხრივ, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

email-use-policy-e1533539497925-copy-1678034310.jpg

- ხშირად ვიდეოთვალთვალი ხდება საცხოვრებელ შენობაში, ეს კანონით დაშვებულია?

- ვიდეოთვალთვალი დღეისათვის ჩვენი ცხოვრების თითქმის განუყოფელ ნაწილად იქცა. განსაკუთრებით მძაფრად ეს დიდ ქალაქებში იგრძნობა. საჯარო სივრცეთა უმეტესობა აღჭურვილია შესაბამისი ვიდეოსისტემებით. ჩაწერა ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში, აფთიაქში, ბანკსა და სხვადასხვა დაწესებულების მისაღებში ხორციელდება. თუმცა, აღნიშნულის თაობაზე მოქალაქეები შედარებით ინფორმიერებული არიან. თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირდება ვიდეოთვალთვალი საცხოვრებელ შენობებში. ფიზიკური პირები აქტიურად იყენებენ ვიდეოსათვალთვალო სისტემებს ქონებისა და პირის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მოქალაქეებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ ამ დროს მათზე დაკისრებული მოვალეობების შესახებ და ხშირად მიაჩნიათ, რომ ვიდეოთვალთვალის განხორციელებისათვის საკმარისია მხოლოდ კამერის ყიდვა. თავად მინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქე, რომელმაც საერთო საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში დააყენა კამერა გულწრფელად აღშფოთდა მეზობლების პროტესტზე, რადგან მიაჩნდა, რომ არაფერი ცუდი ამაში არ იყო და პირიქით, მეზობლებს მისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ. ასეთ სიტუაციებში მნიშვნელოვანია ყველას გვახსოვდეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოხატულებაა პირის სურვილი, სხვა პირთა დაკვირვების გარეშე ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი სივრცით ისე, რომ არ მოხდეს მისი გადაადგილების კონტროლი, სახლში შემსვლელ და გამომსვლელ პირთა იდენტიფიცირება, შენობაში შესვლა-გასვლის დროის აღწერა და ა.შ. თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, ვფიქრობ ნათელი გახდება, რატომ შეიძლება იყვნენ მეზობლები ვიდეოთვალთვალის წინააღმდეგი. შესაბამისად, პირის უფლებების დაცვის მიზნით კანონი ადგენს, რომ საცხოვრებელ შენობაში ვიდეოთვალთვალის სისტემის დასაყენებლად აუცილებელია ამ შენობის მესაკუთრეთა ნახევარზე მეტის წერილობითი თანხმობა. ამასთან, ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით ბინის შესასვლელის მონიტორინგის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ამ ბინის მესაკუთრის გადაწყვეტილებით ან მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში ვიდეოთვალთვალის მიზანია მხოლოდ პირისა და ქონების უსაფრთხოება, შესაბამისად, იგი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საცხოვრებელი შენობის შესასვლელსა და საერთო სივრცეში. მესაკუთრეთა ბინების მონიტორინგი დაუშვებელია. ვიდეომეთვალყურეობის კანონის შესაბამისად განხორციელებისათვის კიდევ არაერთი რეგულაციის დაცვაა აუცილებელი. მაგალითად, აუცილებელია განთავსდეს გამაფრთხილებელი ნიშანი, განისაზღვროს ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა და ა.შ. ამ და სხვა საკითხების დასარეგულირებლად უმჯობესია იურისტთან დეტალური კონსულტაციის გავლა, რათა თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

- ასეთ დროს რა უფლებებით შეუძლია პირს სარგებლობა?

- მონაცემთა დამუშავების კონტროლის მიზნით კანონი მონაცემთა სუბიექტს არაერთი უფლებით აღჭურავს. ამ უფლებათაგან ერთ-ერთი უმთავრესია პირის უფლება, მონაცემთა დამმუშავებელს მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ კომპანიას თუ საჯარო უწყებას მოსთხოვოთ ინფორმაცია თქვენი რომელი მონაცემები მუშავდება, რა არის ამ მონაცემთა დამუშავების მიზანი და საფუძველი, რა გზით შეგროვდა ეს მონაცემები და ვისზე გაიცა. თქვენ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი უნდა გეცნობოთ მოთხოვნისთანავე ან გამონაკლის შემთხვევებში მოთხოვნიდან არა უგვიანეს 10 დღეში. ამასთან, თუ უკვე ფლობთ ინფორმაციას, რა მონაცემი მუშავდება თქვენ შესახებ, გაქვთ უფლება მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა. თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთი ტიპის მოთხოვნის დაყენების უფლება მოქალაქეს აქვს როგორც ზეპირად, ისე წერილობით, თუმცა მე წერილობით ფორმას გირჩევდით, რათა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მარტივად დაამტკიცოთ აღნიშნული მოთხოვნით მიმართვის ფაქტი. დამატებით მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან უფლებას, რომელიცაა გაცემულ თანხმობაზე უარი. კანონი ადგენს, რომ მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერვე მიცემულ თანხმობაზე, მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და უკვე დამუშავებულ მონაცემთა განადგურებაც კი. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.

- თუ პირის მონაცემები უკანონოდ დაამუშავეს და მოქალაქე იჩივლებს, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება კომპანიას?

- აღნიშნულისათვის გათვალისწინებულია როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია დარღვევის ხარისხსა და განმეორებითობაზე. იგი შეიძლება სხვადასხვა დარღვევისათვის იყოს 500-დან 10.000 ლარამდე. აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მთავარ გარანტს ქვეყანაში. თუ გაქვთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების თაობაზე, დასახელებულ ორგანოს შეგიძლიათ მიმართოთ როგორც თავად, ისე ადვოკატის დახმარებით.

თეა ხურცილავა