სამირა ბაირამოვა: "ბევრ ქალს ეშინია, რომ თუ მოძალადეს უჩივლებს, დარჩება მარტო..." - გზაპრესი

სამირა ბაირამოვა: "ბევრ ქალს ეშინია, რომ თუ მოძალადეს უჩივლებს, დარჩება მარტო..."

ბოლო წლებში საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ცენტრალურ თუ ადგილობრივ თანამდებობებზე ქალთა კვოტირების გასაზრდელად, მაგრამ ეს არასაკმარისია... ხშირად დედაქალაქიდან რეგიონული პრობლემები ნაკლებად ჩანს (ან საერთოდ ვერ ვხედავთ). ამან შეიძლება განსაკუთრებით უმცირესობებთან დაკავშირებით იჩინოს თავი. ევროკავშირში გაწევრების გზაზე დამდგარი ქვეყანა მხოლოდ თბილისში, "თავკომბალისუბურად" ვერ განვითარდება. ამ მხრივ, ცენტრსა თუ რეგიონებში ქალთა მონაწილეობის გაძლიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, რომელიც ჩვენ ყველას ტაძრამდე მიგვიყვანს. თემაზე სამოქალაქო აქტივისტი - სამირა ბაირამოვა გულახდილად გვესაუბრა.

- რეგიონში მაღალ თანამდებობაზე (გადამწყვეტი როლის პოზიციებში) ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. ხშირად მათი როლი ფიზიკურ შრომასთან ასოცირდება, ანუ სადაც შრომატევადი საქმეა, ქალებიც იქ არიან. მუნიციპალიტეტის დონეზე ძირითადად სპეციალისტების, მდივნების პოზიციაზე გვხვდებიან. ძალიან დაბალია მაღალ თანამდებებზე მყოფთა პროცენტი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6-7 განყოფილებიდან მხოლოდ ერთის ხელმძღვანელია ქალი. რეგიონის დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკა სუსტია. დეცენტრალიზაციის პრობლემა გააქტიურებისა და გაძლიერების საშუალებას არ გვაძლევს. მაღალი წარმომადგენლობითი ორგანო ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის შემქმნელი და გამტარებელი არაა, ისინი ძირითადად ცენტრიდან მიღებულ დირექტივებს ახორციელებენ.

- გენდერულ კვოტირებაზე რას გვეტყვით?

- ეს კიდევ უფრო კარგად გვაჩვენებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მუშაობას. საკითხი შეიძლება რამდენიმე პოზიტიურ და უარყოფით ნაწილად დავყოთ:

1. კვოტირების აუცილებლობა იმის მაჩვენებელია, რომ კაცებთან შედარებით ქალების სოციალური და პოლიტიკური კეთილდღეობა გაუმჯობესებული არაა;

2. დღეს რეგიონის დონეზე პოლიტიკაში დაწინაურებული არიან ადგილობრივი ბიზნესმენები, ფინანსურად ძლიერი ადამიანები (აქცენტი არ კეთდება განათლებაზე); შესაბამისად, რადგან ქალებს არ გააჩნიათ დიდი მატერიალური შესაძლებლობა, მაღალი დონის მონაწილეობაც არ აქვთ;

3. კვოტირება იყო იძულებითი პოლიტიკა და ქალების პოლიტიკაში ჩართულობა უფრო მოჩვენებითად მოხდა.

ზოგ მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრი ქალი არც ახსოვდათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონს იძულებითი და მოჩვენებითი ხასიათი აქვს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ეს პოზიტიურ როლს მაინც ითამაშებს, თვითონ ქალების მოტივაციაც ამაღლდება. სამომავლო მონაწილეობისთვის ეს კედელი უკვე დანგრეული იქნება. შეიძლება ვინმე პოზიტიურად არ უყურებს და ქალებისთვის ერთგვარ შეურაცხყოფადაც მიიჩნევს, მაგრამ ქვეყნის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სხვა არჩევანის საშუალებას არ გვაძლევს.

- როგორია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის კუთხით ქვემო ქართლში (მათ შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში) არსებული კარგი პრაქტიკები და არსებული გამოწვევები?

- ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების მხრიდან არაერთი პროექტი განხორციელდა, რაც ძირითადად, ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. შესაბამისად, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ძალადობა დანაშაულია!

კარგად იციან, მათ ამისთვის პოლიცია დააკავებს, მაგრამ რიგი სოციალური და მენტალური პრობლემიდან გამომდინარე, კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება. ვფიქრობ აქ მნიშვნელოვანია სამართალდამცველი ორგანოების უფრო აქტიური და ეფექტური მუშაობა, ასევე მაღალი მიმართვიანობა მოსახლეობის მხრიდან: იციან, ამ დროს 112-ს უნდა დაურეკონ; ასევე, არსებობს რიგი უფასო სერვისები და თავშესაფარი, რომელიც დაზარალებულს იცავს და აძლიერებს. ცუდი ისაა, რომ ქალებს ძირითადად, მატერიალურ-ქონებრივი რესურსი არ გაჩნიათ; ბევრს ეშინია, რომ თუ მოძალადეს უჩივლებს, დარჩება მარტო და სახლის გარეშე. მოძალადის ქონება და ბიზნესი ხშირ შემთხვევაში მშობლის სახელზეა რეგისტრირებული.

- როგორია ადგილზე გენდერული სტერეოტიპები და მავნე პრაქტიკები, რომლებსაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და საზოგადოების აზრის ფორმირებაზე (პოლიტიკაში, განათლებაში, დასაქმებასა და სხვა სფეროებში)?

- ამ მხრივ ერთი უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. გენდერული სტერეოტიპები თვითონ ქალების მხრიდანაც ისმის.

იგივე დედამთილის ინსტიტუტი, რომელიც ზღუდავს ახალგაზრდა ქალების უფლებას, მათ მორჩილებას აიძულებს. რეგიონებში, სადაც წყვილები დიდ ოჯახში ცხოვრობენ, სხვადასხვა ზეგავლენა და ფაქტორები არსებობს - თავიდან ვერ იცილებენ უარყოფით სტერეოტიპებს, მენტალიტეტიდან და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. მავნე პრაქტიკას ხელს უწყობს მენტალური დამოკიდებულება, ცოდნის სიმცირე, სუსტი პოლიტიკა. ვფიქრობ, კანონში ბევრი რამ დასახვეწია... სამწუხაროდ, ზოგჯერ ვხვდებით სიტუაციას, როცა ქალისთვის ძალადობა მისაღებია. ამ დროს კაცი ფიქრობს, რომ ქალს არ გააჩნია იგივე უფლებები, რაც მას აქვს; ის ვალდებულია დაემორჩილოს ქმარს და ოჯახს. ამ ფონზე, ქალის ყოფნა პოლიტიკაში დიდად სასიხარულო ამბავი არაა. იმასაც კი ფიქრობენ, რომ თანამდებობაზე მყოფი ქალი კარგავს ქალურობას. უმრავლესობა სკოლაში, საავადმყოფოშია დასაქმებული. მსგავსი სამსახური ადგილობრივი საზოგადოებისთვის უფრო მისაღებია.

- დაბოლოს, სად არის გამოსავალი? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად?

- ხშირად ძალადობისა და რიგი თანმდევი პრობლემის მთავარ მიზეზად სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ. ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჩართულობისთვის, ძალადობის შესამცირებლად, მოსახლეობის საარსებო კეთილდღეობის გაუმჯობესებაა პირველი ნაბიჯი.

ადამიანს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ხარისხიან განათლებაზე და პირველადი (სასიცოცხლო) რესურსები არ უნდა იყოს პრობლემა. სამართალდამცველმა ორგანოებმა კი ძალადობის ფაქტებს უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ (სხვა დანაშაულთან ერთ სიბრტყეში აღიქვან-განიხილონ), კანონი სამართლიანად და ეფექტურად აღასრულონ. ასევე, კანონში რიგი მუხლები უნდა შეიცვალოს, რაც დაზარალებულ ქალებს მისცემს საშუალებას, რომ მათი ცხოვრება დაცული იყოს.

გიორგი მეფარიძე