დების საერთო საქმე და მათი ხელნაკეთი ნივთები - გზაპრესი

დების საერთო საქმე და მათი ხელნაკეთი ნივთები

დები - თათია და ანა რუხაძეები რუსთავში ცხოვრობენ. ერთობლივად საქმიანობენ და სხვადასხვა გამოყენებად თუ დეკორატიულ ნივთს ქმნიან. მათ შორისაა: "სიზმრების დამჭერი", რომელიც ინდოელებისა და აბორიგენების კულტურიდან იღებს სათავეს. ამ ერთგვარ ამულეტს უმთავრესად შინ, საწოლის თავთან კიდებენ და როგორც ამბობენ, მშვიდი ძილის გარანტია; ძილის პროცესში ცუდ სიზმრებს "იჭერს" და ნივთის მფლობელის ზმანება მხოლოდ დადებითი ემოციებით ივსება... რაც შეეხება მრგვალ, ფერად, მანდალას დიზაინის მიხედვით გადაწყვეტილ სარკეებს, ეს ნივთები დების ბოლო პერიოდის გატაცებაა. "მანდალა" წრეს აღნიშნავს და მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ რელიგიაში მას სხვადასხვაგვარად განმარტავენ, ერთი საერთოც აქვთ: ის სულიერი ბალანსის, წონასწორობის, ჰარმონიულობისა და პიროვნული მთლიანობის სიმბოლოა.

3-1678084798.jpg

თათია რუხაძე:

- მე და ჩემმა დამ ჰობის დონეზე დავიწყეთ "სიზმრების დამჭერების" დამზადება. ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს იმდენად მოსწონდათ, გადავწყვიტეთ, მათი ონლაინრეალიზება დაგვეწყო. თავდაპირველად ამ მიმართულებით ვმუშაობდით, საკმაოდ წარმატებითაც და ბევრი შეკვეთაც გვქონდა. რაც შეეხება სარკეებს, მათი დამზადება რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტეთ. დღესდღეობით საკმაოდ ტრენდულია ხელით მოხატული სარკეები და ჩვენც გვინდოდა, რამე განსხვავებული გაგვეკეთებინა. სარკეები მანდალას დიზაინით ლამაზიცაა, უცხოც და ფერშიც - ჰარმონიული. ნამუშევრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მალევე შეკვეთები წამოვიდა და ამ ეტაპზე უმთავრესად ამ საქმეზე ვართ გადართული. ამ ნივთებს უმთავრესად მისაღებსა და ჰოლში კიდებენ, რაც ინტერიერს ძალიან ალამაზებს. სიმართლე გითხრათ, თავიდან ცოტა გვეშინოდა, რა გამოვიდოდა და ჩვენი ჩანაფიქრი რამდენად გაამართლებდა, მაგრამ პირველი სარკე რომ გავყიდეთ, ძალიან ბედნიერები ვიყავით. მაშინ ვთქვით, რომ არ უნდა გავჩერებულიყავით და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გარდა ამისა, დღესდღეობით "სიზმრების მჭერებსაც" ვამზადებთ და ასევე, სხვადასხვა დღესასწაულის დროს შესაბამის თემატურ ნივთებს: საახალწლო სათამაშოებს, "აბადოკებს", გვირგვინებს და ა.შ.

4-1678084809.jpeg

- ნამუშევრებს ტექნიკურად როგორ ასრულებთ და დებს როგორ გაქვთ საქმე გადანაწილებული?

- ორივე თანაბრად ვმუშაობთ. მოხატვისას ვიყენებთ აკრილის საღებავებს და შემდეგ ზედაპირს ლაქით ვამუშავებთ. ვინაიდან ძალიან მოგვწონს ჩვენი ხელით დამზადებული ნივთები, ჩვენც გვაქვს. ჩემი საყვარელი ნივთია ვინილის ფირფიტისგან დამზადებული სარკე და ამავე მასალის გამოყენებით გაკეთებული "სიზმრების დამჭერი", ხოლო ანისთვის ყველაზე საყვარელი ნივთი თვლებით გაფორმებული სარკეა.

5-1678084822.jpg

- თქვენი ნამუშევრები გამოფენებზე თუ გაგაქვთ?

- აქტიურად. ჩვენ ნამუშევრებს წარმოვადგენთ როგორც თბილისში, ისე რუსთავში გამართულ ქუჩის მარკეტებზე. ყველა ნივთი გაგვაქვს, რასაც კი ვამზადებთ და ბოლო ხანს სარკეებიც გავიტანეთ, რომლებმაც დიდი ყურადღება მიიქცია. ასევე ინტერესია "სიზმრების დამჭერების" მიმართ, რომელსაც მსურველები უმთავრესად მანქანაში, სარკეზე კიდებენ. რუსთავში თითქმის ყოველ მეორეს აქვს ჩვენი დამზადებული ეს ნივთი და როცა მას საკუთარი თვალით ვხედავთ, სასიამოვნო შეგრძნებაა.

ანა კალანდაძე