„ელგუჯა მასწავლებელო, მთაწმინდაზე ვიყავით, „დედა ენაც“ კი დაუმარხავთო...“ - გზაპრესი

„ელგუჯა მასწავლებელო, მთაწმინდაზე ვიყავით, „დედა ენაც“ კი დაუმარხავთო...“

გზა თელავიდან თესალონიკამდე გრძელიც იყო, მრავალფეროვანიც და საინტერესოც. ჯერ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ სასულიერო სემინარიაში ისწავლა, რომ სკოლებში საღვთო სჯულისა და რელიგიის ისტორიის სწავლებისას ამ სფეროს საფუძვლიანი ცოდნა ჰქონოდა და ბავშვების დასმულ ყველა კითხვაზე არგუმენტირებული და ამომწურავი პასუხი გაეცა.

წლების განმავლობაში საქართველოში განათლების სისტემაში ყოფნამ მოუწია, სხვადასხვა სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებელში მუშაობდა და სამშობლოში დაწყებული პედაგოგიური საქმიანობა მის გარეთაც განაგრძო. თესალონიკში გადასახლებული მალევე ვაჟა-ფშაველას სახელობის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი და პედაგოგი, საზღვრებს მიღმა დაბადებულ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენასა და ლიტერატურას აზიარებდა. მოსწავლეებს შორის იყვნენ და არიან როგორც მოზარდები, ისე ზრდასრულები. კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ კი, როცა მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, აღნიშნულმა სკოლამაც შეწყვიტა ფუნქციონირება. თუმცა ელგუჯა ციგროშვილს მოსწავლეებთან კონტაქტი არ შეუწყვიტია და ცდილობს, უცხოეთში დაბადებულ-გაზრდილი მომავალი თაობა მშობლიურ ფესვებს არ მოსწყდეს.

29-ე წელია, ემიგრაციაშია. პერიოდულად საქართველოში ჩამოდის, თუმცა ქვეყნის გარედან, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ყოველდღიური კონტაქტი აქვს აქაურ კოლეგებთან, მეგობარ-ახლობლებთან. 17 თებერვალს თბილისში, მწერალთა სახლში ელგუჯა ციგროშვილის ლექსების კრებულის - „მე მოვინატრებ“ წარდგენა გაიმართა, რომელსაც ავტორი დისტანციურად "ესწრებოდა“.

- ლექსებს ბავშვობიდან ვწერდი. დედა ფილოლოგი იყო. თელავიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ლაფანურში მუშაობდა - ფშავლების სოფელში. ის ჩემი მამაპაპისეული სოფელია, სადაც ბიძაშვილები ცხოვრობენ. სამი ძმა ვართ. ფშაველების გვერდით გაზრდაც იყო იმის საფუძველი, რომ ლექსების წერა დამეწყო. მამაც წერდა და ჩემი უმცროსი ძმა გელაც შესანიშნავ აკროსტიქებს წერს... ალბათ, როგორც ყველა, პატარაობისას მეც ცელქი ვიყავი, ჰოდა, პირველკლასელს ერთხელ დედამ მითხრა: ბავშვებს არ მოშორდე, სადმე ხესთან გველმა არ გიკბინოსო. ხელში წკეპლა მეჭირა და თავისით „წამოვიდა“: „ხის ქვეშ დავსხედით, მოვიდა გველი, შემოვცხე ჯოხი, გამოვჭერ ყელი“ (იღიმის).

- ანუ შეიძლება ეს თქვენს პირველ სტრიქონებად ჩაითვალოს...

- ასე გამოდის... ლექსებს სულ ვწერდი, სტუდენტობის დროსაც და შემდეგშიც, უმეტესად ჩემს მშობლიურ, ხალხურ კილოზე, მაგრამ მათი გამომზეურების ყოველთვის მერიდებოდა. ზოგჯერ სადღეგრძელოს წარმოთქმისას ლექსი რომ დამირთავს და მისი ავტორი უკითხავთ, უცნობი ქართველი საბჭოთა პოეტია-მეთქი, - ვპასუხობდი. „ფეისბუკი“ რომ არა, დღესაც ჩემი ლექსები შინაურთა წრეს არ გასცდებოდა. თესალონიკში დედით ბერძენი და მამით ქართველი კაცი, ელგუჯა მინაძე ცხოვრობს, რომელმაც ჩამოაყალიბა სათვისტომო „საქართველო“ და გამოსცემდა იმავე სახელწოდების გაზეთს, რომლის რედაქტორობაც მთხოვა. დავთანხმდი. გაზეთს 2 კვირაში ერთხელ, 500-იანი ტირაჟით გამოვცემდით და ქართულ ოფისებში უფასოდ ვარიგებდით. უამრავი პოეტი ქალბატონის ლექსს ვბეჭდავდი, რომლებსაც დღეს უკვე 2-3 კრებული აქვთ გამოცემული და maTi უმეტესoba მე warvadgine, მაგრამ ჩემი ლექსები გაზეთში არასოდეს შემიტანია. მას შემდეგ, რაც პირადი კომპიუტერი გამიჩნდა და „ფეისბუკის“ გვერდი გავხსენი, ნელ-ნელა იქ ლექსების დადება დავიწყე. აქტიური მზის წელიწადისას, აფეთქებები რომ ხდება ხოლმე, მეც ისე მომინდა ყველაფერზე მეწერა. მათ შორის 1995 წელს დაწერილი ლექსი „მე დავბრუნდები“ გამოვაქვეყნე, რომელშიც ჩემი ქვეყნის მონატრებასა და ჩემთვის ძვირფასი, ტკბილი მამულის მიწაზე დაბრუნების თემას ვეხები. შარშან ეს ლექსი „ფეისბუკის“ არქივმა შემახსენა და რომ წავიკითხე, იქვე მივაწერე, ამდენი წელი დანაპირები ვერ შეასრულე, შენც კარგი მატყუარა ყოფილხარ-მეთქი (იღიმის)... ბოლოს საქართველოში 2018 წელს ვიყავი. უწინ, თუ ჩემი სამშობლო რუკაზე სარფიდან იწყებოდა, ახლა დედ-მამას საფლავიდან იღებს სათავეს, სადაც საქართველოში ჩამოსული პირველ რიგში ავდივარ ხოლმე. ახლა ის ორი ბორცვია ჩემთვის სამშობლო და შემდეგ გადაიშლება სულ ყველა და სულ ყველაფერი. ერთ ლექსში ვწერ და ესაა ჩემი ამოსავალიც: „არ ვეპუები უზნეობის ბოროტ გრიგალებს, არც ქართველობა, არც ღირსება არ დამიკარგავს“.

elguja2-copy-1678687646.jpg

- საქართველოდან როდის წახვედით?

- 1994 წელს. საბერძნეთში პირველსავე დღიდან ჩანთააკიდებული დავდიოდი ხან ზეთისხილის, ხანაც ვაშლის კრეფაზე, ვმუშაობდი ქარხნებშიც. ჩვენგან საბერძნეთში ჩამოსული ან მშენებლობაზე მუშაობს, ან რამე ხელობით, სხვა სამსახურს აქ ნაკლებად ნახავ... 1988 წელს დედა საავტომობილო ავარიის შედეგად გარდამეცვალა. ყოველთვის ვამბობდი, - ხომ არაფერი მაქვს, მაგრამ დედას გარდა მაინც არაფერი მაკლია-მეთქი. დედას 35 წელი ჰქონდა მუშაობის სტაჟი და პენსიაზე რომ გააცილეს, მორის ფოცხიშვილის ლექსი წავუკითხე. იმავე დღეს დედას შვილები რომ შეუქეს, მან უპასუხა, - არ ვიცი, ჩემი შვილები ვის რატომ მოგწონთ, მაგრამ ელგუჯას უნარი რომ ვიცი, დღეს აქ ფოცხიშვილის ლექსებს კი არა, თელავის ინსტიტუტში ლექციებს უნდა კითხულობდესო. მართლაც, მალევე ინსტიტუტში დამიბარეს: პროგრამა შეადგინე, ლექციები უნდა წაიკითხოო. მაშინ დედის ფოტოსთან მივედი და ცრემლები წამომივიდა: შენი სული ხომ ხედავს, რომ სურვილი შეგისრულე-მეთქი. კუპონების პერიოდი რომ მოვიდა, მაშინ ორ ინსტიტუტში ვმუშაობდი, სახელმწიფოსა და კომერციულში. შინ უამრავი შეკვრა კუპონი მიმქონდა, მაგრამ ფულს ძალა არ ჰქონდა. ინსტიტუტიდან ერთი სემესტრით დავეთხოვე და საბერძნეთში წასულ ჩემს მეზობელს, ალავერდის წინამძღვარს მივწერე: მამაო, იქნებ მანდ რამე გამომიძებნოთ და ცოტა ხნით ჩამოვიდე, ვერც საერო და ვერც სასულიერო საქმით ვერაფერს ვაკეთებ-მეთქი. ჩამოდიო, შემომითვალა და ასე წავედი. გამგზავრებისას ვალს იღებ, რასაც გასტუმრება უნდა, ამიტომ საბერძნეთში ჩავედი თუ არა, ფიზიკურად მუშაობა დავიწყე.

- ბავშვებთან მუშაობა და საკვირაო სკოლის გახსნა როდის მოხდა?..

- პირველი საკვირაო სკოლა 2004 წელს გავხსენი. თესალონიკის ქართველ ემიგრანტთა საზოგადოება „ივერიას“ თავმჯდომარე დიმიტრი კევლიშვილი იყო და საკვირაო სკოლასაც ის ხელმძღვანელობდა. ერთხელ საკონსულოდან ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გამოუგზავნეს. ერთმა მშობელმა იტირა, არ მეგონა, ვინმეს თუ ვახსოვდითო... ეს ფაქტი მნიშვნელოვანია: ადამიანმა უნდა იგრძნო, რომ სახელმწიფო შენზე ზრუნავს... შემდეგი საკვირაო სკოლა 2010 წელს დავაფუძნე, ორჯერ ამირჩიეს ქართული დიასპორის კონფედერაციის თავმჯდომარედ. ვატარებდი სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის პირველად ჩატარდა: შემოდგომის დღესასწაული, თბილისობა, „ვაჟაობა“, ასევე, სხვადასხვა პოეტის წიგნის პრეზენტაცია... თესალონიკი თბილისისხელა ქალაქია. 2011-2012 წლისთვის საკონსულოს ვთხოვეთ დაედგინა, ამ ქალაქში საქართველოდან რამდენი ბავშვი ცხოვრობდა. მონაცემის მიხედვით, 1290 აღირიცხა. ეს აქ დაბადებული თაობაა, ბერძნულ ბაღებსა და სკოლებში დადიან, ბერძენი მეგობრები ჰყავთ, მშობლებიც მათთვის ვერ იცლიან და ცხადია, ქართული არ იციან. იმ შენობაში, სადაც სკოლა ფუნქციონირებდა, მქონდა: შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, იაკობ გოგებაშვილის, ილიას და აკაკის ფოტოები. შაბათ-კვირას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი მყავდა. თითოეულ ბავშვს თავზე ვადექი, ანბანის გამოწერას ვიწყებდით, წერაში ჩემი ხელით ვეხმარებოდი და სხვათა შორის, ჩემს ყველა მოსწავლეს ძალიან კარგი კალიგრაფია აქვს. პანდემიის დროს როგორც ბერძნული სკოლები, ასევე ჩვენი საკვირაო სკოლაც დაიხურა... წესად მაქვს, „დედა ენის“ შესწავლას რომ ვამთავრებთ, ყველა მოსწავლეს ვჩუქნი ამ სახელმძღვანელოს ანბანის ფერად ფოტოს, რომელსაც მეორე მხრიდან გამრავლების ტაბულაც აქვს დატანილი.

- ახლა მოსწავლეებთან შინ დადიხართ?

- დიახ, მოსწავლეებთან ბინებში დავდივარ. ერთ ბავშვს უკვე 8 წელია ვასწავლი. ახლა 13 წლისაა. შარშან მასთან გაკვეთილზე ვიყავი, როცა თბილისიდან ფილოლოგმა მეგობარმა დამირეკა. ვუთხარი, რომ გაკვეთილს ვატარებდი. დაინტერესდა, დამენახვეთო და თან ბავშვს ჰკითხა, რა მასალას გადიხართო? მე მაქვს წიგნი, რომელშიც ვაჟა-ფშაველას 5 პოემაა შესული. ქსეროასლი გავაკეთე და იმ ბავშვს ვაჩუქე, რომ დავალების დროს ეხელმძღვანელა; ჰოდა, მან უთხრა, „ალუდა ქეთელაურს“ გავდივართო. მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე, ეთერს გაუკვირდა, ახლახან აბიტურიენტი გავუშვი, რომელთანაც „ალუდა ქეთელაურს“ გავდივარ და, ელგუჯა, რას უკეთებ მაგ ბავშვსო?!. - მართალია, ჩემი მოსწავლე კაპანაძეა, მაგრამ ფშავლად ვზრდი-მეთქი, ვუპასუხე (იღიმის). ამით იმის თქმა მინდა, რომ მონდომებაა მთავარი და თუ სურვილი აქვთ, ქართულს ყველა ასაკში ეუფლებიან. აქ ბევრი ისეთია, ვისაც მშობლიური ენა-ლიტერატურა აინტერესებს, თუმცა ისეც ხდება, რომ ბავშვები ცეკვაზე, კარატეზე ან რომელიმე სპორტულ წრეზე რომ შეჰყავთ, ის გაკვეთილებიც შაბათ-კვირას ემთხვევა, ამიტომ მშობლები იძულებულები არიან ან კერძოდ აიყვანონ ქართულის მასწავლებელი, ან საერთოდ დაანებონ თავი სწავლას... ერთ დღეს მოსწავლემ, ანამ მითხრა, ზაფხულში საქართველოში მივდივარო. სკოლიდან რომ გაიყვანეს, მერე მასთან შინ დავდიოდი გაკვეთილების ჩასატარებლად. მისი ოჯახი თესალონიკში ქართულ პურს აცხობს, რომელიც ბევრს მოსწონს და ამისთვის ციცაგების პროდუქციას წარჩინების მედალიც კი გადასცეს. ანას ვუთხარი, იმ მწერლების ფოტოები ხომ გახსოვს, კლასში რომ გვეკიდა? თბილისში რომ ჩახვალთ, ბებიაშენს უთხარი, მთაწმინდის პანთეონში აგიყვანოს და იქაურობა დაგათვალიერებინოს-მეთქი. სექტემბერში ანა საბერძნეთში ჩამოქანდა და „ანგარიში ჩამაბარა“: ელგუჯა მასწავლებელო, მთაწმინდაზე ვიყავით, ვაჟას, ილიას, აკაკის, გოგებაშვილის საფლავები ვნახეთ, მაგრამ შოთა რუსთაველის ვერ ვიპოვეთ, „დედა ენაც“ კი დაუმარხავთო. დავამშვიდე, ნუ გეშინია, „დედა ენა“ გადარჩა, ის ისევ გვაქვს-მეთქი (იცინის).

elguja3-copy-1678687634.jpg

- თუ გახსოვთ, თავდაპირველად, საქართველოდან საბერძნეთში რა წიგნები წაიღეთ?

- „სახარება“, ილიას აზრები და ხალხური პოეზია. შემდეგ საქართველოში ყოველ ჩასვლაზე აქეთ უამრავ წიგნს ვეზიდებოდი. რა ვქნა - ჩემთვის წიგნი ფუფუნების მთავარ საგნად რჩება.

- საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?

- როგორ არ ვაპირებ?! პანდემია რომ დაიწყო, აქ რამდენიმე ჩემი ნაცნობი და ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა. გადასვენება ვერ ხერხდებოდა და იძულებულები იყვნენ, საბერძნეთში დაეკრძალათ. მაშინ შევშინდი, რადგან არავინ იცის, ვის რა ელის, ბედისწერაა ყველაფერი, მაგრამ ვიდრე ხარ, „არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს“...

ანა კალანდაძე