გალაკტიონის ნაქები „მაგდანას ლურჯა“, ქართლში "ნაპოვნი" გურია და განრისხებული ოთარ კობერიძე - გზაპრესი

გალაკტიონის ნაქები „მაგდანას ლურჯა“, ქართლში "ნაპოვნი" გურია და განრისხებული ოთარ კობერიძე

პირველად კინოს მუნჯი ფილმების სახით ეზიარა. ზაფხულობით სოფელ ართანაში, სკოლის ეზოში საღამოობით აჩვენებდნენ ფილმებს, რომლებსაც გაოცებული უყურებდა, თუმცა მაშინ სურვილი არ გასჩენია, რომ ბედი კინოსთან დაეკავშირებინა... თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დაიწყო მუშაობა და კახი ხუციშვილისთვის კინო გახდა მთელი მისი ცხოვრება... 50-ზე მეტი ფილმის მხატვარს, წლების მანძილზე ფიქრსა და მუშაობაში არაერთი ღამე გაუთენებია. მასთან რომ ემუშავათ, რეჟისორები დასწრებაზე იყვნენ. ღვაწლმოსილ ხელოვანს ზაფხულში 95 წელი უსრულდება.

პირველი ფილმი

- მე და ჩემმა მეგობარმა გივი გიგაურმა კინო ვიცოდით მხოლოდ იმ კუთხით, რომ ფილმებს ვუყურებდით, მეტი არაფერი. „მაგდანას ლურჯას“ გადამღებ ჯგუფში მივედით, როგორც მთავარი მხატვრის, იოსებ სუმბათაშვილის ასისტენტები. ისე მოხდა, რომ მან ჯგუფი დატოვა და მთელი სიმძიმე ჩვენ უნდა გვეტვირთა. ამაზე არ დავთანხმდით, რადგან გამოუცდელები ვიყავით. რეზო ჩხეიძესა და თენგიზ აბულაძეს თავიანთი ჩანაფიქრი და მხატვრის როლი რომ აეხსნათ ჩვენთვის, გვაჩვენეს იტალიური ნეორეალისტური ფილმები. მერე ძალიან წყნარი და დინჯი საუბრით დაგვითანხმეს. ნუ გეშინიათო, გვამხნევებდნენ. სცენარზე სამი თვე ვიმუშავეთ, ჩვენ გვერდით იყო ცნობილი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი, მოხუც კაცს ზოგჯერ მაგიდასთან ეძინებოდა. ავითვისეთ, რაც აუცილებელია მხატვრისთვის: როგორი უნდა იყოს დეკორაცია, ნატურა, რეკვიზიტი. ამ ფილმში ძველი ეპოქა უნდა გაგვეცოცხლებინა.

ნახატში ის კი არ არის მთავარი, მაგალითად, ქოხი როგორ არის მინგრეულ-მონგრეული; მხატვარმა უნდა მოძებნოს, იპოვოს ხასიათი. სახლი ასე დანგრეულად ავაშენოთო? - მეკითხებოდა არქიტექტორი. ჩვენ ვეუბნებოდით, ეს დანგრეული სახლი არაა, ასეთი უნდა იყოს იმ უბედური მაგდანას სახლი-თქო. სცენარზე მუშაობისას, ყოველთვის ვითხოვდი, რომ ჩემ გვერდით ყოფილიყო ოპერატორი. ის უნდა ხედავდეს პარალელურად ჩემს საქმეს, რადგან ორივეს ნაფიქრი ერთმანეთში უნდა ჩაჯდეს, ასე გამოვა მთლიანი და ემოციური გამოსახულება, ხოლო ფილმის კადრირებაზე (რაკურსის და პლანის შერჩევა კადრისთვის, რათა საუკეთესო გამომსახველობითი ფორმა შეიქმნას) ერთად ვისხედით ოპერატორი, რეჟისორები და ჩვენ. ამაში ვიყავით ჩაფლული დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე. თუმცა, გზადაგზა იმათ თავიანთი საქმე ჰქონდათ, ჩვენ - ჩვენი.

me-bebia-iliko-da-ilarioni-gadamgebi-jgupi-copy-1678687956.jpg

გასინჯვაზე

- ფილმი, სამხატვრო საბჭოს განხილვის შემდეგ, უნდა ნახოს გარკვეულმა საზოგადოებამ - მწერლებმა, პოეტებმა, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა. „მაგდანას ლურჯა“ პირველ განხილვაზე მოეწონათ, მაგრამ მოსკოვიდან მოვიდა ამბავი, რომ ეს ფილმი არ გავა ეკრანზე. იდეოლოგიურად არ არის სწორი თემა, თქვენთან რა, "მემარცხენე" ფრთა მოვიდა კინემატოგრაფშიო?!. გავიდა დრო და შედგა მეორე ჩვენება, რომელსაც ცეკას მაშინდელი მდივანი ვასილ მჟავანაძე დაესწრო. არ ვიცი, დაპატიჟეს თუ თვითონ მოვიდა გალაკტიონი. ფილმის ჩვენება დამთავრდა და ვიღაცამ ხომ უნდა თქვას რამე. ვისაც ადრე ჰქონდა აზრი გამოთქმული, იმავეს გამეორება აღარ უნდოდა... ბატონო გალაკტიონ, თქვენ რას იტყვითო? - ჰკითხეს. - გადასარევია, ამისთანა ფილმი მე არ მინახავს; ეს არის ახალი სიტყვა ქართულ კინემატოგრაფში, წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდა რეჟისორებსო. მჟავანაძეც დაეთანხმა, დასცხეს ტაში და ასე მიიღეს ფილმი.

როგორი უნდა იყოს ელმავლის მემანქანე?

- დავიწყეთ მუშაობა ფილმზე „სხვისი შვილები“. მაგიდასთან ყველაფერი ჩამოყალიბდა და ახლა უკვე მსახიობებზე უნდა ვიფიქროთ. ერთ-ერთი მთავარი გმირია რკინიგზელი, ელმავლის მემანქანე. მისი გამოხედვა უნდა იყოს მძიმე, ისეთი, წარბებსა და სახეს რომ მოუხდეს. ოთარ კობერიძემ, ამ ულამაზესმა კაცმა, გაიკეთა ულვაში, წარბები აიქაჩა და თვალის ჭრილები ლამაზად გამოჩნდა. შევხედე და ცუდად გავხდი, მივედი და წარბები ავუჩეჩე. მას სახე აეჭრა, უცბად წამოხტა და თქვა: „მალჩიშკა“, შენ მასწავლი, როგორი უნდა ვიყოო?!. - ამის შემდეგ აღარ მოგიახლოვდებით-მეთქი, - ვუპასუხე. გადის ცოტა დრო და ჩამოვიდა ელმავლიდან იმ სახით, როგორც მე ვუთხარი... ყველამ ტაში დაუკრა. ოთარი მოვიდა ჩემთან, გადამეხვია და გადამკოცნა.

განსხვავებული „გურია“

- თენგიზ აბულაძემ დაგვიძახა მე და გივის, როცა იღებდა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“. ნაწარმოები კიდევ ერთხელ წაიკითხეთ, სცენარი იწერება და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ის გარემოო, გვკითხა. რა თქმა უნდა, გურია უნდა იყოს, ვუთხარით ჩვენ. მერე გადავწყვიტეთ გურიაში წასვლა. მივდივართ და სულ გადასარევი სიმწვანეა, თხილნარი, ტყეები. მოგვეწონა, მაგრამ ერთი აზრი დაგვებადა. გვინდა, კადრს რაღაც გრაფიკული ხასიათი მივცეთ, ამიტომ გადავწყვიტეთ - დარჩეს ხეები და ის ყველაფერი, ოღონდ - შორ პლანზე. გმირების ანუ პერსონაჟების მოქმედების არე იქნება დახვეწილი და განსხვავებული. აზრი მოეწონათ. გავაკეთეთ ესკიზები და ქართლში ავარჩიეთ ადგილები. მერე ხალხმა დაგვისვა მწვავე შეკითხვა: რა არის, გურია მასე გადახრუკულიაო? ჩვენი არგუმენტი ასეთი იყო: ამით ხაზი გავუსვით მსახიობების მოძრაობას, მათ ზნეს, იუმორს. ეს წამოვიდა წინა პლანზე, ხოლო დანარჩენი ყველაფერი ფონია. ასეთი მიდგომა გვქონდა, ჩვენი გავიტანეთ და ისე გადავიღეთ, როგორც გვინდოდა.

eskizi2-copy-1678687991.jpg

ესკიზები, ესკიზები...

- მხატვარი როცა ესკიზებს ქმნის, ის მარტო ფორმაზე არ მუშაობს, მას სჭირდება პირველსახე ანუ ფანტაზია, რომელიც მოდის რაღაც ამბიდან, ე.ი. ცხოვრებიდან. პორტრეტსა თუ პეიზაჟს უნდა მოენახოს გამოსახვის ისეთი ხერხი, რომ ის დაინახოს ჩვეულებრივმა ადამიანმაც. ამიტომ იყო საჭირო ფილმში კარგი მხატვარი და კარგი ოპერატორი. სხვათა შორის, ოპერატორიც კარგად უნდა ხატავდეს. თითოეული ფილმისთვის უამრავ ესკიზს ვხატავდი. ერთ დღეს ზოგჯერ სამ ობიექტზე გავდიოდით. რაც სასწრაფოდ იყო საჭირო, იმისთვის ჯერ „ნაბროსკას“ ვაკეთებდი ჩემთვის, ასეთი ჩანახატიც უამრავი დამრჩა. ზოგიერთი ესკიზი სამხატვრო საბჭოზე არ გამქონდა, მრცხვენოდა, ისე სწრაფად იყო დახატული. საერთოდ, ფილმის დასრულების შემდეგ ესკიზებს ვაბარებდით და ისეც ხდებოდა, რომ ვისაც რა მოეწონებოდა, მიჰქონდა. ბევრისთვის მიჩუქებია კიდეც. დამრჩა მხოლოდ ისეთი ესკიზები, რომლებიც არავისთვის მიჩვენებია და ზოგიერთი სახლში მიკიდია. დღეს ვხატავ ჩემთვის, ჩანახატებს ვაკეთებ ხან ნახშირში, ხან ფერში...

eskizi5-copy-1678688016.jpg

ნოდარ გურაბანიძის შეფასება

სატელევიზიო მრავალსერიიანი მხატვრული ფილმი „წიგნი ფიცისა“ რომ გამოვიდა, ნოდარ გურაბანიძემ ფილმს ვრცელი სტატია მიუძღვნა, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში „საბჭოთა ხელოვნება“ (1983 წელი, #11). აი, რას წერდა დამდგმელი მხატვრის, კახი ხუციშვილის შესახებ:

„ფილმის ავტორებს ფაქტიურად ახალი ისტორიულ-მატერიალური გარემოს შექმნა მოუწიათ. ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო მეფეების სამუშაო, საძინებელი, სასტუმრო თუ სხვა დანიშნულების ოთახები, არ ვიცით როგორი იყო იქ განლაგებული რეკვიზიტი. მხატვარმა ტაქტითა და გემოვნებით შექმნა ყოველივე ეს და ჩვენ მათს ისტორიულ ნამდვილობაში ეჭვი არ გვეპარება. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს გმირთა მოქმედების ბუნებრივი გარემო, მისი კოლორიტი. დააკვირდით, რა შესანიშნავია მთის კლდოვან თხემზე ამოჭრილი ქვაბულების კონტურები, როგორ მოგვაგონებს იგი ქართული არქიტექტურის ყველაზე დამახასიათებელ დეტალებს. რა მშვენიერ ადგილზე დგას ხვარამზეს ქოხი, რომელიც ლანდშაფტის კომპოზიციას აგვირგვინებს. აქაც ძველი ქართველი ხუროთმოძღვრების თვალი ჩანს. ასეთ გარემოში კინოკამერა ბუნებრივად მოძრაობს და საერთო სივრცისა და პერსპექტივის აბსოლუტურ შეგრძნებას ბადებს...“

ნანული ზოტიკიშვილი