"საქმიან ვახშამზე ქალს უწევს ჭიქის შევსება კაცისთვის" - გზაპრესი

"საქმიან ვახშამზე ქალს უწევს ჭიქის შევსება კაცისთვის"

"...ძალიან გამიკვირდა, როდესაც ჩვენს დასახვედრად მარის მთელი ოჯახი და მეგობრები მოვიდნენ. იაპონიაში არ იციან ასეთი გრანდიოზული და თბილი დახვედრა, უმეტესად არავინ მოდის. საქართველოში ჩამოსვლის დღეს, მარის მამის მეგობრის დაბადების დღეზე წავედით და ქართული სუფრაც "გავიცანი". ღვინოც ძალიან გემრიელი იყო. ბევრი ვიცეკვეთ, ვისაუბრეთ და სწორედ იმ საღამოს მარის ხელი ვითხოვე..." - იხსენებს კოსუკe ინაბა... კოსუკუ და მარიამი იაპონიაში ცხოვრობენ. წყვილი პირველ შვილს ელოდება და თავის საინტერესო ცხოვრებაზე იაპონიიდან გვესაუბრნენ...

მარიამ ინაბა:

- მალე ათი წელი გახდება, რაც იაპონიაში ჩამოვედი და სულ კიოტოში ვცხოვრობ. მხოლოდ ექვსი თვე ვიცხოვრე ოსაკაში და ისევ კიოტოში გამოვიქეცი, რადგან ეს ჩემთვის ყველაზე მშვიდი ქალაქია. შეგიძლია ცენტრში გახვიდე საყიდლებზე და როცა მოგინდება, ოცი წუთის სავალზე, ულამაზეს ტაძარში ან პარკში გაიარო, ბუნებით ან სიძველეებით დატკბე. ადრე კიოტო იაპონიის დედაქალაქი იყო. ერთადერთი ქალაქია, რომელიც ომების დროს არ დაზიანებულა და შესაბამისად, უამრავი ისტორიული ადგილი თუ ტაძარია შემორჩენილი პირვანდელი სახით.

- იაპონელი მეუღლე გყავთ...

- 2014 წლის აპრილში შევხვდით და მას მერე სულ ერთად ვართ. ყველა ოჯახშია ცოტ-ცოტა გაუგებრობა, პრობლემები, მიუხედავად იმისა, შერეული წყვილია თუ არა, მაგრამ მთავარია საუბარი, ერთმანეთისთვის გრძნობების და განცდების გაზიარება, პრობლემის მოგვარების სურვილი და ყველა გამოცდის გადალახვა. სწორედ მაშინ მოდის ჰარმონია და ყველაფერი თავისით ლაგდება. ამ პროცესში კი აუცილებელია ორივე ადამიანის დიდი ძალისხმევა. ეს ყველაფერი ცალმხრივი არ უნდა იყოს...

- იაპონიაში მუშაობთ. თქვენს სამსახურზე გვიამბეთ.

- ძალიან ბევრგან მიმუშავია. სტუდენტობისას ბავშვებს ინგლისურს ვასწავლიდი; უკრაინული გადაცემის დამხმარე ვიყავი, მოხალისე გახლდით. კიოტოს ერთ-ერთ ცნობილ ტაძარ კოდაიჯიში ვმუშაობდი გიდად, შემდეგ ოსაკას ქართულ რესტორანში (ახლა აღარ არსებობს) ვიყავი უფროსის "მეორე ხელი" და ასევე შეფი... რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისას ქალაქ ტოიოტაში საქართველო-იაპონიის თამაშისას ქართული კერძების სტენდს ვზედამხედველობდი. ბოლოს სამი წელი ვიმუშავე კიოტოს პრეფექტურის საზღვარგარეთის ბიზნესცენტრში, სადაც ჩემი ახლანდელი უფროსი გავიცანი. ახლა ჩინური კომპანიის კიოტოს ოფისში, როგორც ჩემი უფროსი ამბობს, მარტოხელა გმირი ვარ... ჩემ გარდა ჯერ არავინაა ამ კომპანიაში კიოტოს წარმომადგენელი. თუ რას ვაკეთებ, რთული ასახსნელია, ბევრ პროექტში ვარ ჩართული და დიდ გამოცდილებას ვიღებ თითოეული პროექტიდან. ძირითადი საქმიანობაა კარგი პროდუქტი მოვძებნოთ, ჰონკონგსა და შანხაიში ივენთები დავგეგმოთ, გავხსნათ ახალი მაღაზიები ან არსებულში გავიტანოთ ხელნაკეთი ნივთები, საკვები პროდუქტები თუ სხვა.

- ქალთა უფლებების დაცვაზე ისევ ზრუნავთ?

- ქალთა უფლებები ადრე უფრო შეზღუდულად მეჩვენებოდა, ახლა მგონი, ახალგაზრდები უფრო ძლიერები არიან და საკუთარი თავის დაცვა, პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ. როცა ახალგაზრდები იაპონიიდან გადიან და სხვა ქვეყნებს ეცნობიან, აზროვნება ეცვლებათ, სხვანაირად ფიქრს იწყებენ. ახლა რაც მახსენდება, მთლად უფლებებს არ ეხება, უფრო ქალის პატივისცემას, მაგალითად, როცა საქმიან ვახშამზე ხართ მამაკაცებთან ერთად, ქალს უწევს ჭიქის შევსება კაცისთვის. ერთგვარი ჟესტია. დავაკვირდი და რაოდენ მაღალ პოზიციაზეც უნდა იყოს მამაკაცი, როცა მე ვარ ასეთ ვახშამზე, პირიქით იქცევიან, Lადყ Fირსტ-ო მეუბნებიან და საჭმელსაც მიდებენ თეფშზე, სასმელსაც მისხამენ და საკმაოდ დიდი პატივისცემით მექცევიან. რომ გითხრათ, ძალიან მიხარია-მეთქი, მოგატყუებთ; მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოელი ვარ, ასე არ უნდა იქცეოდნენ, იაპონელ ქალებზე მეტი არაფრით ვარ და ისინიც იმსახურებენ ასეთ დაფასებას.

334471097-534621178779562-6017358749737247682-n-1678688228.jpg

- იაპონელებმა რა იციან ჩვენს ქვეყანაზე?

- ჩვენი საელჩოს დამსახურებით, საქართველო სულ უფრო და უფრო ცნობადი ხდება იაპონიაში. სულ გვეკითხებიან, თუ გვაქვს ოთხი სეზონი, ახლა როგორი ამინდია, როგორი კერძები გვაქვს? ჩვენც არ ვიზარებთ და ვუხსნით, შემდეგ კი ყველას უჩნდება სურვილი, ესტუმროს საქართველოს და თავად შეიგრძნოს ყველაფერი. როგორც ვიცი, ახალგაზრდა იაპონელები მომრავლდნენ საქართველოში და ეს ძალიან მიხარია.

- იაპონია ტექნოლოგიებით მუდმივად აოცებს მსოფლიოს... რა არის ამ ქვეყენაში ისეთი, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ ან პირიქით...

- ახლა ჩინეთი ბევრად უსწრებს იაპონიას ტექნოლოგიებით. ვინც ნამყოფია იაპონიაში, თუნდაც ტურისტად, ნახავდა, რომ არც რობოტებითაა გადაჭედილი მომსახურების სფერო და არც მანქანები დაფრინავენ ჰაერში. უბრალოდ, ყველაფერი ძალიან კომფორტულადაა მოწყობილი და ყველაზე პატარა დეტალებზეც კი აქვთ ნაფიქრი. აქ ყველა და ყველაფერი ძალიან ორგანიზებულია.

- სოციალურ ქსელში წერდით, რომ ლამაზად არ იცვამენ...

- ასეა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას თავისებური გემოვნება აქვს და ჩემთვის თუ რაღაც ულამაზოა, მათთვის შეიძლება ჩემი ფერადი ტანსაცმელი იყოს შეუფერებელი. მე ძალიან მიყვარს ფერადი ტანსაცმლის და აქსესუარების ტარება, მაგრამ თავიდან ვკომპლექსდებოდი, რადგან აქ მხოლოდ მოჟამული ფერები აცვიათ: ყავისფერი, შავი, კრემისფერი... ბოლო დროს კი შემოვიდა ფერად-ფერადი სამოსი მაღაზიებში, მაგრამ მაინც იშვიათად ვხვდები ასე ჩაცმულ გოგო-ბიჭებს. ბიჭები კორეელ პოპვარსკვლავებს hბაძავენ, მათ სტილზე აცვიათ, თმაც მათ მსგავსად აქვთ შეჭრილი.

- რამდენად ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში და თუ უყვარს თქვენს იაპონელ მეუღლეს ჩვენი ქვეყანა?

- „კოვიდამდე“ ყოველ წელს, ხანდახან წელიწადში ორჯერ ჩამოვდიოდით, მაგრამ უკვე მეოთხე წელია, არ ვყოფილვართ. სავარაუდოდ, მომავალ წელს უკვე სამნი ერთად დავბრუნდებით. კოსუკე ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და დაუზარლად აცნობს თავის კოლეგებსა თუ სამსახურის პარტნიორებს ჩვენს ქვეყანას, უყვება ქართულ ღვინოზეც (იღიმის)...

კოსუკე ინაბა:

- როგორი შთაბეჭდილება გქონდათ საქართველოზე მანამ, ვიდრე თავად ეწვეოდით?

- მეგონა ძალიან ცივი იყო. ვიცოდი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა გახლდათ, თან რუსეთთან ახლოს მდებარე და მეგონა, საქართველოშიც ეციებოდა. რაც მთავარია, ვიდრე მარიამს არ შევხვდი, ამ ქვეყნის შესახებ გაგებულიც არ მქონდა, მერე ვიკიპედიაში მოვქექე ინფორმაცია და როცა ერთმანეთს მეორედ შევხვდით, უკვე ბევრი რამ ვიცოდი საქართველოზე.

აგვისტოში კიოტოში ძალიან ცხელა, ამიტომ ვფიქრობდი სადმე გრილ ადგილას წასვლაზე და მარიმ შემომთავაზა, საქართველოში წავიდეთო. რომ ჩამოვედით, ტემპერატურა 38 გრადუსი დამხვდა და გამიკვირდა, თბილი ქვეყანა ყოფილა-მეთქი. აეროპორტში, საბაჟოზე ქართული ღვინო მაჩუქეს და ძალიან მესიამოვნა, მაშინვე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა... გამიკვირდა, როდესაც ჩვენს დასახვედრად მარის მთელი ოჯახი და მეგობრები მოვიდნენ...

- საქართველო მდიდარი წარსულის, კულტურის ქვეყანაა... ამის შესახებ რა იცით?

- მეგონა იაპონიის ისტორია უფრო ძველი იყო, მაგრამ საქართველოზე რომ მიამბეს, გავოცდი. ასე მცირე მოსახლეობით დღემდე რომ მოიტანეთ თქვენი კულტურა და წეს-ჩვეულებები, ეს ძალიან საამაყოა.

333654326-3486121424939408-4921206695651677570-n-copy-1678688199.jpg

- იაპონიას და საქართველოს აქვს რამე საერთო?

- პირველი, რაც გამახსენდა, არის ის, რომ ორივე ქვეყანაში უყვართ ჭორაობა (იცინის). ორივე ქვეყანას აქვს წელიწადის ოთხი სეზონი. ასევე, ორივე ქვეყანა ძალიან უფრთხილდება თავის კულტურას და სიძველეებს... როგორც საქართველოს ქრისტიანულ ოჯახებშია ხატების კუთხე, ასევე ვიცით იაპონიაში ჩვენი სალოცავი კუთხის მოწყობა.

- გაგიმართლათ, ქართველი მეუღლე რომ გყავთ?

- რა თქმა უნდა, გამიმართლა. ქართული კულტურის მქონე ადამიანის და ზოგადად მარის ჩემ გვერდით ყოფნა დიდი თავგადასავალია. ყოველი დღე დაუგეგმავი სიახლეებითაა სავსე და რომ ვერ წარმოვიდგენ, ყოველთვის ისეთი საინტერესო და დასამახსოვრებელია.

- ქართული სამზარეულო თუ მოგწონთ?

- ძალიან მიყვარს ყველა ქართული კერძი, რომელსაც მარი ამზადებს, განსაკუთრებით ფენოვანი ხაჭაპური.

მანანა გაბრიჭიძე