როგორ ამოვიცნოთ "შავ სიაში" შეტანილი ბიჟუტერია? - გზაპრესი

როგორ ამოვიცნოთ "შავ სიაში" შეტანილი ბიჟუტერია?

ჯანმრთელობისთვის საშიშ სასურსათო პროდუქტებზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ზიანი ერთი შეხედვით უწყინარ ნივთებს - ბიჟუტერიას და სამკაულებს მოაქვს? - ამ საკითხზე სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი - ვახტანგ კობალაძე გვესაუბრება:

- თქვენი ჟურნალის ერთგულმა მკითხველმა იცის, რომ ხშირად ვამახვილებ მე ყურადღებას ქართულ ბაზარზე არსებულ უხარისხო, სახიფათო პროდუქტებზე. ისიც ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოში სამომხმარებლო პროდუქციის დიდი ნაწილი არ კონტროლდება, რის გამოც მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველია. საზიანო შეიძლება იყოს არა მარტო სურსათი, არამედ ისეთი უწყინარი პროდუქცია, როგორიც არის ბიჟუტერია. ამას ჩვენი კვლევებიც ადასტურებს, რომელიც ბოლო წლებში რამდენჯერმე ჩავატარეთ. საქართველოს მაღაზიებში ნაყიდი ბიჟუტერიის ბევრ ნიმუშში ტყვიისა და კადმიუმის საგანგაშო ოდენობა აღმოჩნდა: ზოგიერთ სამკაულში ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა ასჯერ და ათასჯერ აღემატებოდა ევროკავშირში დაშვებულ ნორმებს! აქედან დასკვნა - ბიჟუტერიამ შეიძლება ისეთივე ზიანი მოუტანოს ადამიანს, როგორიც ვადაგასულ, უხარისხო სურსათს მოაქვს.

თანამედროვე მრეწველობაში უამრავი მავნე ქიმიური ნივთიერება გამოიყენება, ამიტომ ჩვენ მუდმივი რისკის წინაშე ვიმყოფებით. როდესაც თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 24 დასახელების სამკაულიდან 7 ჯანმრთელობისათვის საშიშია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს! ასეთი დასკვნა გააკეთა აშშ-ის ლაბორატორიამ, რომელსაც პერიოდულად მივმართავთ, რადგან საქართველოში არც ლაბორატორია გვაქვს და არც სრულყოფილი კვლევის ჩატარების საშუალება. საქართველოში ბიჟუტერიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები და მოთხოვნები საერთოდ არ არსებობს, რაც ასევე სამწუხაროა.

- აბა, როგორი სტანდარტების მიხედვით ატარებთ თქვენს კვლევებს?

- რადგან ჩვენი ნორმები არ გვაქვს, ევროკავშირში მოქმედ ნორმებს ვითვალისწინებთ. პირდაპირ გეტყვით, ამ სფეროში სავალალო მდგომარეობაა, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლება: ქართულ ბაზარზე გამოტანილი ბიჟუტერიის ზოგიერთ ნიმუშში ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა იმდენად მაღალი იყო, რომ ლაბორატორიაში ზუსტი გაზომვა ვერ შეძლეს! ორივე ნივთიერება საგანგაშო დონეზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ საგანგებო პეტიცია შევიმუშავეთ და მოვითხოვეთ, რომ სამომხმარებლო პროდუქციის კონტროლი აუცილებელია და სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა აიღოს. სამწუხაროდ, მდგომარეობა დღემდე უცვლელია: ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად იყენებენ პროდუქციას, რომელიც ორგანიზმს წამლავს და მძიმე დაავადებების წარმოქმნას უწყობს ხელს.

- რთულია იმ ნორმების შემუშავება, რომლის მიხედვითაც ამგვარი ნაწარმის კონტროლი განხორციელდება?

- პოლიტიკური ნება არ არსებობს, თორემ ევროკავშირის ნორმების პირდაპირ გადმოღებაც შეიძლება. აშკარაა, რომ ბიჟუტერია, კოსმეტიკა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები სახელმწიფოს კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. ამ ნორმების შემუშავება და დამტკიცება ძნელი არ არის, გაკონტროლება და შესრულებაა რთული. ეს საკითხი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა გახდეს და ბიუჯეტიც პრიორიტეტების მიხედვით განაწილდეს. ვფიქრობ, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტული უნდა იყოს. რატომ? - თუნდაც იმიტომ, რომ დაავადებული ადამიანების მკურნალობასა და მათ ოპერაციებზე დიდძალი თანხა იხარჯება. არ ჯობია, თავიდანვე შევუწყოთ ხელი, რომ ადამიანები არ დაავადდნენ? მერე აღარ იქნება საჭირო ამხელა თანხის გაღება ჯანდაცვის სფეროზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

- გთხოვთ განუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რა ზიანი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის კადმიუმს და ტყვიას?

- დადგენილია, რომ ამ ნივთიერებებით დაბინძურებული პროდუქცია ორგანიზმში სერიოზული დაავადებების პროვოცირებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას, ხოლო ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას. ოღონდ, ეს ერთბაშად არ ხდება, მავნე ნივთიერებები ორგანიზმში ნელ-ნელა ილექება და ადამიანი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიჰყავს. ამას ხელს უწყობს საყოველთაოდ ცნობილი "კოქტეილის ეფექტი" - როცა ტყვიას, კადმიუმს და სხვა მავნე ნივთიერებებს სხვადასხვა დასახელების პროდუქცია შეიცავს. ადამიანს სისტემატურად, წლების განმავლობაში უხდება ამ ტიპის პროდუქციის გამოყენება, მავნე ნივთიერებები ორგანიზმში გროვდება და ურთულეს დაავადებებს იწვევს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ყველა ეს დაავადება საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული.

- როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე სახიფათო ბიჟუტერია?

- ბიჟუტერია სხეულთან მჭიდრო შეხებაშია, ამიტომ, ასეთი ბეჭედი, საყურე თუ ყელსაბამი განსაკუთრებით საშიშია სიცხის ან ფიზიკური დატვირთვის დროს: ამ დროს ადამიანის კანზე არსებული ფორები იხსნება და ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში გადადის. მავნე ლითონები ადამიანის ორგანიზმში მძიმე დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს, ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში კი ალერგიას იწვევს.

- ბიჟუტერია ხშირად მოსწონთ ბავშვებს და მოზარდებს, როგორ დავიცვათ ისინი ამ რისკისაგან?

- მათ უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, ეს სათამაშო არ არის, რომ საზიანოა და არ უნდა გაიკეთონ. შეიძლება ბიჟუტერიის ტარება მთლიანად ვერ ავუკრძალოთ, მაგრამ დრო მაინც შევუმციროთ და ფიზიკური დატვირთვის დროს მაინც მოვხსნათ. თუ შევამჩნევთ, რომ ბიჟუტერიამ ალერგია გამოიწვია, შეეცადეთ აღარ გააკეთებინოთ ეს სამკაული. როგორც გითხარით, მავნე ნივთიერებები ორგანიზმში წლების განმავლობაში გროვდება და ჩვენს ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენას ახდენს.

- როგორ განისაზღვრება მავნე ნივთიერებების ოდენობა ევროპის ქვეყნებში?

- ევროკავშირში ზოგიერთი ნივთიერება საერთოდ აკრძალულია და ძალზე მკაცრად კონტროლდება სახელმწიფო ორგანოების მიერ. მოწინავე ქვეყნებში სპეციალური კვლევები მიმდინარეობს, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ქიმიური ნივთიერება ადამიანის ორგანიზმზე. სხვათა შორის, მეცნიერული წრეები მოითხოვენ, გადაიხედოს ევროკავშირში ამჟამად მოქმედი ნორმები და კიდევ უფრო გამკაცრდეს - ამის მიზეზად "კოქტეილის ეფექტს" ასახელებენ. ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მოწინავე ქვეყნებში არასდროს შეწყვეტილა და არც ახლა წყდება. ასეთია თანამედროვე სამყაროს მიდგომა რიგითი მოქალაქის ჯანმრთელობის მიმართ.

- ჩვენთან ამგვარი კონტროლი არ არსებობს. ამ პირობებში რა უნდა იღონონ მოქალაქეებმა?

- მანამ, ვიდრე სახელმწიფო გააქტიურდება, მოქალაქეებმა თავად უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ჩვენი უსაფრთხოება დავიცვათ.

- ზოგი ცდილობს ძვირად ღირებული პროდუქცია შეიძინოს, რომელსაც ცნობილი ფირმები აწარმოებენ. საქმეს ესეც ვერ უშველის?

- სამწუხაროდ, მაღალი ფასი მომხმარებელს ვერ დაიცავს, რადგან ბიზნესმა იცის, რომ საქართველოში არც ბიჟუტერიის ხარისხი მოწმდება, არც ეტიკეტი და წარმომავლობა, ამიტომ შეიძლება დაბალი ხარისხის პროდუქციაც ძვირად გაყიდოს. ბევრ სამკაულს ნორმალური ეტიკეტიც კი არა აქვს და წარმოების ვადა კი არა, ხშირ შემთხვევაში მათი წარმომავლობაც უცნობია - მოკლედ, ამ სფეროში სრული განუკითხაობაა. ამიტომ, საზოგადოება უნდა გამოფხიზლდეს და ხელისუფლებას მოსთხოვოს ამ პრობლემის მოგვარება.

bijuter-1678688727.jpg

- საინტერესოა, რა პასუხი აქვთ იმ მაღაზიებს, სადაც ასეთი სახიფათო ბიჟუტერია იყიდებოდა და იყიდება?

- ნაწილი ამბობს, რომ არ იცოდნენ, თუ ეს ნაწარმი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყო, ზოგმა წუნიანი პროდუქცია ქსელიდან ამოიღო და გაანადგურა, ზოგი კი საერთოდ არ გამოგვეხმაურა.

- დაბოლოს, რას ურჩევდით ქართველ მომხმარებელს - როგორ დაიცვას თავი არაჯანსაღი, სახიფათო პროდუქციისგან?

- ევროკავშირს სპეციალური ვებგვერდი აქვს, სადაც საშიში პროდუქციის სია იბეჭდება: იქ მკაცრად არის განსაზღვრული მავნე ნივთიერებების დონე, რაც ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა. იქ ამ მავნე პროდუქციას ქსელიდან იღებენ და ანადგურებენ, ან გადაამუშავებენ, მერე კი ინფორმაციას ოფიციალურად აქვეყნებენ, რომ ეს პროდუქცია არავინ შეიძინოს... მომხმარებელს შეუძლია, ამ სიაში შეტანილი პროდუქცია მაღაზიას უკან მიუტანოს და კუთვნილი თანხა დაიბრუნოს. ეს დასავლეთის ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავია. იმ მეწარმეს ან იმ ქვეყანას, რომლის პროდუქციაში მსგავსი დარღვევები ხშირად ფიქსირდება, ევროპელები განსაკუთრებული სიფრთხილით ამოწმებენ. დაბოლოს, ინტერვიუს დასასრულს, მკითხველს მინდა გავაცნო დანიის მომხმარებელთა საბჭოს მიერ შემოთავაზებული მარტივი რჩევები, რომლითაც უხარისხო ბიჟუტერიისგან თავდაცვა სავსებით რეალურია:

1. მაქსიმალურად შეზღუდეთ ბიჟუტერიის მოხმარება და ეცადეთ, სამკაულებს რაც შეიძლება ნაკლები შეხება ჰქონდეს კანთან.

2. ბიჟუტერია ტანსაცმლის ზემოდან ატარეთ, თუ ეს შესაძლებელია.

3. მოიხსენით სამკაულები ძილის, ვარჯიშის ან ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის წინ.

4. მაქსიმალურად მოარიდეთ ბიჟუტერია ბავშვებს.

5. დაუშალეთ პატარებს სამკაულების პირში ჩადება, რადგან მავნე ლითონები ამ გზით სწრაფად გადადის ორგანიზმში.

6. აღარ გამოიყენოთ ისეთი ბიჟუტერია, რომელიც კანის ალერგიას გამოიწვევს.

ხათუნა ჩიგოგიძე