"მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ყველა მშვიდად ვიცხოვრებთ" - გზაპრესი

"მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ყველა მშვიდად ვიცხოვრებთ"

22 წლის ბადრი ჭუმბურიძე საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო: ის დასუფთავების სამსახურში მუშაობს და არ მალავს, რომ ტრანსგენდერია. საქმიანობაზე სასაუბროდ დავუკავშირდი, მაგრამ მისივე თხოვნით, სულ სხვა თემებზე მოგვიწია საუბარმა...

- მე ახლა ბადრი კი არა, ელენა ჭუმბურიძე ვარ. მართალია, ჩემი მშობლები ბიჭად მზრდიდნენ, მაგრამ ჩემი ორიენტაცია არასდროს დამიმალავს, არც ახლა ვმალავ. სახელიც შევიცვალე: მართალია, საბუთებში ბადრი მიწერია, მაგრამ ყველას ვეუბნები, რომ ახლა ელენა მქვია. ზესტაფონის რაიონში დავიბადე და გავიზარდე. პატარაობისას არა, მაგრამ 10 წლის ასაკიდან უკვე ჩემს თავს ვატყობდი, რომ გოგონებთან უფრო მეტი საერთო მქონდა: მათ უფრო ვუგებდი. თანაც, ჩუმად ვისვამდი პომადას, ფრჩხილის ლაქს და მალევე ვიშორებდი, მშობლებს რომ არ შეემჩნიათ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, ჩემი "უცნაური" ქცევა პირველად მშობლებმა შენიშნეს. საერთოდ, როცა დედ-მამა ხედავს, რომ შვილი განსხვავებული ორიენტაციისაა, მათი რეაქცია ყოველთვის მძაფრია... ჩემი მშობლებიც ყველანაირად ცდილობდნენ ჩემს "მორჯულებას". ხშირად მტუქსავდნენ, მაგრამ მარტო დატუქსვასაც არ სჯერდებოდნენ. მაშინ მათ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, ახლა უკვე ვიცი: შვილი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო იმის გამო, რომ განსხვავებული ორიენტაცია აქვს. ამით ვერაფერს გამოასწორებ, პირიქით, მდგომარეობას დაამძიმებ, რადგან მოზარდი შეიძლება გაბოროტდეს და უარესად გაჯიუტდეს. მიხარია, რომ დღეს შვილის ცემა მიღებული აღარ არის. კიდევ კარგი, ბევრმა მშობელმა შეიგნო, რომ ეს დაუშვებელია! მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ინდივიდია მათი შვილიც - მერე რა, რომ ჯერ კიდევ პატარაა?! ალბათ, ყველაფერი ტვინიდან მოდის და ზოგჯერ ვფიქრობ, რომ განსხვავებული ორიენტაციაც ამის მიზეზია.

- ახლა რას ფიქრობთ, რა უნდა ექნათ თქვენს მშობლებს, რომ მათთვის დაგეჯერებინა?

- ამ დროს გაცილებით კარგი გზაა მშობელმა ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს მიმართოს - სპეციალისტი ეტყვის და დაარიგებს, როგორ მოიქცეს ასეთი ბავშვის დედ-მამა. ის მიახვედრებს, რომ ყვირილი, ღრიალი და ცემა-ტყეპა გამოსავალი არ არის.

- გოგოზე შეყვარებული არასდროს ყოფილხარ?

- შეყვარებული გოგო არასდროს მყოლია, მათთან მეგობრობა და დაქალობა უფრო მომწონდა. როგორც კი ცოტა წამოვიზარდე, მივხვდი, მამაკაცები მიზიდავდა და ამის გამო სკოლაში ყოფნა ძალიან მიჭირდა: ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, იძულებული გავხდი, მე-10 კლასში სწავლა შემეწყვიტა და სკოლიდან წამოვსულიყავი. 2015 წელს, დახმარება ვთხოვე სოციალურ მუშაკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, სადაც სამი წელი ვიცხოვრე, ამის შემდეგ კი ისევ მშობლებთან დავბრუნდი.

წირვა-ლოცვაზეც დავდიოდი და ზიარებაც მიმიღია, ღმერთის რწმენაც მაქვს და ვიცი, არავის არაფერი უნდა დავუშავო. ეკლესიაში ახლაც მივდივარ, მაგრამ მოძღვართან აღსარებას ვერ ვამბობ: ასე მგონია, ჩემს აღსარებას გაამხელს, არ შეინახავს. საერთოდ, სასულიერო პირი რომ დაიღუპება, აღსარება საფლავში უნდა ჩაიტანოს, მაგრამ ვიცი, ყოველთვის ასე არ ხდება...

- საინტერესოა, ბავშვთა სახლიდან დაბრუნებული, დედ-მამამ როგორ მიგიღო?

- ვამჩნევდი, რომ იმ სამ წელიწადში ბევრი რამ გადააფასეს და მათ გონებაში ბევრი რამ შეიცვალა. პირველ რიგში, დედამ მიმიღო, რადგან დედის გული მაინც სხვაა: რაც უნდა ცუდი შვილი ჰყავდეს, მაინც თავისი ურჩევნია. ცოტა ხანს მათთან ვცხოვრობდი, მერე კი თბილისში წამოვედი.

- თბილისში წამოსვლა რატომ გადაწყვიტე?

- სამსახური გამომიჩნდა და წამოვედი. დღე-ღამეში 15 საათს ვმუშაობდი, დატვირთვას ვეღარ გავუძელი და გადავწყვიტე, ამ კატორღული სამსახურიდან წამოვსულიყავი. ამის შემდეგ ჩემი დაქალი დამეხმარა, მისი წყალობით აღმოვჩნდი "თბილსერვისში", სადაც დღემდე ვმუშაობ. დასუფთავების სამსახურის გრაფიკი ძალიან მომწონს, პრემიებსაც გვაძლევენ და ხელსაც გვიწყობენ. კარგად ვიცი, ბევრ ახალგაზრდას ასეთ სამსახურში ყოფნა ეთაკილება, მაგრამ ჩემთვის მთავარია ვიშრომო, რათა საარსებო წყარო მქონდეს. ისეთი სამსახური, სადაც ხელფასი 400-500 ლარია, არ გამომადგება: ამ ხელფასით ადამიანი ვერ იცხოვრებს, მით უმეტეს, როცა ქირით ცხოვრობს. დასუფთავების სამსახურშიც იმიტომ დავიწყე მუშაობა, რომ ხელფასი შედარებით ნორმალურია. თანაც, საქართველოში ტრანსგენდერი ქალებისთვის სამუშაოს დაწყება იოლი არ არის. საზოგადოება მათ ვერ აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ. დღესდღეობით, მათზე თავდასხმა და შეურაცხყოფა ბევრს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ტრანსგენდერი დაუჭრიათ და მოუკლავთ კიდეც. ხშირად ვფიქრობ - რატომ არის, რომ საქართველოში ყველა გეი დასაქმებულია და ეს არავის უკვირს? - ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ორიენტაცია გარეგნულადაც გვეტყობა: ქუჩაში კაბით გამოვდივართ, ლამაზად ჩაცმული, პომადა და მაკიაჟი გვაქვს. ბევრი ტრანსგენდერი ვიცი, რომელსაც მკერდიც გაკეთებული აქვს, სქესის შეცვლის ოპერაციაც, მაგრამ სამსახურის შოვნა მაინც უჭირს. მე ასეთი ოპერაციის გაკეთების სურვილი არ მაქვს, ჯერ ერთი, 18 ათასი ლარი ღირს, თანაც, ძალიან სარისკოა - არ იცი, რა გართულება მოჰყვება და შენს ჯანმრთელობაზე როგორ აისახება.

აქ ჩვეულებრივ, ნატურალ ქალებზეც ხშირად ძალადობენ, კიდეც კლავენ, მაგრამ ტრანსგენდერი უფრო დაუცველები ვართ. კაცმა ცოლი რომ ჩაცხრილა და შვილებს აყურებინა, ის ჩვენ, განსხვავებული ორიენტაციის ხალხს როგორ მოგვექცევა?! როდესაც ადამიანი ბუნებით მოძალადეა, ის არავის დაინდობს... ქუჩაში ნამდვილი განუკითხაობაა ღამით კი არა, დღისითაც. ბევრი რამ ქუჩური გარჩევებით წყდება, რაც ჩვენს სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს! წესით, პოლიციამ ყველა უნდა დაიცვას, რადგან ადამიანი ადამიანია და სიცოცხლის უფლება ყველას გვაქვს. სხვათა შორის, ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარდა, აქაურ სიტუაციას გაერიდა და საზღვარგარეთ წავიდა.

- თქვენ არ გიფიქრიათ წასვლაზე?

- გულწრფელად გეტყვით: ძალიან მინდა საქართველოში ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს; მინდა ქართველი უცხოეთში სამუშაოდ აღარ წავიდეს და თავისი ქვეყანა არ მიატოვოს. მინდა, რომ ჩვენთან ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცული იყოს და ქართველი ქართველს არ ჭამდეს. რაღაცნაირად მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ყველა მშვიდად ვიცხოვრებთ, ჯერჯერობით კი, ყველაფერი წრეზე ტრიალებს და ყველანი დაუცველები ვართ.

ხათუნა ჩიგოგიძე