ოკუპაციისას დატოვებული მშობლიური სოფელი და მომავალ თაობებს გადაცემული ცოდნა - გზაპრესი

ოკუპაციისას დატოვებული მშობლიური სოფელი და მომავალ თაობებს გადაცემული ცოდნა

ახალგორში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიური კუთხის დატოვება მოუხდა და მისი ცხოვრების ახალი ეტაპი წეროვანში დაიწყო. დღეს იქ სახელოსნო აქვს, სადაც ხეზე კვეთის ოსტატი ზაზა გათენაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ამავდროულად ხელოსნობაში დაგროვილ ცოდნას ახალგაზრდებს უზიარებს.

არაერთი დევნილი ოჯახის შვილი ყოფილა მისი მოსწავლე, ბევრ მათგანს ეს საქმიანობა გაუგრძელებია და ხეზე კვეთა მათი შემოსავლის წყაროდ ქცეულა. თავად ზაზა გათენაშვილმა ხელობა მამის, გოგი გათენაშვილისგან აითვისა, მერე კი თანამედროვეობის ცნობილი ოსტატის, თამაზ ჩერტყოშვილის შეგირდი გახდა. სამხატვრო აკადემიაში სწავლა ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე დაიწყო და ავეჯის დიზაინის მიმართულებით გააგრძელა. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომის მიხედვით ავეჯის დიზაინერია, მისი საქმიანობა მხოლოდ ამ ნივთების შექმნით არ შემოიფარგლება. პედაგოგიური საქმიანობა თბილისში დაიწყო, სადაც 9 წლის განმავლობაში ერთ-ერთ სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს ასწავლიდა და მათი ხელით შექმნილი ნამუშევრებით გამოფენებს აწყობდა. მოზარდებთან მუშაობას მაშინ შეეჩვია და მას შემდეგ სულ ჰყავს შეგირდები. გარდა ამისა, წეროვანში ახალგორიდან წამოღებული ნივთებით მუზეუმი მოაწყო. უამრავი მნიშვნელოვანი ექსპონატი აქვს, რომელსაც წლების განმავლობაში მამამისი აგროვებდა და უფრთხილდებოდა, ახლა კი მათზე თავად ზრუნავს. მისი მშობლები დღემდე ახალგორში ცხოვრობენ. 4 წელია, იქაურობა არ უნახავს. თვეში 10 დღეა გამოყოფილი იქ შესასვლელ-გამოსასვლელად და ყველა საჭირო საბუთს რომ მოაწესრიგებს, იმედი აქვს, საშვს მისცემენ და ახალგორში ჩასვლას შეძლებს.

4-1678690644.jpg

- ხეზე კვეთა მამაჩემის გვერდით ვისწავლე. მას ახალგორში პატარა სახელოსნო ჰქონდა. 76 წლის კაცია და დღემდე ტყეში დადის, ფესვებისგან თუ წყალს გამორიყული ხის ნაჭრებისგან საოცარ ნივთებს ქმნის. ბავშვობაში პატარ-პატარა რაღაცებს მეც ვაკეთებდი, მაგრამ ჩემს პირველ დამოუკიდებელ ნამუშევრად შეიძლება ორნამენტებიანი მაგიდა დავასახელო, რომელიც 17 წლისამ გავაკეთე. ბევრი მიმართულებით მაქვს ნამუშევარი. შექმნილია როგორც მცირე ზომის, ისე დიდი ნივთები, მათ შორისაა: კიბეები, კარები, რესტორნის დეკორაციები, სუვენირები, ასზე მეტი სხვადასხვა საეკლესიო ნივთი, საქართველოს მასშტაბით არაერთ ეკლესია-მონასტერშია...

მამაჩემი მთელი ცხოვრება ხალხურ რეწვასა და ეთნოგრაფიას ემსახურება. ახალგორში ძალიან დიდი მუზეუმი შექმნა. წინაპრების ნივთებს მთელი საქართველოს მასშტაბით იკვლევდა და აგროვებდა. მისი ჰობი მეც "გავაგრძელე" და იმ გიგანტი, თითით საჩვენებელი მუზეუმის ექსპონატების ნაწილი წეროვანში წავიღე. სახელოსნოს გვერდით, 40 "კვადრატი" მივაშენე და იქ განვათავსე. ბევრი სხვადასხვაგვარი ნივთია, მათ შორის კერამიკული ნიმუშებიც. ერთი დიდი უნიკალური სკივრიც მაქვს, რომელშიც ჩვენი წინაპრები პურს ინახავდნენ და ასევე, 2 საუკუნეზე მეტი ხნის ხისგან გამოთლილი დედაბოძი, რომელიც 90-იან წლებში ქსნის ხეობაში მამაჩემის მოსწავლეებმა, დანგრეულ სახლში იპოვეს. დედაბოძი მამამ ახალგორში შეინახა და მერე მე წამოვიღე...

3-1678690653.jpg

P.S. ზაზა გათენაშვილმა რამდენიმე თაობა აღზარდა და როგორც აღნიშნა, ცდილობს, გაკვეთილები მათ რეჟიმს მოარგოს. ამჟამად ათამდე შეგირდი ჰყავს და ამბობს, რომ ბავშვების მომზადებას მომავალშიც დიდი სიამოვნებით გააგრძელებს.

ანა კალანდაძე