უმძიმესი სენის დამარცხება და სიკვდილზე გამარჯვების შედეგად შექმნილი საოცარი სამყარო ახმეტაში - გზაპრესი

უმძიმესი სენის დამარცხება და სიკვდილზე გამარჯვების შედეგად შექმნილი საოცარი სამყარო ახმეტაში

დავით ბუჩუკური წლებია ხელოვნების ნიმუშებს ქვებისგან ქმნის. მისი ნამუშევრები ხელოვნების სკოლასაც ამშვენებს. ბევრი შემოთავაზება ჰქონდა რესტორნებისგან, მაგრამ უარი თქვა, რადგან თვლის, რომ იქ ხელოვნება ნაკლებად აინტერესებთ. ეს საქმე უმძიმესი სენის დამარცხების შემდეგ დაიწყო, ამჯერად კი ბაღის გაშენებით არის დაკავებული.

- რვა კლასი ფრიადებზე დავამთავრე, შემდეგ ტექნიკუმში გადავედი წითელი დიპლომის ასაღებად. მეორე კურსზე რომ ვსწავლობდი, წითელი დიპლომი გაუქმდა და მომზადება ხუთ საგანში დავიწყე... მესამე კურსზე სამოქალაქო არეულობა დაიწყო და თბილისში სწავლა შეუძლებელი გახდა. ამიტომაც 1993 წელს აფხაზეთის ომში მოხალისედ წავედი. მაშინ მხოლოდ 19 წლის ვიყავი და დედა დარდისგან ლოგინად ჩავარდა. სანამ ცოცხალი არ მნახა, ვერც ადგა. თბილისიდან სოხუმამდე ავტომატის დაშლა-აწყობა თვითმფრინავში ვისწავლე. სოხუმიდან ოჩამჩირეში ვერტმფრენით წავედით. ღამით ქვემოდან ტანკის ტყვიამფრქვევით დაგვცხეს, ილუმინატორებში წითელი ზოლები ჩანდა და ტყვიების წნევით თვითმფრინავი აძაგძაგდა. ჩვენთან ერთად მღვდელი მოფრინავდა მკვდრებისა და დაჭრილების საზიარებლად, თვითმფრინავის შუაგულში მუხლებზე დაეცა და ლოცვა დაიწყო. მაშინ ვერც კი მივხვდი, რა ხდებოდა ან ის წითელი ზოლები რას ნიშნავდა, ილუმინატორებში რომ ჩანდა.

332743427-749783256878056-6761618213187375144-n-1679295461.jpg

- იქ ჩასულებს რა ვითარება დაგხვდათ?

- სტადიონზე დავეშვით, სადაც გვერდით დახოცილი ბიჭები ესვენა. ერთგან მშენებარე სასტუმრო იყო და ღამე იქ დავრჩით. მოგვიანებით გავიგეთ, იმ სასტუმროს მაღლა სართულზე მტრის რაზმი ყოფილა დამალული. ჩვენ ვერ გაგვიბედეს თავდასხმა. სასტუმრო ზღვის პირზე იყო და იქ შესვლა-გასვლა ადვილი გახლდათ. მეორე ღამეს იმ სასტუმროში გოგო და ბიჭი შემოვიდნენ. ეგონათ, რადგან ჩვენ იქ ვიყავით, უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ ის წყვილი უმოწყალოდ დახოცეს.

- ალბათ თქვენც საფრთხეში იყავით...

- ყველა მაღალი ხე საშიში იყო, რადგან იქ სნაიპერები ისხდნენ... გვერდით პოზიციაზე სამი მეგობარი პურს ჭამდა, ერთმა წასული ბიჭების შესანდობარი თქვა, ფეხზე ადგა და შუბლში დამიზნებული ტყვია მკერდში მოხვდა. კი მოასწრო თქმა, - დამჭრეს, ბიჭებოო.. ჩვენ ვპატრულირებდით და სოფელ ლაბრაში ალყაში რომ მოვყევით, ქისტმა ძმაკაცმა სიკვდილს გადამარჩინა. თვითონ მკლავში იმ დროს დაიჭრა, ხელი რომ დამარტყა, დაწექიო.

335004206-1284565585737497-7326712292221156855-n-1679295500.jpg

- როგორც ვიცი, იქ ყოფნის შემდეგ ჯანმრთელობა შეგერყათ...

- დიახ... ერთ ღამეს ვმორიგეობდი, ხიდის თავში ასფალტზე ლეიბი მედო და ზედ ვიჯექი. შებინდებისას იმდენად ძლიერი წვიმა დაიწყო, გამთენიას გადაიღო. დილით ადგილიდან ვერ გავტოკდი, სიცივისგან ქანდაკებად ვიქეცი. პოზიციას ვერ დავტოვებდი, ნახევარ რაზმს შტაბში ჩვენს იმედად ეძინა. როცა შტაბში მისვლა მოვახერხე, მაგიდაზე ნახევარლიტრიანი ბოთლით მანდარინის არაყი იდგა და ერთი მოყუდებით დავლიე. ისეთი გაყინული ვიყავი, არყის გემო და ძალა ვერც ვიგრძენი. რომ ჩამოვედი, ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო, 7 წელი სიმსივნეს ვებრძოდი... იქ, იმ დაძაბულობაში ვერ ვგრძნობდი, თორემ ბიოლოგიას ძალიან კარგად ვსწავლობდი და არ იყო ძნელი მისახვედრი, ჩემს თავს რაც ხდებოდა.

- უმძიმეს სენს როგორ გაუმკლავდით?

- ხომ გაგიგონიათ, ვინც ეძებს, პოულობსო. ბავშვობაში კარგად ვსწავლობდი, მსურდა მეცნიერი გავმხდარიყავი და კიბოს წამალი მეპოვა. სამყარომ ჩემი სურვილი იმ მხრივ შეასრულა, რომ თავად დამემართა ეს ვერაგი დაავადება და გამოსავალი უნდა მომეძებნა. ვიპოვე ადამიანი, რომელმაც აგნი-იოგა შემასწავლა. მადლობა ღმერთს ამ განსაცდელებისთვის, სხვანაირად მე დღეს ასეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ! ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ავადობა იკურნება და თან რასაც ვამბობ, ვასრულებ! ამის გამო მაშინ მთავარმა ექიმმა პროკურატურაში მიჩივლა და აგნი-იოგას კაბინეტი დამაკეტვინეს. უწამლოდ ისეთი შედეგები ვაჩვენე, ექიმებს სიზმარშიც არ ჰქონდათ ნანახი.

- ქვებმა როდის გაგიტაცათ?

- ავადობიდან რომ დავიწყე გამოსვლა, თავში თანდათან განათდა და ფერებიც გამოჩნდა. მაშინ დავიწყე ჩემი ბავშვობის ოცნებების გახსენება. გარეთ გასვლა მარტო მდინარიდან ქვების მოსატანად მაინტერესებდა. თანდათან მივხვდი, მარტო აღმოვჩნდი სისტემის ოთხივე ბერკეტის წინაშე, რადგან იდეა, რომელსაც მე ვატარებ, 180 გრადუსით განსხვავდება სისტემის ეგოისტური იდეოლოგიისგან. როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს საკუთარი მიკროსამყარო, რომელიც არავისში მეორდება. მის გამოსავლენად ნიჭია საჭიროა, როგორც ინსტრუმენტი. მე ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ნიჭით მეცხოვრა, რადგან სხვანაირად ადამიანი სხვისი ნიჭით გაკვალული გზების მადევარი იქნება, დროთა განმავლობაში თავს კარგავს და სხვისი ცხოვრების მონა ხდება. ძნელი იყო ჩემთვის იმ პერიოდში მუშაობა, როდესაც გარშემო ყველა რაღაცას ანგრევდა, მე კი ბაღის და ლამაზი დეკორაციების კეთებაზე ფიქრი მიწევდა. დიდხანს ვიკავებდი თავს, რადგან გარშემო მყოფთა მენტალიტეტი არ შეესაბამებოდა შენებას და როცა დავიწყე, მაშინაც იმხელა ფსიქოლოგიური წინააღმდეგობები შემხვდა, არჩევანი უნდა გამეკეთებინა, როგორც გულს უნდოდა ან როგორც საზოგადოებას... მთავარია გაბედო, გადატეხო ჯოხი, რომელსაც აწერია, „რას იტყვის ის ჩემზე?"... ასე შეიქმნა ქვებისგან ჩემს სახლში თითქმის ყველაფერი, რაც დღეს მნახველს აკვირვებს.

როდესაც სამყარო შენ თვალწინ იხსნება, საუცხოო რამაა, ოღონდ ჩემგან იმდენად გაუცხოებული იყო, დრო დამჭირდა მეცნო. ბუნებას ვგრძნობ. მცენარეს რომ დავრგავ, მის მადლიერებას ვხედავ. ცხოველებსაც და მცენარეებსაც ადამიანებივით ველაპარაკები. ვხვდები, მისმენენ. ქვებში სურათებს ვხედავ. ზოგ ქვაში ისეთი ფერების წყობაა, ვერ ავხსნი, რადგან ფერები მხოლოდ ჩემს სამყაროშია ისე დაწყობილი. ქვები საოცარი სამყაროა. თითქოს ცივი, მდუმარე, უხეში ფორმებით, მაგრამ ადამიანი, რომელიც მასში ჩაიხედავს, სრულიად სხვა რამეს მიხვდება. ქვის შინაგანი სამყაროს დანახვისას ახალი სამყარო ცოცხლდება. ჩემთვის ქვაში დანახულმა სამყარომ ისევ დაკარგულ ბავშვობის ხანაში გადამიყვანა. არის მომენტი, რაღაც ისეთი ცოცხლდება, საოცრებაა და ვგრძნობ, რომ ახლობელია. ეს მედიტაციის საოცარი საშუალებაა, ტკივილის, როგორც ფსიქოლოგიურის, ასევე ფიზიკურის დასალაგებლად. ხშირად ისეთი სურათები ცოცხლდება, ვზივარ და ამბავს ვკითხულობ.

როდესაც "მოქეიფე ყარაჩოხელების" შექმნა უნდა დამეწყო, მდინარეზე გასულმა, რომ ქვები ფერების მიხედვით დამეთვალიერებინა, საღ-სალამათი დოქი ვიპოვე, რაც იმ სურათს სჭირდებოდა. საოცარია, როდესაც რიყეზე სხვადასხვა ფორმისა და ფერის ქვებს ქაოსურად მობნეულებს ვკრეფ, შინ მიტანილები, თითქოს ოდესღაც ერთმანეთის გვერდით იყვნენო. ერთხელ რიყეზე სეირნობისას ქვა ვიპოვე, პურს ჰგავდა, თითქოს ქერქი ჰქონდა გადამძვრალი. სახლში ავაწყვე ქერქი, ცალკე გული და ქვა გამთლიანდა. ამან გამახსენა 90-იანების პური, რომლის მხოლოდ ქერქი იჭმებოდა... არის მომენტი, მდინარეებზე განსაკუთრებული თემისთვის ქვა დამჭირვებია. თითქოს თვითონ მეძახიან, აქ ვართო. ზოგჯერ ისეთი მინიშნებით მიპოვია, ვერ იტყვი, შემთხვევით მოხდაო. გიორგი უშიკიშვილის პაპისეულ მარანს ქვით ვაპირკეთებდი და ქვა ვიპოვე, რომელსაც ვაზის ფოთოლი ახატია, თითქოს ზედ დევსო...

- ბაღის გაშენება როდის დაიწყეთ?

- მცენარეები ცოცხალი არსებები არიან და ჩვენ ენერგეტიკულად გვგრძნობენ. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, შეძახილმა ხე გაახმოო... მაგალითად, ვაზს პატრონის ხასიათი ღვინოში გადმოაქვს. ყველა მცენარე ადამიანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ამიტომაც, თითოეული მათგანი მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით კაქტუსები და წიწვიანი მცენარეები. ისე ვგრძნობ, თითქოს ოდესღაც წიწვოვან მცენარეებს შორის მიცხოვრია. ჩემს ბავშვობაში არ იყო ამდენი წიწვიანი სახეობა, თორემ ახლა უკვე ასაკიანი ტყე მექნებოდა. რამდენიმე წელია ეს მცენარეთა კოლექციები გამოჩნდა და მეც დავიწყე ერთი ბავშვობის ოცნების ასრულება. პატარა ნერგებს ვყიდულობ, ზოგს ჩემთვის მეგობრებიც ყიდულობენ და ოცნების ასრულებაში მეხმარებიან... მცენარეები უკვე 40 სახეობას გასცდა. მაქვს ღვიის ბევრი სახეობა, მათ შორის ჩვენი ურთხმელიც (უთხოვარი)... ამ კომბინაციებით გარემო ცოცხლდება. წიწვიან მცენარეებს ფისოვანი ეთერზეთი აქვთ, რომელიც ჰაერში ზავდება და როდესაც წიწვნარში ჰაერს ვსუნთქავთ, ის სასარგებლო ზეთები პირდაპირ სისხლში ხვდება. აცტეკები და ინკები ასეთ მეთოდს იყენებდნენ: ფილტვებით ავადმყოფს ორი კვირით ღვიის კორომში აწვენდნენ და საჭმელს იქ უზიდავდნენ, იქიდან კი სრულიად საღ-სალამათი გამოდიოდა.

მანანა გაბრიჭიძე